Home Blog Page 1894

“ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა თანასწორ და უსაფრთხო გარემოში ჰქონდეთ”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ბავშვებისთვის ღირსეული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბება უპირველესი მოვალეობაა.

„მინდა, ყველა ბავშვს, ჩვენს ძვირფას მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებსა და აღმზრდელებს მივულოცო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ბავშვები ჩვენი ქვეყნის მომავალია, შესაბამისად, მათზე ზრუნვა, მათთვის ღირსეული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბება თითოეული ჩვენგანის უპირველესი მოვალეობაა. პირადად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს თანასწორ და უსაფრთხო გარემოში ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა. ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას – განვახორციელებთ არაერთ პროექტსა და ინიციატივას რათა, ხელი შევუწყოთ ბავშვებს, იყვნენ წარმატებულნი როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, მთელი გულით გისურვებთ ბედნიერ მომავალს, მშვიდობასა და კეთილდღეობას!“– აღნიშნა მინისტრმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზა გაიხსნა

მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა გაიხსნა. ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით თბილისის მერი, კახა კალაძე გამოვიდა.

„როგორც დედაქალაქის მერს, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მეამაყება და მიხარია, რომ ამ ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება“, – განაცხადა კალაძემ.

მან მადლობა გადაუხადა მათ, ვინც პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა და ახალ გზაზე პირველმა გაიარა.

ორი კილომეტრი სიგრძის, ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი საავტომობილო გზა, 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან, პროფესიული სასწავლებლის, „იკაროსის“ მიმდებარედ გადის და მარშალ გელოვანის გამზირს უკავშირდება. პროექტის ფარგლებში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა.

როგორც ცნობილია, გზის მშენებლობის პროცესში, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული ზონა გამოვლინდა. ფერდის გამაგრებისთვის, ქართველი და გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა. სამუშაოების განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება სრულიად უსაფრთხო გახდა.

ახალი გზის უსაფრთხოების მიზნით, 11 ლოკაციაზე მოეწყო ფერდის დამცავი ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები, განხორციელდა ფერდების ფორმირება და დატერასება. ტერიტორიაზე მოეწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები. ამასთანავე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება 431 500 ლარს შეადგენს.მარშალ გელოვანის გამზირის მხარეს, ფეხით მოსიარულეებისთვის მიწისქვეშა გადასასვლელიც მოეწყო, რომელიც ადაპტირდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი ლიფტით. პროექტი მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.

“ნაცრისფერი ზონის პოლიტიკა გრძელდება და ვხედავთ შედეგებს, ჩვენ ეს ვიხილეთ 2008 წელს საქართველოში და უკრაინაში”- ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინას სჭირდება მკაფიო გზა და შემდგომი ნაბიჯები, როგორ გახდეს ნატო-ს წევრი. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას პოლიტიკურ, სამხედრო დონეზე.

გავაგრძელებთ ამის კეთებას, მაგრამ ასევე უნდა ვიფიქროთ, რა არის ჩვენი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ოსლოში, ნატო-ს არაფორმალური საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ნაცრისფერი ზონის პოლიტიკა გრძელდება და ამის შედეგები იხილეს 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში, ასევე, გასულ წელს სრულმასშტაბიანი ომის სახით.

„მთავარი საკითხია უკრაინა. ჩვენ მკაფიოდ ვუჭერთ მხარს იდეას, მივცეთ უკრაინას ძალიან მკაფიო გზა, გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. ნატო მკაფიო და ძლიერი უსაფრთხოების გარანტიაა უკრაინისთვის ამ ომში და ჩვენ უნდა გავგზავნოთ ძლიერი გზავნილი, რომ აღარ იქნება ნაცრისფერი ზონები რუსეთის სამეზობლოში. ვიმედოვნებ, რომ ეს დისკუსია მიგვიყვანს ამის შესახებ კონსენსუსამდე, ნატო-ს სამიტისთვის ვილნიუსში, რომელიც ამ ზაფხულს გაიმართება. უკრაინას სჭირდება მკაფიო გზა და შემდგომი ნაბიჯები, როგორ გახდეს ნატო-ს წევრი. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას პოლიტიკურ დონეზე, სამხედრო დონეზე. ჩვენ გავაგრძელებთ ამის კეთებას, მაგრამ ასევე უნდა ვიფიქროთ, რა არის ჩვენი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ჩვენს რეგიონში და ესტონეთის პოზიცია აქ მკაფიოა, ეს არის ნატო და ნატო-ს წევრობა. ჩვენ ისტორიიდან ვიხილეთ ეს, 15 წლის წინ ვთქვით, მათ შორის უკრაინისთვისაც – გელით ნატო-ში, მაგრამ ნაცრისფერი ზონის პოლიტიკა გრძელდება და ვხედავთ შედეგებს. ჩვენ ვიხილეთ ეს 2008 წელს საქართველოში, 2014-ში უკრაინაში და გასულ წელს ვიხილეთ სრულმასშტაბიანი ომი და გენოციდი, ბავშვების დეპორტაცია. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, მივცეთ მკაფიო გზა უკრაინას და ასევე ჩვენსთვის, მომავლისთვის განვსაზღვროთ მკაფიო პოზიციები, სად გადის ხაზები. ეს ასევე მკაფიო მესიჯია პუტინისა და რუსეთისთვის. მათ მხოლოდ მკაფიო ენა ესმით“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

მაიკ პენსი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წარადგენს

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას მომავალ კვირას, 7 ივნისს წარადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პენსი აიოვას შტატში მხარდამჭერების წინაშე წინასაარჩევნო კამპანიისთვის შექმნილი ვიდეორგოლითა და სიტყვით წარდგება.

მაიკ პენსი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ტრამპის ადმინისტრაციაში იკავებდა. პრეზიდენტობის კანდიდატია ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. თეთრი სახლის დასაკავებლად ასევე იბრძვიან ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი და მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 დაჯილდოება 2 ივნისს გაიმართება

თიბისის პარტნიორობით, Forbes საქართველო 2023 წლის 30 წლამდელთა სიას 2 ივნისს წარადგენს. უკვე მეხუთე წელია Forbes Georgia ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც ამ განსაკუთრებულ აღიარებას სხვადასხვა სფეროში მიღწევებისა და წარმატების პოტენციალის საფუძველზე იღებენ.

2023 წელს პროექტში ჯამში 400-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. ჟიურიმ, რომელიც კატეგორიის შესაბამისი სფეროს პროფესიონალებისგან შედგება გამარჯვებულები შემდეგ 6 კატეგორიაში გამოავლინა: მედია და მარკეტინგი, კულტურა და სტილი, ტექნოლოგიები, მეცნიერება, ანტრეპრენიორები და მეწარმეები, ფინანსები.

„ეს პროექტი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან პროექტებსა და ინიციატივებს შორის, რომლებიც ამ სამი ათწლეულის განმავლობაში ახალი თაობს მხარდასაჭერად განვახორციელეთ. მე ძალიან ვამაყობ ყველა ამ წამოწყებით, რომელიც ახალგაზრდებს აძლიერებს და წაახალისებს. ეს ადამიანები არიან 30 წლამდე ასაკის პროფესიონალები, წარმატებული ლიდერები, რომლებმაც თავიანთი საქმით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თავიანთ სფეროში და მჯერა, რომ Forbes-ს ეს აღიარება ახალგაზრდებს გზას გაუხსნის და კიდევ მეტის გაკეთების სტიმულსა და შესაძლებლობას მისცემს,”-ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

თიბისი უკვე მეორე წელია 30 Under 30-ის პროექტის მხარდამჭერია და ხელს უწყობს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და ახალი იდეებით, პროექტებითა თუ სტარტაპებით შემოქმედებითი საზოგადოების მომავალ ლიდერებად ყალიბდებიან.

Forbes Gorgia-ს პროექტ 30 under 30-ის მთავარი პარტნიორები არიან თიბისი და გალფი, ორგანიზატორი კი კონსიერჟ თბილისია.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

კიევზე თავდასხმა, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ – უკრაინის ომის 463- ე დღე

კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. დედაქალაქსა და კიევის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა და საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

“აფეთქებების სერია ქალაქში. საჰაერო თავდაცვა მუშაობს. დარჩით თავშესაფრებში!” – დაწერა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამზე“.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დედაქალაქის დესნიანსკის რაიონში სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

კიევის მერის განცხადებით, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია. მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის დესნიანსკისა და დნეპროვსკის რაიონებში 7 ადამიანი უკვე ჰოსპიტალიზებულია.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი პოპკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა დღეს დილით ადრე განხორციელებული თავდასხმის დროს, სავარაუდოდ, ბალისტიკური ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს.

მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.

„თავდაპირველი მონაცემებით, ეს იყო ფრთოსანი რაკეტები და ბალისტიკური ტიპის (საბოლოო რაოდენობას და ტიპს საჰაერო ძალები დაადგენს). არსებული ინფორმაციით, ყველა აღმოჩენილი საჰაერო სამიზნე განადგურდა ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი და ნგრევა ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად“, – განაცხადა სერჰი პოპკომ.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა და 10 დაშავდა.

“მკაცრად დაიცავით უსაფრთხოების პროტოკოლი, როდესაც საჰაერო თავდასხმის განგაშია!” განსაკუთრებით ფრთხილად – ბალისტიკური რაკეტები დაფრინავენ ძალიან სწრაფად. განგაშსა და რაკეტის მოახლოებას შორის დრო მხოლოდ წამებია! ამიტომ, წინასწარ მოამზადეთ ის, რაც გჭირდებათ, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ მომზადებისა და თავშესაფარში გადასვლის დრო!”– განაცხადა პოპკომ.

უკრაინის საჰაერო ძალებმა კიევის მიმართულებით გაშვებული 10-ვე რაკეტა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმა „ისკანდერის“ მოკლე რადიუსის რაკეტებით განახორციელეს.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რაკეტების ნამსხვრევებმა დააზიანა ბავშვთა კლინიკა, სკოლის ორი შენობა და პოლიციის განყოფილება. აფეთქების ტალღის შედეგად საცხოვრებელი კორპუსიც დაზიანდა.

ამასთან, უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსული ძალების თავდასხმას 11 წლის გოგონა, მისი 34 წლის დედა და კიდევ ერთი, 33 წლის ქალი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი კი 12-ია. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაღუპულებს შორის ორი ბავშვი იყო.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინას დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებით იარაღსა და აღჭურვილობას გაუგზავნის, რომელიც ქვეყანას რუსული საჰაერო თავდასხმებისგან თავდაცვაში დაეხმარება.  ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში, აშშ პირველად მიაწვდის უკრაინას მართვად, ჰაერი-ჰაერი კლასის AIM-7 ტიპის რაკეტებს.

დახმარება ასევე მოიცავს საბრძოლო მასალებს უპილოტო საჰაერო სისტემებისთვის, რომელიც ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა აღწერა, როგორც ნაღმმტყორცნების მსგავსი საბრძოლო მასალა, რომლის ჩამოგდება დრონებიდან არის შესაძლებელი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ეს დახმარება არის „უაღრესად მნიშვნელოვანი და დროული და ამერიკული მხარდაჭერის უახლესი მაგალითი“.

„მადლობელი ვართ შეერთებული შტატების 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტისთვის. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და დროული დახმარება უკრაინის ცის დასაცავად რუსეთის რაკეტებისა და დრონების ტერორისგან, ასევე უკრაინის თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად“, – დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.

წერეთლის გამზირზე ორმოში მოქალაქე ჩავარდა – დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

წერეთლის გამზირზე, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ორმოში მოქალაქე ჩავარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.

“გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, შვილებსა და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”

შვილებსა და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უმთავრესია ყველა ბავშვისთვის თანაბარი წვდომის შესაძლებლობა ჯანმრთელობის დაცვასა და განათლებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

მთავრობის მეთაური ყველას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.

„დღეს, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ.
შვილებსა და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უმთავრესია ყველა ბავშვისთვის თანაბარი წვდომის შესაძლებლობა ჯანმრთელობის დაცვასა და განათლებაზე.

წლიდან წლამდე სწორედ ამ მთავარი ამოცანის შესრულებას ემსახურება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული არაერთი ნაბიჯი. წელს, პირველი ივლისიდან, ბავშვთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება კიდევ იზრდება და 232 000-მდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 მლნ ლარი გამოიყოფა.

ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ბავშვებისათვის უკეთესი პირობების შექმნაზე ზრუნვას და ჩვენი მომავალი თაობებისათვის განვითარების სულ უფრო უკეთესი შესაძლებლობების შექმნას.

ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წინსვლას ვუსურვებ ყველა ბავშვს ჩვენს ქვეყანაში”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

“პუტინი დამარცხდება მაშინ, როდესაც რუსეთის არმია უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიღმა იქნება გაძევებული”

პუტინს ომი ჯერ არ წაუგია, ის დამარცხდება მაშინ, როდესაც რუსეთის არმია უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიღმა იქნება გაძევებული, – ამის შესახებ ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში დისკუსიისას პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

„დღეს ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინმა ომი წააგო, მისი მარცხი კი მდგომარეობს იმაში, რომ ფინეთი გაწევრიანდა ნატო-ში მაშინ, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში ფინელი ხალხი ყოყმანობდა, უნდა ეთქვათ თუ არა უარი ნეიტრალიტეტზე. ქალბატონებო და ბატონებო, ვლადიმერ პუტინს არ წაუგია არცერთი ომი“, – განაცხადა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პუტინი ამ ომში დამარცხდება, თუმცა, მისივე თქმით, ახლა არის სიტუაცია, როდესაც ასობით ადამიანი ყოველდღიურად იღუპება ფრონტზე, ამასთან, რუსები 100 მილიონზე მეტნი არიან, უკრაინელები კი – 40 მილიონზე ნაკლები.

„ეს სხვაობა უკვე აჩვენებს, ვის აქვს უპირატესობა. რუსებისთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, უკრაინელებისთვის კი თითოეული სიცოცხლე ოქროს ფასისაა. ეს განსხვავებული კულტურებია. რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, მას იარაღის გიგანტური მარაგები აქვს. ჩვენ ვიცინით, რომ მას ფრონტზე 1960-იანი წლების ტანკები გაჰყავს – თითოეული ტანკი 50-60 ტონას იწონის. თუკი ის გადაადგილდება, ის გაჭყლეტს, იმის მიუხედავად, არის თუ არა თანამედროვე“, – განაცხადა პოლონეთის ლიდერმა.

ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პუტინი ომში დამარცხდება, როდესაც რუსეთის არმია გაძევებული იქნება უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს გარეთ.

„ომი გრძელდება, რუსეთი უფრო მობილიზდება, რუსეთის ეკონომიკა საომარ ლიანდაგებზე გადადის. ეჭვი ნუ გეპარებათ, მათ შეუძლიათ, პროპაგანდის საშუალებით უთხრან ხალხს, რომ ქამრები უნდა შემოიჭირონ და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი მშივრები არიან, უნდა იამაყონ, რადგან რუსეთი დიდია“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. „ქართული ლეგიონის“ წევრი, ზვიად გიგანი ქართველი სამხედრო საბრძოლო დანაყოფების ლოგისტიკური უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობდა. ის უკრაინაში 2022 წლიდან იმყოფებოდა.

უკრაინაში საქართველოს საკონსულო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია და საჭირო პროცედურები განხორციელდება. გარდაცვლილი მებრძოლი 43-ე ქართველია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს ემსხვერპლა.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი – ვახტანგ ბარაბაძე. ის 4 აპრილს ბახმუტთან ოკუპანტების საარტილერიო იერიშს ემსხვერპლა.

პირველი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

იყავით ყურადღებით, მოერიდეთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას. დაისვენეთ და დაკავდით ყოველდღიური წვრილმანი საქმეებით. იკონტაქტეთ პოზიტიურ ადამიანებთან.

კურო

თანდათან გრძნობთ ძალების მატებას და თქვენი საქმიანობაც მეტად ნაყოფიერია. თუ უმუშევარი ხართ, ახლა შეგიძლიათ, მოიძიოთ სამსახური თქვენთვის სასურველ სფეროში.

ტყუპები

მატულობს იღბლიანობა და წარმატებებსაც შედარებით იოლად აღწევთ. შეგიძლიათ, წამოიწყოთ თქვენი საქმე, ის მეტად პერსპექტიული და ნაყოფიერი შეიძლება აღმოჩნდეს.

კირჩხიბი

ინტრიგები, ჭორები, დაძაბულობა ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ თქვენს განწყობასა და ხასიათზე, არამედ, ჯანმრთელობაზეც, მატულობს დანაკარგების ალბათობა, იყავით წინდახედული.

ლომი

პირად სფეროში, ნუ დაუშვებთ ინტრიგებს, არ არის სასურველი, ახალი სასიყვარულო კავშირების გაბმა. უკეთესი იქნება, თავიდან შეიყვაროთ თქვენი მეუღლე, ძველი მეგობარი და გადაახალისოთ ძველი ურთიერთობები.

ქალწული

შესაძლოა, აღმოჩნდეთ ისეთ გარემოებაში, სადაც თქვენი როლი მეტად მნიშვნელოვანი იქნება, შეგიძლიათ, გამოიყენოთ მომენტი და მიიღოთ მეტი სარგებელი საკუთარი მიზნებისთვის.

სასწორი

მოსალოდნელია ახალი სასიყვარულო გატაცებები, შესაძლოა, შეხვედრა სრულიად უჩვეულო გარემოში შედგეს, მაგ: ლიფტში, ტრანსპორტში… კარგი იქნება ხანმოკლე მოგზაურობა.

მორიელი

ამ დღეებში ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს, მინიშნებებს, სიმბოლოებს, ენდეთ ინტუიციას, თვალი მიადევნეთ მიმდინარე მოვლენებს, გააანალიზეთ და გააკეთეთ შესაბამისი დასკვნები.

მშვილდოსანი

შესაძლოა, დღეს თქვენმა ახლობელმა, ან მეგობარმა ძალიან გაწყენინოთ, თუმცა, დიდი ალბათობით, ამის შემდეგ, სრულიად უცხო ადამიანი აამაღლებს თქვენს განწყობას და პოზიტიურ ტალღაზე გადაგიყვანთ.

თხის რქა

ეს დღეები თქვენი მომავალი ცხოვრების მოვლენების შემცველი ნიშნებით იქნება დახუნძლული, მოუხმეთ კეთილგონიერებას, შეხედეთ მოვლენებს გლობალურად.

მერწყული

შესაძლოა, დღეს, დასრულდეს დიდი ხნის დაწყებული სამუშაო, რომელიც შემოქმედებას ეძღვნება. დაასრულეთ წიგნის წერა, ნახატის ხატვა. იაქტიურეთ და ნუ გაფლანგავთ ძვირფას დროს.

თევზები

ემოციურად დატვირთული დღეა, თითქოს ბავშვობას უბრუნდებით, შესაძლოა, თავს უსუსურად და დაუცველად გრძნობდეთ. გაღიზიანებთ ნებისმიერი ინფორმაცია. ყურადღება მიაქციეთ საკვებს.

1 ივნისი წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეა

საქართველოში 1 ივნისს, მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის – წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღე აღინიშნება. წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. წმინდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი. ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ. წმინდა ნინოს ხსენების დღეს, მართლმადიდებლური სამყარო წელიწადში ორჯერ აღნიშნავს : 1 ივნისს – წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების და 27 იანვარს – მისი გარდაცვალების დღეს.