Home Blog Page 1892

„შეუძლია თუ არა თბილისის აეროპორტს სტამბოლის აეროპორტის ჩანაცვლება ევროპაში წამსვლელი რუსი მგზავრებისათვის“ – Turizm Gazetesi

„რამდენად ისარგებლებენ ევროპაში წამსვლელი რუსი მგზავრები თბილისის აეროპორტის ტრანზიტული მომსახურებით, სტამბოლის აეროპორტის ნაცვლად?“ – ეს საკითხია განხილული თურქულ გაზეთ Turizm Gazetesi-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „შეუძლია თუ არა თბილისის აეროპორტს სტამბოლის აეროპორტის ჩანაცვლება ევროპაში წამსვლელი რუსი მგზავრებისათვის“, რომელშიც ვკითხულობთ:

„სტამბოლის აეროპორტიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეები იმ ევროპული ავიარეისებით სარგებლობდნენ, რომლებიც, დასავლეთის სანქციების გამო, რუსეთის აეროპორტებიდან ვერ სრულდებოდა.

ქართველების განზრახვა ამ დღეებში, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა აღდგა და ორივე მხარემ ერთმანეთის აეროპორტები ფრენებისათვის გახსნა, დადგა საკითხი თბილისის აეროპორტის შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენების თაობაზე. ამ მიზნით, ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა განაცხადა, რომ განზრახული აქვს რუს მგზავრებს ევროპაში (მილანში, პარიზში, ვენაში, ლარნაკაში და სალონიკში) წასასვლელად პირდაპირი რეისები შესთავაზოს, თბილისის აეროპორტის მეშვეობით, ასე ვთქვათ, ტრანზიტით.

რა თქმა უნდა, თავდაპირველად პროექტი ექსპერიმენტული იქნება, გარკვეული გამოსაცდელი ვადით: თუ მოთხოვნა იქნება და რუსი მგზავრებისათვის ბილეთის ფასი მისაღები იქნება, ავიარეისები გაგრძელდება.

არაადეკვატური სტანდარტები

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტების თქმით, თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა ევროპაში წამსვლელი რუსი მგზავრების ტრანზიტული მომსახურებისათვის არასაკმარისია: მართალია, აეროპორტს საერთაშორისო სტატუსი აქვს, მაგრამ ის არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, რომლებიც საერთაშორისო ავიაჰაბს აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

ერთ-ერთი რუსული ავიაკომპანიის მენეჯერის აზრით, „არის ეჭვები, რომ ტრანზიტი საქართველოს გავლით ისეთი კომფორტული არ იქნება, როგორიც თურქეთის გავლით. მაგრამ თუ ქართული ავიაკომპანია რუს მგზავრებს გადასხდომის უკეთეს მოკლე დროს შესთავაზებს, ან უფრო სწრაფ მარშრუტს, ან ტვირთის პრიორიტეტულ, დაჩქარებულ მომსახურება-მიღებას, ან პრობლემატური სიტუაციების დროს კომპენსაციის მიღების გარანტიებს, მიმზიდველ ტარიფებს, მაშინ ასეთ შემთხვევაში რუსი მოგზაურები, დიდი ალბათობით, თბილისის აეროპორტით ნამდვილად ისარგებლებენ“.

ტუროპერატორთა მოლაპარაკებები…

რასაკვირველია, რუსული ტურისტული ოპერატორები ერთმანეთს აზრს უზიარებენ, თუ რამდენად შესაძლებელია Georgian Airways-სთან მოლაპარაკება ფრენების განხორციელების თაობაზე – მაგალითად, რუსული ტუროპერატორი „ინტურისტი“ განიხილავს იტალიაში ავაიმოსვლის შესაძლებლობას ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავებით.
კიდევ ერთი რუსული ტურისტული კომპანია Fun & Sun აცხადებს, რომ სწავლობს ავიარეისების იტალიაში, საბერძნეთში და საფრანგეთში შესაძლო განხორციელების გარემოებებს.

… და ქართველების პროტესტი

მოსკოვიდან ევროპის ქალაქებში ფრენა, თბილისის აეროპორტში გადასხდომით, სავარაუდოდ, საშუალოდ 7-11 საათს გაგრძელდება. თუმცა ფრენების განხორციელებას შეიძლება ხელი პოლიტიკურმა სიტუაციამ შეუშალოს: საქართველოში ევროკავშირის მომხრეები პროტესტს აცხადებენ ხელისუფლების მოქმედების მიმართ, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოს ავიაკომპანიებს ფრენების განახლებაზე დათანხმდა“.

წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი კიშინეუში იმყოფება, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში იმყოფება, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობს.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
სამიტის პლენარული სესია გახსნა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ. მან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს სიტყვით მიმართა.

გახსნის ღონისძიების შემდეგ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის მონაწილე დელეგაციების ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

რიგით მეორე სამიტს ევროპის ქვეყნების 47 ლიდერი და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის ხელმძღვანელები ესწრებიან.

“12 წლის ძმისშვილი კონცერტზე უკან დააყენეს” – ლევან ხაბეიშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მისი 12 წლის ძმისშვილი თბილისის მერიის ორგანიზებით გამართულ კონცერტზე “უკან დააყენეს”. ხაბეიშვილი და მისი ოჯახის წევრები ფაქტს პოლიტიკური ნიშნით დევნად აფასებენ.

“საუბარი ჩემს 12 წლის ძმისშვილზეა… ვცდილობ ავუხსნა ბავშვებს, რომ გულში არაფერი ჩაიდონ და არ გაბრაზდნენ ასეთ “ადამიანებზე”…ბავშვებს სჯიან იმის გამო, რომ მათი მამა 13 წელი ემსახურა საკუთარი მკერდით, ჯანმრთელობის ხარჯზე სახელმწიფოს და 10 წელია იძულებით ემიგრაციაშია, რადგან უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტ სააკაშვილს და მის ოჯახს იცავდა… სჯიან ჩემ გამო”. – წერს ხაბიეშვილი.

ენმ-ს თავმჯდომარე ასევე აქვეყნებს მისი ოჯახის წევრის პოსტსაც.

“მასწავლებელმა ირიბად, მაგრამ თან პირდაპირ გააჟღერა, რომ 10 ივნისს ტარდება კონცერტი, სადაც იქნებიან მერიის წარმომადგენლებიც და ანასტასია დააყენა იმდენად უკან, რომ არც გამოჩნდეს”. – წერს მარიამ ხაბეიშვილი.

https://www.facebook.com/lkhabeishvili/posts/787243192771181

“თუ ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავთ, მოაწერეთ ხელი უსაფრთხოების შეთანხმებას” – სოხუმი ზურაბიშვილს პასუხობს

„თუ სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის მოსახლეობის ბედზე ასე ზრუნავს, მაშინ საქართველოს მთავრობაზე ზეწოლა მოახდინოს, რომ მან სოხუმთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწეროს“, – ამის შესახებ სოხუმის მთავრობის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვიქტორია მალანიამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„თუ სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოებაზე საუბრობს, მაშინ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. რა არის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი? ასევე, მინდა შევახსენო ქალბატონ ზურაბიშვილს, რომ აფხაზეთის საშინაო საქმეებში და დღის წესრიგში ჩარევა დაუშვებელია“, – ამბობს მალანია.

წინა დღეს სალომე ზურაბიშვილს ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უპასუხეს.

მათი თქმით, ზურაბიშვილი „სასურველის რეალურად გასაღებას ცდილობს“.

ცნობისთვის, 31 მაისს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთი არ იყიდება და ის იმ ხალხის მხარეს დგას, რომელიც სოხუმში საპროტესტო აქციას მართავს და დე ფაქტო მთავრობის გადადგომას მოითხოვს.

პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში იმყოფება, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობს.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

სამიტის პლენარული სესია მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ გახსნა. მან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს სიტყვით მიმართა.

გახსნის ღონისძიების შემდეგ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის მონაწილე დელეგაციების ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

რიგით მეორე სამიტს ევროპის ქვეყნების 47 ლიდერი და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის ხელმძღვანელები ესწრებიან.

 

“ქოციც” და “ნაციც” თუ გლანძღავს, აი, მაშინ ხარ ნორმალური ადამიანი” – გია ხუხაშვილი

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ბრიუსელში, ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპისკენ სწრაფვის ასპექტებზე, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის დიდ და უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენაზე. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს სურს, რომ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს და ამას ალტერნატივა არ აქვს. ზურაბიშვილმა უკრაინას ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიცია იმედგაცრუებულია, რადგან ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალებაზე საიმედო არაფერი უთქვამს, თუმცა, თვლიან, რომ საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით სწორი აქცენტები გაკეთდა.

მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ წინა გამოსვლებთან შედარებით, ახლა პრეზიდენტს შედარებით შერბილებული ტონი ჰქონდა, რაც “ხალხის რეაქციამ უზრუნველყო”. ეს შეფასება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, – მამუკა მდინარაძეს ეკუთვნის, რომლის თქმითაც, „კარგი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი საქართველოშიც ასე დაბალანსებულად ისაუბრებს”.

მდინარაძის თქმით, მთავარია, ყველა უმაღლესი ტრიბუნიდან ისმოდეს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

„ოპოზიცია უკმაყოფილოა ერთადერთი რამის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ ნარატივში ბოლომდე არ ჩაჯდა.

შერბილებული ტონი კი, უზრუნველყო ხალხის აბსოლუტურმა სწორმა რეაქციამ. ალბათ სალომე ზურაბიშვილს უნდა ავუხსნათ, რომ როცა გამოდის საქართველოს პარლამენტში, ასევე 26 მაისის ღონისძიებაზე, – ეს ყველაფერი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გადის. თანამედროვე ტექნოლოგიები იმის საშუალებას იძლევა, რომ უცხოელებმა საქართველოში გამოსვლები გაიგონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პრეზიდენტის გამოსვლით, ბოლომდე კმაყოფილი არც ოპოზიციური სპექტრი აღმოჩნდა.

„პრეზიდენტის გამოსვლაში დამაკლდა ის, თავად რა ნაბიჯებს გადადგამს, რათა საქართველოში რუსეთმა არ მოიკიდოს ფეხი, იყოს მედიათავისუფლება, – აქ ვგულისხმობ ნიკა გვარამიას შეწყალებას“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„კარგი იყო პრეზიდენტის გამოსვლა – უკრაინის მხარდაჭერა, ზელენსკის მაღალი შეფასება, ქართველი ხალხის შეფასება და იმის თქმა, რომ ყველაზე პროევროპულია. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რაც დამაკლდა – თავად რა ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ საქართველოში რუსეთმა არ მოიკიდოს ფეხი, არ იყოს რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია და იყოს მედიათავისუფლება. პრეზიდენტი უმაღლესი ტრიბუნიდან კანდიდატის სტატუსს ითხოვს, მაგრამ როცა ოლიგარქიულ მმართველობაზე არ აკეთებს მინიშნებას, ეს უცნაურია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რეალურად როგორი გამოსვლა ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტს ევროპარლამენტში, როგორ წარმოჩინდა ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე და რა შანსები აქვს მას ევროკავშირისკენ სწრაფვის კუთხით, – ამ კითხვებით „ჯორჯიან თაიმსი“ პოლიტიკის ექსპერტ – გია ხუხაშვილს დაუკავშირდა.

“საკმაოდ ზომიერი გამოსვლა იყო”, – ასე შეაფასა ექსპერტმა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ჩვენთან საუბარში.

„მას ნათქვამიც ჰქონდა, რომ ერთია, ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური გარჩევები, დებატები და მეორეა – საერთაშორისო ტრიბუნა, – სადაც, შიდა პოლიტიკა უკანა პლანზე უნდა გადაიწიოს. დიახ, ჩვენ, ძირითადად უნდა ვისაუბროთ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორზე. ვფიქრობ, სწორედ ამ ჭრილში გააკეთა მან ყველაფერი, რაც სწორიც იყო“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, „არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ პრეზიდენტის გამოსვლა გადამწყვეტია, ვინაიდან, ევროპაში ყველას კარგად ესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას განსაზღვრავს“.

როგორც ხუხაშვილი განმარტავს, შესაძლოა, ევროპარლამენტში, პირადად პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოსწონთ, მაგრამ, მათ პრობლემები აქვთ ჩვენს ხელისუფლებასთან, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკას ატარებენ.

„ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ევროპარლამენტარებს არ ჰქონდათ მოსმენილი ის მწვავე გამოსვლები, რაც მანამდე, თუნდაც 26 მაისს ჰქონდა პრეზიდენტს საკუთარ ქვეყანაში. ამ გამოსვლამ არც გადაჭარბებული იმედები არ უნდა მოგვცეს და არც იმედგაცრუების საფუძველი გვაქვს. შესაძლოა, პირადად პრეზიდენტის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდა ევროპული გაგებით, თუმცა, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, არ მგონია ამას ჰქონდეს.

ზოგადად, როცა ნეიტრალური გამოსვლა გაქვს, გამოდის ისე, რომ ორივე მხარე გლანძღავს.

ისე, საქართველოში ნორმალური ადამიანის განმარტება იცით როგორია? “ქოციც” და “ნაციც” რომ გლანძღავს, აი მაშინ ხარ ნორმალური ადამიანი. ახლა ხელისუფლება ხალხს ეფარება და აცხადებს, რომ ხალხის პრეზიდენტზე გაბრაზებამ განაპირობა მისი შერბილებული ტონი. რეალურად, ხალხი არაფერ შუაშია. მდინარაძემ ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ ვითომ ხალხი მათ უჭერს მხარს“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

/თამუნა დუღაშვილი/

“პრეზიდენტისთვის საკუთარი უფლებამოსილებების გამოყენება არავის დაუშლია” – გია ვოლსკი

პრეზიდენტისთვის საკუთარი უფლებამოსილებების გამოყენება არავის დაუშლია – მუქარა? მუქარა რითი?! რა რესურსით შეიძლება ვინმეს დაემუქრო?! მუქარებისა და ანგარიშსწორებების პერიოდი წავიდა, – ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის პასუხად პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკიმ აღნიშნა ისიც, რომ მომავალი წელიწადნახევარი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი იქნება და ინსტიტუტის მიმართ პატივისცემა ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

„რაც შეეხება მუქარას, ობიექტურად რომ ვთქვა, მუქარა არ გამიგია, მაგრამ თუ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის წევრს მის მიმართ კრიტიკა „წამოსცდება“ და მის პოზიციას არ გაიზიარებს, თუ ამას მუქარას დაარქმევს, მაშინ რაღაც კონიუნქტურული გათვლა აქვს რეალურად არა მუქარა, არამედ პლურალიზმი უნდა დავარქვათ აზრთა სხვადასხვაობას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მთავრობის წევრების მისამართით განაცხადა, რომ მათ არ აქვთ უფლება პრეზიდენტს დაემუქრონ.

„მინდა მთავრობის წევრებს მივმართო, რომ არ აქვთ უფლება დამემუქრონ, რადგან მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც საჭიროდ მიმაჩნია, – განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაშიც თუ უმრავლესობა პრეზიდენტისთვის კანონით მინიჭებულ ვეტოს უფლებას უგულებელყოფს, პრეზიდენტს ხალხის იმედი ექნება, რადგან, მისივე თქმით, მისი გადაწყვეტილებები იმ პრინციპებს ეფუძნება, რომლებსაც ყველა ვეთანხმებით.

“პოლიციელებო, პოლიციის დღეს არ გილოცავთ, იმიტომ, რომ პოლიცია აღარ ხართ. ხართ ძაღლობა”- გიორგი არველაძე

პოლიციელებო, პოლიციის დღეს არ გილოცავთ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დროინდელი ხელისუფლების ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გიორგი არველაძე აღნიშნავს, „სანამ რუსი ბორენკას ხელის ბიჭები ხართ, ძაღლობად დარჩებით“.

„პოლიციელებო, პოლიციის დღეს არ გილოცავთ.

იმიტომ, რომ პოლიცია აღარ ხართ. ხართ ძაღლობა. ძაღლობას კი პოლიციის დღის მილოცვა არ ეკუთვნის.

ხო, სანამ რუსი ბორენკას ხელის ბიჭები ხართ, ძაღლობად დარჩებით“, – წერს არველაძე.

https://www.facebook.com/george.arveladze/posts/pfbid02mernhLsq3YvDvEP4KWJErUH5Z1aAHxUUubHHtbRgqXAC1QDSbXziJ2pRKTjyJF5Wl

“პრეზიდენტის გზავნილები იყო სწორი”- ხატია დეკანოიძე

პრეზიდენტის გზავნილები იყო სწორი, მაგრამ ასევე ჩემთვის უფრო მკვეთრი გზავნილი იყო საჭირო, თუ რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს საქართველოს პრეზიდენტი ამ რეკომენდაციების შესრულების კუთხით, – ამის შესახებ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„გზავნილები იყო სწორი იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსის გარშემო საუბარი, საქართველოს ისტორიული მიმართულებით, ევროინტეგრაციისკენ სვლა და საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინაზე საუბარი, პრეზიდენტ ზელენსკის შეფასება იყო მნიშვნელოვანი, უკრაინის გამარჯვების მოლოდინზე საუბარი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ, იყო მნიშვნელოვანი. მაგრამ ასევე ჩემთვის უფრო მკვეთრი გზავნილი იყო საჭირო იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს საქართველოს პრეზიდენტი ამ რეკომენდაციების შესრულების კუთხით. მას არ დაუხურავს თემა ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მე ასე დავინახე ყოველ შემთხვევაში“,- აღნიშნა დეკანოიძემ.

“ვიფხიზლოთ ჩვენც, რომ წმინდა ნინოს მსგავსად, გვქონდეს სულის ლამპრები ანთებული ” – მეუფე შიო

ვიფხიზლოთ ჩვენც, რომ წმინდა ნინოს მსგავსად, გვქონდეს სულის ლამპრები ანთებული და გონიერ ქალწულებთან ერთად შევიდეთ სიძის სასუფეველში, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში განაცხადა.

მიტროპოლიტმა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისი შეასრულა და მრევლს ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა სრულიად საქართველოს დღესასწაული მიულოცა და წმინდა ნინოს ღვაწლზე ისაუბრა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს – წმინდა მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის, ქალწული ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოლოცვას, ლოცვა-კურთხევას.

ნამდვილად, ეს არის ეროვნული დღესასწაული და უდიდესი სასწაული, რომელიც მოგვამადლა ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, ვინაიდან წმინდა ნინოს ღვაწლმა, მისმა ქადაგებამ განაპირობა ჩვენი ერის მოქცევა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

ჩვენს ისტორიაში მრავლად იყვნენ ასეთი მოღვაწეები, რომლებიც სათნოებებით ასე ბრწყინავდნენ და მთელი არსებით ემსახურებოდნენ ქრისტეს და მის მიერ დაარსებულ წმინდა ეკლესიას, მაგრამ მათ შორისაც კი წმინდა მოციქულთა სწორი ნინო არის განსაკუთრებით გამორჩეული. განსაკუთრებით ბრწყინავს, ვინაიდან იგი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოირჩია განსაკუთრებული, სამოციქულო ღვაწლისთვის, რომ მისი წილხვდომილი ქვეყანა, საქართველო მოაქციოს ქადაგებით და სულის გადარჩენის გზაზე დააყენოს. ამისთვის დღეს ჩვენ ვმადლობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს – ამ დიდი სასწაულისა და მადლისთვის. ვიფხიზლოთ ჩვენც, რომ წმინდა ნინოს მსგავსად, გვქონდეს სულის ლამპრები ანთებული და გონიერ ქალწულებთან ერთად შევიდეთ სიძის სასუფეველში. ვეღირსოთ ღმერთისგან მარადიულ სიკეთეებს“, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული ვალის ზღვართან დაკავშირებით კანონპროექტი მიიღო

ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმომადგენელთა პალატამ, ეროვნული ვალის ზღვართან დაკავშირებით კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ახლა აღნიშნული კანონპროექტი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში, სენატში უნდა განიხილონ. ამის შემდეგ, დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

31,4 ტრილიონი დოლარის ოდენობის ეროვნული ვალის ზღვარზე შეჩერებით, ამერიკის შეერთებული შტატები დეფოლტსა და ფინანსურ კრიზისს თავიდან აირიდებს.

ჯო ბაიდენმა მიღწეულ შეთანხმება „ამერიკელი ხალხისა და ამერიკული ეკონომიკისთვის კარგი ამბავი“ უწოდა.

„სენატს მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე მიიღოს კანონი, რათა მე მისი ხელმოწერა შევძლო“, – დასძინა აშშ-ს პრეზიდენტმა.

“ევროპარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა ისაუბრა ბევრ საკითხზე, მაგრამ იმავდროულად – არაფერზე” – ლევან ბეჟაშვილი

საზოგადოებას ჰქონდა ობიექტური მოლოდინი, რომ პრეზიდენტი გამოიყენებდა თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აღადგენდა პოლიტიკურ ბალანსს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსი მნიშვნელოვანი იყო, რათა განთავისუფლებულიყო მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია.

„საზოგადოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ჰქონდა ობიექტური მოლოდინი, რომ პრეზიდენტი გამოიყენებდა თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აღადგენდა პოლიტიკურ ბალანსს, რომელიც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდაა დარღვეული. პრაქტიკულად, ქვეყანამ დღეს ანტიდასავლური კურსი აიღო და ეს ბალანსი მნიშვნელოვანი იყო, რათა განთავისუფლებულიყო მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია და კანდიდატის სტატუსის მიღების ყველა წინაპირობა ამ შემთხვევაში უფრო დაბალანსებული იქნებოდა. თუმცა, პრეზიდენტმა ისაუბრა ბევრ საკითხზე, მაგრამ იმავდროულად – არაფერზე“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

 

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით 31 მაისს წარდგა.