Home Blog Page 1887

“ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად”- მიხეილ სააკაშვილი

ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, დარწმუნებულია ზელენსკის, დასავლეთის, უკრაინისა და ქართველი ხალხის სწრაფ გამარჯვებაში.

„2019 წლის მაისში დილის 08:00 საათზე უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა და გამაღვიძა ვარშავაში, რათა შეეტყობინებინა, რომ მისი ერთ-ერთი პირველი ბრძანება პრეზიდენტის პოსტზე იყო ჩემთვის მოქალაქეობის აღდგენა. ჩემი პირველი რეაქცია მადლობის გარდა, იყო ის, რომ ვუთხარი, ვხედავდი მას ჩვენი მთელი რეგიონის ლიდერად. მეც ვერ წარმოვიდგენდი, რომ პუტინის სიგიჟის შედეგად, ის გახდებოდა მთელი თავისუფალი სამყაროს ლიდერი. ზელენსკის გულში საქართველოს უკავია ცალკე ადგილი, მაგრამ ემოციასაც რომ დავანებოთ თავი, ჩვენ, ყველა უნდა ვემზადოთ უკრაინის გარდაუვალი გამარჯვებისთვის. უკრაინა და დასავლური კოალიციისთვის ოკუპირებული ზონები შავი ზღვის რეგიონში სრულიად მიუღებელი იქნება. ჩვენ უნდა ვემზადოთ აფხაზეთის და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის. ეს ფანჯარა სულ მალე გაიხსნება და ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ ის მომენტი, როცა რუსეთის არმია ბოლომდე იქნება ჩამოშლილი და მოსკოვში არეულობა დაისადგურებს. ზელენსკის აქვს ფართო სტრატეგიული ხედვა და ომის შემდეგ ეს ხედვა დაეფუძნება ევროპის უძლიერეს შეიარაღებულ ძალებს და იმას, რომ უკრაინის სიტყვას ძალიან დიდი წონა ექნება მსოფლიოში. საქართველო აფხაზეთის ჩათვლით ასევე თავის მხრივ იქცევა მთელი მსოფლიოსთვის მიმზიდველ და ძალიან მდიდარ ქვეყნად. არ გამოვრიცხავ, შავიზღვისპირეთში ჩვენ საერთო საზღვარი გვქონდეს უკრაინასთან. დღეს პრეზიდენტ ზელენსკიზე და უკრაინის არმიაზეა ჩამოკიდებული მთლიანად ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნა და გამარჯვება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ზელენსკის, დასავლეთის, უკრაინის და ესე იგი, ქართველი ხალხის სწრაფ გამარჯვებაში. ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/789547555874177

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ წარადგენს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ წარადგენს.

ამის შესახებ პეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა.

ალთუნის ცნობით, 3 ივნისს პრეზიდენტი ერდოღანი თურქეთის პარლამენტში ფიცს დადებს. ცერემონიის შემდეგ ერდოღანი ეწვევა ათათურქის მავზოლეუმს და უმასპინძლებს ვახშამს ინაუგურაციის ცერემონიაზე დამსწრე სახელმწიფოების მეთაურებთან.

ამავე დღის ბოლოს პრეზიდენტი ერდოღანი ახალი კაბინეტის შემადგენლობას გამოაცხადებს.

“დაე, ვიქტორ ორბანმა დაურეკოს თავის მეგობარ პუტინს და სთხოვოს, რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანოს”

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ურჩევს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაურეკოს და უკრაინის მთელი ტერიტორიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდოს.

მისი თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აბსურდული საჯარო პოზიცია კიდევ ერთხელ შეურაცხყოფს ევროკავშირის ღირებულებებს და ზოგადად საერთაშორისო სამართალს.

„ეს არის ევროპის შეგნებული დამცირება და რუსეთის ტერორისტულ ქმედებებთან შეგუება. ეს არის აგრესორის შეგნებული გამართლება და წახალისება, გააგრძელოს უკრაინის/ევროპის განადგურება. თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ნამდვილად აწუხებს დანაკარგები, დაე, დაურეკოს თავის „მეგობარ პუტინს“ და სთხოვოს, რომ რუსული შეიარაღებული ფორმირებები გასცდნენ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს”, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ ომი დასრულდება და აღარ იქნება დანაკარგები და აღარავინ დაიღუპება.

„ომის დასრულების წინაპირობა მხოლოდ ოკუპანტის შეიარაღებული კონტინგენტისა და აღჭურვილობის სრული გაყვანაა. ვინმეს გსმენიათ რუსეთის მიმართ ორბანის მსგავსი მოწოდებები?“- განაცხადა პოდოლიაკმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა.

„უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხარეების დასარწმუნებლად, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია”, – აღნიშნა ორბანმა.

შსს-მ კამპანიის – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში ნახატების კონკურსი გამოაცხადა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამპანიის – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფითი შედეგების თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ნახატების კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, 12-დან 18 წლამდე; საკონკურსო ნამუშევრები შინაარსობრივად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემას; გამოგზავნილ წერილში აუცილებელია სახელის, გვარისა და მობილური ტელეფონის ნომრის, ელ.ფოსტის მისამართის, ნახატის სათაურის და მისი მოკლე აღწერის მითითება; კონკურსის ვადის დასრულების შემდგომ, ჟიურის წევრები გამოავლენენ სამ საუკეთესო ნამუშევარს, რომლებსაც გადაეცემათ ჯილდო; თემასთან და მითითებულ პირობებთან არსებითად შეუსაბამო, უცენზურო, დისკრიმინაციული, ძალადობის შემცველი საკონკურსო ნამუშევრები, ასევე, ნამუშევრები, რომლებიც არ შეესაბამება ზოგადმორალურ და ეთიკურ პრინციპებს, არ მიიღება; თითოეულ კონკურსანტს უფლება აქვს, წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნახატი; ნახატის შესრულების ტექნიკა და ზომა შეზღუდული არ არის (არ მიიღება ელექტრონულ მოწყობილობაში შექმნილი ნამუშევარი); მონაწილემ უნდა წარმოადგინოს საკუთარი ნახატი, ინტერნეტში მოძიებული ნახატი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს; წარმოდგენილ ნახატზე საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს კონკურსანტს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე თქმით, სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიმართ, რომლებმაც შესაძლოა, წამოაყენონ რაიმე სახის (ქონებრივ, არაქონებრივ, საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული) პრეტენზია გამოქვეყნებულ ნახატთან დაკავშირებით/

„კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღებით, გამოხატავს თანხმობას, მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებასა და კამპანიაში; კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღებით, გამოხატავს თანხმობას და სამინისტროს გადასცემს უფლებას, მის მიერ გადმოგზავნილი ნახატი შემდგომში გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ; გაცნობებთ, რომ საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნით, კონკურსანტი ავტომატურად ეთანხმება კონკურსის პირობებს; საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2023 წლის 25 ივნისის ჩათვლით.

კონკურსთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: სოფიო ჩოხელი – ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი – 551 740 007 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: adamianisuflebebi@mia.gov.ge

კონკურსის მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით: რამდენად პასუხობს ნამუშევარი კონკურსის თემატიკას; რამდენად ორიგინალური და შემოქმედებითია ნაშრომი. კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქარი. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. კონკურსანტებმა ნახატები უნდა გამოაგზავნონ დასკანერებული სახით, ელექტრონულ ფოსტაზე – adamianisuflebebi@mia.gov.ge.

ასევე, შესაძლებელია ნამუშევრების გამოგზავნა ფოსტის საშუალებით, შემდეგ

მისამართზე: თბილისი, ორთაჭალა, გ. გულუას ქუჩა №10 (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი). ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში, ნამუშევრების მოწოდება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2023 წლის 25 ივნისისა. შინაგან საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ნახატის ორიგინალი ვერსიის გადმოგზავნა.

ვიდეორგოლი: https://www.youtube.com/watch?v=mcVc5FGs-Ho“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

“არ შეიძლება, არ მივესალმოთ, რომ პრეზიდენტს რიტორიკა აქვს შეცვლილი”- თეა წულუკიანი

ვიხილეთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში და არ შეიძლება, არ მივესალმოთ, რომ მას რიტორიკა აქვს შეცვლილი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც წულუკიანმა სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას აღნიშნა, პრეზიდენტის რიტორიკა ბევრად უფრო ორიენტირებულია საერთო სახელმწიფო მიზანზე.

„შეცვლილი რიტორიკა არის ბევრად უფრო ადეკვატური, ბევრად უფრო ორიენტირებული საერთო სახელმწიფო მიზანზე. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მან გააანალიზა ის დიდი ნეგატივი, რომელიც მის გამოსვლას მოჰყვა 26 მაისს, 27 მაისს თუ სხვა გამოსვლებზე. იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს რიტორიკა, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის ინტერესზე და არა რაიმე პოლიტიკურ, ვიწრო პარტიულ ინტერესზე. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი, ჩვენმა სახელმწიფომ მიიღოს ის სტატუსი, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის, ბრიუსელმა მიიღოს ის სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა წულუკიანმა.

“დიდი მოთმინებით დაველოდებით დღეს, როცა ბრიუსელში მიღებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი და სამართლიანი გადაწყვეტილება სტატუსის მონიჭების შესახებ”- წულუკიანი

დიდი მოთმინებით დაველოდებით დღეს, როცა ბრიუსელში მიღებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი და სამართლიანი გადაწყვეტილება სტატუსის მონიჭების შესახებ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას რეკომენდაციების შესასრულებალდ.

„ჩვენ ვთვლით თავაწეულნი, რომ ეს სტატუსი, რომლისკენაც ვისწრაფვით, ჩვენს ხალხს, სახელმწიფოს ეკუთვნის, თუკი ეს შეფასება იქნება კრიტერიუმებზე დაფუძნებული. თუკი ეს შეფასება იქნება პოლიტიკური, ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყანას ეს სტატუსი ნამდვილად ეკუთვნის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა სიტყვიერი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის ამ გზაზე მიიღო. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა რეკომენდაციის შესასრულებლად და დაველოდებით დიდი მოთმინებით იმ დღეს, როდესაც ბრიუსელში იქნება ჩვენი ქვეყნისადმი მიღებული ერთადერთი და ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება სტატუსის მონიჭების შესახებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საბერძნეთში 37-ჯერ ჩადენილი ქურდობისთვის ქართველი მამაკაცი დააკავეს

საბერძნეთში დააკავეს ქართველი, რომელმაც ქვეყნის 12 პრეფექტურაში, სხვადასხვა სუპერმარკეტში, 37 ქურდობა ჩაიდინა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

48 წლის კაცი  პოლიციამ მორიგი ქურდობის დროს დააკავა.  მოპარული პროდუქცია კი უკან დააბრუნეს. გაირკვა, რომ კაცმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში კიდევ 6 სუპერმარკეტი გაქურდა აჩაიაში, ატიკასა და კორინთიაში.

მის წინააღმდეგ განმეორებით ქურდობის ფაქტზე საქმეა აღძრული.

” თბილისსა და ბუდაპეშტს კარდინალურად განსხვავებული პოლიტიკური ინტერესები გვამოძრავებს”-გიორგი კობერიძე

“მცირე განმარტება მინდა გავაკეთო უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის საგარეო პოლიტიკით დაინტერესებულთათვის და თუ რა კავშირი აქვს მას უკრაინასთან,”- წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი, გიორგი კობერიძე.
“პირველი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უნგრეთი ტერიტორიებს კარგავს. უნგრეთისათვის განსაკუთრებით მტკივნეული ტრიანონის ზავი გამოდგა, რის შემდეგაც უნგრეთმა საკუთარი ტერიტორიების 72% დაკარგა – მათ შორის ადრიატიკის ზღვაზე გასასვლელი. ეს 1919 წელს მოხდა. მას შემდეგ უნგრეთი პერიოდულად მისდევს რევიზიონისტულ პოლიტიკას და ცდილობს არსებული საზღვრების გადახედვის იდეა დღის წესრიგიდან სრულად არ მოხსნას. მაგრამ თუკი ბუდაპეშტი 1919 წლამდე ტერიტორიებზე დავას წამოიწყებს ერთდროულად მოუწევს დავა რუმინეთთან, ავსტრიასთან, ხორვატიასთან, სლოვენიასთან, სლოვაკეთთან, უკრაინასთან, სერბეთთან და პოლონეთთან. მარტივად რომ ვთქვათ – ყველა მეზობელთან (პოლონეთს აღარ ესაზღვრება).
უნგრეთის პოლიტიკური დღის წესრიგიდან ტერიტორიული დავები მოხსნილი იყო მანამ, სანამ პოლიტიკურ ასპარეზზე ისეთი ძალები არ გამოჩნდნენ როგორიც სახელისუფლებო პარტია ფიდეზი/Fidesz და რადიკალური ძალა იობიკია/Jobbik. საინტერესოა, რომ ორბანის პარტია ფიდეზი/Fidesz თავდაპირველად ლიბერალური იყო. იმდენად ლიბერალურიც კი რომ ორბანი ლიბერალური ინტერნაციონალის ლიდერად გახლდათ წარმოდგენილი ხოლო პარტია ინტერნაციონალის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრი იყო. ორბანმა განსაკუთრებული ცნობადობა იმით მოიპოვა, რომ საბჭოთა ტანკების წინ დადგა, შემდეგ მიკროფონი აიღო და საბჭოთა ძალებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა – და მან ეს გააკეთა ასიათასობით ადამიანის თვალწინ. ამის გამო შეიძლება დაეხვრიტათ იგი.
თუმცა 2000-ანი წლების მეორე ნახევარში უნგრეთის პოლიტიკურ სისტემაში ექსპანსიონიზმისა და დიდი უნგრეთის იდეა დაბრუნდა. ორბანიც, რომელიც 2009-2015 წლამდე აქტიურად უჭერდა მხარს ნატოსა და ევროკავშირს (და საქართველოს – პრაქტიკულად ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი იყო), ამ წლებში თანდათან დაშორდა ამ იდეებს და პრო-რუსული იდეები გააძლიერა. ეს არ იყო მხოლოდ საგარეო კურსის გარკვეული რეფორმირება და დაპირისპირება ბრიუსელთან – საშინაო ასპარეზზე დაარტყა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციურ ძალებს და ასე შემდეგ. თუმცა ეს ძალიან სწრაფად არ მომხდარა და როგორც აღვნიშნე, ეტაპობრივი და გარდამავალი ხასიათი ჰქონდა.
აი სწორედ 2000-ანი წლების მეორე ნახევარში, როდესაც ექსპანსიონიზმის იდეები ნელ-ნელა პოპულარული გახდა უნგრულ პოლიტიკურ წრეებში, გამოიკვეთა ორი სახელმწიფო, რომელშიც უნგრული უმცირესობა ცხოვრობდა და ბუდაპეშტი მათზე გარკვეულ პრეტენზიებს განაცხადებდა: რუმინეთი და უკრაინა. რუმინეთის საკითხი პირველი და უფრო ძველი იყო – ტრანსილვანიაში მილიონზე მეტი უნგრელი ცხოვრობს.- ანუ მთელი ქვეყნის დაახლოებით 6%. ამ ფონზე უნგრეთსა და რუმინეთს შორის გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირება ადრეც იყო, თუმცა ევროკავშირში შესვლისა და ურთიერთმიმოსვლის გააქტიურების ფონზე ურთიერთობები დალაგდა. ცხადია, სენტიმენტების დონეზე დაპირისპირება ისევ არსებობს, მაგრამ იმდენად მწვავე აღარაა.
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ უფრო მეტად წინ წამოიწია უკრაინის ზაკარპატიის ოლქის საკითხმა, სადაც 150 ათასი უნგრელი ცხოვრობს. ორბანის ხელისუფლებამ რიტორიკა თანდათან შეცვალა და უკრაინასთან მიმართებით შესამჩნევად ხისტი გახადა. ჯერ კიდევ პრეზიდენტ პოროშენკოს ხელისუფლების პერიოდში მივიღეთ გამწვავებული ურთიერთობები. პრემიერი ორბანი მუდმივად ხაზს უსვამდა უნგრელების ენისა და უფლებების დაცვის აუცილებლობას რაც რიტორიკის დონეზე მართლაც წააგავდა რუსეთის მიერ წამოწყებულ კამპანიას რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის შესახებ. არ არსებობა რაიმე ხელშესახები ფაქტი თითქოს უკრაინელები უნგრელებს დევნიდნენ და ავიწროებდნენ, ამიტომ ორბანის დამოკიდებულება კიევისადმი საკმაოდ საეჭვო გახლდათ. მეტიც, ზაკარპატიეში გხვდება ორენოვანი წარწერებიც და არსებობს უნგრულის სწავლის შესაძლებლობაც.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები არ დამთბარა. რთული სათქმელია რა მოხდებოდა თუკი კიევი დაეცემოდა, მაგრამ არსებობს ასეთი რადიკალური ვერსია, რომ შესაძლოა უნგრეთს ზაკარპატიეს ოკუპაცია მოეხდინა სწორედ უნგრელთა [რუსეთის ან უკრაინისგან] დაცვის მოტივით. ეს ჰიპოთეტური ვერსია თავისთავად რთულად წარმოსადგენია, მაგრამ თავად კრემლის პროპაგანდისტები 2014-2022 წლებში უკრაინის გადანაწილების გეგმებს რომ ხატავდნენ დასავლეთ უკრაინის ნაწილს პოლონეთს ხოლო ზაკარპატიის ოლქს უნგრეთს აკუთვნებდნენ ხოლმე.
კიდევ ერთი არცთუ უმნიშვნელო ფაქტი – როდესაც 2022 წლის ომის დაწყების შემდგომ უკრაინაში მობილიზაცია გამოცხადდა უნგრული პოლიტიკური ჯგუფების ნაწილი უკმაყოფილონი იყვნენ ზაკარპატიის ოლქიდან ეთნიკურად უნგრელთა ჯარში გაწვევის გამო.
უნგრეთისაგან განსხვავებით პოლონეთს, მიუხედავად ძლიერი სამოქალაქო ნაციონალიზმისა და ისტორიული მახსოვრობისა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არასდროს დაუყენებია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ, რაზეც ვერ ვიტყვით უნგრეთზე, რომელშიც ისტორიული რუკები ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე არცთუ უმნიშვნელოდ მოქმედებს.
ეს იყო ძალიან მოკლედ ორბანის აღმოსავლური საგარეო პოლიტიკის შესახებ. უბრალოდ ჩემთვის გაუგებარია რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს ვინმეს საქართველოში მიბაძოს ორბანის საგარეო პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებით, რადგან თბილისსა და ბუდაპეშტს კარდინალურად განსხვავებული პოლიტიკური ინტერესები გვამოძრავებს და არც ისაა დასავიწყებელი, რომ ორბანის ხედვები დასავლურ დიდ პოლიტიკურ სივრცეში აბსოლუტურ უმცირესობას წარმოადგენს სინამდვილეში მთელი ევროპის სტაბილურობაზეც ნეგატიურად აისახება,”- წერს სოციალურ ქსელში გიორგი კობერიძე.

“ვინც ზელენსკის კლოუნს ეძახის, მან ნამდვილად არ იცის, რა დიდი უპირატესობა აქვს სიცილს”-ია ანთაძე

უკრაინელებს გაუმართლათ, რომ მათი პრეზიდენტი ამ რთულ დროს სიცილის სამყაროს პირმშოა – წერს სოციალურ ქსელში მედიაექსპერტი, ია ანთაძე.

„ვინც ზელენსკის კლოუნს ეძახის, მან ნამდვილად არ იცის, რა დიდი უპირატესობა აქვს სიცილს, სერიოზულობასთან შედარებით. სიცილი სერიოზულობისგან გათავისუფლების ინსტრუმენტია. სიცილი და სერიოზულობა ერთმანეთს უპირისპირდება, როგორც თანასწორობა და იერარქია, როგორც მოძრაობა და უძრაობა, როგორც მრავალფეროვანი სამყარო და მისი მხოლოდ ერთი, გაქვავებული რაკურსი…
დიახ, უკრაინელებს გაუმართლათ, რომ მათი პრეზიდენტი ამ რთულ დროს სიცილის სამყაროს პირმშოა. ეს მათი განვითარების თითქმის უეჭველი გარანტიაა. ამას ამბობს კაცობრიობის გამოცდილება“- წერს ანთაძე.

https://www.facebook.com/ia.antadze.9/posts/pfbid02EhfTb8BcLvQm5qNu6cZy7oYBSYZHe3ChaYfuvUzNG29CrQSpmo2ymDdWMBkK5u5Xl

სახალხო დამცველი ლაზარე გრიგორიადისის მამის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი 1-ელ ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, რა დროსაც კარვის გაშლის მცდელობის გამო, მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, მაშინაც კი, როდესაც, კარვის გამოყენებით, პროტესტს მხოლოდ ერთი ადამიანი გამოხატავს, იგი მაინც სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, რომელშიც ჩარევა რელევანტური და სათანადო დასაბუთების გარეშე, არაპროპორციულ ხასიათს ატარებს.

სახალხო დამცველის თქმით, კარვის განთავსება შეკრების თავისუფლების რეალიზაციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, არ მოახდინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 28 მაისის შემდეგ თვალს ადევნებს საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან ბექა გრიგორიადისის მიერ დაწყებულ უწყვეტ პროტესტს. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბექა გრიგორიადისი 2023 წლის 1-ელ ივნისს, აქციის მიმდინარეობისას, კარვის გაშლის დროს დააკავეს. მანამდე, სამართალდამცავები მას რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ უფლებას, ადგილზე, მშვიდობიანი პროტესტის მიზნით, კარავი განეთავსებინა. მრავალი წელია სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ კარვის განთავსება შეკრების თავისუფლების რეალიზაციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული პოზიციის სისწორეს ადასტურებს, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება. განსაკუთრებით პრობლემური და არაპროპორციულია ეს შეზღუდვა იმ დროს, როცა კარვის განთავსებით არ ხდება შენობის შესასვლელის ბლოკირება, ან ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც, კარვის გამოყენებით, პროტესტს მხოლოდ ერთი ადამიანი გამოხატავს, რაც არ ექცევა შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში, იგი მაინც სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, რომელშიც ჩარევა არაპროპორციულ ხასიათს ატარებს რელევანტური და სათანადო დასაბუთების გარეშე. ამავდროულად, 1-ელ ივნისს, მედიის საშუალებით გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ საკანონმდებლო ორგანოს წინ მშვიდობიანი შეკრების რამდენიმე მონაწილეს პოლიციელებმა საპროტესტო ბანერები წაართვეს, სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, რაც არ მოდის შესაბამისობაში სამართალდამცავთა ვალდებულებასთან, ხელი შეუწყონ უფლების სრულფასოვან განხორციელებას, მათ შორის, გამოხატვის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ მოახდინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

“უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ მოხდება უახლოეს მომავალში” – დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი

ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ მოხდება უახლოეს მომავალში, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა გამოცემა „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას უოლესმა მიუთითა კიევის ალიანსში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაზე. მისი თქმით, ნატო-მ ისევე, როგორც ევროკავშირმა, არ უნდა გაიმეოროს წარსულის შეცდომები უკრაინის მსგავსი ასპირანტი ქვეყნებისთვის გადაჭარბებული დაპირებების მიცემით.

„ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ ეს არ მოხდება ვილნიუსში, ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა უოლესმა.

ამასთან, უოლესმა განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანა მზად არის, უკრაინასთან გააფორმოს ორმხრივი ან მრავალმხრივი თავდაცვის შეთანხმებები და მიიღონ გრძელვადიანი გეგმები უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად. უოლესის თქმით, ამგვარი შეთანხმებები შესაძლოა, წარმატებული იყოს რუსეთის შეკავებაში, რადგან რუსეთის სახმელეთო ძალები მომავალი 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იქნება გამოფიტული.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს რეალური შესაძლებლობა, წელს ყირიმი დაიბრუნოს, რადგან რუსეთის ძალებს საჭირო აღჭურვილობა ეწურება.

ბენ უოლესი ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება. „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, უოლესის გარდა, აღნიშნულ თანამდებობაზე შესაძლო პრეტენდენტებად სახელდებიან ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

“ნაციონალური მოძრაობა” “ვივამედთან” აქციას გამართავს

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით “ნაციონალური მოძრაობა” აქციას გამართავს.

 

აქცია შაბათს, 14:00 საათზე, კლინიკა “ვივამედთან” გაიმართება.

 

ინფორმაცია პარტიის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

https://www.facebook.com/nacionalurimodzraoba/posts/801590804660096