Home Blog Page 1872

“პრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ბანკის საქმიანობას” – “ქართული ოცნება”

იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც – თებერვალი, 8 მარტი და სხვ. „თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“.

„რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით გავრცელდა განცხადება საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების შესახებ. კერძოდ, განვაცხადეთ, რომ ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უმაღლესი კონსტიტუციური ინსტიტუტების დაცვაზე, რის გამოც თავს ვიკავებთ და მომავალშიც თავს შევიკავებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პრობლემური განცხადებებისა და ქმედებების შეფასებისგან.

თუმცა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მმართველ პარტიას ეკისრება თანაბარი პასუხისმგებლობა როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ისე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვასა და მათი ჯეროვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, მივიღოთ სათანადო ზომები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის კონკრეტული ქმედებები სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას უქმნის საფრთხეს.

გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ქმედებების გამო, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, პრობლემა ექმნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანების ჯეროვან შესრულებას. ამავდროულად, დაბრკოლებები ექმნებოდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებასაც, რაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. კერძოდ, მოქმედი პრეზიდენტი უარს ამბობდა უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობებზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კონკრეტული პირების დანიშვნაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს მათი დანიშვნისას მხოლოდ სამართლებრივ დისკრეციას ანიჭებს. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ მას შემდეგ დანიშნა უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობებზე შესაბამისი კანდიდატები, რაც საქართველოს მთავრობამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა.

მოგვიანებით, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის პარლამენტისათვის დასამტკიცებლად ხელახლა წარდგენაზე, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსმა ისინი საუკეთესო კანდიდატებად გამოავლინა. უნდა აღინიშნოს, რომ ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით და ცესკოს შესაბამისი ორი წევრის მონაწილეობით, ცესკოს იმ დროისათვის უკვე ჩატარებული ჰქონდა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და რამდენიმე შუალედური არჩევნები, რომლებთან დაკავშირებითაც რაიმე მეტ-ნაკლებად არსებითი შენიშვნა ვერავინ გამოთქვა. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია შერჩევის სამართლიანობის პრინციპი და უარი თქვა სამი კანდიდატის წარდგენაზე მხოლოდ იმ საბაბით, რომ მათ მხარდაჭერაზე ოპოზიციის ნაწილი ამბობდა უარს. პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის საბოტაჟის ღია მხარდაჭერა, სახელმწიფოებრივი ინტერესების თვალსაზრისით, სრულიად გაუმართლებელი და მიუღებელია. საქართველოს პარლამენტი იძულებული გახდა გადაესინჯა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ნაკლოვანი, საბოტაჟის წამახალისებელი წესი, რათა ცესკოს სრულფასოვანი ფორმირება გამხდარიყო შესაძლებელი. აქვე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ აღნიშნული წესი 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებაში სწორედ ცესკოს საბოტაჟის წახალისების მიზნით, მიზანმიმართულად ჩაიდო.

ამჟამად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას. დღემდე, საქართველოს ეროვნულ ბანკში ვაკანტურია საბჭოს წევრის ორი პოზიცია, ხოლო 2 მარტიდან ვაკანტურია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაც. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული.

ამგვარი კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი. კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც – თებერვალი, 8 მარტი და სხვ. თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია.

ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა. პარლამენტმა შეთანხმება შეასრულა და ვეტო არ დაძლია, თუმცა, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა პირობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია. საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის ესოდენ უდიერი დამოკიდებულება მის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის.

იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას. ასეთ პირობებში, საქართველოს პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა იყო. ვეტოს დაძლევის პროცედურას საქართველოს პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში დაასრულებს.

მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში და იზრუნებს თითოეული კონსტიტუციური ორგანოს გამართულ ფუნქციონირებაზე. ეს არის მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ამომრჩევლის წინაშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ZEG – Tbilisi Storytelling Festival                                                                                                     

8 ივნისს, 18:00 საათზე სტარტს აიღებს ZEG Tbilisi Storytelling Festival-ი – რეგიონში პირველი, ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც Impact Hub Tbilisi-მა და Coda Story-მ 2019 წელს დააარსეს.

ცერემონიალის გახსნის პირველ, პანელურ დისკუსიაზე არაერთი ცნობილი ფილმის რეჟისორი და სცენარისტი, სატირიკოსი არმანდო იანუჩი, Ukrainska Pravda-ს მთავარი რედაქტორი სევგილ მუსაიევა და მონაცემთა ანალიტიკოსი კრისტოფერ ვაილი იმსჯელებენ თემაზე – რა ცვლის დღევანდელ სამყაროს და საით მიდის მსოფლიო“. პანელს მოდერაციას გაუწევს Coda Story-ს თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი ნატალია ანთელავა.

ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინონ ინტერვიუს ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთან გიორგი გიგაშვილთან, რომელსაც ჟურნალისტი და ასევე მუსიკოსი ნადია ბერდი გაუძღვება. გახსნის ღონისძიება გიორგი გიგაშვილის მუსიკალური შესრულებით დასრულდება.

ZEG Tbilisi Storytelling Festival-ი 10 ივნისამდე გაგრძელდება და მოიცავს პანელურ დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებას, ვორქშოპებს, ქალაქის ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს. ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ ამბის თხრობის/გადმოცემის როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს და მიიღონ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის.

ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაგვიზიარებენ. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები – ეს ის სფეროებია, რომელთა შესახებაც 3-დღიანი ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობს 60-მდე უცხოელი სპიკერი, მათ შორის არიან: არმანდო იანუჩი – სატირიკოსი, არაერთი ცნობილი ფილმის  რეჟისორი და სცენარისტი (მათ შორის – The Death of Stalin), მარია რესა – ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, ადამ ნოიჰაუსი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ტელეკომპანიის ESPN-ის განვითარების სტრატეგიის ხელმძღვანელი და დოკუმენტური სერიალის  30for30-ს კრეატიული დირექტორი, ფედონ პაპამიქაელი – ოსკარის ორგზის ნომინანტი კინოოპერატორი (მათ შორის – Ford V Ferrari, Indiana Jones), სევგილ მუსაიევა –  Ukrainska Pravda-ს მთავარი რედაქტორი, ოლივია არტური Magnum-ის დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, კლაუდია მილნიCBS News-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯო საბია – Vogue’s 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი, სარა ნატოჩენიPokémon-ის ხმა, და მრავალი სხვა წამყვანი პროფესიონალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გარდა ამისა, წელს ZEG-ის ფარგლებში ტარდება European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა მედიაინდუსტრიაში. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ეწვევა 150-მდე წამყვანი ჟურნალისტი, როგორც ევროპიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

დამატებითი ინფორმაცია: Webpage, LinkedIn, Twitter, Facebook, Instagram, Youtube.

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: რადიო თავისუფლება, თიბისი კონცეპტი, ამერიკის საელჩო საქართველოში, Visa, European Press Prize, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, Open Society Foundation, IREX, Setanta Sports, Creative Europe, M2, გერმანიის საელჩო საქართველოში, აპრილი, ონორე, აჭარა ჯგუფი, მარჯანიშვილის თეატრი, IPI, Blue Fox, Monkey Shoulder, Enkeny Films, NEMO, Voxeurop, ჟუჟუნა ღვინო, Old Boys Tbilisi, Windfor’s, LOOMBA, At.ge, Retain.

მისამართი: კონსტიტუციის 6/52 (შემოსასვლელი ნინოშვილის მხრიდან)

R

“თურქმენეთთან ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება მივანიჭეთ თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში” – ლევან დავითაშვილი

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო – ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრმა ბეგენჩ გოჩმოლაევმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის რიგით მეოთხე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ოქმს, რომელშიც მხარეებმა პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხები განსაზღვრეს. ეს ეხება ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის და სხვა პრიორიტეტულ სფეროებს.  

„განსაკუთრებული ყურადღება მივანიჭეთ თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში – საუბარია იმაზე, რომ მინერალური სასუქებისა და ნავთობპროდუქტების მოცულობა, რომელთა ტრანსპორტირება საქართველოში, შუა დერეფანში თურქმენეთიდან ხორციელდება, გაიზარდოს. ასევე დაისახა ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები. მიმდინარე წლის განმავლობაში სამუშაო ჯგუფები ორი ქვეყნიდან იმუშავებენ, რათა ეს შეთანხმებები კონკრეტულ შედეგებში აისახოს,” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კომისიის სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ.

კომისიის სხდომაზე ასევე გამოითქვა ინტერესი თანამშრომლობაზე ციფრული დერეფნის განვითარების, აგრეთვე ტურიზმის, ორმხრივი ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.  

სხდომაზე ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა თურქმენეთის დელეგაციის ხელმძღვანელი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში გაიმართება. მან იმედი გამოთქვა, რომ ფორუმზე თურქმენეთის დელეგაცია მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი.                        

   

დღეს ლომისობის დღესასწაული აღინიშნება

ლომისობის დღესასწაული სულთმოფენობის შემდგომ, პირველივე ოთხშაბათს აღინიშნება. მორწმუნეები არაგვისა და ქსნის ხეობაში იკრიბებიან. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს, მეორე კი – სოფელ მლეთაში. მომლოცველები ლომისობის დღესასწაულზე მთელი საქართველოდან იკრიბებიან.

ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმიდა გიორგია, რომელმაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაიხსნა და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრდა მლეთის მთაზე. მას უძველესი დროიდან ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას.

ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმიდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს ლოცვით სამგზის შემოუვლის.

მლოცველებს სწამთ, რომ ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის მქონეა. ისინი სალოცავს უმეტესად ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ სათხოვარი, რომლითაც ისინი ტაძარში მიდიან, აუსრულდებათ.

მსხვერპლშეწირვის ტრადიციას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს – ისინი ცხოველების მასობრივად ხოცვას აპროტესტებენ.

,,ჯერ დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით რამ გამოიწვია კახოვკის კაშხლის ნგრევა”- ჯონ კირბი

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯერ საბოლოოდ და დარწმუნებით არ შეუძლია თქმა, რამ გამოიწვია კახოვკის კაშხლის ნგრევა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.

მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლება უკრაინის მთავრობასთან თანამშრომლობით ცდილობს, დაადგინოს, რა მოხდა.

კითხვაზე, როგორ აისახება კაშხლის აფეთქება ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობაზე, კირბიმ უპასუხა, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია.

უკრაინა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განზრახ აფეთქებაში რუს სამხედროებს ადანაშაულებს, რომლებიც ობიექტს აკონტროლებდნენ. მოსკოვში ამბობენ, რომ კაშხალი უკრაინელების დივერსიის შედეგად აფეთქდა.

გაერო-ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის ინფორმაციით, უკრაინის ინიციატივით, კახოვკის კაშხლის აფეთქების საკითხზე უახლოეს საათებში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.

7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ იჩქარებთ, გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა, ყველაფერს დროულად მოასწრებთ და შედეგითაც საკმაოდ კმაყოფილი დარჩებით.

კურო

ელოდეთ სასიამოვნო სიახლეებსა და შეხვედრებს. არ დაგტოვებთ ბედნიერებისა და სიხარულის განცდა, რაც ძალიან კარგად აისახება თქვენს შრომისუნარიანობაზე.

ტყუპები

სახლში არსებული სირთულეები და უამრავი საქმე თქვენგან დიდ ენერგიას მოითხოვს. ელოდეთ, ახალ წარმატებულ გარიგებებსა და პროექტებს. ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

კირჩხიბი

ჩამოყალიბდით და გადაწყვიტეთ, რას ელოდებით თქვენი გეგმების განხორციელებით, ზედმეტად ნუ შფოთავთ და დიდ მნიშვნელობას ნუ ანიჭებთ სხვათა აზრს თქვენი პროექტის შეფასებისას.

ლომი

ყველაფერი ჩვეული რიტმით მიედინება, შესაძლოა, მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სამუშაოსთან დაკავშირებით. ელოდეთ საინტერესო ცვლილებებს.

ქალწული

ნუ ინერვიულებთ ფინანსებთან დაკავშირებით, თქვენ ყველაფერს დაძლევთ და საფრთხე არ გემუქრებათ. შესაძლოა, ცვლილებები განვითარდეს სამსახურთან დაკავშირებით.

სასწორი

მართალია, კმაყოფილი ხართ თქვენი შრომის შედეგებით, თუმცა, შესაძლოა იგრძნოთ, რომ მოგბეზრდათ არსებული ერთფეროვნება და გინდათ სიახლეები, ნუ ელოდებით სხვისგან ქმედებებს, თავად შეცვალეთ თქვენი ცხოვრება.

მორიელი

ახლა ყველაზე უპრიანი იქნება, მოამზადოთ ნიადაგი თქვენი სამომავლო ქმედებისთვის. დაასრულეთ, ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმეები და თუ საჭიროება მოითხოვს, დროულად შეიტანეთ მათში კორექტივები.

მშვილდოსანი

ახალი შესაძლებლობებისა და საქმიანი აქტიურობის დრო დადგა. გამოიყენეთ მეგობრებისა და ახლობლების რჩევები. დიდი ალბათობით, მოგიწევთ გარემოს შეცვლა.

თხის რქა

ნაყოფიერი დღეა, შესაძლოა, შემოთავაზება და დამატებითი სამუშაოც კი მიიღოთ. აქტიური პერიოდია, გაგახარებთ ფინანსური საკითხების სასიკეთოდ მოგვარება.

მერწყული

გააანალიზეთ თქვენი საქმიანობა და მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. შეეცადეთ, დამოუკიდებლად, თავად შეიმუშაოთ სამოქმედო სტრატეგია, კარგად გათვალეთ, რას მოგიტანთ ესა თუ ის მოლაპარაკება.

თევზები

სანამ რაიმე ახალ საქმეს წამოიწყებთ, სჯობს, დაასრულოთ ძველი პრობლემური საქმეები და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. შესაძლოა, ადრე დაშვებული შეცდომების გამო, დაბრკოლებებმა მნიშვნელოვნად შეგაფერხოთ.

როდის გამოიდარებს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 – 7 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +22, +27 გრადუსი იქნება.

მათივე ცნობით, 8-9 ივნისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და +31, + 33 გრადუსამდე დაცხება.
აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

ქ. თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +28 გრადუსი

რას ამბობს სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ლევან მარსაგიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

მისივე თქმით, დაკავებული რამდენიმე წლის წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა.

„ამ ადამიანს აქვს საკმაოდ მძიმე ფსიქიკური პრობლემები. რამდენიმე წლის წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იყო მოთავსებული დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში და გადიოდა მკურნალობას. ის ფსიქოტროპულ წამლებსაც იღებდა.. ამ ეტაპზე ბრალის აღიარება, არ აღიარებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ადვოკატის დაცვის ქვეშ მყოფმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე საკუთარ ავტომობილში თოკით გაგუდა, შემდეგ კი 27 წლის ქალის ცხედარი ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა და გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხევში გადააგდო. დაკავებულს 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

,,ეს არის ქვეყნის ტრაგედია”- ვოლსკი ოპოზიციაზე

ეს არის ქვეყნის ტრაგედია, როდესაც ნებისმიერი მიმართულებით რაიმე პოზიტიური ხდება და ამ დროს ადამიანების უშველებელი ჯგუფი ირაზმება, რათა ქვეყნის დისკრედიტაცია მოახდინონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-პიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„როდესაც ქვეყანაში საერთაშორისო, თუნდაც სპორტული ღონისძიება ტარდება, ევროპის ჩემპიონატი მაქვს მხედველობაში, რაიმე შენდება ან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გახსნილია ევროპული ფორმატების კარები, მაღალი დონის სტუმრები გვყავს, ვიზიტი იგეგმება გერმანიაში თუ სხვა რომელიმე ქვეყანაში, ეს არის უშველებელი ტრაგედიის წინაპირობა, რასაც რასაკვირველია, ბინძური პიარით უნდა უპასუხონ, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს ოლაფ შოლცმა გამოუცხადოს გარკვეული პრეტენზიები და საჩხუბრად დაიბაროს. ეს არის ქვეყნის ტრაგედია, როდესაც ნებისმიერი მიმართულებით რაიმე პოზიტიური ხდება და ამ დროს ადამიანების უშველებელი ჯგუფი ირაზმება, რათა ქვეყნის დისკრედიტაცია მოახდინონ. ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ახასიათებს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას. ამის შემქმნელები არიან კონკრეტული ადამიანები, რევოლუციური კომიტეტი, რომელიც ცდილობს, დესტაბილიზაციას გაუხსნას გზა. რასაკვირველია, შოლცთან პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნდა დაახასიათონ სწორედ ასე, სხვანაირად არ ძალუძთ, სხვა რაიმე ინტელექტუალური რესურსი პოლიტიკური პარტიისა არ გააჩნიათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

თბილისი, რიგით მერვე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობს

თბილის, რიგით მერვე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობს. მწერალთა სახლში 16 ქვეყნის 22 ავტორია შეკრებილი, მათ შორისაა ამერიკელი პოეტი ბობ ჰოლმანი.

ჰოლმანმა სახელი არა მხოლოდ ლექსების წერით, არამედ უძველესი ენების შესწავლითაც გაითქვა, საქართველოში მისი სტუმრობის ძირითადი მიზეზი სწორედ ქართული ენის სიყვარული და მისი შესწავლაა.

ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, უცხოელ მწერლებს თბილისის უძველესი უბნებიც დაათვალიერებინეს და ქალაქის ისტორია გააცნეს.

მწერალთა სახლში ქართველი და უცხოელი ავტორების ნაწარმოებების განხილვები და პრეზენტაციებიც მიმდინარეობს. თბილისის ფესტივალი ხვალ დასრულდება.

ვაზიანის აეროპორტის აშენების შემთხვევაში, თბილისიდან აეროპორტამდე გზა 16 კმ-ით დაგრძელდება

თბილისს ახალი საერთაშორისო აეროპორტი ექნება – ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმა, რომლის მიხედვითაც, ახალი საერთაშორისო აეროპორტი სავარაუდოდ, ვაზიანის აეროდრომის ბაზაზე აშენდება. ამჟამად ვაზიანის აეროპორტი თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია და მას სამხედრო დანიშნულება აქვს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე 3 ძირითადი აეროდრომი/ასაფრენი ზოლი მდებარეობს – ესენია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი; ვაზიანის სამხედრო აეროპორტი და თბილისის საავიაციო ქარხნის ასაფრენი ზოლი.

თბილისის აეროპორტსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ასაფრენ ბილიკებს შორის დაშორება 8 კილომეტრს შეადგენს (სწორი ხაზი). თუმცა, საავტომობილო გზა ამაზე ორჯერ მეტად დაგრძელდება. კახეთის გზატკეცილზე თბილისის აეროპორტის გადასახვევიდან ვაზიანის გადასახვევამდე მანძილი 8 კილომეტრს შეადგენს, ხოლო ვაზიანის გადასახვევიდან, სამხედრო აეროდრომამდე მანძილი 8.5 კილომეტრია. შესაბამისად, მთლიანობაში აეროპორტამდე მისვლა 16,5 კილომეტრით დაგრძელდება. ამ მანძილის გავლა ავტომობილით Google-ის შეფასებით, 24 წუთში არის შესაძლებელი.

პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მაიკლ როთს შეხვდა. ინფორმაციას ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.

“შეხვედრა მქონდა მაიკლ როთთან. განვიხილეთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი და ამ გზაზე გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა”, – წერს ზურაბიშვილი.