Home Blog Page 1870

ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე თოკის გამოყენებით დაახრჩო. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 6 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“საქართველოს თავადაც შეაქვს წვლილი ევროპულ უსაფრთხოებაში” – შალვა პაპუაშვილი

საქართველო არა მხოლოდ იღებს ევროპული უსაფრთხოების და ეკონომიკურ სარგებელს, არამედ თავადაც შეაქვს წვლილი ევროპულ უსაფრთხოებაში, მათ შორის, აფრიკაში ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მისიების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ნატოს ავღანეთის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე გაგზავნილი სამხედრო პერსონალის მიხედვით ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

„უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, ევროპისთვის ენერგიის მიწოდების დივერსიფიკაცია მწვავე პრობლემად იქცა. ამჟამად, საქართველო ე.წ. „შუა დერეფნის“ კრიტიკული და განუყოფელი ნაწილია, რაც შესაძლოა გახდეს ევროპაში ენერგიის ალტერნატიული მიწოდების ყველაზე უსაფრთხო და მოკლე მარშრუტი. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის პროექტი, რომელიც ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის მწვანე განახლებადი ენერგიის ტრანზიტის შესაძლებლობებს ქმნის, ენერგო რესურსების დივერსიფიკაციის ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე ახალი პროექტია.

მზად ვართ, გავაგრძელოთ ევროკავშირთან მუშაობა შავ ზღვაში დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად, რათა გაიხსნას ენერგიის მიწოდების, ტვირთების გადაზიდვისა და ციფრული კავშირების ალტერნატიული მარშრუტები, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდასა და ევროპის მედეგობას.

ამ წლების განმავლობაში, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთის საპასუხო რეაქციის რეალური და არსებული საფრთხის მიუხედავად, გამხდარიყო ნატოსა და ევროკავშირის წევრი. იმის მიუხედავად, რომ საქართველო გახდა სრულად თავსებადი ნატოსთან, ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო სტანდარტებზე მეტად განავითარა დემოკრატიული ინსტიტუტები და კონსტიტუციაში განამტკიცა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსში საქართველოს მიღების მზაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ქვეყანა ამ დრომდე მხოლოდ მოლოდინშია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინტეგრაციის პროცესში გვქონდეს ხელშესახები პროგრესი პოლიტიკური კუთხით. ჩვენ გვესმის, რომ ამ საკითხზე რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება უკრაინაში ომის დასრულებასა და უკრაინის გამარჯვებამდე. თუმცა, აუცილებელია დისკუსიის დაწყება ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესაძლო მონახაზებზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„1941 წელს, საბჭოთა შინსახკომმა იოსებ სტალინის ბრძანებით დნეპროჰესის კაშხალი ააფეთქა…“ – Die Welt

უკრაინაში მდინარე დნეპრზე არსებული ნოვაია კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით დასავლურ და განსაკუთრებით გერმანულ პრესაში ბევრი სტატია იბეჭდება.

გაზეთი „ველტი“ (Die Welt) აქვეყნებს სტატიას სათაურით „1941 წელს, როცა საბჭოთა შინსახკომმა იოსებ სტალინის ბრძანებით დნეპროჰესის კაშხალი ააფეთქა…“ (ავტორი – იოჰან ალტხაუსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მდინარეებზე შექმნილი კაშხლები ადამიანის შემოქმედების ერთ-ერთ თვალსაჩინო პროდუქტად ითვლება, ბუნების გარდაქმნის მიზნით, ამიტომ ასეთი ნაგებობების დანგრევა ძალიან საშიშია – მათი დარღვევით გამოწვეული ზიანი ძალიან დიდია და მხოლოდ ბირთვული ობიექტები თუ შეედრებიან. ჯერ კიდევ 2022 წლის შემოდგომიდან სამხედრო ექსპერტები გამაფრთხილებლად აცხადებდნენ, რომ რუსეთის არმიას მდინარე დნეპრზე არსებული კახოვკის ჰესის კაშხლის (აშენდა 1950-55 წლებში) აფეთქება შეუძლიაო და როგორც ჩანს, 6 ივნისის ღამეს სწორედ ეს მოხდა.
მსგავსი აფეთქების ისტორიული პრეცედენტი უკვე არსებობს – ნოვაია კახოვკასგან ჩრდილოეთით მდებარე დნეპროჰესის კაშხლის დანგრევა მეორე მსოფლიო ომის დროს.

უკრაინის სსრ-ის ქალაქ ზაპოროჟიესთან ახლოს დნეპროჰესის მშენებლობა, რომელიც საბჭოთა სტალინური ინდუსტრიალიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს წარმოადგენდა, 1927 წელს დაიწყო. მას სამი ძირითადი მიზანი ჰქონდა: მდინარე დნეპრი სანაოსნო გამხდარიყო, დნეპრის წყლით სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მორწყულიყო და გამომუშავებულიყო ელექტროენერგია. მშენებლობა, რომელიც აშშ-ის დახმარებით მიმდინარეობდა, 1932 წელს დასრულდა: იმ დროისთვის დნეპროჰესი ევროპის უდიდეს ელექტროსადგურად ითვლებოდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, კერძოდ 1941 წელს, როცა გერმანიის არმიამ (ვერმახტმა) საბჭოთა წითელი არმია შეავიწროვა, ბოლშევიკმა დიქტატორმა იოსებ სტალინმა შინსახკომს („ენკავედეს“) უბრძანა, რომ გერმანული ჯარების წინსვლის შესაჩერებლად დნეპროჰესის კაშხალი აეფეთქებინა, რაც 1941 წლის 18 აგვისტოს, საღამოს 20 საათსა და 15 წუთზე განხორციელდა. კაშხალი 20 ტონა დინამიტით ააფეთქეს, წარმოქმნილ 21 მეტრი სიმაღლისა და 175 მეტრი სიგრძის მქონე ნარღვევში დნეპრის წყალმა იხუვლა და რაც კი ქვემო დინების ტერიტორიაზე იყო, ყველაფერი განადგურდა – ქარხნები, სამდინარო ნავსადგურები და რაც მთავარია, ქალაქები და სოფლები.

შინსახკომს კაშხლის აფეთქების შესახებ არც მოსახლეობა არ გაუფრთხილებია და არც იქ მყოფი წითელი არმიის ქვედანაყოფების მეთაურები.

მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა დღემდე დაუდგენელია – არსებობს მონაცემები, რომ დაიღუპა 80 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა და წითელი არმიის ჯარისკაცები. რაც შეეხება გერმანიის არმიას, ვერმახტი არ დაზარალებულა – აფეთქებიდან 8 დღის შემდეგ ვერმახტმა დნეპრის მარჯვენა ნაპირი დაიკავა და ყირიმისა და აზოვის ზღვისაკენ გაიჭრა.

1941 წლის 4 ოქტომბერს გერმანელი სპეციალისტებმა დაზიანებული კაშხლის რემონტი დაიწყეს, 1942 წელს კი დნეპროჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება ისევ დაიწყო, თუმცა შედარებით ნაკლები მოცულობით.

როცა ვერმახტი იძულებული გახდა 1943 წლის ოქტომბერში უკან დაეხია, კაშხალი ახლა უკვე გერმანელებმა ააფეთქეს, ძირითადად საარტილერიო ჭურვებით და ავიადაბომბვებით. მოხდა ისევ წყალდიდობა, მაგრამ ზარალი უცნობია. 1944 წელს საბჭოთა ინჟინრებმა, ამერიკული General Electric-ის დახმარებით, დნეპროჰესის რეკონსტრუქცია განახორციელეს, 1950 წელს, როცა უკვე სტალინურ საბჭოთა კავშირსა და თავისუფალ დემოკრატიულ დასავლეთს შორის ცივი ომი დაწყებული იყო, დნეპროჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება ისევ დაიწყო.

წყარო

უკრაინამ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა დაიწყო – CNN

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, უკრაინამ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა დაიწყო. ამერიკულ მედიას ინფორმაცია ნატოსა და ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის დაზვერვის ანონიმურმა წყაროებმა მიაწოდეს.

CNN ასევე წერს, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს უკრაინის არმიის გეგმებს. სამხედრო დანაყოფებს გაუჭირდებათ იერიშების განხორციელებისას მდინარე დნეპრის გადალახვა, ასევე კატასტროფის გამო უკრაინის ძალების ნაწილი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთო.

“ყველანაირი სპეკულაციები ამ თემაზე, უკვე გვარიანად მოყირჭებული სულელური ნარატივით, არის ჩვეულებრივი სიბრიყვე” – ზაალ ანჯაფარიძე

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივება არის აღებული საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილი და ამიტომაც ყველანაირი სპეკულაციები ამ თემაზე, უკვე გვარიანად მოყირჭებული სულელური ნარატივით, არის ჩვეულებრივი სიბრიყვე, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განმარტებით, თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივების ინიციატივა, ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს საერთაშორისო სტანდარტებთან.

„საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივება არის აღებული საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილი და ამიტომაც ყველანაირი სპეკულაციები ამ თემაზე, უკვე გვარიანად მოყირჭებული სულელური ნარატივით, არის ჩვეულებრივი სიბრიყვე.

ისე, ბრიყვი ყოველთვის ნებას არ უნდა მიუშვა. რომ მივუშვით, ვნახეთ რაც დაგვმართეს
P.S. UNHCR მიესალმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობის არმქონე პირთათვის ბინადრობის ცენზის 5 წლამდე შემცირებას.

ეს ერთ-ერთია 2019 წელს საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებათაგან, რაც საქართველოს პრაქტიკას კიდევ უფრო დააახლოებს საერთაშორისო სტანდარტებთან და სრულ შესაბამისობაშია 1954 წლის კონვენციასთან მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ.“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

“თუ ვინმე ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ გარეშე, მასთან კოორდინაციის გარეშე შეცვლის „ქართულ ოცნებას“, ეს არის ილუზია”-პაატა მანჯგალაძე

თუ ვინმე ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ გარეშე, მასთან კოორდინაციის გარეშე შეცვლის „ქართულ ოცნებას“, ეს არის ილუზია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„სჯობს, ყველამ გაასწოროს ფოკუსი: თუ ვინმე ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ გარეშე, მასთან კოორდინაციის გარეშე შეცვლის „ქართულ ოცნებას“, ეს არის ილუზია. სამეულს, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ ელენე ხოშტარიასთან და ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან ერთად, არცერთი კვლევით ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს“, – აცხადებს მანჯგალაძე.

„ლელომ“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნა გადაწყვიტა და ალტერნატიული გაერთიანების შექმნას აანონსებს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები ისეთი გაერთიანების შექმნაა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.

მანამდე კი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

„საქართველო – აშშ-ის ბურჯიდან ნეიტრალიტეტისაკენ“ – რას წერს უცხოური პრესა

თურქულ გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ (Cumhuriyet) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შენიშვნები ჩრდილოეთიდან: „საქართველო – აშშ-ის ბურჯიდან ნეიტრალიტეტისაკენ“ (ავტორი – დენიზ ბერქტაი), რომელშიც, რუსეთისა და უკრაინის ომის ფონზე, განხილულია საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მნიშვნელოვანია არამარტო ბრძოლის ველზე მომხდარი მოვლენები, არამედ მესამე ქვეყნების პოზიციაც.

ვაშინგტონის პროგნოზი, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრიდან სულ რაღაც ნახევარ წელიწადში იქნებოდა სანქციებით „მოხრჩობილი“, არ გამართლდა. ამის უმნიშვნელოვანესი მიზეზი ისაა, რომ დასავლეთმა ვერ შეძლო რუსეთის იზოლირება დანარჩენი მსოფლიოსაგან.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ერთი მხრივ, მართლაც მოახერხა და დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ გააერთიანა. ნატოში ფინეთის გაწევრიანება, ახლა კიდევ შვედეთის მიღება ალიანსში ისეთი მოვლენებია, რაც კრემლის ლიდერს ნამდვილად არ სურდა და რომლებსაც ვლადიმერ პუტინი გაურბოდა. თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთს მხარდაჭერა აღმოუჩინეს BRICS-ის წევრმა ქვეყნებმა – ბრაზილიამ, ირანმა, ინდოეთმა, ჩინეთმა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ, ასევე რიგმა სახელმწიფოებმა, რაც წინასწარ პროგნოზირებული არ იყო. ერთ-ერთ ასეთ სახელმწიფოს საქართველო წარმოადგენს, რომელიც, აშშ-ისა და ევროკავშირის დაჯინებული მოთხოვნის მიუხედავად, დასავლეთის მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებს არ შეუერთდა.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ

არადა, ოდესღაც საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ის ადმინისტრაციის ბურჯს და ჯორჯ სოროსის „სიამაყის განსახიერებას“ წარმოადგენდა, რომელიც მხარს უჭერდა ე.წ. „ფერად რევოლუციებს“ ყოფილ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილ ახალ სახელმწიფოებში. საქართველოს პერსპექტივა, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა აქვს როგორც აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის, ასევე ცენტრალური აზიის ენერგორესურსების ევროპაში გასატანად რუსეთის გვერდის ავლით, ყოველთვის შედიოდა აშშ-ის ინტერესებში. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელიც 2003 წელს ჯორჯ სოროსმა დააფინანსა, საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. ახალმა ხელისუფლებამ ჯორჯ სოროსის ფონდის „ღია საზოგადოების“ ქართული ფილიალის ხელმძღვანელი ქვეყნის განათლების მინისტრად დანიშნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ ეროვნული განათლების დარგი ხელში ჯორჯ სოროსს ჩაუგდო, ანუ ამით მილიარდერს ვალი გადაუხადა.

რევოლუციის შემდეგ საქართველოში, აშშ-ის მითითებით, სწრაფი რეფორმების პროცესი დაიწყო და გადაიქცა ისეთ ქვეყნად, რომელსაც ვაშინგტონი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის ნიმუშად, სამაგალითოდ მიიჩნევდა. უკრაინაში 2004 – 2005 წლებში მომხდარი „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ, [როცა ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობის დროინდელი პროდასავლური უკრაინა 2014 წელს ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთისაკენ გადაიხარა], აშშ-ის მითითებით, კიევში გაიგზავნა ქართველი სპეციალისტები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს „ევრომაიდნის რევოლუციის“ მოხდენას და უკრაინის დასავლურ ტრანსფორმაციას.

იზრდება შიდა დაძაბულობა

მაგრამ 2013 წლის შემდეგ საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებს თანდათან დაშორდა. თბილისი არ შეუერთდა მოსკოვის წინააღმდეგ გამოცხადებულ სანქციებს და დაეთანხმა რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების შესახებ. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მოსკოვსა და კიევს შორის მიმდინარე კონფლიქტის ერთ-ერთ მიზეზს უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილი წარმოადგენს, რაც ძალიან მოგვაგონებს რუსულ რიტორიკას.

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ რადგანაც საქართველო ევროკავშირის წევრი ჯერ არ არის, ამიტომ ქვეყანა ევროკავშირის მიერ დადგენილ ანტირუსულ სანქციებს ვერ შეუერთდება.

ქართული ოპოზიცია ეწინააღმდეგება ქვეყნის მთავრობის ასეთ პოლიტიკას, ატარებს საპროტესტო აქციებს, მაგრამ მათ მიერ ორგანიზებულმა მიტინგებმა და დემონსტრაციებმა ფართო მასების მხარდაჭერა ვერ მიიღო. თუმცა, რასაკვირველია, ძნელი არ არის იმის პროგნოზირება, რომ დასავლეთი არ შეურიგდება თბილისის ასეთ [პრორუსულ] პოზიციას და ამიტომ, შემოდგომის მოახლოების კვალობაზე, საქართველოში შიდა დაძაბულობის ზრდას უნდა ველოდოთ.

წყარო

სმენადაქვეითებული გოგონების სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სმენადაქვეითებული არასრულწლოვანი გოგონების სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, მუქარის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. მათივე ინფორმაციით, გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე წლის 6 ივნისს თბილისის, აჭარისა და იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება განხორციელებული მომართვების საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო.

თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არაერთი პირი, ასევე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს არსებული საქმის მასალების შესწავლა.

რაც შეეხება, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში მუქარის ფაქტზე – სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარე გამოძიებას, დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების გამო 1985 წელს დაბადებული ე.მ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ.მ.-ს. ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მყისიერად ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი რელევანტური პირები. გამოძიების პირველად ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მუქარის ბრალდებით დაკავებული იქნა ე.მ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარემოებების ყოველმხრივი შესწავლის მიმართულებით”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ხვალ ბრიუსელში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს რა გააკეთა და რას აკეთებს 12- პუნქტიანი ვალდებულების შესასრულებლად”

ხვალ ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს, რა გააკეთა და რას აკეთებს 12- პუნქტიანი ვალდებულების შესასრულებლად,- ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ამასთან, როგორც წითლიძე აცხადებს, როგორი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს ქვეყანას, კანდიდატის სტატუსის მიღებას ქართველი ხალხი და ქვეყანა იმსახურებს.

„ხვალ ბრიუსელში, ევროპარლამენტში, საქართველო – ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა არის.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს რა გააკეთა და რას აკეთებს 12- პუნქტიანი ვალდებულების შესასრულებლად.

ჩემი სათქმელი, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის, არის იგივე, რაც არაერთხელ გაგვიჟღერებია – როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს ჩემს ქვეყანას, ჩემი ხალხი და ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

პოლიტიკური პატიმრები უნდა იყვნენ თავისუფლები. პერსონალური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ოლიგარქს და „ქართული ოცნების“ ლიდერებს.

თავისუფალი საარჩევნო გარემო არის ის, რაშიც გვჭირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების დახმარება.

საქართველოს მოქალაქეები დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს რუსული ხელისუფლებისგან!

ჩვენ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს!“- განაცხადა ანა წითლიძემ.

“კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ითვალისწინებდა ეროვნულ ბანკში მეოთხე ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დამატებას”

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ პარლამენტში დაძლიოს ვეტო, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით. ეს ითვალისწინებდა ეროვნულ ბანკში დამატებითი, მეოთხე ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას. ეს ფაქტობრივად, იმიტომ კეთდებოდა, რომ საბოლოოდ ჩაბეტონებულიყო ფინანსურ სისტემაში ისეთივე კლანი, როგორიც არის ახლა სასამართლო სისტემაში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომლის თანახმად, „სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას.“

„ერთი კვირაც არ გასულა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ისინი წყვეტენ სალომე ზურაბიშვილის თავდასხმას, მის კრიტიკას და ფაქტობრივად პრეზიდენტობის ბოლო ვადამდე აცხადებდნენ მორატორიუმს. სინამდვილეში, მათ ეშინოდათ, რომ ევროპარლამენტში გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილიყო ისეთივე კრიტიკული, როგორიც აქ, 26 მაისს იყო და ასევე ეშინოდათ, რომ არ შეეწყალებინა ნიკა გვარამია.

როგორც კი ეს პროცესი მორჩა, მათი თვალთმაქცობა გამოჩნდა რამდენიმე დღეში და აგერ, მორიგი თავდასხმა სალომე ზურაბიშვილზე და კვლავ მათი ცნობილი ლანძღვა და აუგად მოხსენიება“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, კანონის მთავარი მიზანი არის, რომ ეროვნულ ბანკში ჩამოყალიბდეს ისეთივე კლასი, როგორიც არის სასამართლო სისტემაში.

„მთავარი მიზანი არის, რომ ეროვნულ ბანკში ჩამოყალიბდეს ისეთივე კლასი, როგორიც არის სასამართლო სისტემაში. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ პარლამენტში დაიძლიოს ვეტო, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა ეროვნული ბანკის კანონთან დაკავშირებით. ეს ითვალისწინებდა ეროვნულ ბანკში დამატებითი მეოთხე ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას. ფაქტობრივად, იმიტომ კეთდებოდა ეს, რომ საბოლოოდ ჩაბეტონებულიყო ფინანსურ სისტემაში ისეთივე კლანი, როგორიც არის ახლა სასამართლო სისტემაში. მათ უნდოდათ შეევსოთ ეროვნული ბანკის საბჭო მხოლოდ იმ ადამიანებით, რომლებიც გამოცდილი იყო უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობით და რომლებიც იყო დაკავშირებული „ქართული ოცნების“ მმართველობასთან, ფაქტობრივად, ექნებოდა გაცილებით მეტი პოლიტიკური გავლენა ეროვნულ ბანკზე, ვიდრე მათ ჰქონდათ დღემდე. თუმცა დღემდე ეროვნული ბანკი, რომ თავისუფალი არ არის ესეც ნათელია.

ვეტო დაედო იმის გამო, რომ ფაქტობრივად, უქმდებოდა ეროვნული ბანკის საბჭოს როლი, ვინაიდან ეროვნული ბანკის საბჭოს ცხრა წევრიდან თუ იქნებოდა ხუთი აღმასრულებელი წევრი ანუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პლუს ოთხი ვიცე პრეზიდენტი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი კარგავდა ფუნქციებს, ვინაიდან ოთხ არააღმასრულებელ წევრს არავითარი გავლენა არ ექნებოდა რაიმე გადაწყვეტილების მიღებაში. მეორეც, შემოდის ახალი პოსტი ვიცე-პრეზიდენტისა, ეს იმის გამო კეთდებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უარი უთხრა ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის წარდგენაზე და მათ უნდოდათ, რომ ვიდრე სალომე ზურაბიშვილს დაიყოლიებდნენ, ან ვიდრე სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა პრეზიდენტი, დეკემბრამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის როლს ასრულებს არჩილ მესტვირიშვილი, ამის შემდეგ, ერთ-ერთი მათთვის სასურველი საბჭოს წევრი გამხდარიყო ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც შემდგომ ადგილს შეუნახავდა ლაშა ხუციშვილს. ანუ, ან რაღაცნაირად მოარჯულებდნენ სალომე ზურაბიშვილს ან ბოლოს და ბოლოს იქნებოდა მოვალეობის შემსრულებელი, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი პოსტს არ დატოვებამდე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ამავე დროს, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ორი კანდიდატი, რომელიც კონსტიტუციით უნდა წარადგინოს სალომე ზურაბიშვილმა ამ პარლამენტში, ფაქტობრივად, იქნება დაწუნებული „ქართული ოცნების“ მიერ.

„ვინც არ უნდა წარადგინოს სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნება“ მას არ დაამტკიცებს, დაამტკიცებს მხოლოდ იმას, ვინც აწყობს მმართველ კლანს. რა თქმა უნდა, მას აქვს საერთაშორისო დატვირთვაც და ძალიან უარყოფითი, ვინაიდან ეროვნული ბანკის საბჭოს ფუნქციების შეცვლა, მმართველი ფუნქციების შეცვლა, გააკრიტიკა სავალუტო ფონდმა, სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი კი, ისეთი ორგანიზაციები არიან, რომლებიც განსაზღვრავენ ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს და ლარის სტაბილურობა წლების განმავლობაში მათზე იყო დამოკიდებული“, – განაცხადა გოცირიძემ.

ოკუპანტებმა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

„ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება – იხილეთ ინსტრუქცია

2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 8 ივნისს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა, სკოლებში რეგისტრაციას IV ეტაპზე – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით, დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე გაივლიან.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები:

• მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

• მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.