Home Blog Page 1841

“ნაცმოძრაობის” პოტენციალი ნულს ქვემოთ არის – რატი იონათამიშვილი

„ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები კარგად წარმოაჩენს ამ პარტიის რესურსსაც და პოტენციალსაც, რომელიც ნულს ქვემოთ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, ამ საკითხზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უხერხულია.

„ნაცმოძრაობაზე“ სერიოზული კომენტარების გაკეთება უკვე უხერხულია, იმდენად არასერიოზული ორგანიზაცია გახდა ეს პოლიტიკური პარტია. ამავდროულად, ეს ძალიან კარგად წარმოაჩენს ამ პარტიის რესურსსაც და პოტენციალსაც, რომელიც ნულს ქვემოთ არის. ეს ყველაფერი კონკრეტულ რიცხვებში უკვე 2024 წლის არჩევნებში გამოიხატება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

29 ნოემბერს „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს გაიზიარებს, საბჭოს შემადგენლობას დაემატება.

ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღო არაფორმალური ხასიათის შეხვედრაში, სადაც განხილვის თემა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე ეუთო-ს ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხი იყო.

ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპელ კოლეგებთან და ეუთო-ს წარმომადგენლებთან.

ჩვენ ვითხოვთ ლევან ხაბეიშვილის გადადგომას- დავით ლაგვილავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით ლაგვილავა აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დაკავებული თანამდებობისთვის შეუფერებელია და უნდა გადადგეს.

„ჩვენ ვითხოვთ ლევან ხაბეიშვილის გადადგომას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ის არის შეუფერებელი დაკავებული თანამდებობისთვის. ბოლო 10 თვის განმავლობაში მან და ახალმა მენეჯმენტმა გადადგეს მთელი რიგი არასწორი ნაბიჯები, რომლებიც ხლეჩს და ანგრევს პარტიის სტრუქტურას“, – აღნიშნა ლაგვილავამ.

29 ნოემბერს „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს გაიზიარებს, საბჭოს შემადგენლობას დაემატება.

“ჩვენი მთავრობა აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობაზე” – პრემიერი

ჩვენი მთავრობა აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობაზე, ღირებულებების გლობალურ ჯაჭვში ქვეყნის ინტეგრირებაზე, ბიზნესის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნებასა და ქვეყნის სატრანზიტო და განახლებადი ენერგიის პოტენციალის ეფექტურ გამოყენებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„იმ პირობებში, როდესაც შუა დერეფნის მნიშვნელობა იზრდება, როგორც სტაბილური მარშრუტების ალტერნატივა, მზად ვართ განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები. ხელი შევუწყოთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას. მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი, შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი. ვაღიარებთ, რომ მრავალი ბარიერი კვლავაც აფერხებს საქონლის, სატრანზიტო საშუალებების და ფიზიკური პირების სწრაფ მოძრაობას ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ქვეყნებს შორის. შუა დერეფნის უხარვეზო ფუნქციონირება მოითხოვს ერთობლივი გამშვები პუნქტების, ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მეზობელ ქვეყნებს საშუალებას მისცემს ერთი ფანჯრის პრინციპით სინქრონულად გაატარონ ტვირთები, ეს მიდგომა საქონლის ტრანსპორტირების ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას, ხოლო უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას ისახავს მიზნად. მჯერა, რომ რეგიონში საქართველოს უნიკალური როლის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთო რეგიონულ კეთილდღეობას. ჩვენი მთავრობა აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობაზე, ღირებულებების გლობალურ ჯაჭვში ქვეყნის ინტეგრირებაზე, ბიზნესის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნებასა და ქვეყნის სატრანზიტო და განახლებადი ენერგიის პოტენციალის ეფექტურ გამოყენებაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.

თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალი, რომელსაც წელს საქართველო მასპინძლობს. მინისტერიალს ესწრებიან: ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა, ასევე CAREC-ის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები.

თიბისი კაპიტალი კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვას უკვე ქართულადაც აქვეყნებს

თიბისი კაპიტალი კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვას, ინგლისურთან ერთად, ახლა უკვე ქართულადაც აქვეყნებს.

 მიმოხილვა არსებული და პოტენციური ინვესტორებისათვის, კაპიტალის ბაზრების მონიტორინგის გამარტივების მიზნით შეიქმნა და საერთაშორისო აქციების ბაზრების, ინდექსებისა და ინდივიდუალური კორპორაციების ფუნდამენტურ და ტექნიკურ მიმოხილვას აერთიანებს.

მიმოხილვაში გაეცნობით ამერიკის უდიდეს საფონდო ბირჟებზე დალისტული კორპორაციების მდგომარეობას, საერთაშორისო მაკროეკონომიკურ მიმოხილვას და ბაზრის სექტორულ ანალიზს, ასევე მიმდინარე პერიოდში 4 აქტუალურ საინვესტიციო თემას.

კაპიტალის ბაზრების სექტორული მიმოხილვის ფარგლებში, თიბისი კაპიტალი საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და სხვა სექტორების დეტალურ, ყოველკვირეულად ანალიზს გთავაზობთ.

 კაპიტალის ბაზრების უახლეს მიმოხილვას ქართულ ენაზე გაეცანით ბმულზე.

 

R

ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყოფილი ცოლისა და მისი მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ხ. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„დანაშაულები 16 – დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, ყოფილ მეუღლეს – 1988 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ი.ჯ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.დ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ი.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება-Washington Post

უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.

გამოცემის ცნობით, თანხის უდიდესი ნაწილი იხარჯება ახალი შეიარაღების წარმოებისთვის, ან ამერიკული მარაგებიდან უკრაინაში გაგზავნილი შეიარაღების ჩასანაცვლებლად.

კერძოდ, უკრაინისთვის შეიარაღების წარმოება მიმდინარეობს 117 საწარმოო ხაზზე, 31 შტატის 71 ქალაქში.

ამასთანავე, გამოცემა აღნიშნავს, რომ 31 კონგრესმენი, რომელთა შტატებიც ან ოლქებიც ამ თანხებს იღებენ, უკრაინისთვის დახმარების შეზღუდვას ან შეწყვეტას უჭერს მხარს.

„მაშინ როდესაც რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთმანეთს ელექტორატის ხმებისთვის და აშშ-ის საწარმოო ბაზის გაძლიერებაზე საუბრობენ ებრძვიან, უკრაინისთვის დახმარების გამოყოფით სწორედ ეს კეთდება – ქარხნებში მიდის ფინანსური ნაკადები, რასაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს ამერიკელებისთვის, იქმნება სამუშაო ადგილები და ა.შ.“ – აღნიშნულია სტატიაში.

„ჰამასი“ და ისრაელი ზავის კიდევ ერთი დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

„ჰამასი“ და ისრაელი ზავის კიდევ ერთი დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Al Jazeera ორივე მხარეს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

ისრაელის არმიაში ტელეკომპანიის წყარომ განაცხადა, რომ დროებითი ზავი გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო მეტი მძევალი გათავისუფლდეს.

შეთანხმებას ადასტურებს შუამავალი ქვეყანა კატარიც.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ზავი 24 ნოემბერს ამოქმედდა. გასული 6 დღის განმავლობაში ისრაელმა გატაცებული 70 ისრაელელი მძევალი, „ჰამასმა“ კი 210 პალესტინელი პატიმარი დაიბრუნა.

გარდა ამისა, „ჰამასმა“ გაათავისუფლა ტაილანდის 21, რუსეთის 3 და ფილიპინების 1 მოქალაქე.

“ნაცმოძრაობა” ფაქტობრივად დაშლის პირასაა, რაც საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ პოზიტიურია -გივი მიქანაძე

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ ფაქტობრივად დაშლის პირასაა, რაც საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ პოზიტიურია.

„გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს გაფართოებასთან დაკავშირებით სხვა არაფერია თუ არა ის, რომ წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. 20 კაცს დაიმატებენ პოლიტსაბჭოში და შექმნიან უაზრო სტრუქტურას, თუ რა ნაბიჯს გადადგამენ, ფაქტია, რომ ეს პროცესი, რომელიც წლებია გრძელდება, მივიდა პიკურ მდგომარეობამდე. ეს პარტია ფაქტობრივად დაშლის პირასაა, რაც საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ პოზიტიურია“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

29 ნოემბერს „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს გაიზიარებს, საბჭოს შემადგენლობას დაემატება.

ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

გარდაცვალების ფაქტი კისინჯერის კონსალტინგურმა კომპანიამ დაადასტურა. კისინჯერი კონექტიკუტის შტატში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

1968 წელს კისინჯერი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის მრჩევლად დაინიშნა. ის მუშაობდა აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობის შემცირებაზე, რასაც 1972 წელს მოჰყვა ნიქსონის ისტორიული ვიზიტი ჩინეთში. მოგვიანებით კისინჯერი აწარმოებდა მოლაპარაკებებს სამხრეთ ვიეტნამიდან ამერიკული ჯარების გაყვანის საკითხზე, რისთვისაც მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში.

კისინჯერის დიპლომატიური საქმიანობის შედეგად შესაძლებელი გახდა 1973 წლის იომ-ქიფურის ომში ზავის მიღწევა.

1973-1977 წლებში ჯერ ნიქსონის, შემდეგ კი ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციაში ჰენრი კისინჯერი სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

30 ნოემბერს ქუთაისში +18 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +16 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშია თოვლია არაა მოსალოდნელი. დღისით +1 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ითოვებს, ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით თოვლი და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი. ახალციხეშიც ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +10, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი, სადაც დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღე და +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით +1, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +16 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.

,,აქედან ივანიშვილი და მისი „ოცნება“ ხრავს ქვეყანას და იქიდან დედა უტირა სააკაშვილმა ”- ალეკო ელისაშვილი

ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მიხეილ სააკაშვილს კისერში მოვკიდებდი ხელს და ან გლდანის ციხეში წავიყვანდი, ან რუსთავში. ციხეშია ჩასასმელი! ერთი წელია ბაირამობს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილს არაფერი სჭირს და ამიტომ ის ციხეში უნდა დაბრუნდეს.

„თაღლითი და მავნებელია მიხეილ სააკაშვილი. ახლა ხომ გამოჩნდა, რომ არანაირი დემენცია, კახექსია… რა უქნა ერთი წელი ქვეყანას. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მოვკიდებდი კისერში ხელს და წავიყვანდი, ან გლდანის ციხეში, ან რუსთავში. ციხეშია ჩასასმელი! ერთი წელია ბაირამობს. რა კახექსია და დემენცია. ვკვდები, ერთი კვირა დამრჩა… ეს კაცი არის მავნებელი!

ლევან იოსელიანი არაფერ შუაშია. ნინო ლომჯარიამ შექმნა კომისია და ერთი წელი „გვაბოლებდნენ“, რომ კვდებაო. სტრასბურგის გადაწყვეტილებაა, რომ არაფერი სჭირს მიხეილ სააკაშვილს. წამოწვა იქ ორ ოთახიანში და დედა უტირა ამ ქვეყანას. აქედან ბიძინა ივანიშვილი და მისი „ოცნება“ ხრავს ამ ქვეყანას და იქიდან დედა უტირა სააკაშვილმა! ერთი წელი აჯანჯღარა ეს ქვეყანა და მარტო თავის ჯანმრთელობაზე ალაპარაკა. საჩუქარი გაუკეთა „ქართულ ოცნებას“, ერთი წელი სხვა სალაპარაკო თემა არ ჰქონდა.