Home Blog Page 1839

ოპოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეროვნული ინტერესებით არ მოქმედებს -ოპოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეროვნული ინტერესებით არ მოქმედებს

ოპოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ მოქმედებენ, არ ფიქრობენ, გადაწყვეტილებებს არ იღებენ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მათი მთავარი განმსაზღვრელი არის სხვების აყოლა, არ ფიქრობენ საქართველოს ეროვნული ინტერესებზე, გამოდიან სხვა ქვეყნების ინტერესებიდან და კარნახიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

პაპუაშვილმა საზოგადოებას შეახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ 2010 წლის ეუთოს სამიტში ლავროვთან და ვლადიმერ პუტინთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.

„იმ პირობებში, როცა ომიდან გასული იყო ორი წელი, მონაწილეობდნენ ასტანის სამიტში, სადაც იყო არა მხოლოდ ლავროვი, არამედ ვლადიმერ პუტინიც. ახლა საუბარი, რომ ერთ დარბაზში ყოფნა ოკუპანტთან არ შეიძლება, არის აბსოლუტური ფარისევლობა, თუმცა მათთვის სახელმწიფოს ოკუპაცია არ დაწყებულა 2008-ში, არამედ 2022 წელს გაახსენდათ, რომ საქართველო არის ოკუპირებული. ყველას გვახსოვს, რა იყო მათი პოლიტიკა – ვიზების გაუქმება, საზღვარზე რუსი ტურისტების შეგებება, ის, რომ ერთადერთი ბერკეტი, რომელიც საქართველოს ჰქონდა რუსეთთან მიმართებით, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობა, ესეც დათმეს. „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით, ყოველთვის მოქმედებდნენ სხვების კარნახით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განადგურება შეუძლიათ – რას წერს BBC-ის რუსული სამსახური

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულმა სამსახურმა (BBC russian) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განადგურება შეუძლიათ“, რომელშიც განხილულია უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ხელისუფლებას შორის არსებული დაპირისპირება, ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) 28 ნოემბერს დაბეჭდილი ახალი მასალის მიხედვით.

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

„რუსეთი მზადაა უკრაინაში არსებული პოლიტიკური განხეთქილებით ისარგებლოს“, – ასეთი სათაური აქვს „ეკონომისტის“ პუბლიკაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტსა და არმიის მთავარსარდალს შორის ჯერ კიდევ შარშან გაჩენილი დაპირისპირება კონტრშეტევის ჩიხში შესვლის ფონზე განსაკუთრებით გაღრმავდა.

„ეკონომისტის“ მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვალერი ზალუჟნის შორის არსებული ურთიერთობა, მათთან დაახლოებული პირების მიერ შეფასებულია როგორც „საშინელი“.

კამათი კონტრშეტევის შედეგებზე

პირველი ცნობები პრეზიდენტსა და გენერალს შორის გაჩენილი უთანხმოების თაობაზე ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში გავრცელდა, ხოლო ვალერი ზალუჟნის ამასწინანდელმა გულახდილმა ინტერვიუმ „ეკონომისტში“, როცა მან ომში შექმნილი ვითარება „პატურ სიტუაციად და „ჩიხში შესულად“ ჩათვალა, მათი კონფლიქტი ყველას დასანახავად, „დღის სინათლეზე“ გამოიტანა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ გააკეთა კომენტარი ვალერი ზალუჟნის ინტერვიუს შესახებ. პრეზიდენტმა (შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა) გენერალი (არმიის მთავარსარდალი) გააფრთხილა, რომ უმჯობესი იქნებოდა სამხედრო საქმეებისათვის მიეხედა და პოლიტიკაში არ ჩარეულიყო.

როგორც ერთ-ერთმა უკრაინელმა სამთავრობო მაღალჩინოსანმა „ეკონომისტის“ ჟურნალისტებს უთხრა, პრეზიდენტსა და გენერალს შორის გაჩენილი ღია კონფლიქტი, კაცმა რომ თქვას, პროგნოზირებადი შედეგია იმ ჩიხში შესული კონტრშეტევის გამო, რომელიც გეგმის მიხედვით არ განვითარდა. მაღალჩინოსნის თქმით, ვალერი ზალუჟნი, ალბათ, არასწორად მოიქცა, როცა ღიად შეეწინააღმდეგა პრეზიდენტის ოპტიმისტურ საჯარო პოზიციას, მაგრამ ისიც სინამდვილეა, რომ მთავრობაში მის დასკვნებს ეთანხმებიან.

ახლა საკითხი იმაშია, თუ ვის დააკისრებენ პასუხისმგებლობას ჩაშლილი კონტრშეტევის გამო. „პოლიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინელი გენერლები საბჭოთა ეპოქაში გაწრთვნილ გონებაჩლუნგ ოფიცრებს წარმოადგენენ. გენერლები კი ამბობენ, რომ პოლიტიკოსები იმ გონებაჩლუნგ არსებებს მიეკუთვნებიან, რომლებიც ყველგან ცხვირს ჰყოფენ და ეჩრებიან. ნათქვამია – „გამარჯვებას ყოველთვის ბევრი მამა ჰყავს“, ხოლო ჩიხში შესული სიტუაციის გამო პასუხისმგებლობას ყველა თავს არიდებს“.

საქმე „სამხრეთის ფრონტის თავდაცვის“ შესახებ

როგორც „ეკონომისტი“ წერს, ვალერი ჟალუზნის ეხება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკრაინის სამხრეთის დაცვის თაობაზეა აღძრული. როგორც ცნობილია, 2022 წლის თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა ხერსონის ოლქში სწრაფი და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

რუსებს უკრაინელი გადაბირებული სამხედროები ეხმარებოდნენ: როცა რუსეთის არმიამ საომარი მოქმედება დაიწყო, მათ ხიდები არ ააფეთქეს, თავდაცვის გეგმები და ინსტრუქციები დაარღვიეს და საერთოდ, უკრაინის არმია ცუდად იყო მომზადებული.

ზოგიერთი ცნობის თანახმად, ვალერი ზალუჟნი სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სახით ფიგურირებს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ „ეს ყველაფერი უფრო რაღაც სერიოზულში გადაიზარდოს“ (ანუ მოწმიდან ბრალდებულად გადაიქცეს). ეს ნიშნავს, რომ  ბრალდების წაყენების რისკის გამო ვალერი ზალუჟნი კონტროლის ქვეშ იქნება. თავის მხრივ, გენერლის უცხოურ პრესაში გამოსვლა შეიძლება თავის დაზღვევის მცდელობად ჩაითვალოს.

ვინ ვის? რეიტინგების შედარება

ვალერი ზალუჟნის არანაირი პოლიტიკური ამბიციები არ გამოუხატავს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ვოლოდიმირ ზელენსკისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს: პრეზიდენტი, რომელიც 2019 წელს კომედიური მსახიობი იყო, მშვენივრად უწყის, თუ როგორ სწრაფად იბადებიან უკრაინულ საზოგადოებაში ლიდერები და შემდეგ იგივე საზოგადოება მოყირჭებულ ლიდერებს თავიდან იშორებს. შიდა გამოკითხვები ცხადჰყოფს, რომ პრეზიდენტმა, რომელსაც შარშან აქებდნენ და ადიდებდნენ ქვეყნის თავდაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გამო, თავისი რეპუტაცია მთავრობაში მომხდარი კორუფციული სკანდალებით შელახა, ხოლო ის კურსი, რა კურსითაც მიჰყავს ქვეყანა ვოლოდიმირ ზელენსკის, მზარდ შეშფოთებას იწვევს.

ამ დღეებში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პრეზიდენტისადმი ნდობა 32%-მდე დაეცა, რაც ორჯერ ნაკლებია ვალერი ზალუჟნისადმი ნდობის რეიტინგთან შედარებით (გენერალს მხარს უჭერს გამოკითხულთა 70%).

სხვათა შორის, როგორც გამოკითხვის შედგები აჩვენებენ, პრეზიდენტზე მეტი რეიტინგი აქვს აგრეთვე უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელს კირილ ბუდანოვს – 45%.

იგივე გამოკითხვების შედეგების მიხედვით, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი ვალერი ზალუჟნისთან წინასაარჩევნო რბოლაში ჩაებმება, ყოფილი კლოუნი არჩევნებს წააგებს. მართალია, დღეს ბოლომდე გარკვეული არ არის, ჩატარდება თუ არა 2024 წლის მარტში საპრეზიდენტო არჩევნები (ქვეყანაში გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობის გამო), მაგრამ თუ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა, შეიძლება მისი შეცვლის აუცილებლობა დადგეს.

ვისთვისაა დაპირისპირება მომგებიანი?

უკრაინის დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი აქტიურად ცდილობს რაიმე სარგებელი ნახოს უკრაინის შიდაპოლიტიკური დაძაბულობიდან. რუსული პროპაგანდა, რომელიც უკრაინის მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისადმია მიმართული, მოწოდებულია რუსეთის მხარდაჭერის განსამტკიცებლად, დასავლეთის ნდობის შესამცირებლად და საერთოდ, უკრაინაში უკმაყოფილების გასაძლიერებლად.

„ეკონომისტის“ ჟურნალისტისათვის უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნის ნათქვამის თანახმად, რუსული პროპაგანდა პოპულარული ხდება, კრემლის აგიტატორებმა მუშაობისათვის საკმაო მასალა შეაგროვეს. უკრაინაში ბევრი პრობლემაა კორუფციასთან დაკავშირებით – ხელმძღვანელობა მექრთმაეობას არაეფექტურად ებრძვის, არის პრობლემები უკრაინის ქარხნების სამხედრო რელსებზე გადაყვანასთან დაკავშირებითაც.

„მაგრამ თუ ვოლოდიმირ ზელენსკის დაამხობენ, ამით მხოლოდ რუსეთი მოიგებს, – ამბობს მაღალჩინოსანი, – ზოგიერთებს ჩვენი პოლიტიკოსებიდან მაინცდამაინც არ ადარდებთ რუსული საფრთხე და ეს გარემოება მე ძალიან მაღიზიანებს. ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ხელისუფლება ბრძოლაში გამოიწვიონ, ვოლოდიმირ ზელენსკი დაამხონ და გაანადგურონ… და ამას რაიმე შედეგები არ მოჰყვება“.

წყარო

————–

“FARA-ს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების შემდეგ, დადასტურებულად ვიცით, რა სახის პოლიტიკურ კორუფციასთან გვაქვს საქმე”- შალვა პაპუაშვილი

FARA-ს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების შემდეგ დადასტურებულად ვიცით, რა სახის პოლიტიკურ კორუფციასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, FARA-ს ანგარიშებში პირდაპირ წერია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით შეკვეთილი სტატიები იწერებოდა.

„როცა საკითხი ეხება მიხეილ სააკაშვილს, ბიძინა ივანიშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ზოგადად, საქართველოს, აქ პოლიტიკური კორუფცია დადასტურებულია, არა მხოლოდ ის, რომ მედიაში ქვეყნდებოდა შეკვეთილი სტატიები, ეს პირდაპირ ვიცით ანგარიშიდან, რომ შეკვეთილი იყო სტატიები. ასევე ვიცით, რომ ლობისტების მუშაობის შედეგი იყო, რომ ისინი პირდაპირ უწერდნენ რეზოლუციის ტექსტებს ზოგიერთ ევროპარლამენტარს და ევროპარლამენტმა ლობისტების მიერ დაწერილი ტექსტები მიიღო რეზოლუციის სახით, რაც არის დიდი სირცხვილი, რის შედეგადაც დეზინფორმაცია აისახა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ FARA-ს დოკუმენტაციიდან, რომ მათ ჰქონდათ კომუნიკაცია სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან და ა.შ. ეს არის ტიპური პოლიტიკური კორუფცია, რომელიც სამწუხარო გამოწვევაა ევროკავშირის ზოგიერთ სტრუქტურაში. ამიტომაც არის მოწოდებები, რომ დაფინანსების გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, მათ შორის ევროპარლამენტთან დაკავშირებით სხვადასხვა ინიციატივა არსებობს. სამწუხაროდ, ეს თემატიკა ჯერ გაუმჭვირვალი არის ევროკავშირის სივრცეში, თუმცა აშშ-ის კანონმდებლობის წყალობით, ჩვენ ვიღებთ ხოლმე ამ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, ეჭვები არის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს გარკვეულ ჯაჭვთან, რომელიც მიგვიყვანს ლობისტებამდე. დაველოდოთ ცოტა ხანი და დარწმუნებული ვარ, FARA-ს შემდეგ დოკუმენტაციაში ასეთი საკითხები ამოტივტივდება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

იძულებით გადაადგილებულ 1 335 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდიან

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 1335 ოჯახს, სააგენტო, სოფლად სახლს შეუსყიდის.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახების სია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის ვადაში, თავად შეარჩევენ.

პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება და 2023 წელს, სააგენტომ სოფლად სახლი 1300-მდე დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა.

2025 წლის ბოლომდე, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში, 6000 დევნილი ოჯახი განსახლდება. შესყიდული სახლების უმეტესობა თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს სოფლად დაფუძნდნენ და შემოსავლის დამატებითი წყარო გაიჩინონ.

“ვწუხვარ, რომ ამ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა”-პრეზიდენტი

ვწუხვარ, რომ ამ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა – გაუგებარია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები რომ არ ხვდებიან პრეზიდენტს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როცა [კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში] ისინი ჩადიან ადგილზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „მინდა ევროპა და არ მინდა რუსეთი“ არის საკითხები, რომელზეც საზოგადოება შეთანხმებულია და არავის მისცემს საშუალებას ევროპასთან დაახლოების შანსი გააშვებინოს ხელიდან.

„ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ საზოგადოების როლი არის ბევრად უფრო დიდი, ბევრად მნიშვნელოვანი და პარტიები არიან ამსახველი იმის, თუ რა უნდა საზოგადოებას, რას მოითხოვს საზოგადოება და რაც უფრო ნათელი არის საზოგადოების მოთხოვნები, პარტიები მით უფრო აეწყობიან ამ მოთხოვნებზე. ეს არის დემოკრატია და არა პირიქით, რასაც, სამწუხაროდ, წლებმა და სხვადასხვა რეჟიმებმა მიგვაჩვია, რომ ზემოდან ქვემოთ მოდის ყველაფერი და არა ქვემოდან ზემოთ. ეროვნული თანხმობა – ამ საკითხს ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა საზოგადოებიდან. სამწუხაროდ, „კოვიდმა“ და პოლიტიკურმა პოლარიზაციამ არ მისცა ეროვნული თანხმობის პროცესს გაშლის საშუალება, ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს იქ ის საფუძვლები, რომელსაც უნდა დავუბრუნდეთ. მიმაჩნია, რომ მეც უნდა დავუბრუნდე და ქვეყანაც უნდა დაუბრუნდეს. იმიტომ, რომ ეროვნული თანხმობის გარეშე და ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი, ჩვენ თავს ვერ დავიცავთ მტრისგან. საქართველოს მთელი ისტორია ამას გვეუბნება, რომ მთელი ეროვნული თანხმობა, ერთად ბრძოლა არის ის, რამაც საქართველო დღემდე მოიტანა და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რაც არ უნდა გვაღიზიანებდეს, არ მოგვწონდეს, ვერ ვთანხმდებოდეთ რაღაც საკითხებზე. დღეს არსებობს ეროვნული თანხმობა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს. როცა ჩვენ ყოველდღე უნდათ რომ გვაჩვენონ, რამდენად პოლარიზებულია პოლიტიკური სპექტრი, არის პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი, მაგრამ ამის უკან დგას საზოგადოება, რომელიც არის გაერთიანებული მთავარ საკითხებზე. მთავარი საკითხები არის: „მინდა ჩემი შვილებისთვის ევროპა“ და „არ მინდა რუსეთი“. თუ პოლიტიკური პარტიები ამას ვერ ხედავენ, მათთვის ცუდი, საზოგადოებამ იცის რა უნდა. მე ამას ვხედავ ყოველდღიურად დაწყებულ კამპანიაში. ეს არის არა ჩემი, არამედ საზოგადოების კამპანია, „ჩვენი ხმა ევროპას“. სადაც არ მივდივარ და არ ვხვდები ხალხს, ნათელია, რომ ეს არის მათი წამოძახილი და ამაში არ არსებობს სხვა მოსაზრება გინდა სოფელში, გინდა ქალაქში, გინდა ახალგაზრდებსა თუ ზრდასრულებში. ეს არის ის, რაც გვაერთიანებს. აქ უნდა მოხდეს სრული კონსოლიდაცია, ამ საკითხის ირგვლივ, რათა ეს საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ. ამის დიდი შანსი გვაქვს დღეს, რომელიც არ ჰქონია ჩვენს ქვეყანას და ამ შანსის ხელიდან გაშვება ნამდვილად არ შეიძლება და ნამდვილად არ აპირებს საზოგადოება, რომ ვინმეს მისცეს საშუალება ეს შანსი ხელიდან გააშვებინოს. ვწუხვარ, რომ ამ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა. ვიყავი სოფლებში, ჩემთვის გაუგებარია, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როცა ჩადის ადგილზე, არ ხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როცა ისინიც ესწრებიან ამ ღონისძიებებს. ამის მიზანი არის ერთი – ევროპული გზა საქართველოში, არანაირი შიდა პოლიტიკური გამოძახილები იქ არ არის. აქ არმისვლა, სკოლის ბავშვების მიმართ მუქარა, რომ არ მიხვიდეთ, საერთოდ არ მესმის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“რაც ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამას შეუერთდა საქართველო, დაახლოებით, 3 000 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია იქნა მობილიზებული ქვეყანაში”

ნება მომეცით ხაზი გავუსვა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამისა და აზიის განვითარების ბანკის გადამწყვეტ როლს რეგიონალური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში – აღსანიშნავია, რომ ორივეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში განხორციელებულ უამრავ პროექტსა და ღონისძიებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ, რაც ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალურ პროგრამას შეუერთდა 2016 წელს საქართველო, დაახლოებით 3 000 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია იქნა მობილიზებული ქვეყანაში.

„მინდა გულთბილად მივესალმო აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს – მის აღმატებულებას ბატონ ასაკავას, პატივცემულ მინისტრებს, წევრი ქვეყნების დელეგაციებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ძალიან სასიამოვნოა ყველას მოგმართოთ ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამის მინისტრთა 22-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე თბილისში.

2023 წელს საქართველოს ჰქონდა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ამ რეგიონალური პროგრამის თავმჯდომარეობის პატივი და რადგან ეს წელი მთავრდება, სიამაყით ვაცხადებ, რომ წარმატებით შევასრულეთ ჩვენზე დაკისრებული მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველა სახელმწიფო უწყებას და პირს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში.

მალე – 2024 წელს – აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას სიხარულით ვუმასპინძლებთ თბილისში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება გამორჩეულ პლატფორმად წარმოჩინდება რეგიონალური და გლობალური განვითარების საკითხებისა და შეთავაზებულ გადაწყვეტათა განხილვისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, ნება მომეცით ხაზი გავუსვა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამისა და აზიის განვითარების ბანკის გადამწყვეტ როლს რეგიონალური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში. აღსანიშნავია, რომ ორივეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში განხორციელებულ უამრავ პროექტსა და ღონისძიებაში. მას შემდეგ, რაც ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალურ პროგრამას შეუერთდა 2016 წელს საქართველო, დაახლოებით 3 000 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია იქნა მობილიზებული ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.

რატომ გაფრინდა ლავროვი ეუთო-ს მინისტერიალზე სხვა მარშრუტით – დეტალები

სერგეი ლავროვი ეუთო-ს მინისტერიალზე სხვა მარშრუტით გაფრინდა, ბულგარეთმა თავის საჰაერო სივრცეში მარია ზახაროვას შეშვებაზე უარი განაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო ТАСС ავრცელებს.

„როგორც სააგენტომ შეიტყო, ბულგარულმა მხარემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავის გადაფრენაზე უარი განაცხადა, რადგან ბორტზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა იმყოფებოდა“, – წერს რუსული სააგენტო.

სერგეი ლავროვი, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ არის, სკოპიეში უკვე ჩავიდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთო-ს მინისტერიალი დაიწყო.

არ მესმის, რომ თსუ-ს რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ძალიან მარტივ განცხადებას -სალომე ზურაბიშვილი

არ მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ძალიან მარტივ განცხადებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ ინიცირებულ პეტიციასთან დაკავშირებით -„ჩვენი ხმა ევროპას“ განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პოლიტიკა სხვა საკითხია, სახელმწიფო ინტერესები კი სხვა საკითხია და ის ყველა სივრცეში თავისუფალი უნდა იყოს.

„არ მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ძალიან მარტივ განცხადებას. ამაზე მარტივი და ამაზე არაპოლიტიკური არ არსებობს და ამაზე უარს ამბობს რექტორი – შიგნით არ შეიძლებაო იმიტომ, რომ ვითომც ეს არის რაღაც პოლიტიკური ღონისძიება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პოლიტიკა არის პოლიტიკა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები არის სხვა რამ, რაც ყველგან, ყველა სივრცეში უნდა იყოს თავისუფალი. თავისუფლება ეს არის და ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა, ამ თავისუფლებისთვის, რომ არავინ არავის მიმართ არანაირი მუქარით არ სცადოს აზრების შეცვლა ან გავლენის მოპოვება. ეს არის ის ღირებულებები, რაც არის ქართული ღირებულება ოდითგანვე და რაც არის ევროპული ღირებულება ასევე ოდითგან“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“პანდემიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა აღდგა ორნიშნა ზრდის ტემპით” – პრემიერი

ზოგიერთი ჩვენი მიღწევის საილუსტრაციოდ, ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პანდემიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა აღდგა ორნიშნა ზრდის ტემპით; 10 პროცენტზე მეტი იყო ზრდა 2021 და 2022 წლებში. ჩემმა მთავრობამ ეს დადებითი ტენდენცია 2023 წელსაც შეინარჩუნა პირველ 9 თვეში 7 პროცენტიანი საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპით, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 1 პროცენტზე დაბლა მოაქცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთლიანობაში, ეროვნული ეკონომიკა 2012 წლიდან სამჯერ გაიზარდა.

„2012 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 27 000 000 000 ლარი იყო, 2024 წელს კი 86 000 000 000 ლარს მიაღწევს არსებული პროგნოზებით. 2023 წლის ბოლოს სულადობრივი მთლიანი შიდა პროდუქტი მოსალოდნელია 8000 აშშ დოლარს გაუტოლდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ რაღაც 3 წელიწადში ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. გარდა ამისა, ჩვენმა საერთაშორისო რეზერვებმა მიმდინარე წლის ივლისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა.

ძვირფასო მეგობრებო, ვაღიარებთ ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების აუცილებლობას. ამიტომ, განახლებადი ენერგიის წყაროებში უახლეს ინიციატივებს ვნერგავთ წყლის, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროების ჩათვლით. ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ ინვესტორები, რათა მეტი ელექტროსადგური შეიქმნას და გამოყენებული იქნეს საქართველოს უხვი, მწვანე ენერგიის პოტენციალი.

ასევე, ვმუშაობთ ენერგო-ეფექტურობის სფეროში პროექტების შესამუშავებლად და მზად ვართ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის შესაბამისი პოლიტიკა შევიმუშაოთ, რომელიც თავსებადი იქნება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების დღის წესრიგთანაც.

დასასრულს, ხაზი მინდა გავუსვა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამისა და ამ კონტექსტში დასახული მიზნების განხორციელების შესაძლებლობათა მნიშვნელობას მთელი რეგიონისთვის. ვიმედოვნებ, რომ მინისტრთა დღევანდელი კონფერენცია წარმატებული და ნაყოფიერი იქნება, რაც ჩვენს საერთო მისწრაფებას შეუწყობს ხელს აყვავებული და მდგრადი მომავლისკენ.

დიდი მადლობა!”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შენი იდენტობა რომ იცოდე, კარგად უნდა იცოდე, ვინ ხარ და რა წვლილი შეგიტანია მსოფლიო ცივილიზაციათა კულტურაში -სოზარ სუბარი

ერთ დღეს, იმ შენობაში, სადაც ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უძვირფასესი მასალა სააკაშვილმა შეყარა, წყალი შევიდა და ეს უძვირფასესი, ისტორიული, ხელიხელ საგოგმანები ნივთები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ჩვენი ისტორიული იდენტობის დასადგენად, წყალში ტივტივებდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა ქვეყანაში შეიქმნას ქართველოლოგიის ცენტრი, რათა სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღება მიექცეს იმ დარგებს, რასაც ქართველოლოგია მოიცავს –
ისტორია, ეთნოლოგია, არქეოლოგია, ანთროპოლოგია, ქართული ლიტერატურა, ენათმეცნიერება.

„დავით გურამიშვილს აქვს ერთი ასეთი ფრაზა: „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო; ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო.“ ანუ, შენი იდენტობა, თვითიდენტიფიკაცია რომ იცოდე, მართლა კარგად უნდა იცოდე – ვინ ხარ, რა შეგიქმნია და რა წვლილი შეგიტანია მსოფლიო ცივილიზაციათა კულტურაში. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად ვითარდებოდეს ის დარგები, რასაც ქართველოლოგია მოიცავს – ისტორია, ეთნოლოგია, არქეოლოგია, ანთროპოლოგია, ქართული ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ქართული მუსიკა და ა.შ. ამას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დიდი მხარდაჭერა და დაფინანსება. ეს არ ნიშნავს, რომ ერთ ინსტიტუტში გავაერთიანოთ ყველაფერი, მაგრამ შეიძლება იყოს რაიმე ცენტრი (მაგალითად, ქართველოლოგიის ცენტრი), რომელიც ყველა ამ მიმართულებას დაეხმარება.

ერთ მაგალითს ვიტყვი: დღესაც არსებობს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, რომელსაც ჰქონდა მშვენიერი შენობა მელიქიშვილზე და რომელიც დაანგრია „ნაცმოძრაობამ“ – გაასხვისა და იქ სასტუმრო აშენდა. ის უძვირფასესი მასალა, რომელიც იქ ინახებოდა, დღეს სადღაც ნახევარსარდაფშია შეყრილი. იქვეა ის უძვირფასესი მასალა, რომელიც ქართველმა პალეოანთროპოლოგებმა ათწლეულების განმავლობაში შეაგროვეს. ეს მასალა ევროპაში ერთ-ერთი უმდიდრესია. ერთ დღესაც, იმ შენობაში, სადაც ეს ყველაფერი სააკაშვილმა შეყარა, წყალი შევიდა და ეს უძვირფასესი, ისტორიული, ხელიხელ საგოგმანები მასალა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ჩვენი ისტორიული იდენტობის დასადგენად, წყალში ტივტივებდა. შეიძლებოდა ყველაფერი მთლიანად დაგვეკარგა. ისიც კი არ ვიცით დღეს, რა დაზიანდა და რა ვერ გადარჩა. ამიტომ, ამ ყველაფერს მოვლა სჭირდება.

იგივე, ხელნაწერთა ინსტიტუტში, სადაც უძვირფასესი მასალებია შენახული, შეიძლება საგამოფენო სივრცე გაკეთდეს, როგორც ეს სომხეთშია და მნახველს ჰქონდეს ამ უძვირფასესი მასალის ნახვის საშუალება. იგივე, შეიძლება ვთქვათ ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც უკვე ვახსენე. მათი ცალ-ცალკე კვლევაც საჭიროა და ერთიანი ხედვის არსებობაც. ამ ქვეყნის მოქალაქეები ჭეშმარიტ ქართველებად და პატრიოტებად რომ აღიზარდონ (საქართველოს ყველა მოქალაქეს ვგულისხმობ), მსგავსი მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

“მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთო რეგიონულ კეთილდღეობას”- პრემიერი

მჯერა, რომ რეგიონში საქართველოს უნიკალური როლის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთო რეგიონულ კეთილდღეობას – ფაქტობრივად, ჩვენი თანმიმდევრული და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, საქართველომ წარმატებით შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა და ეს რეგიონული, გლობალური მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად მოხდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც შუა დერეფნის მნიშვნელობა იზრდება, საქართველო მზადაა, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელოს, რათა ხელი შეუწყოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას.

„2024 წელს აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას ვუმასპინძლებთ თბილისში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება გამორჩეულ პლატფორმად წარმოჩინდება რეგიონული და გლობალური განვითარების საკითხებისა და შეთავაზებულ გადაწყვეტათა განხილვისთვის. ნება მომეცით, ხაზი გავუსვა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამისა და აზიის განვითარების ბანკის გადამწყვეტ როლს რეგიონული ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში. აღსანიშნავია, რომ ორივეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში განხორციელებულ უამრავ ღონისძიებასა და პროექტში მას შემდეგ, რაც ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამას შეუერთდა, 2016 წელს. დაახლოებით 3 მილიარდ დოლარის ინვესტიციაა საქართველოში მობილიზებული. სასიხარულოა იმის აღნიშვნა, რომ ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის ძირითადი პოლიტიკა ზედმიწევნით შეესაბამება საქართველოს მისწრაფებას, გახდეს რეგიონის ცენტრი, რომელიც წარმოჩინდება როგორც გამარტივებული და დაჩქარებული სავაჭრო და სატრანზიტო მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის. იმ პირობებში, როდესაც შუა დერეფნის მნიშვნელობა იზრდება როგორც ტრადიციული მარშრუტების სტაბილური და უსაფრთხო ალტერნატივა, მზად ვართ, განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა ხელი შევუწყოთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას, მათ შორისაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი. ვაღიარებთ, რომ მრავალი ბარიერი კვლავ აფერხებს საქონლის, სატრანზიტო საშუალებების და ფიზიკური პირების სწრაფ მოძრაობას ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის ქვეყნებს შორის. შუა დერეფნის უხარვეზო ფუნქციონირება მოითხოვს ერთობლივი გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მეზობელ ქვეყნებს საშუალებას მისცემს ერთი ფანჯრის პრინციპით სინქრონულად გაატარონ ტვირთები, ეს მიდგომა საქონლის ტრანსპორტირების ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას, ხოლო უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას ისახავს მიზნად. მჯერა, რომ რეგიონში საქართველოს უნიკალური როლის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთო რეტინალურ კეთილდღეობას. ჩვენი მთავრობა აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, ღირებულებების გლობალურ ჯაჭვში ქვეყნის ინტეგრირებაზე, ბიზნესის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნებაზე და ქვეყნის სატრანზიტო და განახლებადი ენერგიის პოტენციალის ეფექტიან გამოყენებაზე. ფაქტობრივად, ჩვენი თანმიმდევრული და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, საქართველომ წარმატებით შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა და ეს რეგიონული, გლობალური მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად მოხდა.

ზოგიერთი ჩვენი მიღწევის საილუსტრაციოდ, ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პანდემიის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა აღდგა ორნიშნა ზრდის ტემპით – 10%-ზე მეტი იყო ზრდა 2021 და 2022 წლებში. ჩემმა მთავრობამ ეს დადებითი ტენდენცია 2023 წელსაც შეინარჩუნა. პირველ 9 თვეში 7%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპით, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 1%-ზე დაბლა მოაქცია. მთლიანობაში, ეროვნული ეკონომიკა 2012 წლიდან 3-ჯერ გაიზარდა, 2012 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 27 მლრდ ლარი იყო, ხოლო 2024 წელს 86 მლრდ ლარს მიაღწევს. 2023 წლის ბოლო სულადობრივი მშპ მოსალოდნელია 8 ათას დოლარს გაუტოლდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 წელიწადში ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. გარდა ამისა, ჩვენმა საერთაშორისო რეზერვებმა მიმდინარე წლის ივლისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა.

ძვირფასო მეგობრებო, ვაღიარებთ ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების აუცილებლობას. ამიტომ განახლებადი ენერგიის წყაროებში უახლოეს ინიციატივებს ვნერგავთ წყლის, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროების ჩათვლით. ჩვენი მზიანია, მოვიზიდოთ ინვესტორები, რათა მეტი ელექტროსადგური შეიქმნას და გამოყენებულ იქნება საქართველოს უხვი მწვანე ენერგიის პოტენციალი. ასევე, ვმუშაობთ ენერგოეფექტურობის სფეროში პროექტების შესამუშავებლად და მზად ვართ, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის შესაბამისი პოლიტიკა შევიმუშაოთ, რომელიც თავსებადი იქნება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების დღის წესრიგთანაც.

დასასრულს, ხაზი მინდა გავუსვა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამისა და ამ კონტექსტში დასახული მიზნების განხორციელების შესაძლებლობათა მნიშვნელობას მთელი რეგიონისთვის. ვიმედოვნებ, მინისტრთა დღევანდელი კონფერენცია წარმატებული და ნაყოფიერი იქნება, რაც ჩვენს საერთო მისწრაფებას შეუწყობს ხელს აყვავებული და მდგრადი მომავლისკენ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ნაცმოძრაობის” პოტენციალი ნულს ქვემოთ არის – რატი იონათამიშვილი

„ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები კარგად წარმოაჩენს ამ პარტიის რესურსსაც და პოტენციალსაც, რომელიც ნულს ქვემოთ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, ამ საკითხზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უხერხულია.

„ნაცმოძრაობაზე“ სერიოზული კომენტარების გაკეთება უკვე უხერხულია, იმდენად არასერიოზული ორგანიზაცია გახდა ეს პოლიტიკური პარტია. ამავდროულად, ეს ძალიან კარგად წარმოაჩენს ამ პარტიის რესურსსაც და პოტენციალსაც, რომელიც ნულს ქვემოთ არის. ეს ყველაფერი კონკრეტულ რიცხვებში უკვე 2024 წლის არჩევნებში გამოიხატება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

29 ნოემბერს „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს გაიზიარებს, საბჭოს შემადგენლობას დაემატება.