Home Blog Page 1777

,,სამწუხაროდ, ეს სტილი ჰქონდა ნაცმოძრაობის მმართველობას”- სარჯველაძე

ერთგვარი დამახასიათებელი ნიშანი გახდა პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკის წარმოებისა, რომ თუ მოქმედი კანონმდებლობა არ ანიჭებს მას შესაძლებლობას, რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს, ის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ყოველთვის კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს. ეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის უგულებელყოფაა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ყველაზე ნახევრად ევროპული დამოკიდებულებაა.

„სამწუხაროდ, ეს სტილი ჰქონდა ნაცმოძრაობის მმართველობას, პირადად სააკაშვილს. ვიდრე ბრალმდებლის როლში წარმოდგება პრეზიდენტი, უნდა გაითვალისწინოს, აქვს თუ არა საკმარისი საფუძველი, რომ ვინმეს ბრალი წაუყენოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში საქართველოს მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება

კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება, სადაც სააკაშვილი ნანა ჯანელიძის ფილმზე „იარე ლიზა” წერს და მას რუსული პროპაგანდის ნაწილს უწოდებს, რომელიც მისი მტკიცებით, კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით დაფინანსდა.

ოდიშარია კი ამბობს, რომ ფილმი პირველად 2019 წელს დაფინანსდა, დამატებითი დაფინანსება კი 2020 წელს უშუალოდ გახარიას მონაწილეობით მიიღო. სააკაშვილის ამ პოსტს კი მორიგ აფერიზმს უწოდებს და კითხვას სვამს თუ საიდან აქვს წვდომა მას „ვივამედში“ ქართულ ფილმზე, რომელიც ახლა გადის კინოთეატრებში.

„სააკაშვილი კულტურისგან სრულად გაუცხოებული გოიმი და ანალიტიკური უნარებისგან განძარცვული მეგალომანიაკი როა, ყველამ ისედაც ვიცით, თუმცა ამჯერად კინოკრიტიკოსის მანტია მოირგო და ახალ ქართულ ფილმზე, “იარე ლიზა”, აკომენტარებს, რუსული პროპაგანდააო. არადა, ფილმი რეალურად ყველა ენჯეოშნიკური კლიშის დაცვით გადაღებული ლიბერალური თვითგმობის ნიმუშია, რომელიც აფხაზეთის ომის საკითხს საერთოდ არც იკვლევს და არც თანაგანცდა გააჩნია, მხოლოდ ემოციურ აპარატზე ზემოქმედებას ცდილობს და ისიც გადაჭარბებული თეატრალიზმის და ჰოლივუდური პატერნების მიმბაძველობის გამო, ძალიან რთულად მისაღწევი იქნება მაყურებელში.

მიზანი ერთი შეხედვით კეთილშობილურია, რომ დაინგრეს მტრის ხატი, გამოჩნდეს, რომ ორივე მხარე ერთნაირად დაიჩაგრა, მაგრამ იმის გამო, რომ სიუჟეტს აკლია სიღრმისეული გააზრება, არის ზედაპირული და პრიმიტიული, ეს მიზანი ვერ მიიღწევა. რაც შეეხება რუსულ პროპაგანდაზე მორიგ ფუჭ აპელირებას, ფილმში იმდენი გინებაა რუსეთის მისამართით და იმდენი კომენტარია, რომ რუსეთის ბრალია ყველაფერი, მომენტებში გავიწყდება რომ ფილმს უყურებ და პირველკურსელი ლიბერალის პოდკასტი გეგონება თემაზე “კავკასიის გეოპოლიტიკა”.

მოკლედ, ეს მორიგი აფერიზმია, სააკაშვილი წულუკიანისკენ იშვერს ხელს, მისი ბრძანებით დაფინანსებული ფილმიაო, არადა, ფილმი პირველად დაფინანსდა 2019 წელს, წინა კულტურის მინისტრის პერიოდში, წინის წინა კინოცენტრის დირექტორის პირობებში და გახარიას პრემიერობის დროს. დამატებითი დაფინანსება 2020 წელს უშუალოდ გახარიას ჩამრევლობით მიიღო, მაშინაც, კულტურის მინისტრი იყო ჩხენკელი. გარდა იმისა, რომ უმარტივესი ფილმის გაანალიზება და კონტექსტის წაკითხვა არ შეუძლია, ამასთან, უბრალოდ პრიმიტიულ ტყუილს ამბობს, როგორც ჩვევია.

და ერთი ის მაინტერესებს, ვივამედში, სადაც, “სიკვდილს ებრძვის”, საიდან აქვს წვდომა ქართულ ფილმზე, რომელიც ახლა გადის კინოთეატრებში?“, – წერს ბაჩო ოდიშარია Facebook-ზე.

,,პრემიერ-მინისტრმა გენერალურ ასამბლეაზე მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა”- თალაკვაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა გენერალურ ასამბლეაზე მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა.

„მთავარი იყო, რომ მან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც ევროკავშირმაც აღიარა. მეორე ის იყო, რომ საქართველო განაგრძობს ბრძოლას თავისუფლებისთვის და საკუთარი მშვიდობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფას, პარტნიორების და მეგობრების დახმარებას. ეს იყო მთავარი გზავნილები. მან ასევე აჩვენა მიმართულებები, სადაც საქართველოს ნამდვილად აქვს პროგრესი. ეს არის დემოკრატია, ეკონომიკა, ინსტიტუციური რეფორმები და რაც მთავარია, მან კიდევ ერთხელ, მაღალი ტრიბუნიდან თქვა, რომ საქართველო არის საიმედო პარტნიორი რეგიონში. ეს გზავნილები იყო მოსმენილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი, საქართველოს ნამდვილი მეგობრები ამ გზავნილებს გაითვალისწინებენ გადაწყვეტილების მიღების დროს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

23 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.

,,პრეზიდენტის ქმედებების გაანალიზებით, ის ქვეყნის ინტერესების ფარგლებში არ მოქმედებს” – წილოსანი

პრეზიდენტის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის ქმედებებს თუ დავაჯგუფებთ და გავაანალიზებთ, ნამდვილად ვერ დაგვრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ქვეყნის ინტერესების ფარგლებში მოქმედებს , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც თვალნათელია, არის ის, რომ ოთარ ფარცხალაძე რჩება საქართველოს მოქალაქედ და, სამწუხაროდ, იმის მიუხედავად, რომ ის რეალურად რუსეთის მოქალაქეა, ამერიკის დაწესებული სანქციები პირველად მიემართება საქართველოს მოქალაქეს“, – აღნიშნა წილოსანმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია

,,ფარცხალაძისთვის მოქალაქეობა არ შეეწყვიტა, საკითხის დღის წესრიგში დიდხანს დარჩენას ემსახურება”- თალაკვაძე

ისეთი შთაბეჭდილება რჩება საზოგადოებას და ყველა ჩვენგანს, თითქოს პრეზიდენტს პირდაპირ მოსთხოვეს, რომ ფარცხალაძისთვის არ შეეწყვიტა მოქალაქეობა , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, პოზიციის ცვლილება ემსახურება იმას, რომ ფარცხალაძის საკითხი დარჩეს დღის წესრიგში უფრო დიდი ხნის განმავლობაში.

„როგორც ჩანს, პოზიციის ცვლილება ემსახურება იმას, რომ ფარცხალაძის საკითხი დღის წესრიგში უფრო დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს და ოპოზიციას, რომელსაც თავი გააქვს თვიდან თვემდე ასეთი ტიპის თემებით, არაფერი საქმიანი აღარ აქვს თავის დღის წესრიგში, როგორმე კიდევ დაუტოვონ რაიმე სალაპარაკო, რითაც შეძლებენ თავისი ამომრჩევლები მოატყუონ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ტიპის დამოკიდებულებაა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ რომაული სტილით ჭიდაობაში ლერი აბულაძემ (63 კგ) ნახევარფინალში ფრანგ სტეფან კლემენს 3:1 სძლია და მსოფლიო პირველობის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა. კარიერაში პირველი ოქროს მედლის მოსაპოვებლად ქართველი ფალავანი აზერბაიჯანელ მურად მამადოვს ხვალ, 24 სექტემბერს დაუპირისპირდება.

დღეს, ტურნირზე გამომსვლელმა კიდევ ორმა მოჭიდავემ, ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) და ლაშა გობაძემ (87 კგ) ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხეს. გუშინ ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა

ოზურგეთში, 62 წლის მამაკაცის მიმართ გამოძიება დაიწყო

62 წლის მამაკაცს ბრალი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში ედება. შემთხვევა გუშინ საღამოს ოზურგეთის ერთ-ერთ უბანში მოხდა. მეზობლები კამერასთან არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ არასრულწლოვანი გოგონა და ბრალდებულის ოჯახები ერთმანეთის მეზობლები არიან და აღნიშნული შემთხვევა მათთვის ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო. ასევე, მათ შენიშნეს გუშინ საღამოს პოლიცია, რომელმაც, სავარაუდოდ, ბრალდებული გამოკითხვაზე გადაიყვანა.

„ძალიან კაი კაცია. მაგას ცოლი საზღვარგარეთ ჰყავდა რამდენი წელი, მაგას ასე ქალისთვის არ შეუხედავს არასდროს და ახლა ბავშვთან რა ვიცი, მე ვერ წარმოვიდგენ. ბავშვიც არის უწესიერესი,”-ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

ბრალდებული მამაკაცი, ჯერჯერობით, დაკავებული არ არის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. მომხდარზე საქმე აღძრულია სსკ-ის 141-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედების ჩადენას 16 წელს მიუღწეველთან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.

ჰაკერებმა საჰაერო ფრენის შესახებ, რუსული მონაცემთა ბაზა გატეხეს

უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედმა ჰაკერებმა Sirena-Travel-ის დაჯავშნის სისტემის რუსული მონაცემთა ბაზა გატეხეს. მათ მიიღეს ინფორმაცია 664 მილიონი ფრენის შესახებ 16 წლის განმავლობაში. ამის შესახებ შეტყობინება ჰაკერთა საზოგადოების ტელეგრამის არხზე გავრცელდა.

დაზუსტებით უცნობია, რომელი სამთავრობო და უსაფრთხოების სააგენტოები შეიძლება იდგნენ თავად ჯგუფის უკან. მოპოვებული ორი მონაცემთა ბაზა, როგორც ჰაკერები წერენ, შეიცავს მგზავრების ტელეფონის ნომრების თითქმის 3,5 მილიარდ ჩანაწერს და 664,6 მილიონ ჩანაწერს მგზავრების პერსონალური მონაცემებით, ფრენის ნომრებით, მარშრუტებით, ტარიფებით, მგზავრთა ტელეფონის ნომრებით, პირადი ნომრებით და ა.შ. მონაცემები მოიცავს 2007 წლიდან 2023 წლამდე პერიოდს.

ჰაკერების ჯგუფის წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ KibOrg არ გეგმავენ ეს მონაცემები გაასაჯაროოს.

ჰაკერებმა მონაცემთა ბაზიდან მხოლოდ ორი „ნიმუში“ გამოაქვეყნეს ინტერნეტში. ერთი ეხება ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის და როსნეფტის დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრის, კარინ კნაისლის ფრენების შესახებ ინფორმაციას, რომელიც ზაფხულში რუსეთში გადავიდა. მეორე კი ეხება პუტინის მეგობარი ქალის, ალინა კაბაევას მინსკიდან მოსკოვში ბოლო ფრენის მონაცემებს

საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

„აზერბაიჯანის მილი მეჯლისის მხრიდან კი საქართველოსთან აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, არზუ ნაგიევმა.

კომიტეტები მემორანდუმის ფარგლებში, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, ხელს შეუწყობენ ორი ერის კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი , მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტის წევრები და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,ეს ყველაფერი ყველაზე მეტად გვაზარალებს ჩვენ მმართველ პარტიას”- კონსტანტინე ზარნაძე

კონსტანტინე ზარნაძე გლდანში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მედიასთან საუბრობს.

თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ვის სახელებსა და გვარებსაც ეძგვერაძე თავდამსხმელებად ასახელებს, ისინი ეძგვერაძის ბავშვობის მეგობრები არიან.

“მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო ირაკლის, ფაქტი ძალიან სამწუხარო და ცუდია. საკრებულოში და პარლამენტში ხშირია დაძაბულობა, მაგრამ ამ კონფლიქტებს და განხილვას არასდროს დაუტოვებია საკრებულოს კედლები. ირაკლი ისეთ სახელებს ასახელებს სავარაუდო დამნაშავეებად, რომელი სახელები და გვარები მისთვის კარგად არის ნაცნობი. ეს ყველაფერი ყველაზე მეტად გვაზარალებს ჩვენ მმართველ პარტიას, როგორ შეიძლება ეს გვინდოდეს? ეს რაც მოხდა პიარული კუთხით აწყობდა ოპოზიციას,”- აცხადებს ზარნაძე.

პარალელურად, სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი თბილისის მთავარ სამმართველოში დაკავებულ ნიკა მელიას შეხვდა. თუმცა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.

,,ნიკა მელია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს”- გამომძიებელი

ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია, უარს აცხადებს გამოძიებასთან ითანამშრომლოს გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს ჰქონდა, თუ არა ადგილი მის მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობას.

როგორც ჟურნალისტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ირაკლი ლუხოშვილმა განუცხადა, სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე თბილისის მთავარ სამმართველოში შეხვდა დაკავებულ ნიკა მელიას იმ მიზნით, რომ ჩატარებულიყო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, თუმცა მელიამ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

„შესაბამისი რეაგირების განხორციელების მიზნით ახლა შევხვდით დაკავებულ პირს, მაგრამ დაკავებულმა პირმა არ ისურვა ინფორმაციის მოწოდება და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა. მიუხედავად ამისა, თუ დაკავებული პირი გადაწყვეტს, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან სამსახური მზად არის გაატაროს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები და მიღოს გადაწყვეტილებები. უშუალოდ, როდესაც მე დაკავებულ პირს შევხვდი ტანსაცმლისგან ხილულ ადგილებში პირადად მე არ შემიმჩნევია სხეულის დაზიანება. თუმცა, თუ დაკავებული პირი ისურვებს საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობას, საგამოძიებო ორგანო მზად არის გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის უზრუნველყოს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.

შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები რომ განგვეხორციელებინა, ამ მიზნით შევხვდით დაკავებულ პირს, მაგრამ მან ინფორმაციის მოწოდებაზე და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის მიუხედავად, თუ ნიკანორ მელიას მხრიდან ინფორმაციის მოწოდება მოხდება შესაბამისი რეაგირება განხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი ლუხოშვილმა.

,,ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარით პრეზიდენტს სამართლებრივად რა მიზეზი აქვს, გაუგებარია”- რაქვიაშვილი

პრეზიდენტის დისკრეციაა, რომ ასე მოიქცეს, მაგრამ რა კავშირშია, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქედ დაისჯება თუ რუსეთის, არ ვიცი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარის თქმით პრეზიდენტს სამართლებრივად რა მიზეზი აქვს, გაუგებარია.

„სამართლებრივად რა მიზეზი აქვს, არ მესმის, მაგრამ პოლიტიკურად შეიძლება. ამ ვითარებას თუ პოლიტიკურად შევხედავთ, ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქედ დატოვება აჩენს რისკებს სანქცირების ნაწილში. „ქართულ ოცნებას“ თუ უნდოდა, სწრაფად დაემთავრებინა ეს სიტუაცია და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გამოსულიყო, რადგან მოიხსნებოდა საკითხები შესაძლო შემდგომი სანქცირების, იმიტომ, რომ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა და სანქციების ნაწილი არ ვრცელდება, ეს რისკი რჩება და, შესაძლოა, ასე პრეზიდენტმა უპასუხა „ქართულ ოცნებას“, რომელსაც პრობლემა ვერ მოეხსნა და, შესაძლოა, ნერვიულობა გააგრძელონ. მგონი, ამ შემთხვევაში კანონი არ ირღვევა, მაგრამ ამაზე იურისტებმა იმსჯელონ, უკეთესია“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია“.