Home Blog Page 1753

“თუ უკრაინა ომს წააგებს, აშშ-ს შესაძლოა რუსეთთან საბრძოლველად თავისი ჯარისკაცების გაგზავნა მოუწიოს” – მაიკ პენსი

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინის ძალებთან საბრძოლველად ჯარების გაგზავნა დასჭირდეს, თუ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომს წააგებს.

პრეზიდენტობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატის შეფასებით, „რაც ახლა უკრაინაში ხდება არ არის მხოლოდ ომი, არამედ ბოროტებაა“.

„ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია მივცეთ უკრაინელ სამხედროებს ის მხარდაჭერა, რაც საბრძოლველად და რუსული შეჭრის მოსაგერიებლად სჭირდებათ. ეჭვი არ მეპარება, რომ თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ძალიან დიდი დრო არ გავა, სანამ რუსი სამხედროები გადაკვეთენ საზღვარს, სადაც ჩვენ მოგვიწევს ჩვენი მებრძოლების მათ წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნა”, – აღნიშნა პენსმა.

“დავით არახამია იმიტომ არის უსამშობლო, რომ უნდა საქართველო ომის უბედურებისთვის გაიმეტოს” – ლადო ბოჟაძე

„დავით არახამია უსამშობლო კაცი იმიტომ კი არა არის, რომ რუსეთმა, 300 000 ქართველი დევნილად აქცია საკუთარ სამშობლოში, არამედ იმიტომ რომ, ერთი სიტყვა ქართული არ იცის და ერთხელაც არ არის საქართველოში ნამყოფი! იმიტომ არის უსამშობლო, რომ უკრაინასაც კი როგორც ტერიტორიას, სადაც შეიძლება დიდი ფული იშოვო და საკუთარი პოლიტიკური ინტერესები დაიკმაყოფილო, ისე იყენებს“, – ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე, უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელის დავით არახამიას განცხადებას.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ ცივი გონებით, პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარებით, სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების სრულად დაცვით უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას.

„დავით არახამია უსამშობლო კაცი იმიტომ კი არა არის, რომ რუსეთმა, 300 000 ქართველი დევნილად აქცია საკუთარ სამშობლოში, არამედ იმიტომ რომ, ერთი სიტყვა ქართული არ იცის და ერთხელაც არ არის საქართველოში ნამყოფი! იმიტომ არის უსამშობლო, რომ უკრაინასაც კი როგორც ტერიტორიას, სადაც შეიძლება დიდი ფული იშოვო და საკუთარი პოლიტიკური ინტერესები დაიკმაყოფილო, ისე იყენებს! კიდევ იმიტომ არის უსამშობლო, რომ უნდა საქართველო, უკრაინის მსგავსად, ომის უბედურებისთვის გაიმეტოს, რუსული რაკეტების, ბომბების და ტყვიების პოლიგონად აქციოს, სანქციების დაწესებით ემუქრება ქვეყანას და ხელისუფლების სისხლიანი გადატრიალების სცენარს ხელმძღვანელობს! ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ ცივი გონებით, პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარებით, სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების სრულად დაცვით უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას, დიახ, საქართველოს გარე და შიგა მტრების ჯინაზე დავიცავთ მხოლოდ ჩვენი სამშობლოს ინტერესებს და ქართველ ხალხთან ერთად, არ დავუშვებთ მეორე ფრონტის გახსნას და რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვას(რუსეთთან ისედაც ვართ ცივი ომის ფაზაში), არ დავუშვებთ ქაოსს, არეულობას, დესტაბილიზაციას და სისხლიან რევოლუციას(სახელმწიფო გადატრიალებას), არ დავუშვებთ სუვერენიტეტის შეზღუდვას და ტერიტორიების სრულ ოკუპაციას! მშვიდობის და სტაბილურობის დაცვით, შევძლებთ ეკონომიკურ განვითარებას, შევამცირებთ უმუშევრობას და სიღარიბეს, გავაძლიერებთ სახელმწიფოს და მშვიდობიანი გზით გავაერთიანებთ საქართველოს, ამას სწორედ ირაკლი კობახიძესთან და ჩვენს პროფესიონალი, პატრიოტი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული მოქალაქეების დიდ არმიასთან ერთად შევძლებთ! #მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს #გელოდებითარჩევნებზე2024,“ – წერს ბოჟაძე ფეისბუკზე.

“უკრაინისთვის იარაღის გადაცემის შეფერხება დიდ მსხვერპლს გამოიწვევს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინისთვის იარაღის გადაცემის შეფერხება დიდ მსხვერპლს გამოიწვევს.

მისივე თქმით, F-16 მოიერიშე თვითმფრინავები ან ნებისმიერი სხვა იარაღი, რომელიც ქვეყანას ნამდვილად სჭირდება, საშუალებას მისცემს უკრაინელ დამცველებს უფრო სწრაფად იმოძრაონ და გადაარჩინონ კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე.

„მეორე მხრივ კი, ჩვენ მოგვაწოდეს იარაღი, რომელიც ძალიან გვეხმარება და ამას ვაფასებთ. რა თქმა უნდა, იარაღის გადაცემის შეფერხება გამოიწვევს მეტი ადამიანის დაკარგვას“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, ზოგიერთი მოკავშირე აჭიანურებს უკრაინელი პილოტების მომზადების საკითხს.

ირაკლი ღარიბაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ფრანსის დრუენს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ თანამშრომლობაზე.

საუბრისას ხაზი გაესვა კავშირების მნიშვნელობას კულტურისა და განათლების მიმართულებით. აქვე, აღინიშნა 5 ქართული უნივერსიტეტის თანამშრომლობა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან.
ასევე, განიხილეს, ფრანგული ენის პოპულარიზაციის გარდა, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის როლის მნიშვნელობა დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში, რა კუთხითაც ის წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას წევრ ქვეყნებს შორის.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, რომ გააღრმაოს თანამშრომლობა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასთან.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ფრანსის დრუენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიდი კომანდორის ხარისხის მედლით დააჯილდოვა და სპეციალური სერტიფიკატი გადასცა.

შეხვედრას ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო საქმეთა გენერალური მდივანი ბრუნო ფუქსი, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ადმინისტრაციულ საკითხთა გენერალური მდივანი დამიენ სესლენი, ხოლო საქართველოს მხრიდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი ესწრებოდნენ.

“მეუფე შიოს მოწამვლაზე ინფორმაციას შესაძლოა, ჰქონდეს ნაწილობრივი საფუძველი”- ანდრია ჯაღმაიძე

მეუფე შიოს მოწამვლაზე ინფორმაციას შესაძლოა, ჰქონდეს ნაწილობრივი საფუძველი, რადგან სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების დაშვებულზე მეტი შემცველობა აღმოჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მეუფე შიო მუჯირის მდგომარეობა ნორმალურია და ყველა პროცესშია ჩართული, რაც მის ყოველდღიურ სამუშაოს უკავშირდება.

„ნაწილობრივ შეიძლება, საფუძველი ჰქონდეს იმ ინფორმაციას, რაც გავრცელდა. ჩვენ გვაქვს ფაქტი, რომ მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების დაშვებულზე უფრო მეტი შემცველობა. სხვა დაზუსტებით რაიმეს თქმა დღეისთვის რთულია. მეუფე შიოს მდგომარეობა არის ნორმალური, მუშაობს, ყველა პროცესშია ჩართული, რაც მის ყოველდღიურ სამუშაოს უკავშირდება. ეჭვებისა და რაღაც ვარაუდების გამოთქმა არ მგონია, ახლა მიზანშეწონილი იყოს. უნდა დაველოდოთ, შემდგომი დაკვირვება და კვლევა რას მოგვცემს. ახლა რაც უნდა ვთქვა, ყველაფერი იქნება ვარაუდები და ეჭვები. მთავარია, რომ ორი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, ერთია, შეიძლება, იყოს ყოფითი რაიმე შემთხვევა, თუმცა არ არის გამორიცხული, იყოს ჩარევაც და როგორც თქვეს, შესაძლოა, ვიღაცის ინტერესში იყოს მისი ავადმყოფობა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 ივლისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5969 ლარი ეღირება, ევრო – 2.8270 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3162 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6019 ლარი ღირდა, ევრო – 2.8316 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3057 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 7 ივლისს ამოქმედდება.

“ევროპული ქვეყნები მზად არიან უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის, ზელენსკი კი უკიდურეს პოზიციას იკავებს” – ლუკაშენკო

„ევროპული ქვეყნები მზად არიან უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის, ზელენსკი კი უკიდურეს პოზიციას იკავებს“, –  ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ახლა უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები. ევროპული ქვეყნები და პირველ რიგში საფრანგეთი, მზად არიან უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის. ზელენსკის პოზიციაა, იბრძოლოს ტერიტორიების გათავისუფლებისთვის თუნდაც ბოლო უკრაინელამდე, აშშ-ის პოზიცია კი შუალედურია, კონტრშეტევის შემდეგ ისინი მზად იქნებიან მოლაპარაკებისთვის“, – აცხადებს ლუკაშენკო.

მისი თქმით, ბელარუსისა და რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია უკრაინის დასავლეთი ტერიტორიების პოლონეთის ან სხვა დასავლური ქვეყნების მიერ დაკავების შესაძლებლობა.

„ჩვენ განვიხილეთ ეს თემა რუსეთის პრეზიდენტთან – სრული ურთიერთგაგებაა. ეს არის ძალიან საშიში გზა უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციისთვის. თუ მათ აქვთ სურვილი, შეიჭრან უკრაინის ტერიტორიაზე და დაიბრუნონ „ისტორიული ტერიტორიები“, ეს ჩვენთვის მიუღებელია“, – დასძენს ბელარუსის ლიდერი.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ივლისს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქსანი, ძეგვი, ქსოვრისი, ქანდა, 12:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში: მუხრანი, ვარდისუბანი, ქსოვრისი, ძველი ქანდა, ბურიანი, ხოლო 15:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში: ციხისძირი, ქანდა, ძველი ქანდა, პატარა ქანდა, მუხრანი, ქსანი, წიწამური.

„ 11:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭოპორტი, დავათი, მაღრანი, ნოკორნა, წითურები, ქვემო ღარისწყალა, ქერიაანთკარი, ნოჯა, კოშკასყელი, ლაშარის ჯვარი, ქვეშეთი, მლეთა, ამირნი, მანასეული, გოგნაური, ბედონი, სეფე და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 17:00 საათამდე დენი გაეთიშება აბონენტებს დაბა სტეფანწმინდაში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, გაიბოტენი, გარბანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ვაპირებთ ამ ქვასროლია „პუტინისტებს“ კუდით ქვა ვასროლინოთ” – ლევან ხაბეიშვილი

ჩვენ არაფრის გვეშინია. მოვუწოდებ საზოგადოებას, კარგად დაფიქრდეს, რა ძალასთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანები არ გვაცდიან მოქალაქეებთან შეხვედრას, ეს ხალხი გადასულია ძალადობაზე და ეს არის ბოლო ჟამი და ეს ბოლო ჟამი დადგა მას შემდეგ და ისტერიკა დაიმართეს მას შემდეგ, რაც მთავარმა ანტიპუტინისტმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის ერთვება პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საგარეჯოში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილმა ის პირები დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, ინციდენტის ორგანიზატორები და მონაწილეები იყვნენ.

„ამ ქვებს დღეს პენსიონერებს ვინ ესროდა? უნდათ წარმოაჩინონ, რომ ხალხი. რა ხალხი? ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული “ტიტუშკები”. „ნასედკა“ ნომერი ერთი – საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლექსო იოსელიანი, რომელიც იყო ორგანიზატორი ამ ქვების სროლის. „ნასედკა“ ნომერი ორი – საგარეჯოს საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ვანო ბეჟიაშვილი. სუს-ის “ნასედკა” ნომერი სამი – ვეფხია უსტიაშვილი, საგარეჯოს საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე, ახალგაზრდა რუსი „პუტინისტი“, ღარიბაშვილის და კობახიძის გაგრძელება. ირაკლი რუაძე, საგარეჯოს საკრებულოს წევრი. ეს არის ის 4 ადამიანი, რომელთა იდენტიფიცირებაც 40 წუთში მოვახერხეთ. ჩვენ არაფრის გვეშინია. მოვუწოდებ საზოგადოებას, კარგად დაფიქრდეს, რა ძალასთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანები არ გვაცდიან მოქალაქეებთან შეხვედრას, ეს ხალხი გადასულია ძალადობაზე და ეს არის ბოლო ჟამი და ეს ბოლო ჟამი დადგა მას შემდეგ და ისტერიკა დაიმართეს მას შემდეგ, რაც მთავარმა ანტიპუტინისტმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის ერთვება პოლიტიკაში. დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, მოსახლეობასთან ერთად ჩვენ ვაპირებთ აი, ამ ქვასროლია „პუტინისტებს“ კუდით ქვა ვასროლინოთ პოლიტიკურად და მოვაშოროთ საქართველოს ხელისუფლებას. ყველამ კარგად იცოდეთ, გავაგრძელებთ შეხვედრებს, რისიც ასე ეშინიათ. თუ უნდა ჩავსულიყავი 150 სოფელში, ქალაქში, მუნიციპალიტეტში და რაიონში, ახლა ჩავალ 240-ში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს, რომლებიც პენსიონერებს ხვდებოდნენ საგარეჯოში, სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მამაკაცს, რომელმაც მეუღლეს 33 ჭრილობა მიაყენა პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ივლისს, თბილისში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, ჩაქუჩით და სახრახნისით სხეულის სხვადასხვა არეში 33 ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის „კ” და „მ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სახალხო დამცველმა „ვოლტის“ კურიერების მიმართ, განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

სახალხო დამცველმა „ვოლტის“ კურიერების მიმართ, შრომით ურთიერთობაში, განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა.

კერძოდ, როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2023 წლის 4 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა პლატფორმა „ვოლტ ჯორჯიას“ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო განხორციელებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, კომპანიამ ორ კურიერს პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრისა და სხვა საპროტესტო აქტივობების გამო, აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა.

საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოების მიერ შემუშავებულ უახლეს სტანდარტებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პლატფორმის მეშვეობით მომუშავე კურიერები, მიუხედავად „პარტნიორის“ სტატუსისა, კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები არიან და შესაბამისად, მათ შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე გარანტიებით სარგებლობის უფლება აქვთ.

„ამასთან, სახალხო დამცველმა დისკრიმინაციულად შეაფასა „ვოლტ ჯორჯიას“ მიერ სხვა, 142 კურიერისთვის გაგზავნილი სმს შეტყობინება, რომლითაც კომპანია მათ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა „ვოლტ ჯორჯიას“ მიმართა, რომ დაუყოვნებლივ აღუდგეთ კურიერებს აპლიკაციაზე წვდომა; მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება კომპანიაში.

სახალხო დამცველმა, პლატფორმის მეშვეობით მომუშავე პირების საქმიანობა შრომით ურთიერთობად პირველად „ბოლტის“ (Bolt Food) კურიერების საქმეზე შეაფასა, ხოლო მოგვიანებით იგივე სტანდარტები ასახა „გლოვოს“ მიმართ გაცემულ რეკომენდაციაში.

აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციის მიღების შემდეგ, „გლოვომ“ დისკრიმინაციის მსხვერპლ კურიერს აპლიკაციაზე წვდომა აღუდგინა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ხაბეიშვილის საქმიანობა მიმართულია დაძაბულობის კერების შექმნისკენ” – ირაკლი ქადაგიშვილი

ხაბეიშვილის საქმიანობა მიმართულია დაძაბულობის კერების შექმნისკენ, რაც პოლარიზაციის სურათის წარმოჩენას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი მოუწოდებს ლევან ხაბეიშვილს, პროვოკაციების მოწყობისგან თავი შეიკავოს.

ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, შუღლი და დაპირისპირება ხელისუფლების ინტერესებში არ შედის.

„ყოველგვარი ექსცესი, რომელიც წარმოიშობა, ხელისუფლების ინტერესში არ შედის, რადგან ეს ხელს უწყობს შუღლისა და დაპირისპირების გაღვივებას. შემდგომში ეს გამოიყენება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელ ფაქტორად, როგორც პოლარიზაციის არგუმენტად. ამაში ხელისუფლება დაინტერესებული არ არის. ხაბეიშვილის საქმიანობისა და პოლიტიკური არტიკულაციის სტილი მიმართულია იმისკენ, რომ კონფლიქტის, დაძაბულობის კერები შექმნას, რაც პოლარიზაციის სურათის წარმოჩენას ემსახურება. ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარედ მოყვანის მიზანი იყო, მელიასგან განსხვავებით, მრავალი პროვოკაცია განეხორციელებინა. მოვუწოდებ, პროვოკაციებისგან თავი შეიკავოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღეს საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსა და პარტიის წევრებს ადგილობრივები დაუპირისპირდნენ. დაახლოებით ერთი კვირის წინ ლევან ხაბეიშვილის მოქალაქეებთან შეხვედრას დაპირისპირება მოჰყვა კასპშიც.