Home Blog Page 1752

“საქართველო გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდს გადის, ჩვენი ვალია, ეს ეტაპი სიბრძნითა და მოთმინებით გავიაროთ” – პრემიერი

​ფრანკოფონიის საპატიო საპარლამენტო ასამბლეის თბილისში მიღება პრივილეგია და დიდი სიხარულია. საქართველოსთვის ეს პატივია და მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, ამ სესიის ორგანიზატორებს, არჩეულ წარმომადგენლებს საზოგადოების ყველა მიმართულებიდან, სხვადასხვა კონტინენტიდან და ასევე ჩვენს დეპუტატებს, რომლებსაც ჰქონდათ შესანიშნავი იდეა, ეს სხდომა ჩატარებულიყო თბილისში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს, ამ ცნობილ ასამბლეაში დამკვირვებელ ქვეყანას, დიდწილად განზოგადებული ფრანკოფილიის გარდა, ფრანკოფონიის ხანგრძლივი და მდიდარი ტრადიცია აქვს.

„საქართველოს ფრანგულენოვანი ოჯახი, რომლის ნაწილიც ვარ და ვამაყობ ამით, მიუხედავად მისი შედარებით მოკრძალებული ზომისა, უდავოდ არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ენთუზიაზმით სავსე და დინამიური. საფრანგეთში სწავლის შემდეგ, ფრანგული ენა ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ხელმძღვანელობას და გენერალურ სამდივნოს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის წევრებს იმ გამორჩეული ჯილდოსთვის, რომლითაც თქვენ პატივი დამდეთ გუშინ. პლეადის ორდერი უფრო მეტად მავალდებულებს, რომ ჩემს ქვეყანაში ფრანგული ენის სწავლებას ხელი შევუწყო, რათა „ფრანგული სიტყვები პლეადის ვარსკვლავებივით ათას შუქად ანათებდნენ“.

საქართველოში ნახავთ ინტერესს, უპირობო სიყვარულს ფრანგული და ფრანკოფონიური ლიტერატურის მიმართ. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ბევრს კითხულობენ, სადაც ბევრი წიგნი ითარგმნება, სადაც წიგნს აფასებენ. ამ კუთხით მინდა ხაზი გავუსვა ქართველი ფრანკოფონების, კერძოდ, ფრანგული რენესანსის ქართული დელეგაციისა და მისი პრეზიდენტის, საქართველოს ფრანკოფონიის და ზოგადად ფრანკოფონიის საყრდენის, ქ-ნი მზაღო დოხტურიშვილის მოღვაწეობის მნიშვნელობას. ემერიტუსის პროფესორი, სამეცნიერო და კულტურული ფრანკოფონიის ძალიან ერთგულია. ფრანგულენოვანი ოჯახის შეკრების შემდეგ, დაწესდა ქართული გონკურის პრემია ქართველი მკითხველის მიერ შერჩეული ფრანგულენოვანი ავტორების დასაჯილდოებლად. ამასთან, გამოცემა Agora – სპეციალიზირებულია ფრანგულენოვანი ნაწარმოებების ქართული თარგმანების რედაქტირებაში, ისევე როგორც ყველა სხვა გამომცემლობასა და სკოლაში, უნივერსიტეტებში, რომლებიც ეძღვნება ფრანგული ენის პოპულარიზაციას და განვითარებას, ფრანგული სკოლა – მთავარი სახლი და ემბლემური ადგილია ფრანგულენოვანი ადამიანებისთვის, უფრო მეტიც, ჩემი შვილები იქ სწავლობენ, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი ოჯახური ტრადიცია ფრანგულენოვანი სამყაროს შესახებ.

ჩვენი ხელოვანები, კინორეჟისორები და მეცნიერები, ისევე როგორც ჩვენი უახლესი წარსულიდან ამ სფეროების წარმომადგენელი დიდებული ადამიანები, ინარჩუნებენ ძალიან მჭიდრო კავშირებს საფრანგეთთან და ფრანგულენოვან სამყაროსთან, ჩამოაქვთ ცოდნა საქართველოში და აცნობენ მას საზღვარგარეთ. ასევე, ვემზადებით პარიზის წიგნის საერთაშორისო ბაზრობისთვის, სადაც საქართველო იქნება საპატიო სტუმარი ერთ-ერთ მომდევნო გამოცემაზე და წარადგენს თავისი ლიტერატურის, პოეზიისა და კულტურის საგანძურებს ფრანგულ ენაზე.

ჩვენმა მთავრობამ დააწესა სტიპენდიები ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ განათლება მიიღონ ფრანგულ და ფრანგულენოვან უნივერსიტეტებში, ჩვენ მათ ამის საშუალებას ვაძლევთ საფრანგეთის მთავრობასთან ერთად, თბილისში მათი საელჩოს მეშვეობით. განათლების საერთაშორისო ცენტრი გულდასმით ირჩევს სწავლისა და ტრენინგის მსურველ ახალგაზრდა კანდიდატებს, რათა მათ შემდეგ შეძლონ დიდ უნივერსიტეტებში და საერთაშორისო სკოლებში შეძენილი ცოდნა საქართველოს საკეთილდღეოდ გამოიყენონ. ამ კონტექსტში, მინდა, მადლობა გადავუხადო ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის.

გასულ წელს ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას AUF-სა და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის საქართველოში უმაღლესი განათლებისა და კვლევის განვითარებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. ამ ჩარჩო შეთანხმების მეშვეობით, სამინისტრო, AUF-თან ერთად, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების, კვლევებისა და ფრანგულენოვანი ინოვაციების განვითარებას. ეს შეთანხმება არის იმის კარგი მაგალითი, რომ ჩვენი მთავრობა მზად არის, განავითაროს სამეცნიერო ფრანკოფონია იმ ექვსი ქართული უნივერსიტეტის სასარგებლოდ, რომლებიც AUF-ის წევრები არიან. AUF-ის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები და მკვლევარები მონაწილეობენ საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებში ფრანკოფონიის წევრ ქვეყნებთან.

გარდა ამისა, მიმდინარეობს კიდევ ერთი სასწავლო პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციას (OIF) შორის „ეროვნული ფრანკოფონური ინიციატივების (IFN)“ პროგრამის ფარგლებში – ქართველი დიპლომატების სასწავლო პროგრამა ფრანგულენოვანი დიპლომატების კორპუსის გასაძლიერებლად.

იმედი მაქვს, რომ ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოს აღზევებას ფრანგულენოვან ოჯახში, ფრანგულის სწავლების გაძლიერებას ქართულ სკოლებში და ამით ამ ენის უფრო ხშირ გამოყენებას დიპლომატიასა და პოლიტიკურ წრეებში. ფრანკოფონია, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც შედგება ქალებისა და მამაკაცებისგან, რომლებმაც იციან მშვიდობის, თავისუფლებისა და სოლიდარობის ღირებულებების მნიშვნელობა; თქვენ ჩვენ გადმოგვცემთ ჩვენთვის ძვირფას ღირებულებებს. განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში მთელი მსოფლიოსთვის. საქართველო ამჟამად გადის დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდს, ამიტომ ჩვენი ვალია გავიაროთ ეს ეტაპი სიბრძნით და მოთმინებით, ვიყოთ ფხიზლად, ვიმოქმედოთ გონიერებითა და წინდახედულებით, ვიზრუნოთ მშვიდობის შენარჩუნებაზე და მივცეთ ქვეყანას განვითარების შესაძლებლობა, რათა დაკმაყოფილდეს ჩვენი მოსახლეობის მოლოდინები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რუსთაველის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქართული საბავშვო ლიტერატურა: „დედაენიდან“ სალამურამდე“ წარდგენა გაიმართა

გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ქართული საბავშვო ლიტერატურა: „დედაენიდან“ სალამურამდე“ პრეზენტაცია. პროექტის მიზანია ქართველი საბავშვო მწერლების, მათი შემოქმედების წარმოჩენა – პოპულარიზაცია როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მასშტაბით. კონკურსის ფარგლებში შექმნილი სამეცნიერო-შემეცნებითი ფილმები ფართო საზოგადოებას გააცნობს იმ ქართველი ავტორების ცხოვრებასა და შემოქმედებას, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის განვითარებაში: იაკობ გოგებაშვილს, აკაკი წერეთელს, ვაჟა-ფშაველას, შიო მღვიმელს, ეკატერინე გაბაშვილს, რევაზ ინანიშვილს, ოტია იოსელიანსა და ნოდარ დუმბაძეს.

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ერეკლე ასტახიშვილმა ისაუბრა ფონდის პრიორიტეტებზე, მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის მნიშვნელობაზე, რომლის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში; მან აღნიშნა, რომ ფონდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ სამეცნიერო პროექტების მხარდაჭერას, რომელთა მიზანი ქართული მწერლობის, განსაკუთრებით კი ქართული საბავშვო მწერლობის პოპულარიზაციაა.

პროექტის ხელმძღვანელმა, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) პრეზიდენტმა, პროფესორმა ირმა რატიანმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული პროექტი რიგით მესამეა მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტის ფარგლებში, რომელიც ლიტერატურის ინსტიტუტმა ბოლო სამი წლის განმავლობაში შეასრულა: „პროექტი ორიენტირებულია ქართულ საბავშვო მწერლობაზე, „კეთილ ლიტერატურაზე“, სხვადასხვა თაობის წამყვანი ქართველი ლიტერატურათმცოდნეები ჰყვებიან კლასიკოსი საბავშვო მწერლების ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ“.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მაკა ელბაქიძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ზაქარია ქიტიაშვილმა, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის წარმომადგენელმა, ლეილა ზაბახიძემ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველმა, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჭალაგანიძემ და სხვებმა.

პროექტის წარმდგენი ორგანიზაციებია კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი; თანამონაწილე და თანადამფინანსებელი ორგანიზაცია კი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

თიბისი დაზღვევის ახალი, პრემიუმ სამოგზაურო პაკეტი

თიბისი დაზღვევამ სამოგზაურო დაზღვევის ახალი, პრემიუმ პაკეტი შექმნა, რომელიც გაუმჯობესებული პირობებით ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობას მეტად ლაღსა და საიმედოს გახდის.

თიბისი დაზღვევამ პრემუმ პაკეტი მომხმარებლების კიდევ მეტ საჭიროებას მოარგო – მისი ჯამური ლიმიტი 85 000 €/$-მდეა გაზრდილი და სრულად უფრანშიზოა ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობისას. ხოლო დაფარვები, რომლებიც დამატებით შეგიძლიათ აირჩიოთ, სტანდარტულ პაკეტთან შედარებით ბარგისა და პასპორტის დაკარგვის, მოგზაურობის გადადება/გაუქმების ხარჯებს ორმაგი ლიმიტით, 1 000 €/$-ით ანაზღაურდება.

პრემიუმ პაკეტით სარგებლობისას სანერვიულო არაფერია მაშინაც კი, თუ უცხო ქვეყანაში სამოყვარულო სპორტული აქტივობისას რაიმეს დაიზიანებ ან რაიმე მიზეზით მედიკამეტების შეძენა და ამბულატორია დაგჭირდება, რადგან ახალი პაკეტი ასეთ ხარჯებსაც ფარავს.

„როცა სტანდარტული პაკეტის გაუმჯობესებაზე ვფიქრობდით, ვცადეთ გაგვეხსენებინა ყველა ის დეტალი, რომელიც მოგზაურებს დამატებით საფიქრალს უჩენს ხოლმე. როცა დაზღვევა ზურგს არ გიმაგრებს, შესაძლოა უარი თქვა ისეთ გამოცდილებებზე, როგორიცაა სერფინგი, ეგზოტიკური კერძის გასინჯვა, რაიმე ადგილის მონახულება. იმისათვის, რომ მოგზაურობისას ჩვენს მომხმარებელს საკუთარი თავისთვის მეტის უფლების მიცემა შესძლებოდა და სახლში მსუყე მოგონებებით დაბრუნებულიყო, პრემიუმ პაკეტში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაფარვა შევიტანეთ,” – თიბისი დაზღვევა.

პრემიუმ სამოგზაურო დაზღვევის დეტალური პირობების ნახვა და პოლისის შეძენა თიბისი დაზღვევის ვებ გვერდზე შეგიძლიათ.

R

“ვაკეთებთ ყველაფერს, რომ შევასრულოთ რეკომენდაციები” – პრემიერი

ვცდილობთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომელიც მოგვცა ევროკომისიამ და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ ამ სტატუსს, საქართველო გაერთიანდება ევროპულ ოჯახში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლიდან, მიზნად დაისახა ევროინტეგრაცია ევროპულ ინსტიტუტებში.

„საპარლამენტო ასამბლეა შედგება ადამიანებისგან, ქალებისა და კაცებისგან, რომელთაც აერთიანებთ თავისუფლების, სოლიდარობის ღირებულებები. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამ ღირებულებების მატარებლები ხართ და ეს ღირებულებები ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პერიოდში, რომელშიც ახლა მსოფლიო იმყოფება. საქართველო, თავის მხრივ, გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაა ეს ეტაპი მოთმინებით, გონიერებით გადავლახოთ, ვიყოთ განმჭვრეტნი, შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანას საშუალება მივცეთ განვითარდეს. ასევე, პასუხი გაეცეს იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვს ჩვენს მოსახლეობას. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლიდან, მიზნად დაისახა ევროინტეგრაცია ევროპულ ინსტიტუტებში, ამ გზას ჩვენ დიდი სიმტკიცით, ენთუზიაზმითა და დიდი სურვილით მივუყვებით. ამ ეტაპზე, ევროკომისიის გადაწყვეტილებას ველოდებით იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ვცდილობთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ მოგვცა ევროკომისიამ და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ ამ სტატუსს, საქართველო გაერთიანდება ევროპულ ოჯახში. საქართველომ უამრავი რეფორმა განახორციელა, საქართველო იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ბიუროკრატია მაქსიმალურად იყოს შემცირებული, ხელს ვუწყობთ ბიზნესის განვითარებას, ფისკალური პოლიტიკა ხდება მიმზიდველი. ამ ასამბლეებისთვის საქართველო არის ნამდვილად კარგი პარტნიორი. მინდა გითხრათ, რომ ერთად მივიღებთ მონაწილეობას მსოფლიო უსაფრთხოების გაძლიერებაში. მინდა დაგიდასტუროთ, რამდენად დიდი პატივია ჩემთვის და რამდენად დიდი სიამოვნებაა ამ ისტორიულ შეკრებაში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ, ოჯახის წევრებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. ახლობელი ადამიანებისგან მიიღებთ ფსიქოლოგიურ დახმარებას, რომელიც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. ნათესავებისგან სასიამოვნო სიახლეებს უნდა ელოდოთ. ეცადეთ საუბრის დროს მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ. მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ სახლის კომფორტით დატკბეთ.

კურო

ეცადეთ, მოქმედების დროს მეტი სიფხიზლე გამოიჩინოთ. მზად იყავით, რომ შეიძლება კონფლიქტი თქვენ სასარგებლოდ არ გადაწყდეს. დღე მშვენივრად ჩაივლის, მაგრამ საკუთარი თავით მაინც უკმაყოფილო დარჩებით. იქნებ ჯობს, სხვა სახის საქმიანობაზე გადაერთოთ ან, უბრალოდ, საკუთარ ნაკლოვანებების გაზვიადებას თავი დაანებოთ?

ტყუპები

ეცადეთ, კოლეგებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას ემოციები აკონტროლოთ. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი ემოციურობა შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ეცადეთ ძველი წყენა დაივიწყოთ და პოზიტიურად იაზროვნოთ. მშვენიერი დროა ახალი აღმოჩენებისთვის.

კირჩხიბი

ამ დღეს ფეხით სეირნობას ან ექსკურსიაზე წასვლას უნდა მოერიდოთ. ფრთხილად იყავით, ვიღაც თქვენთვის ყალბი ინფორმაციის გადმოცემას ცდილობს, ამიტომ ნებისმიერი ცნობა რამდენჯერმე უნდა გადაამოწმოთ. მშვენიერი დღეა იოგისა და მედიტაციისთვის. პროფესიულ და შემოქმედებით საქმიანობაში ახალ შესაძლებლობებს უნდა ელოდოთ.

ლომი

ამ დღეს განსაკუთრებით თავშეკავებული და მომთმენი უნდა იყოთ. როგორც პარტნიორებთან, ასევე საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებს გამოცდა ელის. ეცადეთ, ენერგია უსარგებლო საქმეებზე არ გაფლანგოთ – ჯერჯერობით ახალ პროექტებსა და მნიშვნელოვან გარიგებებზე უარი უნდა თქვათ.

ქალწული

ამ დღეს თავს დაღლილად და გამოფიტულად გრძნობთ. შესაძლოა, საკუთარი პარტნიორის შესახებ უსიამოვნო ჭორი გაიგოთ. სანამ ინფორმაციის სიმართლეში არ დარწმუნდებით, გულთან ახლოს არ უნდა მიიტანოთ. კარგი იქნება, თუ საღამოს ოჯახთან ერთად გაატარებთ. ეს განტვირთვასა და ეჭვების დაძლევაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ამ დღეს ბედი თქვენს ნებისყოფას გამოცდას მოუწყობს. მთავარია, იაქტიუროთ და შექმნილ ვითარებას რაც შეიძლება სწრაფად მოერგოთ. გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო შეიძლება გეგმები ჩაგეშალოთ. ამ დღეს ყველა შენაძენი წარმატებული იქნება, მაგრამ ეცადეთ, ბევრი ფული არ დახარჯოთ.

მორიელი

წარმატებული დღეა. ეცადეთ, საკუთარი რესურსები და პარტნიორის შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ, თორემ სირთულეებს თავიდან ვერ აიცილებთ. ოჯახის წევრებთან ერთად დასვენება ენერგიით და ოპტიმიზმით აგავსებთ.

მშვილდოსანი

ემოციური ფონი და ფსიქოლოგიური დაძაბულობა საშუალებას არ გაძლევთ, რომ სამსახურში მნიშვნელოვან პრობლემებს გაუმკლავდეთ. ნუ ენდობით ყველაფერს, რასაც მეგობრები გეუბნებიან. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ფსიქოემოციურ მდგომარეობას.

თხის რქა

ამ დღეს გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული და ნუ გასცემთ დაპირებებს, რომლებიც შეიძლება ვერ შეასრულოთ. ხანდაზმული თხის რქები შეიძლება ხანმოკლე მოგზაურობაში გაემგზავრონ.

მერწყული

ფრთხილად იყავით, რათა მტრულად განწყობილი ადამიანის გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ და მოქმედებას დაიწყებთ, კარგად შეამოწმეთ, თქვენი მოქმედება კანონიერია თუ არა. შესაძლოა, საკუთარი დაუდევრობის გამო ტრავმა მიიღოთ.

თევზები

ამ დღეს ხალხმრავალ ადგილებს უნდა მოერიდოთ. გამორიცხული არ არის, რომ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ ან არასასურველი ადამიანები მიიზიდოთ. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში ოპტიმისტური განწყობა შეინარჩუნოთ. კონკურენტების ირონიულ შენიშვნებს ყურადღება არ მიაქციოთ.

აბსოლუტურად უდანაშაულო ვარ, ბოლომდე დავიცავ ჩემს სიმართლეს – გიორგი ბაჩიაშვილი

დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულმა, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ თავისი სიმართლის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს.

„ერთადერთს განვაცხადებ რომ აბსოლუტურად უდანაშაულო ვარ. არანაირი აქტი, რომელიც აქ ნახსენები იყო, არ ჩამიდენია და შესაბამისად ბოლომდე დავიცავ ჩემს სიმართლეს.

ჟურნალისტის კითხვაზე რას უკავშირებს გამოძიების დაწყებას, ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ არ იცის.

„არ ვიცი, მეც გაოგნებული ვარ. 8 წლის შემდეგ როგორ შეიძლება? ქვეყანაში ჩამოვედი 3 კვირის წინ, დატოვება რომ მდომებოდა საერთოდ არ ჩამოვიდოდი“, – აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

 ბაჩიაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2 500 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. 

“საქართველოს ომში ჩართვა მთავარი ამოცანაა და ამ ამოცანისთვის იყენებენ სააკაშვილისაც”- სოზარ სუბარი

„საქართველოს ელჩი იყო ერთ-ერთი გამონაკლისი ელჩთაგანი, რომელსაც ერთი წუთი არ დაუტოვებია უკრაინა, ერთი წუთით არ მოუცლია ფეხი კიევიდან, როდესაც იქ იყო ძალიან სერიოზული საფრთხე, რომ თავდასხმა შეიძლება მომხდარიყო, შეიძლებოდა დაცემულიყო კიევი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ ჩართვისას ისაუბრა.

როგორც სუბარი აღნიშნავს, როდესაც კიევზე თავდასხმა იყო მოსალოდნელი, ყველა ქვეყნის საელჩო დატოვა კიევი საქართველოს საელჩოს გარდა და დღეს ასეთი ნაბიჯი ზელენსკის მხრიდან მიერ ელჩის მიმართ გამაოგნებელია.

„ბრალდებები გვესმის უკვე ომის დაწყების პირველი დღიდან, თუმცა მარტო ბრალდებებით არ შემოიფარგლა სამწუხაროდ ყველაფერი და გადაიდგა რამდენიმე ძალიან არამეგობრული ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს მიმართ. ბოლო ნაბიჯი იყო საქართველოს ელჩის პირდაპირ ვიტყვი, გამოძევება უკრაინიდან. ეს ის ელჩია, ის ერთ-ერთი გამონაკლისი ელჩთაგანი, რომელსაც ერთი წუთი არ დაუტოვებია უკრაინა, ერთი წუთით არ მოუცლია ფეხი კიევიდან, როდესაც იქ იყო ძალიან სერიოზული საფრთხე, რომ თავდასხმა შეიძლება მომხდარიყო, შეიძლებოდა დაცემულიყო კიევი. ყველა ქვეყნის საელჩომ დატოვა კიევი, თუმცა საქართველოს საელჩოს არცერთ თანამშრომელს და პირადად ელჩს არ დაუტოვებიათ საელჩო. დღეს ასეთი ნაბიჯი მის მიმართ გამაოგნებელია, ისევე, როგორც გამაოგნებელი იყო თავის დროს საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ არ მივეცით უფლება საქართველოდან მოხალისეებს, რომ სპეციალური თვითმფრინავივით გაფრენილიყვნენ უკრაინაში. გასაგებია, რომ მოხალისის ჩასვლას ვისაც ომში წასვლა უნდა ერთი დღეც კი არ სჭირდებოდა, ნახევარი დღეში ეს იყო შესაძლებელი.

არცერთი ქვეყანა არ აგზავნის მსგავსი თვითმფრინავით მოხალისეებს იმიტომ, რომ ეს ნიშნავს პრაქტიკულად ომში ჩართვას. სწორედ ეს იყო იმ ადამიანის სურვილი, ვინც ელჩის გაიწვია თავის დროზე და ელჩს ზელენსკის გარდა ვერავინ გაიწვევდა, განცხადებაც პირადად მან გააკეთა.

ახლაც ეს ერთადერთი მიზეზია – საქართველოს ომში ჩართვა მთავარი ამოცანაა და ამ ამოცანისთვის იყენებენ სააკაშვილისაც. ამ ამოცანისთვის მოდის ბრალდებებიც საქართველოს წინააღმდეგ, თითქოს საქართველო გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის დასანქცირება  ქართული ავიაკომპანიის და მისის ხელმძღვანელის იმისთვის, რომ რატომ აღდგა რუსეთთან ფრენები.

თუმცა, თავისუფლად დაფრინავენ თვითმფრინავები ჩვენს მეზობელ სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, აღარ ვლაპარაკობ უფრო შერეულ ქვეყნებზე, როგორიც არის ჩინეთი, ინდოეთი თუ სხვა და არავის მოსვლია აზრად დაესანქცირებინა რომელიმე ავიაკომპანია, ან რომელიმე ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, მაინც და მაინც საქართველოზე ატეხეს მსგავსი გნიასი. ეს არის ჩვეულებრივი მტრული ნაბიჯები საქართველოს მიმართ გადადგმული. ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ცალმხრივ მეგობრობას – ცალმხრივი და უიმედო სიყვარული გამიგია და მეგობრობა არ არსებობს ცალმხრივი. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

“ოფიციალურად ვინ მართავს მიხეილ სააკაშვილის fb გვერდს, იცით ვინმემ?”- ინგა გრიგოლია

ოფიციალურად ვინ მართავს მიხეილ სააკაშვილის fb გვერდს, იცით ვინმემ? საღლიცინოდ არ ვწერ. მართლა მაინტერესებს, ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე. – ამ ის შესახებ ტვ “პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას

სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 2 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა

დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2 500 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

გირაოს შეტანის ვადად მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 30 დღე განსაზღვრა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ცვლილებით დააკმაყოფილა. პროკურატურა გირაოს სახით სამი მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვდა.

ამასთან, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ბრალდების მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე. ასევე, ბაჩიაშვილს დაევალა კუთვნილი, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო ორგანოსთვის ჩაბარება.

სასამართლოს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. როგორც ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

“ზახაროვამ არაერთხელ განაცხადა, რომ ზელენსკი ჩემს ბედს გაიზიარებს”-სააკაშვილი

ზახაროვამ არაერთხელ განაცხადა, რომ ზელენსკი ჩემს ბედს გაიზიარებს – არის რამე კითხვა რატომ მკლავენ?! – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ზახაროვამ არაერთხელ განაცხადა, რომ  პრეზიდენტი ზელენსკი მომავალში ჩემს ბედს გაიზიარებს. მედვედევი და ლავროვი ერთი და იგივეზე საუბრობენ. არის რამე კითხვა რატომ მკლავენ?!“ – წერს სააკაშვილი.

“თუ რამე ეჭვგარეშეა, მისი სრულიად გამორჩეული ნიჭიერება და უმაღლესი კლასის დასავლური განათლებაა”-გვარამია ბაჩიაშვილზე

თუ რამე ეჭვგარეშეა, მისი სრულიად გამორჩეული ნიჭიერება და უმაღლესი კლასის დასავლური განათლებაა – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელზე გიორგი ბაჩიაშვილზე.

გვარამის მიიჩნევს, რომ გიორგი ბაჩიაშვილისთვის ბრალის წარდგენა საინტერესო სიმპტომი და მნიშვნელოვანი ინდიკატორია ივანიშვილის თავს და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესების.

„გიორგი ბაჩიაშვილისთვის ბრალის წარდგენა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სიმპტომი და მნიშვნელოვანი ინდიკატორია ივანიშვილის თავს და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესების. ივანიშვილის ოლიგარქიული პირამიდის შიგნით ამ მასშტაბის (ღია) ეროზია მე არ მახსენდება.
რაც შეეხება ბაჩიაშვილს, საქმის დეტალები არ ვიცი (ჯერ), მაგრამ თუ რამე ეჭვგარეშეა, მისი სრულიად გამორჩეული ნიჭიერება და უმაღლესი კლასის დასავლური განათლებაა.
ჩემთვის, ბაჩიაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა და ბევრად ზუსტი და რელევანტური დასკვნების გაკეთების საშუალებად მივიჩნევ, ვიდრე კობახიძის სულელური კაკაფონიის ანალიზია“ – წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.

“ჩემი პირადი ცხოვრება მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას”-სააკაშვილი

ჩემი პირადი ცხოვრება მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/809598333869099?ref=embed_post