Home Blog Page 1751

“საგამოძიებო უწყება დაგვიკავშირდა, თუმცა თავი შევიკავეთ, რაღაც ნიუანსები გვაქვს გასარკვევი” – ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოზე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საპატრიარქოს საგამოძიებო უწყება დაუკავშირდა, თუმცა „საპატრიარქომ თავი შეიკავა, რადგან გარკვეული ნიუანსია გასარკვევი“.

როგორც ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჯერად პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს კვლევის შედეგებს უცხოეთიდან ელოდებიან.

„ჩვენ ეს თემა არ გამოგვიტანია საჯარო მსჯელობის საკითხად. არ გამოგვიტანია, არც ვაპირებდით, იმიტომ, რომ ვაპირებდით გავრკვეულიყავით რასთან გვაქვს საქმე. შეიძლება ეს ყოფილიყო სრულიად ყოფითი საქმე, ამ პროცესში ვიყავით, რადგანაც მოხდა ამისი გახმაურება, შემდეგ უკვე შეკითხვებს გავეცით პასუხი. ნივთიერება, რომელიც სისხლში აღმოჩნდა, ყოფილა შემთხვევები, როცა გამოუყენებიათ ადამიანის მოსაწამლად. უცხოეთიდან ველოდებით კვლევის შედეგებს. საგამოძიებო უწყება დაგვიკავშირდა, თავი შევიკავეთ, იმიტომ, რომ რაღაც ნიუანსები გვაქვს გასარკვევი, მაგალითად, სამედიცინო ექსპერტიზა. ჩვენ რასაც ვფიქრობთ, იმას ვსაუბრობთ ხმამაღლა. მეუფე შიოს ჯანმრთელობა ნორმალურია, შრომისუნარიანი, არ აქვს შეზღუდვა საზოგადოებასთან ურთიერთობაზე“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან”

2022 წელს რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარებისა და ახალი გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობარ სახელმწიფოებთან მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელება, მათთან თანამშრომლობით უსაფრთხოების ცალკეულ მიმართულებებზე სამსახურის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებში, უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაზიარება. ამის შესახებ სუსი-ს ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე, ალექსი ბატიაშვილმა წარადგინა.

ანგარიშის თანახმად, სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, მიმდინარეობდა სტრატეგიულ მოკავშირეებთან სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა და კონკრეტულ მიმართულებებზე მჭიდრო კოორდინაცია, მათ შორის, კონტრდაზვერვის, ტერორიზმის, კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების კუთხით.

„უმნიშვნელოვანესი იყო აღნიშნულ სფეროებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა, როგორც პროფესიული განვითარების, ასევე ცალკეული დანაყოფების ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით. ამასთან, 2022 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სამსახურის თანამშრომლობა ნატოსთან და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) შესაბამისი ინიციატივების იმპლემენტაციის პროცესში მონაწილეობა. 2022 წელს სამსახურისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იყო უსაფრთხოებისა და სამართალდაცვით სფეროში ევროკავშირსა და მის სააგენტოებთან თანამშრომლობა, მათ შორის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში.

საანგარიშო წლის განმავლობაში სამსახური აქტიურად იყო ჩართული წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) განხორციელების პროცესში.

საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმატებით განაგრძობდა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, მათ შორის, „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის ინიციატივაში მონაწილეობას. 2022 წელს სამსახურმა ასევე მონაწილეობა მიიღო აშშ-ისა და გერმანიის მთავრობების ორგანიზებით გამართულ კონტრტერორისტულ სამართალდაცვით ფორუმში (CTLEF).

გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების კომპლექსურობიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან“, – აღნიშნულია ანგარიშში.

” სუს-ის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები და ანალიზი ზუსტია, თუმცა გეგონება „ქართული ოცნების“ ოფისში დაწერეს”

გულდასაწყვეტია, რომ ანგარიში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშია, გეგონება „ქართული ოცნების“ ოფისში დაწერეს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სუს-ის ანგარიშის კომენტირებისას აღნიშნა.

ელისაშვილის თქმით, დოკუმენტი „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერს ჰგავს, ვიდრე უსაფრთხოების სამსახურისას.

„ცხინვალსა და სოხუმზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში მეტ-ნაკლებად ადეკვატურია, მასში მოყვანილი ფაქტები და ანალიზიც სწორი და ზუსტია, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ ანგარიში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშია, გეგონება „ქართული ოცნების“ ოფისში დაწერეს. ზუსტი სახელმწიფოებრივი მიდგომა და ხედვა კი არ არის, არამედ არის „ქართული ოცნების“ ნარატივის ჩაკვეხება, თან ზოგ შემთხვევაში – უადგილოდ. რატომ აკეთებენ ამას, ვის მოსწონს ეს? ეს დოკუმენტი „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერს ჰგავს, ვიდრე უსაფრთხოების სამსახურისას. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ფაქტები სწორად არის დალაგებული, პროფესიონალის ხელი ეტყობა, მაგრამ არა – სახელმწიფო ჩინოვნიკების“, – განაცხადა ელისაშვილმა.

9 წლის ბიჭ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით მამინაცვლის მამა დააკავეს

რუსთავში, 9 წლის ბიჭ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით 60 წლამ­დე ასა­კის კაცი და­ა­კა­ვეს. ამის შესახებ ინ­ფორ­მა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და­ა­დას­ტუ­რეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გა­მო­ძი­ე­ბა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის, 126-ე პრი­მა მუხ­ლით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაცით, 9 წლის ბავ­შვი ეზო­ში მა­მი­ნაც­ვლის მა­მამ სცემა.

პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი და რამდენიმე თანამშრომელი დააკავა

საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე დააკავა.

როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პროკურორმა თამარ ვახანიამ განაცხადა, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიში.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ „საუნივერსიტეტო კლინიკის’’ ფინანსურმა დირექტორმა, საავადმყოფოს შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომლის ახლო ნათესავი შეარჩია და მასთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს მისცა უკანონო დავალება, რომ ძველი თარიღებით შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები შეედგინა.

აღნიშნულის საფუძველზე, 2020-2021 წლებში საუნივერსიტეტო კლინიკასა და ინდ.მეწარმეს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით კლინიკის ოთხი სართულის, 3 060 496 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეადგინეს და „საუნივერსიტეტო კლინიკას“ ყალბი მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც ინდ.მეწარმემ თითქოსდა შეასრულა 3 055 770.67 ლარის სამუშაოები, რის საფუძველზეც მას კლინიკიდან 2 618 849.07 ლარი ჩაერიცხა. სინამდვილეში კი, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საინჟინრო-სამშენებლო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, დადასტურდა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 2 475 003.03 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების აქტებში დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 580 767.64 ლარი შეადგინა, საიდანაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 143 846 ლარს და სცადეს დარჩენილი 436 921.60 ლარის დაუფლებაც.

ჩატარებული გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ 2021 წელს, „საუნივერსიტეტო კლინიკასა“ და „ნიუმშენს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, უნდა ჩატარებულიყო კლინიკის ცალკეული კომპონენტების 452 842.48 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომელმა და „ნიუმშენის“ დირექტორებმა დაამზადეს და „საუნივერსიტეტო კლინიკას“ წარუდგინეს ყალბი მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები, რომლითაც თითქოს შპს „ნიუმშენმა“ შეასრულა 452 842.48 ლარის სამუშაოები, რის საფუძველზეც კომპანიას 362 273.67 ლარი ჩაერიცხა. რეალურად, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საინჟინრო-სამშენებლო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა მხოლოდ 284 241.65 ლარს. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების აქტებში დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 168 600.83 ლარი შეადგინა, საიდანაც ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომელი და შპს „ნიუმშენის“ დირექტორები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 78 032.02 ლარს და სცადეს დარჩენილი 90 568.81 ლარის დაუფლებაც.

შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს და ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე) მუხლებით წარედგინათ. ასევე, საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს ბრალდება წარედგინა სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება).

ინდივიდუალურ მეწარმეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ბ“ ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარედგინა.

სამივე ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენისა და გამოვლენის მიზნით”, – განაცხადა თამარ ვახანიამ.

“საწყენია, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს არ უყურებს როგორც სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყანას”

ეს არის ელჩის გაძევება. იმ ფორმულირებას, რაც უკრაინამ გააკეთა, საერთაშორისო დიპლომატიური კანონმდებლობა და პრაქტიკა არ იცნობს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ძალიან საწყენია, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს არ უყურებს როგორც სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყანას და მიაჩნია, რომ საქართველო უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის მიერ შეთავაზებული სერვისების გამცემი ქვეყანა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

საქართველოს ელჩმა უკრაინა უკვე დატოვა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.

საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

საქართველოს, სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.

“მთავარია, კანდიდატის სტატუსი მოგვცენ და თუ უნდათ, ოპოზიციას მისცენ, მათ დაიბრალონ”

ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან სხვადასხვა დედაქალაქებში, ზეპირად ვიცით, რას საუბრობენ, როგორ „გულშემატკივრობენ“ საქართველოში სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და თუ უნდა ოპოზიციამ დაიბრალოს.

„კანდიდატის სტატუსი მოგვცენ და თუ უნდათ, ოპოზიციას მისცენ. ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან სხვადასხვა დედაქალაქში, ზეპირად ვიცით, რას საუბრობენ, როგორ „გულშემატკივრობენ“ საქართველოში სტატუსის მინიჭებას. თვითონაც მიდიან და საუბრობენ, როგორ არ ვარგა ჩვენი ქვეყანა, როგორ ცუდია ჩვენი ინსტიტუტები, როგორ გაუბედურებულია აქ სიტუაცია, ოღონდ იქნებ გადმოგვიგდოთ კანდიდატის სტატუსი, ამ დონეზე არიან დასულები. მთავარია, მოგვცენ და თუ უნდათ, ოპოზიციამ დაიბრალოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, – „ველოდებით ევროკომისიის ანგარიშს და მედიის პუნქტი არ არის შესრულებული“, – პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „მედიის წარმომადგენელზე თუ არის ძალადობა, დროულად და სათანადოდ უნდა იქნას გამოძიებული“.

„რაც შეეხება რეკომენდაციის შესრულებას, ანგარიშის შემდეგ პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რაც იქნება ევროკავშირის აუდიო და ვიზუალურად დირექტივის იმპლემენტაცია საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვნად წინ წასწევს ამ პროცესს. რაც შეეხება უსაფრთხოებას, აქ საუბარია არა რაიმე საკანონმდებლო დამატებით რეგულაციებზე, არამედ იმაზე, რომ მოხდეს დროული გამოვლენა და პასუხისმგებლობაში მიცემა, ვისგანაც ხდება ჟურნალისტზე თავდასხმა. მეორე მხრივ, ეს დაკავშირებულია ზოგადად ძალადობის კულტივირების პრევენციასთან ბევრი მხრიდან და ამაზეც არაერთხელ გვქონდა საუბარი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“ჩემი მშობლების თაობამ შეძლო საბჭოთა ანექსიიდან თავის დაღწევა – ჩვენი თაობის ვალია დამოუკიდებლობის განმტკიცება”

დღეს ჩვენთვის ისტორიული დღეა – ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა პირველად ტარდება მის არაწევრ სახელმწიფოში. ამიტომ, საქართველოს პარლამენტისთვის დიდი პატივია, ასამბლეის და მისი სესიის ფარგლებში, ორმოცი დელეგაციის 200-მდე წარმომადგენლის მასპინძლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის საქართველოში ჩატარება კარგი შესაძლებლობაა სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

მისი თქმით, განსაკუთრებით დასაფასებელია ასამბლეის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

„ასამბლეა შესანიშნავი პლატფორმაა წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის წახალისებისთვის, საჭირბოროტო საკითხებზე მოსაზრებების ურთიერთგაზიარებისა და ფრანგული ენის პოპულარიზაციისთვის. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ეს სესია საქართველოსთვის არის ფრანგულენოვან სამყაროსთან ისტორიული კავშირების ლოგიკური გაგრძელება. ამიტომ მჯერა, რომ აღნიშნული სესიის საქართველოში ჩატარება ჩვენს საუკუნოვან თანამშრომლობას დადებით მუხტს შესძენს და ახალგაზრდებში ფრანგულ ენას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. საქართველოს პარლამენტი წლებია აქტიურად თანამშრომლობს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასთან. ვაფასებთ ასამბლეის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას, რაც დღევანდელ, გამოწვევებით სავსე დროებაში მეტად მნიშვნელოვანია. სულ ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემის შეხსენება ბევრის გაკვირვებას იწვევდა და ზედმეტ აქტიურობად ითვლებოდა. თუმცა, ჯერ 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, ახლა კი უკრაინაში შეჭრით, კარგად გამოჩნდა, რაოდენ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე პარტნიორების მხარდაჭერა და აგრესორი სახელმწიფოების შეკავება. მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოება, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ერთიანია საქართველოს, უკრაინის და სხვა მსგავსი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერაში.

თავის მხრივ, საქართველო პატივს სცემს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრინციპებს და ღირებულებებს, თანამშრომლობასა და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს. ეს არის ის ფუნდამენტი, რაც ჩვენს ქვეყანას აბრუნებს მის ევროპულ საფუძვლებთან. ამისთვის საქართველო ყველაფერს აკეთებს. ჩემი მშობლების თაობამ შესძლო საბჭოთა ანექსიიდან თავის დაღწევა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ჩვენი თაობის ვალი და მთავარი საზრუნავი ამ დამოუკიდებლობის განმტკიცება და ქვეყანაში მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა, რათა ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს ჰქონდეთ მსოფლიო მასშტაბით დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს სახელით ახალი სიმაღლეების დაპყრობის შესაძლებლობა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია ოფიციალურად გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ საქართველო ფრანკოფონიის ასამბლეას პირველად მასპინძლობს. უშუალოდ ასამბლეის საქმიანობაში კი საქართველო 2004 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთო. 2021 წელს საქართველოს პარლამენტმა ოფიციალური წერილით მიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას ასოცირებული წევრობის თაობაზე. სწორედ 48-ე სესიაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს ასოცირებული წევრობის თაობაზე.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის საკონსულტაციო, საპარლამენტო ორგანოს. დღეისათვის მის შემადგენლობაში 91 წევრია. 56 სრულუფლებიანი, 17 ასოცირებული, ხოლო 18 დამკვირვებლის სტატუსით. ასამბლეა, დემოკრატიის განვითარების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს, არის აქტიური პლატფორმა წევრ სახელმწიფოებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და დიალოგისთვის და მსოფლიოში ფრანგული ენის პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული.

“დღეს დილით საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს” – ალექსი ბატიაშვილი

დღეს დილით საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს 6 მოქალაქის დაკავება უკვე დადასტურებულია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები.

„საანგარიშო პერიოდში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს – 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირი, მათ შორის საყურადღებოა ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი. საერთო ჯამში, 2022 წლის დასასრულს, უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა საქართველოს 9 მოქალაქე. აქვე მინდა კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი გითხრათ, რომ დღეს დილით მოხდა კიდევ 6 ჩვენი თანამოქალაქის უკანონო დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ. გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დადასტურებულია უკვე მათი დაკავება და ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე დაუბრინდნენ თავიან ოჯახებს“,- განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.

“რეალურად მთელი ურდო უკრაინაში ჰყავს პუტლერს და ჩატოვებს კიდეც ბოლომდე”

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“გრძელდება კარგი ამბების მოსვლა ფრონტიდან, განსაკუთრებით ბახმუტის ფლანგებიდან, კონკრეტულად კი სამხრეთიდან. არ ვიჩქაროთ და ემოციას არ ავყვეთ, მაგრამ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენები კლეშჩეევკაში და კურდიუმოვკაში შევიდნენ და უკვე შიგნით დასახლებების ფარგლებში ომობენ ურდოსთან! უფრო მეტ და უფრო მაგარ ამბებს თავად შეიარაღებული ძალების ოფიციალური დადასტურების შემდეგ გავიგებთ;

– ზაპოროჟიეს ფრონტზეც გვაქვს წინსვლა; ნელა, მაგრამ მყარად მიიწევენ წინ ჩვენები;

რეალურად მთელი ურდო უკრაინაში ჰყავს პუტლერს და ჩატოვებს კიდეც ბოლომდე. დარჩება მასკოვია ჩევეკებს და ბანდ.ფორმირებებს;

ტანკების რაოდენობაში, ბლუმბერგის ცნობით, უკვე გადავასწარით. ჩვენებს ჰყავთ უკვე 1500 (ჰყავდათ 978), ხოლო ურდოს ჰყავს 1400 (ჰყავდა 3400). აი დემილიტარიზაციაც ამას ჰქვია, მკტარია ნაღდი პუტლერი, ორეულებმა ოურიეს.

ორეულებს თავისი ეყოფათ და რუსულმა რუბლმა კი ნაღდად ოურია, უფრო სწორედ თავი წაიქცია. 1 დოლარი – 93 რუბლი, 1 ევრო -102 რუბლი. არ გაჩერდე რუბლიკო, არააა!

პრიგოჟინიადა გრძელდება. ბაწკამ, ჟენია პიტერში დააწვა, შეიძლება ამ წუთას მასკვაშიც იყოსო. თამასუქებიც დაიბრუნა, ფიშტოების კოლექციაც – ლენინის მავზოლეუმთან თუ დასელფა სისხლიანი კუვალდით მხარზე გადებული, ვინ ხართ ჩემები აქეთო, არც ეგ გაგიკვირდეთ.

გუშინ დილით პრეზიდენტი ზელენსკი სოფიაში იყო. კაი ამბავი ისაა, რომ ბულგარეთი ნატო-ს 22-ე წევრი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა უკრაინასთან მისი გაწევრიანების მხარდაჭერის დეკლარაციას; არცთუ ისე კარგი ამბავი კი ისაა, რომ კამერების წინ გაჭედა ბულგარეთის პრეზიდენტმა, იარაღის მოწოდება არ შველის ომის დამთავრებასო. ზელე პასუხად, აბა რას იზამდით თქვენ ჩემს ადგილას, მობრძანდით ბატონო პუტინოო? ხომ ვიცი რომ არ იზამდით მაგას. ასე რომ, ჯობია ჩვენ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე, რომ ომი და უბედურება არ მოვიდეს თქვენამდე; ამის მერე ბულგარეთის პრეზიდენტმა, შემოთავაზება მაქვს და გავუშვათ ახლა მედიებიო; ე მანდ წყდება ამბავი. გავიგებთ ალბათ, თუ იყო კაი ან ცუდი გაგრძელება მანდედან.

კაი გაგრძელება იყო პრაღაში. საღამოს ოვაციებით ხვდებოდნენ ჩეხები ზელენსკის. პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ჩეხეთს სურს უკრაინის გამარჯვება და ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. გარდა ამისა, ჩეხეთის პრეზიდენტი აქტიურად იმუშავებს, რომ წლის ბოლომდე დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროპულ კავშირში გაწევრიანებაზე და შედგეს შეთანხმება, რომ ომის დასრულების შემდეგ აუცილებლად დაიწყება უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესი! სერიოზული ძიაა ჩეხეთის პრეზიდენტი!

დღეს პრეზიდენტი ზელენსკი ანკარაში ჩავა და პრეზიდენტ ერდოღანს შეხვდება. საინტერესოა, რაც დღეს ითქმება (დახურულ კარს მიღმა).

შვედეთის პრემიერი იყო ვაშინგტონში, ხოლო ფინეთის, შვედეთის და თურქეთის წარმომადგენლები ნატოს მონაწილეობით შეხვდნენ ერთურთს. დაფიქსირდა პროგრესი შვედეთის ნატოში გაწევრიანების მიმართულებით და შეთანხმდა, რომ პირველი პირების დონეზე შეხვედრა გაიმართება 10 ივლისს ვილნიუსში!

ვნახოთ, რამდენად ისტორიული სამიტი გამოვა ლიეტუვის დედაქალაქში. მთელი მსოფლიოს ყურადღება კი იქნება მაქეთ მიპყრობილი!

უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას! გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

“ბულგარეთის და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია” – გარემოს ეროვნული სააგენტო

ბულგარეთის და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ბულგარეთში, ქ. ბურგასში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მხარდაჭერით გამართულ სუბრეგიონალური ჯგუფის შეხვედრაზე, შავი ზღვაში მიმდინარე კვლევებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია ბულგარელმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს.

აღინიშნა, რომ როგორც ბულგარეთის, ისე საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში, დაკვირვების შედეგად, წყლის ხარისხი, მათ შორის ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადები, მძიმე მეტალები და სხვა ქიმიური პარამეტრები ნორმის ფარგლებშია.

ბულგარეთში, ქ. ბურგასში ქაფშიის მარაგების შეფასების შესახებ გამართული შეხვედრა მიზნად ისახავდა შავ ზღვაში ბიოლოგიური რესურსების მარაგების შენარჩუნებას და მდგრადი მეთევზეობის ხელშეწყობას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს უწყობს თევზჭერის დარგის მდგრად განვითარებას“, – აცხადებენ სააგენტოში.