Home Blog Page 1750

„საქართველოს ელჩი უკრაინაში აღარ დაბრუნდება, ეს არის ხელისუფლების სწორი გადაწყვეტილება და პასუხი ზელენსკის საქციელზე”

სულ მალე შესაძლოა პოლიტიკურ ურთიერთობებშიც კი. როგორც დასავლეთი აღიარებს, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ერთადერთი ვარიანტი დღეს ორივე მხრიდან დათმობაზე წასვლაა მოლაპარაკების გზით, და თუ რის ფასად უკრაინის მხრიდან, ამას ალბათ ყველანი ვხვდებით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, საქართველოს ელჩი უკრაინაში აღარ დაბრუნდება, რაც საქართველოს ხელისუფლების სწორი გადაწყვეტილებაა.

„საქართველოს ელჩი უკრაინაში აღარ დაბრუნდება, ეს არის ხელისუფლების სწორი გადაწყვეტილება და პასუხი ზელენსკის საქციელზე. უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილება რომ გაამართლონ, ხშირად ამბობენ, ომში არიან და ეპატიებათო. ეს არასწორია, სწორედ რომ ომში არ ეპატიებათ უღირსი ქმედება,

ომს მხოლოდ სიმართლით და ღირსებით თუ მოიგებ. მართალია, სხვისი დაკვეთების შემსრულებლებს არავინ მისცემთ ღირსეული ქმედების უფლებას, მაგრამ გონიერი კაცი მანამდე ფიქრობს, სანამ ღირსებას დააკარგვინებენ. უკრაინაში აღარ იქნება საქართველოს ელჩი, სამაგიეროდ იქნება ბელარუსის ელჩი, რომელიც სავარაუდოდ ნაყოფიერად დაეხმარება უკრაინას რუსეთთან ირიბ სავაჭრო ურთიერთობებში.

სულ მალე შესაძლოა პოლიტიკურ ურთიერთობებშიც კი. როგორც დასავლეთი აღიარებს, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ერთადერთი ვარიანტი დღეს ორივე მხრიდან დათმობაზე წასვლაა მოლაპარაკების გზით, და თუ რის ფასად უკრაინის მხრიდან, ამას ალბათ ყველანი ვხვდებით. მიმდინარე საშინელი ომის პერიოდში, უკრაინაში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ზელენსკიმ წაართვა ერთადერთი პატრონი ადგილზე, მაშინ, როდესაც საქართველოში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს თან ჰყვება მთელი ხელისუფლება. ამაზე პასუხს ზელენსკის მთავრობას არა ქართველები, არამედ, საქართველოში დროებით მცხოვრები, ჩვენი მზრუნველობით ტკივილშემსუბუქებული უკრაინელი ხალხი მოსთხოვს”. – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

“რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილმა თანამშრომლებმა კოვიდინფიცირებულთა საწოლფონდის გასაზრდელად გამოყოფილ თანხასთან დაკავშირებული დოკუმენტები გააყალბეს”

პროკურორ ლაშა ფანჩულიძის განცხადებით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილმა ფინანსურმა დირექტორმა, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა და ინდივიდუალურმა მეწარმემ 2020 წელს კოვიდინფიცირებულთა საწოლფონდის გასაზრდელად გამოყოფილი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით დოკუმენტები გააყალბეს და თანხის ნაწილი მიითვისეს.

როგორც პროკურორმა სასამართლოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან აღნიშნა, ბრალდების მხარემ სამ ბრალდებულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა, პატიმრობა მოითხოვა.

„როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის დეკემბერში „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ რემონტი მიმდინარეობდა. ეს იმისთვის, რომ კოვიდინფიცირებულთა საწოლფონდი გაზრდილიყო. საქმის ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტები შეადგინეს, კერძოდ, მიღებისა და ჩაბარების ყალბი აქტები, ინსპექტირების დასკვნა. ამის საფუძველზე მათ აჩვენეს, თითქოს, სამიმილიონი ლარის სამუშაოები შეასრულეს. სინამდვილეში, დოკუმენტები გააყალბეს და 580 000 ლარით მეტი დანახარჯი აჩვენეს. 580 ათასი ლარიდან 170 000 ლარს დაეუფლნენ.

ამის საფუძველზე წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახით, ბრალდების მხარემ სამ პირთან მიმართებით პატიმრობა მოითხოვა. ეს სამი ადამიანი ფინანსური მენეჯერი, ინფრასტრუქტურის სამმართველოს თანამშრომელი და ინდმეწარმე არიან“, – განაცხადა პროკურორმა.

“სუს-ის უფროსის მოადგილეს პასუხი არ ჰქონდა არც ფრენებზე, არც კადიროველებზე”

სუს-ის უფროსის მოადგილეს პასუხი არ ჰქონდა არც ფრენებზე, არც კადიროველებზე. გვიპასუხა, დანარჩენი პუტინს ჰკითხეთო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში, სხდომაზე, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი ანგარიშს წარადგენს, არცერთ საკითხთან დაკავშირებით პასუხი არ მოუსმენია.

„ალექსი ბატიაშვილმა გვითხრა, რომ საზღვრებს ვერ აკონტროლებენ, არავის უსმენენ, ძალადობას არ აორგანიზებენ. პასუხი არ ჰქონდა სანქციებზე, არც ფრენებზე, არც კადიროველებზე. ვციტირებ, გვიპასუხა, დანარჩენი პუტინს ჰკითხეთო. იმედი მაქვს, სუს-ი საქმეს არ აღძრავს ჩემ წინააღმდეგ აღნიშნული ფრაზის სხდომიდან გამოტანის გამო. სხდომიდან, რომელიც ირაკლი ბერაიამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დახურა. სუსი-ს დაფინანსება – 180 მილიონი – ბიუჯეტის ფლანგვაა, რადგან ამ პარლამენტის სტანდარტითაც კი გამორჩეულად ტრაგიკომიკური იყო დღევანდელ სხდომაზე, სადაც არცერთ საკითხზე პასუხი არ იყო“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“ჩინეთთან ექსპორტი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაორმაგდა” – გენადი არველაძე

7 ივლისს თბილისში საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთობლივი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ჩინეთის მხარეს კი კომერციის სამინისტროს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ჰან იონგი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პირველი 5 წლის იმპლემენტაცია. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მიღწევებზე და ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით მიღწეულ პროგრესს, რომელიც ორივე მხარემ პოზიტიურად შეაფასა. აღინიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩინეთი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის.

„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლის 1 იანვარს ამოქმედდა. მას შემდეგ, სახეზეა ჩინეთში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია. მაგალითისთვის, ექსპორტი ჩინეთში გაორმაგდა,” – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. მისი თქმით, 2020-2022 წლებში ჩინეთი წარმოადგენდა ქართული პროდუქტებისთვის მთავარ საექსპორტო ბაზარს, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თვალსაჩინო პოზიტიური შედეგია.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარზე ბევრი ახალი ქართული საექსპორტო პროდუქცია გამოჩნდა, კერძოდ, ორთოპედიული და ქირურგიული ხელსაწყოები, მშრალი ხილი, სანელებლები, ყავის და ჩაის ექსტრაქტები და სხვ. „ 2022 წლის საექსპორტო მონაცემებით, საქართველოს უმსხვილეს საგარეო სავაჭრო პარტნიორებს შორის, ჩინეთი პირველ ადგილზეა, მთლიან ექსპორტში 13%-იანი წილით,” – აღნიშნა გენადი არველაძემ.

შეხვედრაზე გაიმართა პოზიტიური და კონსტრუქციული დისკუსია. მათ შორის, საუბარი შეეხო, ქართული ღვინის და ალკოჰოლური პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის ხელშეწყობას, გეოგრაფიულ აღნიშვნების, საბაჟო და ტექნიკური რეგულირების სფეროებში თანამშრომლობას გააქტიურებას. ასევე ყურადღება გამახვილდა საქონლით ვაჭრობის სფეროში არსებულ ბარიერებზე, ჩინეთის მიერ საქართველოს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, მათ შორის თაფლისა და ფრინველის ხორცის, ბაზარზე დაშვების მოთხოვნებსა და აღიარების შესაძლებლობებზე და სხვ.

“სინქრონიზებულად მოქმედებენ ოკუპანტები, საოკუპაციო რეჟიმი და „ქართული ოცნების“ ლიდერები” – პაატა მანჯგალაძე

სწორად აქვს ანალიზი გაკეთებული სუს- ის ანალიტიკოსს, რომ ომის რიტორიკას ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყენებენ რუსეთის ანექსიის პოლიტიკის გამართლებისთვის – ამ დეზინფორმაციის გამავრცელებლები არიან რუსეთის წარმომადგენლები, მათ შორის “ქართული ოცნება”,- ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპანტები, საოკუპაციო რეჟიმი და “ქართული ოცნების” ლიდერები სინქრონიზებულად მოქმედებენ.

“სუს- ის ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენები სამართლიანად არის შეფასებული. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს საქართველო მათ მიმართ ძალის გამოყენებისთვის ემზადებოდა, ომისთვის და მეორე ფრონტის გახსნისთვის. შემდეგ ვკითხულობთ სუს-ის ძალიან საინტერესო ანალიტიკას, რომ ომის და მეორე ფრონტის ნარატივი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გამოიყენეს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისთვის და მათში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის შემრიგებლობის დანერგვისთვის. ეს თუ ხდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ახლა დავსვათ კითხვა, ვინ ავრცელებდა ამ ნარატივს ქვეყანაში? – საქართველოს ხელისუფლება, “ქართული ოცნება”, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი. თუ საოკუპაციო რეჟიმები ამას იყენებენ მოსახლეობის დათრგუნვისთვის, იგივე მიზნები ხომ არ გააჩნია შემთხვევით ღარიბაშვილს და კობახიძეს? თვითმარქვია პრეზიდენტი ასლან ბჟანია ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ამბობს, რომ ოპოზიციას სურდა, პროცესებით ესარგებლა და აფხაზეთის რეგიონში საკონსტიტუციო წესრიგი დაემყარებინა. ანუ სინქრონიზებულად მოქმედებენ ოკუპანტები, საოკუპაციო რეჟიმი და სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” ლიდერები. სწორად აქვს ანალიზი გაკეთებული სუს- ის ანალიტიკოსს (არ ვიცი, ვინ შეასრულა ეს სამუშაო), რომ ომის რიტორიკას იყენებენ მოსახლეობის დაშინებისთვის და რუსეთის ანექსიის პოლიტიკის გამართლებისთვის. დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ დეზინფორმაციის გამავრცელებლები არიან რუსეთის წარმომადგენლები, მათ შორის “ქართული ოცნება”,- განაცხადა მანჯგალაძემ.

“რის გამკეთებელია შვედეთი ნატოში“ – რას წერს უცხოური პრესა

შვედეთი, რომელსაც გაგანია ცივი ომის დროსაც კი არ გამოუხატავს ნატოში გაწევრიანების სურვილი, არც ახლა არ უნდა ამის გაკეთება, მაგრამ რა ქნას, როცა მას ალიანსისაკენ ოკეანის გაღმიდან უბიძგებენ, ევროპელების კონტროლის მიზნით?, – წერს თურქული გაზეთი „საბაჰი“ (Sabah) სტატიაში სათაურით „რის გამკეთებელია შვედეთი ნატოში“ (ავტორი – ჰასან იალჩინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„შვედეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ნატოს წევრი არ გახდეს, საბაბად კი თურქეთს იყენებს – ჩემი ალიანსში გაწევრიანება ანკარას არ უნდაო. არადა, სტოკჰოლმს რომ რეალურად სურდეს ნატოს წევრობა, რაც მოხდა, ის ნამდვილად არ მოხდებოდა. შვედეთი თურქეთთან გარკვეულ კონსენსუსს მიაღწევდა და არ დაუშვებდა ისეთ პროვოკაციებს, როგორსაც ყურანის საჯაროდ დაწვა წარმოადგენს. მაგრამ ჩვენ რა უნდა ვქნათ, როცა შვედეთის მთავრობა ყველანაირად ცდილობს კომპრომისზე არ წავიდეს.

რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში შვედეთს ნატოში გაწევრიანება არ სურს. ეს აიხსნება როგორც სტრატეგიული, ასევე სოციალური მიზეზებით.

შვედეთის საგარეო პოლიტიკა აგებულია „აქტიური ნეიტრალიტეტის“ ტრადიციულ სტრატეგიაზე. ეს გარკვეულწილად ამერიკულ იზოლაციონიზმს ჰგავს. თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით შვედეთი სამხედრო შეჭრის საფრთხეებისაგან შორს იმყოფება და არ აქვს კავშირი ღია საოკეანო სივრცესთან. შვედეთი ისეთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია თავი ირჩინოს საერთაშორისო ვაჭრობით, თავისი პოლიტიკური და სამხედრო ნეიტრალიტეტის შენარჩუნებითაც კი.

და თუ შვედეთი სამხედრო ალიანსებში გაწევრიანდება, ასეთი ნაბიჯი სტოკჰოლმს ზედმეტ ხარჯებს და უფრო ბევრ სიავეს მოუტანს, ვიდრე სარგებელს. შვედებმა დიდი ხანია იციან ეს ყველაფერი და ამიტომ ისინი 200 წლის განმავლობაში რომელიმე სამხედრო ალიანსში გაერთიანებისაგან თავს იკავებდნენ.

უკრაინის სამხედრო კონფლიქტი, რომელსაც შვედეთის ნატოში გაწევრიანების სურვილის მიზეზად ასახელებენ, სრულიადაც არ ითვლება სტოკჰოლმის მთავრობის პრონატოური სწრაფვის დამარწმუნებელ გამართლებად. აბა, წარმოიდგინეთ: იმ დროს, როცა ცივი ომის დროს, საბჭოთა კავშირი და დასავლეთი ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ დაპირისპირებულნი, სტოკჰოლმი მშვიდად იყო და ნეიტრალიტეტს იცავდა. მას ახლაც არ აქვს სურვილი უკრაინის ომის გამო ალიანის წევრი გახდეს. შვედეთს რუსეთთან საერთო საზღვარი არ აქვს.

მას შემდეგ, რაც ფინეთი ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ბლოკის წევრი გახდა, შვედეთი ავტომატურად აღმოჩნდა ნატოს მფარველობის ქვეშ. შეხედეთ რუკას და თვითონ დარწმუნდებით.

მაშ რატომ ფართი-ფურთობს შვედეთის ხელისუფლება? იმიტომ, რომ მისი ნატოში გაწევრიანება ამერიკას სურს, რაც ორი მთავარი მიზეზით არის განპირობებული:

პირველი – ამერიკას სურს შვედეთი ტრამპლინად გამოიყენოს არქტიკის რესურსების წვდომისათვის;
მეორე – ამერიკა ნატოს კონტროლის ერთგვარ მექანიზმად განიხილავს: ვაშინგტონის აზრით, არ უნდა დარჩეს ევროპაში არცერთი ისეთი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია, მაგრამ ნატოს შემადგენლობაში არ შედის.
ამრიგად, ყველა ქვეყანა ერთი სახურავის ქვეშ იქნება და ყველას აშშ გააკონტროლებს. აი, ასე ესმის ვაშინგტონს „ევროპული უსაფრთხოება“.

თუმცა, არავინ ყურადღებას არ აქცევს იმ გარემოებას, რომ ასეთ პირობებში ამერიკის მიერ ნაყიდი ნატო თავის თავდაპირველ ფუნქციებს უკვე ვეღარ შეასრულებს.

ევროპის სტაბილურობა ამერიკაში განიხილება არა როგორც საერთაშორისო კავშირის არენად, არამედ როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის არეალად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამერიკას სურს ნატო ევროპის მაკონტროლებელ სტრუქტურად გადააქციოს და არა როგორც რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ კავშირად.
ამის შედეგად ევროპა ამერიკასთან ერთად ერთ ფრონტზე იქნება ამერიკული ქოლგის ქვეშ, ხოლო თვითონ უშუალოდ აშშ თვალს სხვა რეგიონებს მიაპყრობს.

წყარო

“სამართლიანი განხილვის პირობებში, საქართველოსთან დაკავშირებით უკრაინის პოლიტიკურად ანგაჟირებულ პოზიციას მხარდაჭერა არ ექნება”

პრაქტიკულად, საკითხი არ არსებობს, სადაც უკრაინის პოზიციას, სულ მცირე, არ აქვს საკმაოდ სერიოზული, ფართო განხილვა და რასაკვირველია, მათ მოსაზრებასაც ანგარიშს უწევენ, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელმაც უპასუხა კითხვას, ექნება თუ არა გავლენა უკრაინას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

გია ვოლსკის თქმით, საქართველო ყველა მონაცემით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას.

ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სამართლიანი განხილვის პირობებში უკრაინის პოლიტიკურად ანგაჟირებულ პოზიციას მხარდაჭერა არ ექნება.

„ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ უკრაინელები იღუპებიან ევროპისთვის. ეს არის თემა, რომელიც მუდმივად მუსირებს ბრიუსელში, ამ სტრუქტურებში. საქართველოს ყველა მონაცემით აქვს უკეთესი პოზიცია, ვიდრე უკრაინას, მოლდოვას და ბევრ სხვა ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. უკეთესი მონაცემები აქვს მთელი რიგი მიმართულებით, იქნება ეს მართლმსაჯულება, კორუფციის დამარცხების საკითხი თუ ინსტიტუტები და მთავრობის გამჭვირვალეობა, კრიმინალთან ბრძოლა, გენდერული თანასწორობის საკითხები. სამართლიანი განხილვის პირობებში უკრაინის პოლიტიკურად ანგაჟირებულ პოზიციას შესაბამისი გამოძახილი და მხარდაჭერა არ ექნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კიდევ ერთ კითხვაზე, დააფიქსირებს თუ არა უკრაინა საქართველოს სტატუსის მინიჭების საკითხზე ნეგატიურ პოზიციას, ვოლსკიმ აღნიშნა:

„ნეგატიური პოზიცია უკვე დააფიქსირა. უკრაინის პოლიტიკური ისტებლიშმენტის და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი და ახლანდელი წევრების გაერთიანებული ორგანიზაცია მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ იმ მოტივით, რომ როგორმე დესტაბილიზაციის პროცესი განვითარდეს. ამას არასდროს მალავდნენ და არც ახლა მალევენ. ხელისუფლების შეცვლა, მეორე ფრონტის გახსნა და პროცესების ისე განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად დააზიანებს საქართველოს ინტერესებს, მათ შორის სამხედრო თუ ეკონომიკური დაპირისპირება რუსეთთან, არის მექანიზმები, რომლებსაც ლობირებენ გარკვეული პოლიტიკური ძალები, სამწუხაროდ, უკრაინაშიც“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანია დაშავებული.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კრემლი ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის პირდაპირ კონტაქტს არ გამორიცხავს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის კონტაქტი უახლოეს მომავალშია შესაძლებელი.

„არ გამოვრიცხავთ უახლოეს მომავალში. თქვენ იცით, რომ პუტინი და ერდოღანი ხშირად და რეგულარულად ურთიერთობენ. პირისპირ კონტაქტის საკითხი არაერთხელ განხილულა“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, კრემლი ყურადღებით დააკვირდება თურქეთში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მის თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრის შედეგებს. მანამდე თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, „დიდი ალბათობით” მოლაპარაკებებს ვლადიმერ პუტინთანაც გამართავს.

უკრაინის კონტრშეტევა: როგორ შეფასებას აძლევენ მას დასავლეთში

ბოლო დროს დასავლურ მასმედიაში აქტიური დისკუსია მიმდინარეობს – რამდენად ეფექტურად იბრძვის უკრაინის არმია და რას მიაღწია ერთი თვის კონტრშეტევის შედეგად. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმები და შესაძლებლობები ერთმანეთს არ ემთხვევა. რა უშლის ხელს კიევს უფრო სწრაფად განახორციელოს კონტრშეტევა? გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინის კონტრშეტევა: როგორ შეფასებას აძლევენ მას დასავლეთში“.

„ეს ჯერ კიდევ არ არის კონტრშეტევა… და როცა დაიწყება, მერე ნახავთ, რაც მოხდება… ახლა წინ ნელა მივდივართ, მტერს სუსტ ადგილებს ვუძებნით, რომ შემდეგ ერთბაშად დავცხოთ მასირებულად“, – ამბობს ფრონტის წინა ხაზზე მყოფ „დოიჩე ველეს“ გადამღებ ჯგუფთან საუბარში უკრაინის არმიის ერთ-ერთი ოფიცერი.

რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტი თითქმის 1000 კილომეტრზეა გაჭიმული. უკრაინელი მებრძოლები მეთოდურად ანგრევენ მოწინააღმდეგის არმიის პოზიციებს. ისინი ფრთხილად მოქმედებენ: ელვისებურ შტურმებს არ აწყობენ, ხშირად მხოლოდ ავტომატებით მოქმედებენ, ყოველი ჯარისკაცის სიცოცხლეს უფრთხილდებიან… ამ დროს კი დასავლელი პოლიტიკოსები, მიმომხილველები და სამხედრო ექსპერტები დისკუსიებს მართავენ და ბჭობენ, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად ხორციელდება საომარი ოპერაციები, რომელსაც ხშირად დიდი ხნის ნანატრ „კონტრშეტევას“ უწოდებენ.

„კონტრშეტევა პარკში გასეირნება ნუ გგონიათ“

 „უკრაინის არმიის ამჟამინდელი მოქმედება ძალიან რთულ სამხედრო ოპერაციას წარმოადგენს“, – ამბობს ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერი. იგი ეთანხმება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ნათქვამს ამერიკული CNN-ისადმი მიცემულ ინტერვიუში: „კონტრშეტევა რამდენიმე ფაქტორით მუხრუჭდება – მჭიდროდ დანაღმული ველებით, არასახარბიელო კლიმატური პირობებით და არასაკმარისი იარაღით, მათ შორის ავიაციის არარსებობით.

ექსპერტთა შეფასებით, ამჟამად შეტევაში ჯერ კიდევ არ მონაწილეობს უკრაინის არმიის ბრიგადების 70%. ასევე არ ამოქმედებულა დასავლური ტექნიკის დიდი ნაწილი. ანუ ეს ნიშნავს, რომ კიევს მნიშვნელოვანი რეზერვი აქვს შეტევის გასაძლიერებლად.

როგორც ბრიტანული სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი ფრენკ ლედვიჯი ამბობს (მას ბრძოლის გამოცდილება აქვს მიღებული ბალკანებში, ერაყში და ავღანეთში), უკრაინაში სწრაფი და იოლი კონტრშეტევა მოსალოდნელი არ იყო. „ვისაც ჰგონია, რომ ეს პარკში გასეირნების მსგავსი იქნებოდა, ის ძალიან სცდება. მოწინააღმდეგი გამაგრებული პოზიციების დაკავება ხანგრძლივ და სისხლისმღვრელ პროცესს წარმოადგენს. ის ვერ განხორციელდება მოწოდებით – „აბა, ბიჭებო, დავარტყათ და დავასრულოთ“.

„ზოგიერთები ამბობენ, რომ შეტევა ერთი თვეა მიმდინარეობს და შედეგები მეტად მოკრძალებულიაო… ოთხი კვირა არაფერია, მსგავსი სამხედრო ოპერაციები უფრო დიდხანსაც გრძელდება. კონტრშეტევის წარმატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული“, – ამბობს ფრენკ ლედვიჯი.

სხვათა შორის, ბრიტანელი ექსპერტის ნათქვამი ზუსტად ეხმიანება უკრაინის არმიის სარდლის ვალერი ზალუჟნის მიერ ამერიკული გაზეთის „ვაშინგტონ პოსტისათვის 30 ივნისს მიცემულ ინტერვიუში გამოთქმულ თვალსაზრისს: „ძალიან ვბრაზდები, როცა მეუბნებიან, რა ნელა მოქმედებ, სად არის შედეგებიო… კონტრშეტევა შოუ არ არის“.

„უკრაინის არმია სტრუქტურულად საერთოდ არ იყო მომზადებული ასეთი მასშტაბის მქონე კონვენციალური ომებისათვის“, – ხაზს უსვამს „დოიჩე ველესთან“ საუბარში ბუნდესვერის გადამდგარი პოლკოვნიკი რალფ ტილე, – „ომის პირველ თვეებში უკრაინელებმა შეძლეს რუსეთის არმიის მოგერიება, შექმნილ ხელსაყრელ სიტუაციაში გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს, მაგრამ შემდეგ მათი პოტენციალი შესუსტდა, თავი იჩინა შეიარაღებისა და ავიაციის უქონლობამ, საბრძოლო მასალებისა და ტყვია-წამლის სიმცირემ. ვაღიაროთ სიმართლე: დასავლეთი კიევს ბევრ იარაღს დაპირდა, მაგრამ დაპირება არ შეუსრულებია“.

ყოველი მეტრი – სისხლის ფასად: „ჟუკოვის მეთოდი არ გამოდგება“

უკრაინის არმიის ნელი და ფრთხილი წინსვლაც კი მძიმე დანაკარგებს იწვევს. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, კიევს არ სურს „ჟუკოვისებურად“ იმოქმედოს, ანუ თავისი ჯარისკაცები ისეთ ხორცსაკეპში მოაქციოს, როგორსაც ცოტა ხნის წინათ რუსეთის არმიის სარდლობა ბახმუტის ბრძოლების დროს აკეთებდა („ჟუკოვისებურ“ მოქმედებაში იგულისხმება მეორე მსოფლიო ომის დროინდელი წითელი არმიის სარდლის, გენერალ გიორგი ჟუკოვის ბრძოლის მეთოდი, რომელიც საბრძოლო ოპერაციის შესასრულებლად ცოცხალი ძალის დანაკარგებს ყურადღებას არ აქცევდა).

რუსეთის არმიას თვეები ჰქონდა ფრონტის ხაზზე სანგრების, ტრანშეების გასათხრელად,  ძელმიწურების ასაგებად, გამაგრებული საცეცხლე წერტილების მოსაწყობად და უკრაინის სტეპების, უკიდეგანო ველ-მინდვრების მჭიდროდ დასანაღმავად. „რუსები ჩვენ გველოდნენ. მათ თავიანთი პოზიციები კარგად გაამაგრეს. ფოლადის კედლის წინაშე აღმოვჩნდით. უბრალოდ, საშინელ სიტუაციაში ჩავვარდით“, – ამბობდა ივნისის ბოლოს ამერიკული „უოლ-სთრით ჯორნელის“ ჟურნალისტთან საუბარში ერთ-ერთი უკრაინელი ჯარისკაცი, რომელსაც ბრძოლა ფრონტის ზაპოროჟიის მონაკვეთზე მოუწია.

და მაინც, დიდი სიძნელეების მიუხედავად, უკრაინის არმიამ, რომელიც რუსულ პოზიციებს შეზღუდული ძალებით უტევს (მხოლოდ 4-5 ბრიგადით 70-დან), მტრისაგან ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 158 კვადრატული კოლომეტრი გაათავისუფლა. რა თქმა უნდა, კრემლი უკრაინის არმიის წარმატებებს არ აღიარებს და აცხდებს, რომ კონტრშეტევა ჩაიფუშა, კიევმა დიდი დანაკარგები განიცადაო.

„უნდა ვაღიაროთ, რომ რუსული მხარე ძალიან კარგად მოემზადა უკრაინული ჯარის მოსალოდნელი კონტრშეტევისათვის და ყველაფერს აკეთებდა მისი წინსვლის შესაკავებლად“, – ამბობს „დოიჩე ველესთან“ საუბარში ვალტერ ფეიხტინგერი, ავსტრიის თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი, გადამდგარი ბრიგადის გენერალი, – რუსებმა მჭიდროდ დანაღმეს სავარაუდო შეტევის მიმართულებით მდებარე ველები, თავი მოუყარეს ავიაციას, სარაკეტო ნაწილებს, არტილერიას, მოიმარაგეს საბრძოლო მასალები, გაამაგრეს ზურგი… ეს ნიშნავს, რომ რუსეთის არმიას უპირატესობა აქვს – როგორც თავდამცველ მხარეს“.

უახლოესი მიზანი – ოპერატიულ სივრცეზე გასვლა

ბრიტანული დაზვერვაც ადასტურებს, რომ რუსული მხარე კარგად სარგებლობს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით, უპილოტო საფრენი აპარატებით (დრონებით), ვერტმფრენებით და რაკეტული ტექნიკით. დღეისათვის ბრძოლები ჯერ კიდევ მხოლოდ რუსების თავდაცვის პირველ ხაზზე მიდის, რომელიც ძირითადად დანაღმულ ველებს წარმოადგენენ. შემდეგ იწყება მეორე ხაზი – „დრაკონის კბილებით“, სანგრებისა და ტრანშეების ქსელით, გამაგრებული საცეცხლე წერტილებით, სადაც დიდი საბრძოლო რესურსებია თავმყრილი.

„თავდაცვის პირველი [და მეორე] ხაზის დაკარგვის შემთხვევაში რუსები იძულებულნი იქნებიან უკან დაიხიონ, უკრაინის არმია კი ოპერატიულ სივრცეში გაიჭრება. ეს ნიშნავს, რომ წინსვლა უფრო სწრაფი იქნება, მეტი მძიმე ტექნიკით, რაც ტერიტორიის გათავისუფლებას დააჩქარებს“, – ამბობს უკრანელი სამხედრო ექსპერტი ალექსანდრე მუსიენკო.

დაახლოებით მსგავს სცენარს ვარაუდობენ „დოიჩე ველეს“ მიერ გამოკითხული სხვა ექსპერტებიც, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე „ფორს-მაჟორული“ მოულოდნელი სიტუაცია არ შეიქმნება. ამ დროს შესაძლოა, რომ ფრონტის ზოგიერთ უბანზე უკრაინის არმიამ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს, სხვა მონაკვეთებზე კი „ბუქსაობა“ დაიწყოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ხაზს უსვამს ბუნდესვერის გადამდგარი პოლკოვნიკი რალფ ტილე, უკრაინელი მებრძოლების მნიშვნელოვანი უპირატესობაა მაღალი მორალური მოტივაცია, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეებზე. „ჩვენ აქ მტრისაგან საკუთარ სახლებს ვიცავთ და საკუთარ მიწა-წყალს ვათავისუფლებთ“, – ამბობენ უკრაინელი მეომრები. სწორედ ესაა მათთვის „ძალისა და  გამბედაობის მიმცემი“.

წყარო

—————-

საქართველოს გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი ეწვევა

გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი, ბერბელ ბასი 2023 წლის 10-12 ივლისს მისი ქართველი კოლეგის, შალვა პაპუაშვილის მოწვევით, თბილისს ესტუმრება.

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, საქართველოში გერმანიის მაღალი რანგის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება.

„ბერბელ ბასი საქართველოში მნიშვნელოვან მომენტში ჩამოდის. საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ამიტომ საუბარი იქნება შემდგომ ნაბიჯებზე ამ მიზნის მისაღწევად. გარდა ამისა, ბერბელ ბასი განიხილავს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ მდგომარეობას. პარლამენტის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს, ასევე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ვიზიტის პროგრამაში არის ასევე სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციული ხაზის მონახულება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ბრიფინგი.

გერმანიის რანგით მეორე სახელმწიფო წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში ემსახურება მომავალში ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, – ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ბაჩიაშვილ გიორგის რა პოლიტიკური მრწამსი აქვს რის გამოც “დევნიან”- მემარცხენეა, მემარჯვენე თუ ცენტრისტი?”

„არ ვიცი რა ტაქტიკა აქვთ არჩეული მის უფლებადამცველებს, მაგრამ აი პირადად ბაჩიაშვილ გიორგის რა პოლიტიკური მრწამსი აქვს რის გამოც „დევნიან”?“- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატების განცხადებას, რომლის თანახმად, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ბრალდებების წარმოშობა არ არის დაფუძნებული რაიმე ფაქტობრივ დასკვნებზე და ბრალდება არის პოლიტიკური დევნის შედეგი.

„გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელმა ადვოკატებმა მედიას დაუგზავნეს განცხადება, ჩვენს კლიენტს „პოლიტიკური მრწამსის გამო დევნიანო”… და კიდევ ათასი სისულელე. მე არ ვიცი რა ტაქტიკა აქვთ არჩეული მის უფლებადამცველებს, მაგრამ აი პირადად ბაჩიაშვილ გიორგის რა პოლიტიკური მრწამსი აქვს რის გამოც “დევნიან”? მემარცხენეა, მემარჯვენე თუ ცენტრისტი? ისე ხომ არ უნდა მოიქცე ადამიანი, ისეთი სისულელე არ უნდა ილაპარაკო, რომ მთელი ქვეყანა შენ დაგცინოდეს? რუსეთის მოქალაქე ყოფილა და რუსულად ვეტყვი – тоже мне политик“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.