Home Blog Page 1697

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო აქციას ოზურგეთში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 22 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი, გურიის რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მრავალპროფილურ სამედიცინო გამოკვლევებს უფასოდ ჩაატარებს.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას მიიღებს ჰოსპიტლის კვალიფიციურ მედიკოსთა (კარდიოლოგი, ზოგადი ქირურგი, თერაპევტი, უროლოგი, გინეკოლოგი, რადიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროპათოლოგი, ანგიოქირურგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, პედიატრი) ჯგუფი 15 ექიმის შემადგენლობით.

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან;

მისამართი: ქ.ოზურგეთი; ჩოხატაურის ქ. N 20;

სამედიცინო ცენტრი ”სააქიმო”;

თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმებისა და თანამშრომლობის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, სამსახურის ბენეფიციართათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

“პრეზიდენტის გადაწყვეტილებებში შემჩნეოდა დიდი დოზით „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპათიები”

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაობაში ან პრეზიდენტის მიღებულ გადაწყვეტილებებში შემჩნეოდა დიდი დოზით „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპათიები, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალექსანდრე კრევო-ასათიანის გადასვლას გამოეხმაურა.

„ცუდად გამოიყურება, როდესაც აღმოჩნდება, რომ არც თუ უმნიშვნელო თანამდებობაზე მომუშავე ადამიანი აღმოჩნდება, რომ პირველივე დაძახებაზე იშიფრება როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარი მოხელე“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალექსანდრე კრევო-ასათიანი გადავიდა, რომელიც ფრაქციაში საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა და რომელმაც პრეზიდენტის პოზიციების გახმოვანება დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ალექსანდრე კრევო-ასათიანი არასდროს იკავებდა პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას და ის იყო სტაჟიორი.

უკრაინული მარცვლეულის ნორმალური ექსპორტის გაგრძელებისთვის რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული მარცვლეულის ნორმალური ექსპორტის გაგრძელებისთვის რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს და ამ მიზნით მან ქვეყნის საგარეო უწყებას პარტნიორებთან კონტაქტების აქტივიზაცია დაავალა.

აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა თავის Telegram-არხზე გაავრცელა.

მისივე თქმით, ოდესის, ჟიტომირის და უკრაინის სხვა ოლქებზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ სამხედროებს ადამიანებისა და საპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერება დაევალა.

გაერო-ს სამი თვე აქვს მარცვლეულის შეთანხმების რუსული ნაწილის შესასრულებლად -მარია ზახაროვა

გაერო-ს სამი თვე აქვს მარცვლეულის შეთანხმების რუსული ნაწილის შესასრულებლად, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

როგორც „როიტერი“ წერს, რუსეთში აღნიშნეს, რომ თუ გაერო არ განახორციელებს მემორანდუმის პირობებს რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შესახებ სამი თვის განმავლობაში, მოსკოვი არ განაახლებს მოლაპარაკებებს შავი ზღვის გავლით უკრაინის ექსპორტის დაშვების შესახებ შეთანხმებაზე.

„გაეროს ჯერ კიდევ სამი თვე აქვს კონკრეტული შედეგების მისაღწევად. თუ იქნება კონკრეტული შედეგები, ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხის განხილვას“, – განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმებების ნაწილი არ შესრულდა. კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მოსკოვი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება შავი ზღვის შეთანხმებების შესრულებას, როგორც კი „მარცვლეულის შეთანხმების“ რუსული ნაწილი შესრულდება.

„ნაცმოძრაობა“ არის ერთი დიდი კლასტერი, რომლის შიგნითაც შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, „ნაცი“ არის „ნაცი“

ვიღაცას ვითომ „ნაცობაზე“ და ხუთიანობაზე აქვს პრობლემა, მაგრამ მაინც ხუთიანის დინებას მიჰყვება. „ნაცმოძრაობა“ არის ერთი დიდი კლასტერი, რომლის შიგნითაც შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, „ნაცი“ არის „ნაცი“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„არანაირი პერსპექტივა „ნაცმოძრაობას“ და მის კლასტერს, ვინც არ უნდა გადაანაცვლონ შიგნით, ერთი მიზეზის გამო არ აქვს. მათ პროპაგანდა და პიარკამპანია აგებული აქვთ ტყუილზე. მათი მთავარი სლოგანი იქნება, რომ მოაშორონ რუსული ხელისუფლება და საქართველოში რუსული ხელისუფლება არ არის. საქართველოში ქართული, ეროვნული ხელისუფლებაა. როგორც კი შენ შეეცდები, რომ პიარულად ისეთი რაღაც მიჰყიდო ადამიანებს, რომელიც საფუძველშივე ტყუილია, ძალიან სპეკულაციურია, ძალიან მდაბიოა და ამაზე გინდა ააგო შენი პოლიტიკური მომავალი, გამორიცხულია, რომ ტყუილმა სიმართლეზე გაიმარჯვოს, ბოროტებამ სიკეთეზე გაიმარჯვოს. ამიტომ „ნაცმოძრაობას“ არანაირი კონფიგურაციით არ აქვს პერსპექტივა, არ აქვს გამარჯვების შანსი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ტუსაღის წერილი „ვივამედიდან“ – სააკაშვილმა ლონდონის გაზეთ „თაიმსს“ წერილი გაუგზავნა

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე 18 ივლისს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „დასავლეთი პუტინის შესახებ ჩემს გაფრთხილებებს იგნორირებდა“: მიხეილ სააკაშვილმა ლონდონის გაზეთ „თაიმსს“ წერილი გაუგზავნა“. მასში განხილულია ბრიტანულ გაზეთ The Times-ში 17 ივლისს გამოქვეყნებული პუბლიკაცია, რომლის ავტორია ჟურნალისტი მარკ ბენეტი (სხვათა შორის, იგივე პუბლიკაცია გამოქვეყნდა ავსტრალიისა და რიგი სხვა ქვეყნების პრესაშიც).

გთავაზობთ BBC russian-ის მასალას:

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წამყვან ბრიტანულ გაზეთს „თაიმსს“ წერილი გაუგზავნა, რომელშიც განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა თითქმის ორი ათეული წლის წინ მკაფიოდ მიანიშნა უკრაინის დაპყრობის სურვილი.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინის აგრესიულ ტერიტორიულ ამბიციებს დასავლეთი იგნორირებდა, თუმცა ამის თაობაზე არაერთხელ ისმოდა განცხადებები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიერაც.

ტუსაღის წერილი „ვივამედიდან“

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეს წარმოადგენს, თბილისის კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება, გასული წლის მაისიდან. იგი 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს, უკრაინიდან საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილს ქართველი სამართალდამცველების მიერ რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული. ორი ბრალდების მიხედვით, მას საქართველოში დაბრუნებამდე დაუსწრებლად ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

თვითონ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავს „ვლადიმერ პუტინის პატიმარს“ უწოდებს და მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად თვლის

„თაიმს“-ისადმი გაგზავნილ წერილში მიხეილ სააკაშვილი ჰყვება, რომ 2004 წელს, როცა იგი კრემლში ვლადიმერ პუტინს პირველად შეხვდა, რუსეთის პრეზიდენტი მასთან საუბარში მეზობელი ქვეყნების მიწების ხელში ჩაგდების გეგმებს არ მალავდა. „ყველაფერზე, რასაც იგი ახლა აკეთებს, მან ჯერ კიდევ ჩვენი პირველი შეხვედრის დროს მკაფიოდ მიმანიშნა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც ჟურნალისტი მარკ ბენეტი აღნიშნავს, ექს-პრეზიდენტის მიერ „თაიმსისთვის“ დაწერილი წერილი საავადმყოფოდან საიდუმლოდ იქნა გამოტანილი.

შეხვედრა გერჰარდ შრედერთან

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ვლადიმერ პუტინთან პირველი სეხვედრის შემდეგ იგი ბერლინშიც ჩავიდა, სადაც გერმანიის იმდროინდელ კანცლერს გერჰარდ შრედერს შეხვდა და თავისი შეშფოთება გაუზიარა. როგორც ცნობილია, იმ დროს შრედერს პუტინთან კარგი ურთიერთობები ჰქონდა (ახლაც ასეა). სწორედ მისი ხელშეწყობით დაიწყო  გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ დაპროექტება, ბალტიის ზღვის ფსკერზე ჩაიდებოდა რუსული გაზის გერმანიისათვის მისაწოდებლად.

2022 წლის მაისამდე გერჰარდ შრედერი რუსეთის სანავთობო კომპანიის „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, იგი შედიოდა კიდევ ერთი ენერგოგიგანტის – „გაზპრომის“ დამკვირვებელთა საბჭოშიც.

ექს-კანცლერმა რუსეთის არმიის შეჭრა უკრაინაში, მართალია, დაგმო, მაგრამ მოსკოვთან ახლო კავშირები არ გაუწყვეტია. „ამიტომაც არაფერი არაა გასაკვირი იმაში, რომ გერჰარდ შრედერმა ვლადიმერ პუტინთან დამასმინა“, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

როცა 2008 წელს რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა, მიხეილ სააკაშვილი მუდამ ლაპარაკობდა რუსეთის აგრესიულობასა და იმ საფრთხეზე, რასაც პუტინის რუსეთი  წარმოადგენდა, მაგრამ მის განცხადებებს სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია“, – აღნიშნულია სტატიაში. „როცა დასავლეთს პუტინზე ვაფრთხილებდი, მე ყურადღებას არ მაქცევდნენ და გაუწონასწორებელ, გაბოროტებულ გიჟად მთვლიდნენ“, – წერს ყოფილი პრეზიდენტი.

როგორც „თაიმსის“ ჟურნალისტი მარკ ბენეტი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი არ არის, ვინც დასავლეთს ბრალს სდებს იმაში, რომ საქართველოსთან ომის შემდეგ ევროპელმა და ამერიკელმა ლიდერებმა კრემლის ექსპანსიონისტური კურსი თითქოსდა ვერ შენიშნეს და ცდილობდნენ ძველი ურთიერთობა გაეგრძელებინათ ნავთობითა და გაზით მდიდარ რუსეთთან.

კიდევ რას წერს ექს-პრეზიდენტი?

გარდა ამისა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა „თაიმსისთვის“ გაგზავნილ წერილში საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების მცდელობაში დაადანაშაულა. ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, გავლენიან ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ დამაარსებელს, რომელსაც საქართველოს მთავრობაზე დიდი გავლენა აქვს, „ვლადიმერ პუტინის ვალი მართებს“. თუმცა, ჟურნალისტი მარკ ბენეტი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას არ ასახელებს.

„თაიმსის“ პუბლიკაციაში ასევე გადმოცემულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შიმშილობდა და რომელიც აცხადებს, რომ იგი რუსეთის აგენტებმა მოწამლეს

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილს სიარული უჭირს, ჭამის შემდეგ გულისრევა აქვს და გონებას ხშირად კარგავს. „ამჟამად მისი სიცოცხლე უკრაინის სიტუაციაზეა დამოკიდებული“, – ამბობს ექს-პრეზიდენტის დედა.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ამჟამად მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ 60 კილოგრამს იწონის, რაც ორჯერ ნაკლებია მის ნორმალურ წონაზე, სანამ დააკავებდნენ. „აშკარაა, რომ ჩემი საქმე უფრო მასშტაბური ჰიბრიდული ომის ნაწილია“, – აცხადებს „თაიმსისთვის“ გაგზავნილ წერილში ექს-პრეზიდენტი.

შენიშვნა: ახლახან აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა (წყარო)

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება ის აქტივობები, რომელიც ლობისტურმა კომპანია „აკერმანმა“ განახორციელა, მათ შორისაა მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება. როგორც ჩანს, ზემოთაღნიშნული სტატიაც ამ აქტივობებს ასახავს.

“რას ნიშნავს ლობისტები? დიახ, იურიდიული ფირმა დავიქირავეთ, რომელიც ჩვენზე მუშაობდა”

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას არ იცნობს.

ალასანიას თქმით, დაქირავებული ჰყავდათ იურიდიული ფირმა, რომელთან მუშაობას უკვე დასრულებულია.

„რას ნიშნავს ლობისტები? იურიდიული ფირმა იყო, რომელი დიახ, დავიქირავეთ და რომელიც ჩვენზე მუშაობდა. ძალიან მადლობელი ვარ, კარგად იმუშავეს. ეს დამთავრდა.

მე საქმის კურსში არ ვარ და არ წამიკითხავს. არ ვიცი, არ ვიცნობ ამ დოკუმენტს. ეს იყო დიდი ხნის წინ და მათთან ურთიერთობა დავამთავრეთ. ეს იყო მედიაჯგუფი, რომელიც ასევე დავიქირავე და მერე რა?“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება ის აქტივობები, რომელიც ლობისტურმა კომპანიამ განახორციელა, მათ შორის არის რეზოლუციების დაწერა და ევროპარლამენტისთვის მიწოდება, სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება, კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან და ა.შ.

“პატიმარი ციხეში რჩება, ეს აჩვენებს, რომ ლობისტურ კამპანიაში ფული არაეფექტურადაა დახარჯული” – იაგო ხვიჩია

პატიმარი ციხეში რჩება, ეს აჩვენებს, რომ ლობისტურ კამპანიაში ფული არაეფექტურადაა დახარჯული, ამიტომ სააკაშვილს მოვუწოდებდი, რომ ასე ფულის ხარჯვას თავი დაანებოს და სხვანაირად ხარჯვას მიჰყოს ხელი, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, როცა ადამიანი ციხეშია, პიარ-კამპანიაში ფულის ხარჯვა შედეგის მისაღწევად სწორი გამოსავალი არ არის.

“რაც არ უნდა ეწეროს შიგნით და რამდენი ფულიც არ უნდა იყოს დახარჯული, რასაც შედეგი გვაჩვენებს, არაეფექტურად არის დახარჯული, ამიტომ სააკაშვილს მოვუწოდებდი, რომ ასე ფულის ხარჯვას თავი დაანებოს და სხვანაირად მიჰყოს ფულის ხარჯვას ხელი, რადგან მოგეხსენებათ, ძირითადად ეს ფული იხარჯება პიარ კამპანიებში და როცა ციხეში ზიხარ, პიარ კამპანიაში ფულის ხარჯვა არ არის მაინც და მაინც სწორი გამოსავალი. შეიძლება არ ყრის ფულს, ამით სხვა იმიჯს ქმნის დასავლეთში, პოლიტიკური დევნილის, პუტინის პატიმრის და ა.შ. მაგრამ შედეგი იმ თვალსაზრისით, რომ პატიმარი ისევ ციხეში რჩება, მიღწეული არ არის. დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით, რომ “ნაციონალური მოძრაობისგან” ტაქტიკის შეცვლა იყო აუცილებელი, დიდი ხნის წინ ვითხოვდით სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას და სხვები ითხოვდნენ გორის ციხეში გადაყვანას თბილისიდან, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, როცა ერთი მილიონი დაიხარჯა საადვოკატო საქმიანობაში, ვიძახდით, რომ უცნაურად იქცევიან ეს ადვოკატები, მაგრამ არ გვიჯერებენ, მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილი არ არის დამჯერი ადამიანი, მით უმეტეს, ჩვენს მიმართ, ამიტომ როგორც თვითონ მიაჩნია საჭიროდ თავის ფულის ხარჯვა, წარმატებას ვუსურვებ ამაში,”- განაცხადა ხვიჩიამ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება ის აქტივობები, რომელიც ლობისტურმა კომპანიამ განახორციელა, მათ შორის არის რეზოლუციების დაწერა და ევროპარლამენტისთვის მიწოდება, სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება, კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან და ა.შ.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პეტრ მიკისკასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პეტრ მიკისკასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის წინააღმდეგ”

ვესაუბრებით „სტრატეგია აღმაშენებელს“, რათა სხვადასხვა პროდასავლური პარტიებსა და ლიდერებთან ერთად გამარჯვების პლატფორმა შევქმნათ. მივესალმებით ყველას, ვინც ამ გამარჯვების პლატფორმაში საკუთარ თავს დაინახავს და ასევე, მივესალმებით იმ ფაქტს, თუ ცალკე პროდასავლური პარტიებიც გააკეთებენ ერთობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობის“ ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის წინააღმდეგ.

„ჩემი მთავარი დაპირება, მათ შორის ჩვენი ამომრჩევლისთვის, საზოგადოებისთვის იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად, ყველა ჯერზე, ინფრასტრუქტურულად, ლოჯისტიკურად გაძლიერდებოდა. ამას უახლოეს დღეებში საზოგადოება ნახავს. ცხადია, ვესაუბრებით „სტრატეგია აღმაშენებელს“ და ეს გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა პროდასავლური პარტიებსა და ლიდერებთან ერთად გამარჯვების პლატფორმა შევქმნათ. მივესალმებით ყველას, ვინც ამ გამარჯვების პლატფორმაში საკუთარ თავს დაინახავს და ასევე, მივესალმებით იმ ფაქტს თუ ცალკე პროდასავლური პარტიებიც გააკეთებენ ერთობას. ჩვენ საქმეს განახებთ უახლეს დღეებში. გამიხარდებოდა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც რომ მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები და ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გააკეთონ გამარჯვების პლატფორმა და ჩვენ ღია ვართ, ან თავად გააკეთონ, აჩვენონ საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი. მივესალმებით პროდასავლური პარტიების ერთობას, იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სარაჯიშვილის გამზირზე არსებული გამყოფი ზოლის, კუნძულების, სარაჯიშვილისა და ლიბანის სკვერების რეაბილიტაცია დასრულდა

სარაჯიშვილის გამზირზე არსებული გამყოფი ზოლის, კუნძულების, სარაჯიშვილისა და ლიბანის სკვერების რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული 2,5 კილომეტრიანი შუა ზოლის, გამწვანებული კუნძულების და სარაჯიშვილის სკვერის, ასევე, ლიბანის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.

აღნიშნულ პროექტსა და რეკრეაციული სივრცეების მნიშვნელობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„არაერთხელ მითქვამს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს რეკრეაციული სივრცეების არსებობას თბილისში. ამასთან, ყველას კარგად გვახსოვს რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობების განხორციელების მავნე პრაქტიკა, რომელიც დანერგილი იყო. უამრავი ნებართვა იყო გაცემული და ამ ტერიტორიების დაბრუნება ადგილმონაცვლეობის გზით მოგვიწია, რათა ქალაქს შევუნარჩუნოთ მწვანე სივრცეები. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული პროექტი განხორციელდეს, ეს იქნება ახალი პარკების მშენებლობა, არსებულის რეაბილიტაცია თუ სკვერების განახლება. ბოლო წლების განმავლობაში, უამრავი ასეთი პროექტი განხორციელდა და ეს ტენდენცია შენარჩუნდება. სადაც შესაძლებელია, ყველგან გავაკეთებთ ახალ პარკებს, რეაბილიტაციას ჩავუტარებთ სკვერებს, რათა მეტი მწვანე სივრცე იყოს. ყველა სივრცეში, სადაც ამგვარ პროექტებს ვახორციელებთ, გათვალისწინებულია შესაბამისი სავარჯიშო მოედნები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას სარაჯიშვილის გამზირზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციის დეტალებიც გააცნო.

„სარაჯიშვილის გამზირზე არსებულ შუა ზოლში, რომლის ფართობიც 25 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, წლების წინ გადიოდა ტრამვაის ხაზი, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში გაუქმდა, რაც ვფიქრობ, დიდი შეცდომა და დანაშაული იყო. ამ სივრცის ასე დატოვება შეუძლებელი იყო. ადგილობრივი მოსახლეობაც გვთხოვდა, რომ გამწვანება მოგვეწყო. ეს სამუშაოები უკვე დასრულებულია. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ზოლში მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, დამცავი ღობე, გარეგანათების და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები; განთავსდა საპარკო ავეჯი; ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: დაირგო 5 ათასზე მეტი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახი. გარდა ამისა, აღნიშნული შუა ზოლისა და ლიბანის ქუჩის მიმდებარედ მოეწყო ახალი გამწვანებული კუნძულები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სარაჯიშვილის სკვერს, რომლის ფართობიც 6 000 კვადრატული მეტრია, თბილისის მერის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, განთავსდა საპარკო ავეჯი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

ამასთან, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 21 000 კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსებულ ლიბანის სკვერში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, შეიცვალა გარეგანათების ქსელი და მოეწყო ახალი სისტემა.

მისივე თქმით, დამონტაჟდა ვიდეომეთვალყურეობის კამერები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოეწყო სკეიტ პარკი.

თბილისის მერია იუსტიციის სახლის მიმდებარედ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს იწყებს

ზვიად გამსახურდიას სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და ბარათაშვილის ხიდიდან ჩამომსვლელ პანდუსზე გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა – LED სანათების მონტაჟი დაავალა.

„მინდა, ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალო იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება. მგონი, რომ ქალაქის ცენტრში ეს ერთადერთი ადგილია, რომელიც ჩაბნელებულია და განათებების მხრივ პრობლემა არსებობს. ამიტომ, დავიწყოთ სამუშაოები რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება დროულად მოწესრიგდეს ყველაფერი. კონკრეტულად მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე არსებული საგზაო მონაკვეთი მთლიანად უნდა მოვაწესრიგოთ. ამასთან, იუსტიციის სახლის წინ არსებულ სივრცეში არის შესაძლებლობა, რომ შესაბამისი გამწვანების სამუშაოები ჩატარდეს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.