Home Blog Page 111

 თიბისის ღია კინოჩვენებების სერია სამცხე-ჯავახეთში

თიბისის ინიციატივით გრძელდება ფილმები ღია ჩვენებების სერია. ამჯერად, ბორჯომის მერაბ კოსტავას სახელობის ბაღში, თიბისის ინიციატივით ანიმაციის „სხვა ლეველის ოდისეა“ ჩვენება და მის შემქმნელებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი მაცხოვრებლები, დამსვენებლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში, ფილმის ღია ჩვენებები უკვე მოეწყო ახალქალაქსა და ბორჯომში. მომდევნო ღია კინოჩვენება კი ახალციხესა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.

გარდა ფილმის ჩვენებებისა, თიბისის ინიციატივითა და ხელშეწყობით, სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები მოეწყობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ღონისძიებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია!

თიბისი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუციაა, რომელიც აცნობიერებს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, თუ როგორი პოზიტიური გავლენა შეუძლია იქონიოს თიბისიმ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. ამიტომ თიბისისთვის კულტურის, განათლების და შემეცნებითი პროგრამების მხარდაჭერა მისი დაარსების დღიდან პრიორიტეტს წარმოადგენს.

 ,,ყველამ იცის, რომ სააკაშვილი კანონიერად იხდის სასჯელს, პარტიას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ცრუ ბრალდებით მოქმედებს, არ უნდა ჰქონდეს ამომრჩევლის იმედი” –  რატი ბრეგაძე

დღეს უკვე ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი კანონიერად იხდის სასჯელს და მისი უფლებები დაცულია, შედეგად პარტიას, რომელიც ცრუ ბრალდებით საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს და ოფიციალურად იხდის ფულს ჩვენი ქვეყნის დასასანქცირებლად, არ უნდა ჰქონდეს ამომრჩევლის იმედი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, თანამედროვე ბოლშევიკთა ერთ-ერთი ანარეკლის ლიდერს კი დიდი უკანონო სურვილი ამოძრავებდა, საქართველოსგან წაეღო ბიუჯეტის მეოთხედი, ვითომდა ანაკლიის პორტის მშენებლობის უკანონოდ გაჩერების გამო.

როგორც რატი ბრეგაძე წერს, სხვა „პარტიებს“ კი, რომლებიც საკუთარი ლიდერების სახელებს ოფიციალურად ირქმევენ, მხოლოდ იმის დეკლარირებას ახდენენ, რომ პოლიტიკურ ინდმეწარმეთა საცდელი „სტარტაპები“ არიან და ყარაულის თოფივით იმედით სულდგმულობენ.

„საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ რომ უპირობო ლიდერია, ამაზე არა მხოლოდ სოციოლოგიური გამოკითხვა, არამედ, პირველ რიგში, ოპონენტებთან დაკავშირებული რეალობა მეტყველებს.

ჩვენი მოწინააღმდეგე ერთია და ის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ანუ ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობაა.

პატიმრების მწამებელი რეჟიმის „შემოქმედთა“ დედა პარტიის, ამჟამად უცხოელი ლიდერი (რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს სახელმწიფოს ყოფილი მეთაური და ყოფილი მთავარსარდალი) მრავალი მილიონით დაფინანსებული საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ცდილობდა დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ თითქოსდა ის იყო პოლიტპატიმარი, რომელსაც აწამებდნენ, არ მკურნალობდნენ, არაადამიანურად ეპყრობოდნენ და უფლებებს ურღვევდნენ. როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედი უსამართლობა დიდი ბრძოლების შედეგად დამარცხებულია. დღეს უკვე ყველამ იცის, რომ სააკაშვილი კანონიერად იხდის სასჯელს და მისი უფლებები დაცულია. შედეგად პარტიას, რომელიც ცრუ ბრალდებით საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს და ოფიციალურად იხდის ფულს ჩვენი ქვეყნის დასასანქცირებლად(იხილეთ FARA) არ უნდა ჰქონდეს ამომრჩევლის იმედი.

თანამედროვე ბოლშევიკთა ერთ-ერთი ანარეკლის ლიდერს კი დიდი უკანონო სურვილი ამოძრავებდა, საქართველოსგან წაეღო ბიუჯეტის მეოთხედი, ვითომდა ანაკლიის პორტის მშენებლობის უკანონოდ გაჩერების გამო. აქაც გაირკვა სამართლებრივად სიმართლე, რომელიც სახელმწიფოს მხარესაა. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ „თავისუფლებისთვის მებრძოლნი“ მზად იყვნენ სახელმწიფო და მოქალაქეები უსამართლოდ გაეღლიტათ და თავად გამდიდრებულიყვნენ. არ გაუვიდათ, დაამარცხა საქართველომ.

სხვა „პარტიებს“ კი, რომლებიც საკუთარი ლიდერების სახელებს ოფიციალურად ირქმევენ, მხოლოდ იმის დეკლარირებას ახდენენ, რომ პოლიტიკურ ინდმეწარმეთა საცდელი „სტარტაპები“ არიან და ყარაულის თოფისა არ იყოს გავარდნის იმედით სულდგმულობენ.

ამასობაში პოლიტიკური დინოზავრებიც კი გააცოცხლეს, მაგრამ სხვა დროა ადამიანები მთვარეზე სამოგზაუროდ ემზადებიან“, – დაწერა რატი ბრეგაძემ.

“თანამგზავრული ფოტოები მოწმობენ, რომ უკრაინის ჯარების რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრის შემდეგ ადგილობრივი ლანდშაფტი შეიცვალა. დარჩება თუ უკან დაიხევს უკრაინის ჯარი?”-The Independent

ბრიტანულ გაზეთ “ინდეფენდენთში” (The Independent) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „თანამგზავრული ფოტოები მოწმობენ, რომ უკრაინის ჯარების რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრის შემდეგ ადგილობრივი ლანდშაფტი შეიცვალა. დარჩება თუ უკან დაიხევს უკრაინის ჯარი?“ (ავტორი – სამია კულაბი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის ჯარების შეჭრა მოსაზღვრე რუსეთის კურსკის ოლქის სამხრეთში კიევის მიერ განხორციელებულ სარისკო ოპერაციას წარმოადგენს – სამხედრო სარდლობამ თავისი შეზღუდული რესურსები ისე გაგზავნა სახიფათო ოპერაციაზე, რომ წარმატებაში დარწმუნებული არ იყო. თავდაპირველად კიევი დუმილს ინარჩუნებდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, როცა პროგრესის პირველი ნიშნები გამოჩნდა, პრეზიდენტმა დუმილი დაარღვია და ომით დაღლილი ქვეყნის მოსახლეობას სასიხარულო ამბები აცნობა – ჩვენ რუსეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპირება განვახორციელეთ, ტყვედ ბევრი რუსი ჩავიგდეთ და მათ ჩვენს ჯარისკაცებზე გადავცვლითო.

უკვე ერთ კვირაზე მეტი გავიდა გაბედული ოპერაციის დაწყების შემდეგ, მაგრამ მისი მთავარი მიზანი ჯერ კიდევ გაურკვეველია: ერთი მხრივ, კიევი აცხადებს, რომ ჩვენს მიზანს სხვისი ტერიტორიის მიტაცება არ წარმოადგენსო, მეორე მხრივ კი, უკრაინის არმიის საინჟინრო ქვედანაყოფები გრძელვადიანი თავდაცვისათვის ემზადებიან და გამაგრებულ ზღუდეებს აშენებენ – კოსმოსიდან თანამგზავრის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებზე ჩანს, რომ ისინი თხრიან ტრანშეებს, აგებენ საცეცხლე წერტილებს, ნაღმავენ ადგილებს და ა.შ. იბადება კითხვა: შეინარჩუნებს თუ არა უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიას, თუ ოკუპანტი უფრო წინ წაიწევს, ან უკან დაიხევს, საკუთარ ტერიტორიაზე?
აშკარაა მხოლოდ ის, რომ უკრაინის არმიის შეჭრამ ბრძოლის ველზე სიტუაცია შეცვალა. ჭექა-ქუხილის მსგავსმა დარტყმამ ძლიერი მტრის ჯავშანზე დიდი ბზარი გააჩინა, თუმცა კურსკის ოლქში განხორციელებულმა რეიდმა (ანუ რეზერვების გამოყენებამ) შეიძლება თვითონ უკრაინის არმია დააზარალოს – დონბასში, აღმოსავლეთის ფრონტზე, სადაც რუსეთის არმია უტევს და ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება ქალაქ პოკროვსკს – უკრაინის მძიმე მრეწველობის ერთ-ერთ ცენტრს, კოქსური ქვანახშირის საბადოებს. პოკროვსკი უკრაინის არმიისათვის ერთ-ერთ უმნისვნელოვანეს ლოჯისტიკურ ცენტრსაც წარმოადგენს. იყო ვარაუდი, რომ რუსეთის სარდლობა დონბასის ფრონტზე სამხედრო ნაწილებს მასობრივად მოხსნიდა და კურსკის ოლქში გადაისროდა, მაგრამ ვარაუდები არ გამართლდა. ამრიგად, დონბასის ფრონტზე უკრაინისთვის რაიმე მნიშვნელოვანი სასარგებლო ცვლილება არ მომხდარა.

პოლიტიკური თვალსაზრისით, უკრაინის შეჭრამ რუსეთის ტერიტორიაზე შეცვალა საომარი სიტუაცია და კონფლიქტის პირობები, რომელთ მიხედვით, თუ სამშვიდობო მოლაპარაკება გაიმართებოდა, უკრაინა განწირული იყო, რომ წამგებიან შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. ახლა კი მდგომარეობა კარდინალურად არის განსხვავებული: უკრაინა წარმატებით სარგებლობს დასავლური სამხედრო ტექნიკით – ტანკებით, ჯავშანმანქანებით, სარაკეტო დანადგარებით – რუსეთის ტერიტორიაზე, რაც ადრე აკრძალული ჰქონდა. მართალია, კიევი თვითნებურად მოიქცა, მაგრამ ტაბუ უკვე დარღვეულია.

„შეჭრამ აჩვენა, რომ დასავლეთის შიშები – ვაითუ „წითელი ხაზების“ გადაკვეთის გამო რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენებს და ომის რადიკალური ესკალაცია მოხდებაო, მხოლოდ მითები და ზღაპრები გამოდგა.

ფაქტია, რომ ბრძოლებში გამოწრთობილი უკრაინის არმია მრისხანე ძალას წარმოადგენს“, – ამბობს ტარას კუზიო, უკრაინის „კიევ-მოგილას აკადემიის“ უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი.

პრეზიდენტის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი ვარაუდობს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა ამტკიცებს კიევის პოზიციებს მოსკოვთან სამომავლო მოლაპარაკების წინ, ანუ უკრაინას კრემლზე გავლენის მოხდენისათვის ხელთ გარკვეული ბერკეტები უკვე აქვს.

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ კურსკის ოლქის სამხრეთი ნაწილის ტერიტორია, ეკონომიკური თვალსაზრისით, მაინცდამაინც დიდ სტრატეგიულ ფასეულობას არ წარმოადგენს: უკრაინის არმიის მიერ ოკუპირებულ რუსეთის ტერიტორიაზე ერთადერთი, რასაც მეტ-ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ეს არის მაგისტრალური გაზსადენის „ურენგოი-პომარი-უჟგოროდის“ ინფრასტრუქტურა, მაგრამ მისით სარგებლობა მეორეხარისხოვან კოზირს წარმოადგენს.

უკრაინამ ასევე გადაჭრა სარკინიგზო ხაზი, რომელიც კურსკის ოლქის ქალაქ ლგოვს მეზობელ ბელგოროდთან აკავშირებს. ოკუპირებულ ფართობზე არ არის რუსეთის არმიის მსხვილი სამხედრო ბაზებიც.

მართალია, უკრაინა აცხადებს, რომ მას არ აქვს კურსკის ოლქის მიერთების განზრახვა, მაგრამ ის შეეცდება შექმნას ბუფერული ზონა მოსაზღვრე სუმის ოლქის მოსახლეობის დასაცავად, რადგანაც საზღვართან ახლოს განლაგებული რუსული ქვემეხებით და რაკეტებით სუმის ოლქის სოფლები იბომბებოდა.

ერთ-ერთი უკრაინელი ოფიცრის თქმით, კურსკის ოპერაციამ აჩვენა, რომ რუსებს საკუთარი ტერიტორიის დაცვის თავიც კი არ აქვთ. „ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, რომ რუსებს საკუთარ ტერიტორიაზე უკან დავახევინეთ და უამრავი ტყვედ ჩავიგდეთ. ბევრ ჩვენგანს სურს, რომ აქედან პირდაპირ კურსკი დავლაშქროთ და ავიღოთ, შემდეგ კი მოსკოვში შევიდეთ, პირდაპირ კრემლში“, – ამბობს უკრაინელი სამხედრო ჩინოსანი.
უკრაინელი სამხედრო ექსპერტის კონსტანტინე მაშოვეცის თქმით, კურსკის ოლქში განხორციელებული სამხედრო რეიდის მთავარ მიზანს წარმოადგენს დარტყმების მიყენება რუსეთის იმ დაჯგუფებისათვის, რომელიც ხარკოვის ფრონტს ამარაგებს, ვოლჩანსკის რაიონში.

„ამასთან, რუსეთი, როგორც ჩანს, დონბასის ფრონტზე შეტევას არ ანელებს და მაინც წინ მიიწევს. კრემლი დონბასში უხვად იყენებს ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას“, – ამბობს კონსტანტინე მაშოვეცი, რომლის სიტყვები ბოლოდროინდელი ფაქტებითაც დასტურდება: 15 აგვისტოს ქალაქ პოკროვსკის უკრაინული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი დობრიაკმა მოსახლეობას განუცხადა – რუსეთის არმია აქედან უკვე 13 კილომეტრშია და დროა ევაკუაციისათვის მოემზადოთ, მალე მდგომარეობა უფრო გაუარესდებაო.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

თიბისი კაპიტალის პუბლიკაცია – საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის გაანგარიშება

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს-ეკონომიკის სერიიდან პირველი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სტრუქტურის გაანგარიშებას ეხება.

სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, კვლევა აჩვენებს, რომ აშშ დოლარში გამოსახულ უძრავი ქონების ფასზე გაცვლითი კურსი მნიშვნელოვანი მოქმედი ფაქტორია. საქართველოს შემთხვევაში, შედარებით ძლიერი გაუფასურებების ეპიზოდებში, ზეგავლენა თითქმის 50%-ს შეადგენს. ასევე, იკვეთება კავშირი გამყარების შემთხვევებშიც. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ უძრავი ქონების ფასები ნაწილობრივ უცხოურ და ნაწილობრივ ადგილობრივ ვალუტაშია დენომინირებული.

პუბლიკაციაში ასევე განხილულია დაფინანსების სტრუქტურაში მხოლოდ აშშ დოლარის ნაცვლად, ევროს გამოყენების რაციონალიც, როგორც მოკლევადიანი, ასევე საშუალო და გრძელვადიანი ინდიკატორებიდან გამომდინარე. ამასთან, ასევე დაფარულია საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების კონტექსტში ევროსა და დოლარის შედარებითი რისკიანობის საკითხიც.

ავტორთა შეფასებით, შემოთავაზებული დაფინანსების სტრუქტურა, რომელიც ლარი/ევრო/დოლარის კალათით განისაზღვრება, არა მხოლოდ სტრესული სცენარის დროს არის რაციონალური, არამედ, საბაზო სცენარშიც ბიზნესისათვის უფრო ეფექტიან არჩევანს წარმოადგენს.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.

კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლებისთვის წინასაარჩევნო გაშუქებისას კანონის დაცვის მიზნით გზამკვლევი გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებისას კანონმდებლობის დაცვის მიზნით, მაუწყებლებისთვის საარჩევნო საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებით გზამკვლევი გამოაქვეყნა. ინფორმაციას ამის შესახებ კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზამკვლევის მიზანია, მაუწყებლებისთვის მკაფიო და განჭვრეტადი გახადოს ის საკითხები, რომლებიც არჩევნების გაშუქებისას საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს.

„გამოქვეყნებული დოკუმენტი საინფორმაციო-სარეკომენდაციო ხასიათისაა და მაუწყებლებს დაეხმარება მათი საქმიანობის სწორად წარმართვაში, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის წინასწარ განჭვრეტადი იქნება წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისას კომუნიკაციების კომისიის როგორც ხედვები, ისე კანონმდებლობის დარღვევების შემთხვევაში, კომისიის მიდგომები.

გზამკვლევში მიმოხილულია მაუწყებლებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები, მათ შორის პოლიტიკური რეკლამის მიმართ მოთხოვნები, ასევე, მაუწყებლების ვალდებულებები ფასიან და უფასო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებასთან, საზოგადოებრივი აზრის კვლევების გამოქვეყნებასა და წინასაარჩევნო დებატებთან დაკავშირებით, როგორც შინაარსობრივი, ისე გავრცელებისთვის განსაზღვრული პერიოდის კუთხით. დოკუმენტში ასევე მოცემულია მედიის მიერ საარჩევნო საკითხების მომწესრიგებელი კანონმდებლობის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი ნორმების მიმოხილვა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საარჩევნო კოდექსისა და კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული დადგენილებების შესაბამისად.

კომუნიკაციების კომისია იმედოვნებს, რომ გზამკვლევი მაუწყებლებს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველო 27 ოქტომბერს გაიღვიძებს თავისუფალი, მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი – გიორგი ბარამიძე

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე შტაბის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 2008 წლის ომის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას და „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო გასამართლების შესახებ მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

გიორგი ბარამიძის თქმით, საზოგადოება მათ 26 ოქტომბერს საკადრის პასუხს გასცემს.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ მოღალატეობრივ განცხადებას, რომელიც გააკეთა ივანიშვილის კრიმინალური ბანდის წარმომადგენელმა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა გაერო-ში გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ. გუშინ ვიხილეთ „ქართულ ოცნებად“ წოდებული ამ კრიმინალური ბანდის რეაქცია, რომლებმაც კი არ აღიარეს, რომ შეცდომა მოუვიდათ და შეეშალათ, არამედ კვლავ დაიწყეს იმავეს ლაპარაკი და გააგრძელეს საქართველოს დადანაშაულება რუსეთის საამებლად, პუტინის დავალების შესაბამისად, რუსეთისთვის სისხლიანი ხელების მოსაწმენდად. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ისინი კი არ ცდებიან და შემთხვევით კი არ მოსდით რაიმე, არამედ პუტინის რეჟიმმა მოღალატეთა ბანდა მოიყვანა ხელისუფლებაში, რადგან სწორედ ეს ღალატი ჩაედინა და სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების ერთმნიშვნელოვანი ვერდიქტების მიუხედავად, რომელიც, ცხადია, პუტინს არ მოეწონა, ამ ბანდამ, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ილაპარაკოს, რომ არა რუსეთი, არამედ საქართველოს ხელისუფლებაა დამნაშავე ომის გაჩაღებაში საქართველოსვე ტერიტორიაზე. ეს არის მიზანი, რისთვისაც მოიყვანა პუტინმა ეს ბანდა ხელისუფლებაში და ეს არის მიზეზი, რატომაც ზის დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში, რატომაც ჰყავთ ბიძინა ივანიშვილსა და პუტინს ტყვედ.

ყველამ დავინახეთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც უფრთხის ბიძინა ივანიშვილი, რადგან ის არის მთავარი პრობლემა, ამ მოღალატეთა ბანდის მთავარი პოლიტიკური საპირწონე. ამიტომ ივანიშვილს ეშინია, დაკარგოს ხელისუფლება, პუტინს ეშინია, დაკარგოს მეხუთე კოლონა, რომელიც აქამდე შეინახა შავი ფულით, კრემლის მიერ მართული ცილისწამებითა და დეზინფორმაციის ნიაღვრით, მოღალატეთა და კორუმპირებულ ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც არ აქვს ფასეულობა და, როგორც ყველამ ვნახეთ, ორ შაურად გაყიდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს; რომელსაც არც კი რცხვენია, რუსეთი მათ განცხადებას სიტყვასიტყვით რომ იყენებს მსოფლიოში ყველაზე დიდი და გავლენიანი ორგანიზაციის ტრიბუნიდან. ეს არის არა გამოცხადებული, არამედ უკვე დადასტურებული ღალატის ფაქტი. დარწმუნებული ვარ, ქართულმა საზოგადოებამ კარგად დაინახა და 26 ოქტომბერს საკადრის პასუხს გასცემს ამ მოღალატეთა ბანდას. საქართველო 27 ოქტომბერს გაიღვიძებს თავისუფალი, მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი, საზოგადოება იქნება თავისუფალი კრემლის მარწუხებისგან, ყველანი დავუბრუნდებით საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაერთიანების გზას, რომელიც მიგვიყვანს მშვიდობიან გამთლიანებამდე, იმ ცხოვრებამდე, რომელიც ჩვენი საზოგადოების მიზანია: დევნილების დაბრუნება, უკეთესი საცხოვრებელი პირობები, მაღალი პენსია, დაბალი ფასები, მაღალი ხელფასები, ღირსეული სამუშაო ადგილები. ეს არის, რასაც წინ ეღობება მოღალატეთა ბანდა და რასაც 26 ოქტომბერს წერტილს დაუსვამს ქართველი ხალხი“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

თიბისის პარტნიორი, ავტომანქანების თანამგზავრულ-სანავიგაციო სისტემების კომპანია „ჯიპიეს ჯორჯია”, ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია

ავტომანქანების თანამგზავრულ-სანავიგაციო და დაცვითი სისტემების ქართულ ბაზარზე „ჯიპიეს ჯორჯია“ ერთ-ერთი ლიდერია. მოთხოვნა GPS მონიტორინგის თანამედროვე და მაღალი ხარისხის სისტემების დამონტაჟებაზე ინდივიდუალურ თუ კორპორატიულ სატრანსპორტო საშუალებებზე სტაბილურად იზრდება. ამას „ჯიპიეს ჯორჯიას“ ისტორია და ზრდის დინამიკა ადასტურებს. კომპანიის დირექტორმა, გიორგი ჩუგოშვილმა, ბიზნეს პარტნიორ რატი მაღლაფერიძესთან ერთად, უკვე არსებული კომპანია რამდენიმე წლის წინ შეიძინა. იმ დროს კომპანიას დაახლოებით 700 ობიექტი ჰქონდა, თვიური შემოსავალი კი 30-35 000 ლარს შეადგენდა. ამჟამად ობიექტების რაოდენობა 12 000-მდეა გაზრდილი, თვიური შემოსავალი კი 200 000 ლარია.

„რამდენიმე წლის წინ, პარტნიორთან ერთად, ამ კომპანიის შეძენა გადავწყვიტეთ. თანხის ნაწილი გვაკლდებოდა და ამაში თიბისი დაგვეხმარა. რთული გზა გამოვიარეთ, მათ შორის პანდემიის პერიოდი, მაგრამ კომპანიას ზრდა და განვითარება არ შეუწყვეტია“.

„ჯიპიეს ჯორჯია», ძირითადად, კორპორატიულ კლიენტებს ემსახურება. «საშუალო და დიდ კომპანიებს ხშირად თავიანთი ავტოპარკი აქვთ – სატრანსპორტო კომპანიებს, ავტოგაქირავებას, აფთიაქებს, სადისტრიბუციო კომპანიებს და ა. შ. კორპორატიული ავტომობილების მფლობელი ყველა კომპანია, ცხადია, დაინტერესებულია, რომ ზედმეტი ხარჯი არ ჰქონდეს. იგულისხმება ავტომობილის არამიზნობრივად გამოყენება, საწვავის მოპარვა და ა. შ. ჩვენი უმთავრესი ფუნქცია ამ ყველაფრის პრევენციაა“.

კომპანია მომხმარებელს რამდენიმე ტიპის პროდუქტს სთავაზობს. პირველი არის GPS მოწყობილობა, რომელიც აფიქსირებს ინფორმაციას მანქანის გადაადგილების, სიჩქარის, ტარების ხარისხის, დამუხრუჭების და ა. შ. შესახებ და თანამშრომლის მიერ მანქანის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას აიოლებს.

მეორე ძირითადი პროდუქტი საწვავის სენსორებია. სენსორები ყენდება დიდ მანქანებზე, უშუალოდ ავზებში და ზომავს საწვავის ჩასხმას, მოხმარებას და, შესაბამისად, ქურდობის ფაქტის აღმოჩენას აიოლებს. გარდა ამისა, კომპანია უზრუნველყოფს მანქანა-მაცივრების გადაადგილების, საწვავის მოხმარების, ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლს (მაგ., სადისტრიბუციო კომპანიების ავტომანქანებში, რომლითაც გაყინული საქონელი გადააქვთ, ასევე აფთიაქების სატრანსპორტო საშუალებებში, რომლებსაც ევალებათ ტემპერატურის მუდმივი კონტროლი, როგორც საწყობსა და ფილიალებში, ასევე მანქანებში).

არსებობს სხვა პროდუქტებიც, რომლებსაც, საჭიროების შემთხვევაში, „ჯიპიეს ჯორჯია“ სთავაზობს კლიენტებს – მაგალითად, მძღოლის იდენტიფიკატორი, რათა კომპანიამ ზუსტად იცოდეს, ვინ იმყოფება საჭესთან.

ბიზნესმოდელი მარტივია – კლიენტი მოწყობილობებს იძენს, ამის შემდეგ კი თითო ობიექტზე ყოველთვიურად იხდის მხარდაჭერის მომსახურებას.

«სატრანსპორტო ტელემატიკაში (ტრანსპორტის თანამგზავრულ მონიტორინგში) ევროპაში წამყვანი პოზიცია უჭირავს ლიტვას. ჩვენი პარტნიორებიც ლიტვური კომპანიები არიან – Teltonika, რომელიც ჯიპიესების და სხვადასხვა დივაისების მწარმოებელი კომპანიაა და Gurtam – უშუალოდ პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი. ასე რომ, ჩვენი მოწყობილობები მთლიანად ევროკავშირიდანაა. ჩვენ თავადაც ვამონტაჟებთ მოწყობილობებს – გვყავს მობილური ჯგუფები, რომლებიც ადგილზე მიდიან და, გარდა ამისა, გაფორმებული გვაქვს პარტნიორობა «თეგეტა მოტორსთან». ჩვენი სამონტაჟო ქსელი ყველაზე კომპლექსურია და მთლიანად ფარავს საქართველოს ტერიტორიას ლაივ რეჟიმში. სხვა კომპანიებს თავისი მობილური ჯგუფები ყავთ, რომლებიც გამოძახებიდან მეორე ან მესამე დღეს მიდიან ადგილზე, რაც, მაგალითად, სალიზინგო კომპანიებისთვის (რომლებთანაც ასევე გვაქვს პარტნიორობა გაფორმებული) მისაღები არ არის. ჩვენ გაცილებით ოპერატიულები ვართ და, სხვა ფაქტორებთან ერთად, სწორედ ეს განაპირობებს ლიდერობას ბაზარზე“.

 ,,მაქვს პატივი კვლავ წარმოვადგინო ფოთი, ხობი და სენაკი”- გიორგი ხახუბია

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. საარჩევნო კანონმდებლობით შემოღებულ იქნა დელეგატის ინსტიტუტი, რათა მოსახლეობასა და კანდიდატს შორის არ შესუსტდეს კავშირი და ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ მას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჰყავს წარმომადგენელი დელეგატის სახით, – წერს ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატობის კანდიდატი და მოქმედი მაჟორიტარი, გიორგი ხახუბია, სოციალურ ქსელში.

როგორც ხახუბია აღნიშნავს, დელეგატის ინსტიტუტი შემოღებული იქნა იმისათვის, რომ მოსახლეობასა და კანდიდატს შორის არ შესუსტდეს კავშირი.

მისივე თქმით, ჰქონდა შესაძლებლობა, ერთი წელი გაეგრძელებინა ირაკლი ხახუბიას წამოწყებული ბევრი სასიკეთო საქმე და მათი მაჟორიტარობის პერიოდში ფოთში, ხობში და სენაკში განვითარება თანაბრად შეეხო სხვადასხვა მიმართულებას.

“ჩემო ფოთელებო, ხობელებო და სენაკელებო!

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. საარჩევნო კანონმდებლობით შემოღებულ იქნა დელეგატის ინსტიტუტი, რათა მოსახლეობასა და კანდიდატს შორის არ შესუსტდეს კავშირი და ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ მას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჰყავს წარმომადგენელი დელეგატის სახით.

მაქვს პატივი კვლავ წარმოვადგინო ფოთი, ხობი და სენაკი საქართველოს პარლამენტში დელეგატის რანგში.

პირადად ჩემთვის ეს არის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა გავაგრძელო საქმე, რომელიც მე და ირაკლიმ წლების წინ ერთად წამოვიწყეთ. ჩვენი მაჟორიტარობის პერიოდში ფოთში, ხობში და სენაკში განვითარება თანაბრად შეეხო ინფრასტრუქტურას, რეკრეაციას, სოფლის მეურნეობას, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებს, სკოლებსა და ბაღებს, ჯანდაცვასა და სხვა სოციალურ მიმართულებებს.

მე მქონდა შესაძლებლობა ერთი წელი გამეგრძელებინა ირაკლის წამოწყებული ბევრი სასიკეთო საქმე და ამასთანავე შევძელი ჩვენი საერთო სურვილი სისრულეში მომეყვანა, რაც ქალაქ ფოთისთვის ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესებას გულისხმობს, რომელიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების სათავე იქნება.

პირობას გაძლევთ, მაქსიმუმს გავაკეთებ ფოთის, ხობისა და სენაკის უკეთესი მომავლისთვის!

მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის!

დიდი იმედი მაქვს ჩემი ფოთელების, ხობელებისა და სენაკელების მხარდაჭერის!

მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით!

მხოლოდ ევროპისკენ!”, – წერს გიორგი ხახუბია.

რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ ქვეყნები მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე არიან

რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა. დუმის დეპუტატმა, უშიშროების კომიტეტის წევრმა, მიხაილ შერემეტმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთზე თავდასხმისთვის უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, რეალურად, მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარამდე მიიყვანეს.

„მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, რომლის დაწყებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ“, – განაცხადა შერემეტმა.

მისივე თქმით, ნატო-ს ქვეყნებმა უკრაინას, ფაქტობრივად, რუსეთზე თავდასხმის უფლება მისცეს, თვითონ კი „იმალებოდნენ მარიონეტული კიევის რეჟიმის უკან“.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები კურსკის ოლქში უკვე 82 დასახლებას აკონტროლებენ. მისივე თქმით, 6 აგვისტოდან უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის ტერიტორიაში 35 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ და 1 150 კვადრატული კილომეტრის ფართობს აკონტროლებენ.

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 4 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული ლ.ქ., ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის დაკავებული არიან – 1989 წელს დაბადებული ო.ბ. და 2005 წელს დაბადებული ნ.ფ., ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ჯ.ფ.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, ბრალდებულმა ლ.ქ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში, სოფელ დიღომში, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ახლობელს 1987 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად გ.ქ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ლ.ქ. კახეთში დააკავეს.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დაჭრის ფაქტს შეესწრნენ, ბრალდებულის და მოკლულის საერთო მეგობრები – ო.ბ. და ნ.ფ., რომლებმაც მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო ბრალდებული ჯ.ფ.-სთვის, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

,,დადგა დრო, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი”- ლევან მაჭავარიანი

2008 წლის ომის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა. მისი თქმით, დადგა დრო, რომ ამ პარტიამ კითხვებზე პასუხი გასცეს.

„ჩვენთვის აუცილებელი იყო, რომ მოგვეგო ის პროცესები, რომლებიც სტრასბურგში და ჰააგაში მოვიგეთ და ყველანაირი რისკი მოხსნილიყო, რომ ჩვენს სამხედროებს რაიმე დაჰბრალებოდათ. ჩვენ ეს ყველაფერი გადავაზღვიეთ და ახლა დადგა დრო, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი“, – აღნიშნა მაჭავრიანმა.

მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის ემზადება. ფორმა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებისთვის ყოფილმა სახელისუფლებო ძალამ პასუხი სწორედ სამართლებრივად უნდა აგოს.

საქართველო, გამოხატვის თავისუფლების ინდექსით, მსოფლიოს 50 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა

„გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიამ“ ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამოხატვის თავისუფლების ინდექსი 2023 გამოაქვეყნა. ინტერაქტიული ანგარიში ეფუძნება გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მასშტაბურ გამოკვლევას, რომელიც მსოფლიოს 179 ქვეყანას და ტერიტორიას აერთიანებს.

შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 84,9% დაიმსახურა, რითაც გადაუსწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და სხვადასხვა მაღალშემოსავლიან ქვეყნებს: საბერძნეთს, პოლონეთს, უნგრეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, ხორვატიას, სლოვენიას, კვიპროსს, მალტას, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, ალბანეთს, თურქეთს, ისრაელს, სამხრეთს კორეას და ა.შ.

საქართველო გამოხატვის თავისუფლებით მსოფლიოში 44-ე პოზიციაზეა, ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს და შავიზღვისპირეთში პირველ ადგილს იკავებს.

საქართველო 2012 წლის შემდეგ გამოხატვის თავისუფლების შეფასების 11 წლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოში მე-9 ადგილზეა. 2012 წელს საქართველო მსოფლიოში 108-ე ადგილზე იყო, 11 წელიწადში კი სარეიტინგო პოზიცია 64 ადგილით გაიუმჯობესა.

„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.

მისი სათაო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.

პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.

ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.