Home Blog Page 110

ისრაელმა ღაზაში ყოფილი ჰუმანიტარული უსაფრთხო ზონის ევაკუაციის ბრძანება გასცა

ისრაელის არმიამ ღაზას სამხრეთ და ცენტრალური ნაწილში ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცა იმ ტერიტორიებისთვის, რომლებიც მანამდე ჰუმანიტარულ უსაფრთხო ზონად იყო განსაზღვრული.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, აღნიშნული ტერიტორიები „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით ნაღმტყორცნებისა და რაკეტების გასაშვებად ბაზად გამოიყენა.

მათივე ინფორმაციით, გამაფრთხილებელი ფლაერები და ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნა ქალაქ ხან იუნისის ჩრდილოეთ და დეირ ალ-ბალას აღმოსავლეთ ნაწილებში.

„წინასწარი გაფრთხილება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაიცემა იმისთვის, რომ შეამსუბუქოს ზიანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და მისცეს საშუალება მშვიდობიან მოქალაქეებს საბრძოლო ზონა დატოვონ“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

,,შენ ადამიანი გაამწარე, დაიჭირე, აწამე, ფული წაართვი და თურმე მე ვაშანტაჟებ ბიზნესს” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა ოპონენტების განცხადებაზე, რომ ხელისუფლების შანტაჟის შედეგად „დემნოკრატიის ფესტივალის“ ორგანიზატორებს ღონისძიებისათვის სივრცის დათმობაზე უარს ეუბნებიან.

როგორც მან აღნიშნა, ბიზნესი როგორი თავისუფალიცაა დღეს საქართველოში, ისე არასდროს ყოფილა.

„ყოველი 10 ბიზნესმენიდან 9 გაუბედურებული და ნაწამები ჰყავდათ და ჩვენი დაშანტაჟება (მართლა რომ ეს ვინმე იკადროს) ვის რაში სჭირდება? როდესაც ბიზნესმენები უარს ეუბნებიან, ესენი მოაბამენ კუდს, რომ „ქართული ოცნება“ აშანტაჟებს თურმე. ერთ-ერთი მთავარი დამსახურება რაც გვაქვს, არის ის, რომ ბიზნესი როგორი თავისუფალიცაა, ასე არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში. ეს ხომ ყველამ ვიცით. მეორე – შენ ადამიანი გაამწარე, დაიჭირე, აწამე, ფული წაართვი და თურმე მე ვაშანტაჟებ, რადგან ბიზნესმენი ფართს არ გაძლევს, რანაირი ლოგიკაა? ეს არის აშკარა წამოცდენა და სრული ლუსტრაცია, რომ ისინი არა დემოკრატიის ფესტივალის ფარგლებში, წინასაარჩევნო კამპანიას და აგიტაციას ეწევიან უცხო ქვეყნის დაფინანსებით და გვეკითხებიან, რატომ არ მივდივართ იქ, სადაც ბანერი Free Misha არის გამოკრული“, – განაცხადა მდინარაძემ.

სულს რომ გაყიდი კომკავშირის მდივანს პატრიოტად გაასაღებ! – გოგა ხაინდრავა

სულს რომ გაყიდი კომკავშირის მდივანს პატრიოტად გაასაღებ! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორი გოგა ხაინდრავა წერს. 

„ს. სამადაშვილი: ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი ერთადერთი დიპლომატია, რომელმაც პროფესიული კეთილსინდისიერება გამოიჩინა. სულს რომ გაყიდი კომკავშირის მდივანს პატრიოტად გაასაღებ! მევახშეს პოლიტიკოსად! თაღლითს კეთილსინდისიერად! ჩმორს დიპლომატად! ქართულს რუსულად!“, – წერს გოგა ხაინდრავა.

,,ომის გამოძიება „საკვანძო სახელმწიფოებრივი საკითხია”- მამუკა მდინარაძე

შენ შეგიძლია ღალატი ჩაიდინო და თუ ღალატის გამოძიებაზე ვინმე კრინტს დაძრავს, ეს რუსული საქმეა – რაც უნდათ ილაპარაკონ, ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ომის გამოძიება „საკვანძო სახელმწიფოებრივი საკითხია, რათა სხვა დროს, ვერავინ გაბედოს ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებების ჩადენა“.

„ყველაზე პრიმიტიული პიარკამპანია იმაში მდგომარეობს, რომ რაც არ მოსწონთ ყველაფერს რუსულს ეძახიან. ისეთივე რუსულია ეს გამოძიება, როგორიც რუსულიც იყო გამჭვირვალობის კანონი. რაც არ მოსწონთ, აზიანებთ, ააშკარავებთ, მათთვის რუსულია ყველაფერი. ახლა რაც შეეხება რა არის რუსული და ქვეყნისთვის დამაზიანებელი. სამშობლოს ღალატის მუხლი თვეებით ადრე მათ ამოიღეს კანონიდან, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი მათ აღადგინეს, საზღვრები მათ დაადგინეს, კოდორი და ზემო აფხაზეთის თემაც გვახსოვს. ამის შემდეგ, მთელს მსოფლიოს აჩვენეს 7-ში აქედან იქით დაბომბვის კადრები. ამის შემდეგ ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც ქართველ ჯარს დააბრალეს ომის დაწყება და კასეტური ბომბებით ცხინვალის დაბომბვა. შემდეგ ტალიავინის დასკვნას დაეთანხმნენ და დღეს საუბრობენ, რომ სხვისი ნაკეთები რამე საქმეა რუსული და თურმე, ამ ყველაფრის გამოძიება არის რუსული.

შენ შეგიძლია ღალატი ჩაიდინო და თუ ღალატის გამოძიებაზე ვინმე კრინტს დაძრავს, ეს რუსული საქმეა. მაგრამ ამავე დროს, მეორე ფაქტორიც არის აქ – ჩვენ სტრასბურგიც მოვიგეთ და ჰააგაც. კრინტიც არ დაგვიძრავს მაგალითად, მე-11 პუნქტზე, სადაც ეწერა, რომ შესაძლო ომის დანაშაული ჩაიდინეს ქართველმა სამხედროებმა. დღეს რუსებმა და „ნაცებმა“ რაც უნდა იძახონ, ჩვენს -საქართველოსა და ქართველი სამხედროების სასარგებლოდ ჰააგაც ჩავლილია და სტრასბურგიც. ახლა მათ რაც უნდათ ილაპარაკონ, ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს.

ეს არის საკვანძო სახელმწიფოებრივი საკითხი, იმიტომ რომ სხვა დროს ვერავინ გაბედოს საქართველოს წინააღმდეგ მოღალატეობრივი მოქმედებების ჩადენა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კობა კობალაძე ლაგოდეხში ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში გეგმური ვიზიტის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე, უწყების ხელმძღვანელმა, ვეტერანებს პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად გააცნო სამსახურის სტრატეგიული გეგმები, ამოცანები, ის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, რომლებსაც სამსახური, სახელმწიფოსთან , სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის ახორციელებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ვეტერანებმა მათთვის ყველა საინტერესო კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის, კახეთის სამმართველოს უფროსი, თამაზ კალატოზიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ალიბეგაშვილი და მერიის წარმომადგენელი, ზაზა ცერცვაძე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი განაგრძობს რეგიონებში გეგმურ შეხვედრებს, რაც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე მდგარი გამოწვევების დეტალურად გაცნობას და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მათი დაძლევის გზების მოძიებას ემსახურება.

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას გარდაცვალების დღეა

საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა. ზაზა დამენიას ხსოვნის პატივსაცემად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსი, გელა ბაქანიძე, გურიის გუბერნატორის მოადგილე, ქეთი მოისწრაფიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზაზა დამენიას საფლავზე იმყოფებოდნენ. მათ გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს სამშობლოს ერთიანობას გმირულად შეწირული მებრძოლი.

ზაზა დამენია, 1992 წლიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. 1993 წელს აფხაზეთში იბრძოდა. 1995 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2002 წლიდან, ზაზა დამენიამ სამხედრო სამსახური მე-11 მექანიზებული ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონი „კომანდოს” რიგებში გააგრძელა.

2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან ერთად, „კომანდოს” ბატალიონი, კონფლიქტის ზონაში, ქართული სოფლების დასაცავად გაიგზავნა. მოწინააღმდეგესთან შეიარაღებული დაპირისპირებების დროს, ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა, რომელთა შორის იყო ზაზა დამენია. 2004 წლის 16 აგვისტოს, ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა – კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და სამი ჯარისკაცი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა.

დაღუპვამდე ორი დღით ადრე, დამენიას ჭურვის აფეთქების შედეგად მხედველობა დაუქვეითდა, თუმცა კაპრალმა უარი განაცხადა პოზიციის დატოვებაზე და ბოლომდე დარჩა თანამებრძოლების გვერდით, ბრძოლის ველზე.

სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, 2004 წლის 24 აგვისტოს, ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

კობა კობალაძე გურჯაანში ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა

რეგიონებში გეგმური ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, კობა კობალაძემ, ვეტერანებს პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად გააცნო სამსახურის სტრატეგიული გეგმები, ამოცანები, ის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, რომლებსაც სამსახური, სახელმწიფოსთან , სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის ახორციელებს.

სამსახურის დირექტორმა ვეტერანებისგან, დეტალურად მოისმინა ყველა ის საკითხი, რომლებიც რეგიონის ვეტერანების საზრუნავს წარმოადგენს; შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ვეტერანებმა მათთვის ყველა საჭირო კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის, კახეთის სამმართველოს უფროსი, თამაზ კალატოზიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი, მერის პირველი მოადგილე, ლერი გელენავა, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ივანე ბერიძიშვილი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი განაგრძობს რეგიონებში გეგმურ შეხვედრებს, რაც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე მდგარი გამოწვევების დეტალურად გაცნობას და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მათი დაძლევის გზების მოძიებას ემსახურება.

,,ევროსაბჭოს რეზოლუციის დოკუმენტი ქართველ ჯარისკაცებს არ ადანაშაულებდა, ადანაშაულებდა”- გიორგი ბარამიძე

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ ევროსაბჭოს რეოლუციის მხარდაჭერისა და ტალიავინის დასკვნაზე დათანხმების შესახებ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, რეზოლუციის დოკუმენტს იმდროინდელმა ხელისუფლებამ დაუჭირა მხარი იმიტომ, რომ მაშინ პირველად გაიჟღერა რუსული ოკუპაციი საკითხმა და იმან, რომ რუსეთმა ჯარი უნდა გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან.

„პირველად გაიჟღერა [რეზოლუციაში] რუსეთის მიერ ოკუპაციამ და რადგანაც პირველად გაიჟღერა, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან [ჯარი] უნდა გაიყვანოს, ამიტომ დაუჭირა მხარი საქართველომ და არ დაუჭია რუსეთმა. [ეს დოკუმენტი] ქართველ ჯარისკაცებს არ ადანაშაულებდა, ადანაშაულებდა რუსეთს. წერია, რომ რუსეთია ოკუპანტი, ესაა მთავარი“, – აცხადებს ბარამიძე.

,,კითხვები სააკაშვილის რეჟიმთან მიმართებაში ბევრია” – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კიდევ ერთხელ განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს.

გია ვოლსკი აცხადებს, რომ კითხვები სააკაშვილის რეჟიმთან მიმართებაში ბევრია.

„რატომ არ გამოიყვანა ხალხი იმ ზონიდან სადაც მერე ათეულობით ადამიანი შეეწირა? რატომ გვიმტკიცებდა 8 აგვისტოს ჩათვლით, რომ რუსებს არ აინტერესებთ ცხინვალის რეგიონი და 12 საათისთვის იქნა დაახლოებით ეს აღიარებული. ამ თემებთან დაკავშირებით, ხელი მოაწერეს დოკუმენტს, სადაც პირდაპირ ბრალი დასდეს ქართულ არმიას ამ დანაშაულში. და რამ განაპირობა ეს მოღალატეობრივი ნაბიჯი, ამ თემაზეა ლაპარაკი“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

“განა მე ჩივილი შემიძლია, სანამ ომი არ დამთავრდება?”- ძალადობის დილემა უკრაინულ ოჯახებში-The Guardian

„უკრაინულ ოჯახებში ძალადობის შემთხვევები სწრაფად მატულობს“, – იუწყება ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) სტატიაში, რომლის სათაურია „განა მე ჩივილი შემიძლია, სანამ ომი არ დამთავრდება?“- ძალადობის დილემა უკრაინულ ოჯახებში (ავტორი – რუში კუმარი). ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ძალადობის მომრავლება ფრონტის წინა ხაზიდან დაბრუნებულ მამაკაცებში ფსიქოლოგიური პრობლემებითაა გამოწვეული. უკრაინელი ცოლები ქმრებისგან ცემას მორჩილად იტანენ, როცა მათი მეუღლეები სამხედრო მოსამსახურეები არიან.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

გასულ წელს უკრაინაში ოჯახური ძალადობის თითქმის 300 ათასამდე ფაქტი დაფიქსირდა, მაგრამ ეს არასრული მონაცემებია – იმიტომ, რომ თუ ძალადობაში მამაკაცები – სამხედრო მოსამსახურეები ფიგურირებენ, ამ დროს მათი ცოლები, დები და დედებიც კი, ცემას იტანენ და ხშირ შემთხვევაში დუმილს ამჯობინებენ.
მიმდინარე წლის მაისში სოციალურ მუშაკს ლიუბოვ ნედორიზს ხარკოვის ოლქის ქალაქ პერვომაისკის პოლიციიდან დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ფრონტიდან დაბრუნებულმა 30 წლის მამაკაცმა დედა სცემა. შუა ხნის ქალი იძულებული გახდა პოლიციისათვის დახმარება ეთხოვა. ლიუბოვ ნედორიზი, რომელიც ნაცემ ქალს შეხვდა, ამბობს: „მომიყვა, რომ მისი ვაჟი ადრე მშვიდი და წყნარი ადამიანი იყო, უმაღლესდამთავრებულია, ჰყავდა საცოლე… მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ რაც ის ფრონტზე გაიწვიეს, ხარკოვთან ახლოს. უკან გაბოროტებული დაბრუნდა, საცოლეს სცემა, ხოლო როცა დედა მის შეჩერებას შეეცადა, მუშტები მასაც უთავაზა“.
უკრაინაში სამხედრო მოსამსახურეების მიერ ნაცემი ქალების რაოდენობა მკვეთრად მატულობს. ოჯახებში მეორე ფრონტია გახსნილი და ამ დროს ქალები დამარცხებულ მხარეს წარმოადგენენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს პოლიციამ ოჯახური ძალადობის 291 ათასი ფაქტი დააფიქსირა, რაც 20%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. ექსპერტები და სოციალური მუშაკები ელოდებიან, რომ 2024 წელს მაჩვენებლები ისევ გაიზრდება. მიმდინარე წლის ორ თვეში საჩივრების რაოდენობა ოჯახურ ძალადობაზე, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, უკვე 56%-ით არის მომატებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

გაეროს დემოგრაფიული ფონდის წარმომადგენლის დიანა მასიმოს თქმით, რომელიც უკრაინულ ოჯახებში გენდერული ნიშნით ძალადობის კვლევით არის დაკავებული, ეს მონაცემები მხოლოდ „აისბერგის ზედა ნაწილს“ წარმოადგენს, სინამდვილეში სიტუაცია ბევრად მძიმეა. „საერთოდ, უკრაინაში ოჯახური ძალადობა ტრადიციულად საიდუმლოს წარმოადგენდა და საჯაროდ არ მჟღავნდებოდა. ასე იყო ჯერ კიდევ კონფლიქტის დაწყებამდეც, მაგრამ ომიანობის დროს ჩნდება სტრესის ფაქტორი, რის შედეგად ინგრევა ოჯახები, ადამიანები დევნილები და ლტოლვილები ხდებიან, ღარიბდებიან, ქონებას კარგავენ, მუდამ სარაკეტო და საავიაციო დაბომბვების ქვეშ არიან, რაც საბოლოო ჯამში მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც აუარესებს. ჭეშმარიტად, უკრაინელი ქალები იძულებულნი არიან სამმაგი დატვირთვა გადაიტანონ. ფრონტზე მამაკაცები მიდიან, ქალის მხრებზე რჩება მთელი ოჯახის შენახვა, თანაც დახმარების გარეშე“, – ამბობს დიანა მასიმო.

კიდევ ერთი სპეციალისტის, ივანა კოვალჩუკის თქმით, არის ტენდენცია, რომ ქალები ნაკლებად ჩივიან იმ შემთხვევაში, როცა ოჯახური ძალადობა ომის მონაწილეებისაგან და ვეტერანების მხრიდან ხორციელდება. თუ ვინმე წერს საჩივარს, ისინიც ბოდიშს იხდიან, რომ ომის დროს, როცა ქვეყანა საფრთხეშია, პირადულ მდგომარეობაზე ჩივიან: „ეს ის სფეროა, სადაც პატრიარქალური ტრადიციები ჯერ კიდევ ძლიერია. ქალები ხშირად საკუთარ თავს ასეთ კითხვას უსვამენ: აბა, როგორ შეიძლება იმ მამაკაცს – ქმარს, შვილს, მამას ან ძმას – რომელიც ფრონტიდან დაბრუნდა, გმირია და ერის წინაშე მოვალეობა მოიხადა, მას პოლიციაში უჩივლო? ასეთ აზრებს ძალიან ხშირად ვისმენთ“.
სახლში დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეების პოსტ ტრამვატული სტრესული დარღვევების გახშირებული ფაქტებიდან გამომდინარე, დიანა მასიმო იმ მამაკაცებს, რომლებიც ოჯახური ძალადობის სუბიექტები გახდნენ, „ომის სისასტიკის მსხვერპლთ“ უწოდებს. ლიუბოვ ნედორიზი მას ეთანხმება და ამბობს: „ჩვენი ქმრები, შვილები და ძმები, ომიდან სრულიად შეცვლილები ბრუნდებიან. შეიძლება ფიზიკურად არაფერი სჭირთ, არ დაჭრილან, მაგრამ მათ ფსიქიკა უკვე მოშლილი აქვთ, ამდენი საშინელი სიკვდილის შემყურე. ისინი შინაგანად ძალიან ტრავმირებული არიან“.

დიანას თქმით, მან მსგავსი შემთხვევები ნახა სხვა ქვეყნებშიც, სადაც მრავალი წლის განმავლობაში კონფლიქტები მძვინვარებდა: „30 წლის წინათ მსგავსი ფაქტები ხდებოდა ხორვატეთში, სერბეთში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში. თანაც იქ დღემდე შეინიშნება სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი ტრაგიკული მოვლენების ექო. აუცილებელია კომბატანტთა ოჯახებში მუშაობა, რომ ისინი მორალურად მომზადებულნი შეხვდნენ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგებს და შეეცადნონ როგორმე სიტუაცია შემსუბუქდეს. რა თქმა უნდა, ასეთი სიტუაცია ოჯახებში ძალზე არასასიამოვნოა“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

,,გამოძიების ჩატარების საფუძველი არ არსებობს” – იულია ნავალნაია

სიკვდილიდან 6 თვის შემდეგ, ალექსეი ნავალნის ქვრივს მისი მეუღლის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია გადაეცა. იულია ნავალნაიას თქმით, სამ გვერდიან დოკუმენტში არ არის მოცემული დამაჯერებელი ახსნა-განმარტება ნავალნის სიკვდილის რეალური მიზეზების შესახებ.

რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ოფიციალური წერილში აღნიშნულია, რომ ეს ,,გარდაცვალება არ იყო დანაშაულის შედეგი და, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს გამოძიების ჩასატარებლად”.

47 წლის პოლიტიკოსი ციბირის ციხეში 16 თებერვალს გარდაიცვალა. ნავალნის თანამოაზრეები დარწმუნებულნი არიან, რომ ის მოკლეს.

კამალა ჰარისის მხარდაჭერა სწრაფად იზრდება – ავთანდილ წულაძე

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები დასკვნით ფაზაში შედის და დღეს ორივე კანდიდატის გამარჯვების შანსები თითქმის თანაბარია. ავტორიტეტული Pew Research Center-ის ახალი გამოკითხვა აჩვენებს, რომ კამალა ჰარისის რეიტინგი 46%-ია, მხოლოდ დონალდ ტრამპის კი 45%. აღსანიშნავია, რომ კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო რბოლის მესამე მონაწილის, რობერტ კენედი უმცროსის ხმების ნახევარზე მეტის მიღება შეძლო. ივლისში კენედის ამომრჩეველთა 15%-მა დაუჭირა მხარი, აგვისტოში კი მხოლოდ 7%-მა. https://www.pewresearch.org/politics/2024/08/14/harris-energizes-democrats-in-transformed-presidential-race/

გარდა ამისა, კამალა ჰარისი, ჯო ბაიდენთან შედარებით, უფრო პოპულარულია მოსახლეობის ჯგუფებში, რომლებიც ტრადიციულად ხმას აძლევენ დემოკრატებს. როგორც კვლევაში აღნიშნულია: „50 წლამდე ამომრჩევლებს შორის ჰარისის მხარდაჭერა 9 პროცენტით აღემატებოდა ბაიდენის მხარდაჭერას ივლისში. ხოლო შავკანიან, აზიელ და ესპანელ ამომრჩევლებს შორის ჰარისის მხარდაჭერა მინიმუმ 10 პროცენტით გაიზარდა ბაიდენთან შედარებით“.

ჯო ბაიდენის ასაკი და ჯანმრთელობა იყო დონალდ ტრამპის თავდასხმების სამიზნე და გამოიწვია ბაიდენის მხარდაჭერის შემცირება დემოკრატ ამომრჩევლებში. მაგრამ 59 წლის კამალა ჰარისმა კამპანიაში ენერგია და დინამიზმი შეიტანა. ჰარისი გახდა უამრავი მემის საგანი ინტერნეტში, რაც ხელს უწყობს მისი პოპულარობის ზრდას.

დონალდ ტრამპი ცდილობს აკრიტიკოს, როგორ იცინის კამალა ჰარისი. მაგრამ ამავდროულად, კამალა ჰარისის სიცილი ხელს უწყობს მისი ვიდეოების პოპულარობის მკვეთრ ზრდას სოციალურ ქსელებში. ჰარისის ცეკვა და სიცილი  იზიდავს ხმებს ახალგაზრდა ამომრჩევლებს შორის.

წარმატებული იყო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ტიმ ვოლცის არჩევანიც. ვოლცი თეთრი მამაკაცია, სკოლის ყოფილი მასწავლებელი და სამხედრო ოფიცერი. ის აბალანსებს კამალა ჰარისს, – ქალს აფრო-აზიური ფესვებით.

ვოლცი ასევე გამოირჩევა საჯარო გამოსვლის უნარით. მისი ენერგია, ქარიზმა და ოპტიმისტური დამოკიდებულება წარმატებით ავსებს კამალა ჰარისის იმიჯს.

კამალა ჰარისმა ოპტიმიზმი გააჩინა დემოკრატ ამომრჩევლებში. შედეგად, აგვისტოში ჰარისის მხარდამჭერთა 70%-მა განაცხადა, რომ ძალიან მოტივირებული არის არჩევნებში ხმის მისაცემად. ეს 7%-ით მეტია, ვიდრე ივლისში სანამ ბაიდენმა განაცხადა, რომ კენჭისყრას შეწყვეტდა.

ტრამპის მხარდამჭერებს შორის 72% ამბობს, რომ ძალიან მოტივირებულია ხმის მისაცემად. ამრიგად, ორივე კანდიდატის ამომრჩეველთა მობილიზების დონე თითქმის ერთნაირია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკელ ამომრჩეველს უფრო მეტად აინტერესებს შიდა პოლიტიკური საკითხები, ვიდრე საგარეო პოლიტიკა. კამალა ჰარისსა და ჯო ბაიდენს შორის ერთ-ერთი განსხვავება ისაა, რომ ჰარისი ყურადღებას ამახვილებს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. საარჩევნო კამპანიის ეს გადართვა შიდა პოლიტიკურ საკითხებზე ხელს უწყობს ჰარისის პოპულარობის ზრდას.

აშშ-ში საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია აბორტის უფლება ქალებისთვის. კონსერვატიული რესპუბლიკელები აბორტის აკრძალვას ითხოვენ. ტრამპი ცდილობს თავი აარიდოს ამ კითხვებზე პირდაპირი პასუხის გაცემას და ამბობს, რომ ეს პრობლემა შტატების დონეზე უნდა მოგვარდეს. კამალა ჰარისის სიძლიერე ის არის, რომ ის იცავს ქალთა უფლებებს აბორტზე, რაც ზრდის მის მხარდაჭერას.

აშშ-ში არაპირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებია. საარჩევნო რბოლის შედეგი გადაწყდება მერყევ შტატებში (swing states). გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკის საშუალო კლასის წარმომადგენლებმა, შესაძლოა, გადამწყვეტი გავლენა იქონიონ არჩევნებზე.

კამალა ჰარისის კამპანია ორიენტირებულია საშუალო კლასის ხმების მიზიდვაზე. ჰარისი აკრიტიკებს ტრამპს, როგორც მსხვილი ბიზნეს ინტერესების წარმომადგენელს, რომელიც თრგუნავს საშუალო ფენას. ჰარისი მხარს უჭერს კორპორაციული გადასახადების გაზრდას და საშუალო ფენის საგადასახადო ტვირთის შემცირებას. ტრამპი გამოდის კონსერვატიული რესპუბლიკელებისთვის ტრადიციული ლოზუნგით  მსხვილ ბიზნესზე გადასახადების შემცირების შესახებ.

სიტუაციის პარადოქსი იმაშიც მდგომარეობს, რომ დონალდ ტრამპი ინერციით აგრძელებს საგარეო პოლიტიკაზე ფოკუსირებას. ის ამომრჩევლებს აშინებს მესამე მსოფლიო ომის პერსპექტივით და იძლევა დაპირებას, რომ დაასრულებს ომს უკრაინაში.

ჰარისი აგრძელებს ბაიდენის ხაზს საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ აქცენტს აკეთებს საშინაო პოლიტიკაზე. ამერიკელები არ გრძნობენ მესამე მსოფლიო ომის რეალურ საფრთხეს, ამიტომ ტრამპის „შეთქმულების თეორიებს“ არ აქვს ძლიერი გავლენა ამომრჩევლებზე. ჰარისის კამპანია ფსონს დებს საშუალო კლასის ხმების მოზიდვაზე ცხოვრების დონის ამაღლების დაპირებებით.

საარჩევნო კამპანია შეერთებულ შტატებში ძალიან დინამიურად ვითარდება. ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს 5 ნოემბრამდე. მაგრამ ექსპერტების უმეტესობა აღნიშნავს, რომ კამალა ჰარისი სწრაფად ზრდის ამომრჩევლებს შორის მხარდაჭერას, მაშინ როცა დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებს შორის მხარდაჭერის „ჭერს“ მიაღწია. თუ მხარდაჭერის ზრდის ამჟამინდელი დინამიკა გაგრძელდება, შემოდგომაზე კამალა ჰარისმა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს უპირატესობა დონალდ ტრამპზე.