Home Blog Page 106

,,NED-ი აფინანსებს თითქმის ყველა ექსტრემისტულ პროცესს საქართველოში”- ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, უთანხმოებისა და კონფრონტაციის გაღვივებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და იდეოლოგიური ინფილტრაციით“, სოციალურ ქსელში ეხმიანება და ამ განცხადებას აბსოლუტურ სიმართლეს უწოდებს.

ქადაგიძის თქმით, ინფილტრაციის კლასიკურ მაგალითს, რომელსაც წლებია NED-ი ცდილობს, ის არაავთენტური პროცესები წარმოადგენს, როდესაც სარწმუნოებას ერთობით ცვლიან, „ლგბტ“ პროპაგანდას საზოგადოებისათვის აუცილებელ მოვლენად ასაღებენ, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას – რელიგიურ თავისუფლებად.

„აბსოლუტური სიმართლე!

ეს ორგანიზაცია აფინანსებს თითქმის ყველა ექსტრემისტულ პროცესს საქართველოში, ხან დემოკრატიის სახელით და ხანაც სამოქალაქო აქტივიზმის პოზიციონირებით.

სახელმწიფო უწყებების შტურმი, პოლიციელების ცოცხლად დაწვა და სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც გამოხატვის თავისუფლებითაა შეფუთული, ასეთი საერთაშორისო ფონდების ხელშეწყობით ფინანსდება.

ინფილტრაციის კლასიკურ მაგალითს, რომელსაც წლებია ცდილობს „დემოკრატიის ეროვნული ფონდი(NED)“ წარმოადგენს ის არაავთენტური პროცესები, როდესაც სარწმუნოებას – ერთობით გვიცვლიან, „ლგბტ“ პროპაგანდას საზოგადოებისათვის აუცილებელ მოვლენად გვასაღებენ, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას – რელიგიურ თავისუფლებად და ა.შ.

ინფილტრატებად აქციეს საზოგადოებში ყველაზე ურეიტინგო პერსონები – ზურაბიშვილები, გიგაურები, ლომჯარიები, ამორალური პოლიტიკოსები და ათასი რჯულის უსამშობლო, რომელთა მორალურ საზომად წარმოჩენით ცდილობენ, საზოგადოებაზე გავლენასა და ფსევდო-რეალობის შექმნას.

„დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ აისბერგის წვერია, იმ ყინულოვან ოკეანეში, სადაც უამრავი ორგანიზაცია, ფონდი, საელჩო და საერთაშორისო აქტორი, ჰიბრიდული მეთოდებით ებრძვის ეროვნულ იდეოლოგიებსა და მათთვის მიუღებელ ლეგიტიმურ მთავრობებს სხვა და სხვა სახელმწიფოებში.

დღევანდელი გეოპოლიტიკური მოცემულობიდან, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო და ეროვნული პოლიტიკური კურსის გამო ამოგვიღეს სამიზნეში და ყველა წლების წინ ჩანერგილი აგენტ-პროვოკატორი გააცოცხლეს და აამუშავეს საქართველოს წინააღმდეგ.

ამიტომაცაა 26 ოქტომბერი საყოველთაო რეფერენდუმი, სადაც არჩევანი მარტივია – სუვერენული საქართველო ან „შპს“ – საქართველო საერთაშორისო აქტორების ხელში!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

„ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა, მემსახურა ლიეტუვის ევროკომისრად, თუმცა მე გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნას, უკრაინის დახმარებას და ევროპის მომავლისთვის ბრძოლას სხვა გზებით“, – დაწერა ლანსბერგისმა.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ლანდსბერგისის ეს განცხადება მასა და ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შორის განხეთქილების ფონზე გაკეთდა. ნაუსედამ უარი განაცხადა ლანდსბერგისის კანდიდატურის მხარდაჭერაზე, იმის მიუხედავად, რომ მინისტრს სხვა წამყვანი პოლიტიკოსები უჭერდნენ მხარს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე და „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი მანფრედ ვებერი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტეს მიმართა, პრეზიდენტს ევროკომისრად წარდგენისთვის განსახილველად სხვა კანდიდატურა შესთავაზოს.

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს კომისრების თანამდებობებზე კანდიდატები 30 აგვისტომდე უნდა წარუდგინონ.

თურქეთის პარლამენტში ათობით დეპუტატი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა – დაშავდა სულ მცირე 2 კანონმდებელი

თურქეთის პარლამენტის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. როგორც The Guardian წერს, ხელჩართული ჩხუბი ათობით დეპუტატს შორის ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა. 

არსებული ცნობით, დაპირისპირებას წინ უძღოდა პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატის გამო დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება, რომელსაც მიმდინარე წელს, საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნეს. 

„30 წუთიანი ხმაურიანი გარჩევა, რომლის შედეგადაც სულ მცირე ორმა კანონმდებელმა მიიღო დაზიანებები, სხდომის შეჩერების საფუძველი გახდა. საბოლოოდ, დეპუტატები დაუბრუნდნენ ხმის მიცემის პროცესს, რომელზეც უარყოფილ იქნა ოპოზიციის წინადადება ადვოკატ და უფლებადამცველ ქენ ატალაისთვის საპარლამენტო მანდატის აღდგენის თაობაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ქენ ატალაიმ სადეპუტატო მანდატი გასულ წელს, საპატიმროდან წამოებული აგიტაციის შედეგად მიიღო.

„მასშტაბური ტექნოგენური კატასტროფის საფრთხე ევროპაში“ – რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, უკრაინა კურსკის ატომურ სადგურზე პროვოკაციებს გეგმავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კიევი კურსკის ოლქის ატომურ ელექტროსადგურზე გეგმავს, რამაც შედეგად, შესაძლოა, ევროპაში მასშტაბური ტექნოგენური კატასტროფა გამოიწვიოს. 

რუსეთის თავდაცვის უწყება საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაგმონ აღნიშნული.

„შემოსულია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კიევის რეჟიმმა კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის მომზადება დაიწყო. მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით, გაეროს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, დაუყოვნებლივ დაგმონ კიევის რეჟიმის მიერ, პროვოკაციული მოქმედებების მზადება და არ დაუშვან კურსკის ატომური ელექტროსადგურზე ბირთვული და ფიზიკური უსაფრთხოების დარღვევა, რომლის შედეგიც, შეიძლება ევროპაში მასშტაბური ტექნოგენური კატასტროფა გახდეს“, – ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ, მარია ხაზაროვას კომენტარში.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი დაუყოვნებლივ მიიღებდა მკაცრ სამხედრო საპასუხო ზომებს, „თუ კიევი კონტინენტის ევროპულ ნაწილში რადიოაქტიური დაბინძურებით კატასტროფის გამოწვევის გეგმებს განახორციელებდა“.

შეგახსენებთ, უკრაინა 6 აგვისტოს შემდეგ კურსკის ოლქში ოპერაციას აწარმოებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ოპერაციის მიზანი არა კურსკის ოლქის ტერიტორიის მისაკუთრება, არამედ უკრაინის მოქალაქეების დაცვაა.

,,დაგპირდით, რომ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უზრუნველ ცხოვრებას დავთმობდი და აქ ვარ, უსამართლო პატიმრობაში’- გვინდა, ევროპის კავშირის წევრი, ერთიანი და მთლიანი საქართველო, ეს მომავალი „ოცნების” დამარცხებით იწყება”- მიხეილ სააკაშვილი

მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ – დაგპირდით, რომ საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უზრუნველ ცხოვრებას დავთმობდი თქვენთვის და მე აქ ვარ, თქვენს გვერდით, უსამართლო პატიმრობაში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პლატფორმის ყრილობაზე საზოგადოებას წარუდგინა.

როგორც სააკაშვილი განმარტავს, ერთ მხარეს არის თავისუფლება, უსაფრთხოება და სიმდიდრე ევროპასთან და ამერიკასთან ერთად, მეორე მხარეს კი, მონობაა და სიღარიბე.

“ჩემო ამაყო, გაუტეხელო სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულო ხალხო, თავისუფლების, გამარჯვების გეგმების განხორციელების დრო მოვიდა. არასდროს ყოფილა არჩევანი ისეთი მკაფიო, როგორც დღეს. ერთ მხარეს არის თავისუფლება, უსაფრთხოება და სიმდიდრე ევროპასთან და ამერიკასთან ერთად, მეორე მხარეს კი მონობაა, სიღარიბე და შიშში – ცხოვრება რუსეთთან ერთად. ერთ მხარესაა ჩვენი ერთიანობა, ერთ მუჭად შეკვრა, მთლიანი საქართველო და მეორე მხარესაა „ქართული ოცნების“ სიძულვილი, დაპირისპირება, ხალხისგან დაცლილი, დაქუცმაცებული საქართველო. ერთ მხარესაა ოჯახების პრობლემებზე მზრუნველი მთავრობა და მეორე მხარეს „ქართული ოცნების” კრიმინალური, კორუფციული კლანი, რომელიც ხალხის ხარჯზე მდიდრდება. პრობლემები ნამდვილად ბევრია, მაგრამ არა დაუძლეველი. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ. მე დაგპირდით საქართველოს კორუფციის და კრიმინალის გარეშე, მე დავამარცხე კორუფცია და კრიმინალი. მე დაგპირდით ნიჭსა და დამსახურებაზე მორგებულ წესრიგს, 20 წელია ქართველმა ახალგაზრდებმა არ იციან რა არის უნივერსიტეტში ჩაწყობით მოხვედრა. არ იციან უსამართლობისთვის თავის დახრა, ამიტომ იბრძვიან ასე თავგანწირვით საკუთარი ევროპული მომავლისთვის. დაგპირდით საქართველოს ევროპაში და განვახორციელე რეფორმები, რის შედეგადაც უვიზო მიმოსვლა მივიღეთ, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან. გპირდებოდით ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას, ჩემი პრეზიდენტობის დროს დოლარში გამოსახული ეკონომიკა თითქმის 5-ჯერ გაიზარდა. განახლდა ქალაქები და დაიგო გზები, მოვიდა შუქი და აშენდა უფრო მეტი, ვიდრე წინა ათწლეულებში ერთად აღებული. დაგპირდით, რომ საკუთარ სიცოცხლეს ჯანმრთელობას და უზრუნველ ცხოვრებას დავთმობდი თქვენთვის და მე აქ ვარ, თქვენს გვერდით, უსამართლო პატიმრობაში. ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ. გვინდა, ქვეყანაში ფული შემოვიდეს, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნას, ოჯახების შემოსავალი გაიზარდოს. გვინდა, ფასებმა დაიწიოს, ადამიანი მაღაზიაში თამამად შედიოდეს. გვინდა ოჯახები ერთიანდებოდეს და არ იხლიჩებოდეს სიღარიბის და ემიგრაციის გამო. გვინდა, სოციალური სამართლიანობა დამკვიდრდეს, ადამიანი, პენსიონერო ბანკის ვალმა არ დაახრჩოს. გვინდა, მეტი ბავშვი იბადებოდეს, ახალგაზრდებს სწავლის, მუშაობის, გეგმების განხორციელების შეუზღუდავი შესაძლებლობა ჰქონდეს. გვინდა, ყოველ მოქალაქეს ევროპული განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უსაფრთხოება ჰქონდეს, პენსიონერს თუ სტუდენტს, შშმ პირს თუ სოციალურად დაუცველს ხვალინდელი დღის არ უნდა ეშინოდეს. გვინდა, სოფლები და ქალაქები სიცოცხლით იყოს სავსე, წყალმომარაგება, გზები მოწესრიგდეს, ქალაქები გამწვანდეს, საცობებისგან გათავისუფლდეს. გვინდა, ევროპის კავშირის წევრი, ერთიანი და მთლიანი საქართველო. ეს მომავალი იწყება “ქართული ოცნების” დამარცხებით, ერთიანობით, აირჩიე ერთიანობა ”, – აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში.

პლატფორმას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დღევანდელ ყრილობაზე განაცხადა, რომ პლატფორმას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა.

„ჩვენ კიდევ უფრო ვძლიერდებით, რადგან „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ წინასაარჩევნოდ უერთდება კიდევ ერთი პროდასავლური, ევროპული „სახალხო პარტიის“ წევრი პარტია, ეს არის „ევროპული საქართველო“ და მისი ლიდერი გიგი წერეთელი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც ჰქონდა ყველაზე მაღალი არჩევითი პოზიცია საერთაშორისო არენაზე და წარმოადგენდა საქართველოს“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

 ეს ისეთივე თემაა, როგორც ქოლ-ცენტრები, რომელსაც თურმე კეზერაშვილი კი არა, ბიძინა ივანიშვილი მართავსო – ირაკლი ქადაგიშვილი

მიზანი უნდა იყოს ნათელი, რა ინტერესი აქვს დღეს ბიძინა ივანიშვილს ან მის ოჯახს რუსეთში მიწის ნაკვეთის შეძენის. რაღაც ალოგიკურობასთან გვაქვს საქმე, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა OCCRP-ის მიერ „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქონების შესახებ გავრცელებულ დოკუმენტზე საუბრისას.

ქადაგიშვილის თქმით, შეიძლება საქმე გვქონდეს უკვე არსებული ძველი ქონების სამართლებრივი სტატუსის ცვლილებასთან, რაც უფრო გასაგები იქნებოდა. მისივე თქმით, საბოლოო მიზანი მაინც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაა .

„შეიძლება საქმე გვქონდეს უკვე არსებული ძველი ქონების სამართლებრივი სტატუსის ცვლილებასთან. ამას კიდევ გაგებდა კაცი, მაგრამ ეს ისეთივე თემაა, როგორც ქოლ-ცენტრები, რომელსაც თურმე კეზერაშვილი კი არა ბიძინა ივანიშვილი მართავსო. არანაირი შინაარსი იმაში, რომ მიწის ნაკვეთი შეიძინო არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. გამომდინარე აქედან, ეს არის ფეიკ გარემოს შექმნა ამ პროპაგანდისტული შემოტევებით, რაღაცა მიზნისაკენ მიმავალი სიტუაციის შექმნა. რა არის ეს მიზნისკენ მიმავალი მიზანი?!- რასაც ოპოზიცია დღე და ღამე თავის კურატორებთან ერთად იძახის, -იქნებ დავასანქციროთ. და ამ დასანქცირებაშიც რომ არაფერი დევს საბოლოო ჯამში, რაც საქართველოს კურსს შეაცვლევინებს, ეს არ ესმით. ეს კიდევ უფრო აღიზიანებს ქართველ ადამიანს იმიტომ, რომ ქართველი ადამიანი არ არის პროექტის ადამიანი, ის ქართველი ერი არის საბოლოო ჯამში და ამ ინსტინქტებს ვერ ჩაკლავენ. პირიქით, ამ ინსტინქტებს უფრო აღვივებენ ხალხში, როდესაც ასეთი მონაგონი თუ ინსპირირებული ისტორიებით თუ თეორიებით უნდათ, რომ მიზნებს მიაღწიონ“-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კურსკის ოლქიდან 3 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა

რუსეთის ხელისუფლებამ ბოლო 24 საათის განმავლობაში კურსკის ოლქზე უკრაინის შეტევის ფონზე საზღვრისპირა რაიონებიდან 3 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა, იტყობინება რუსული მედია.

„გასული 24 საათის განმავლობაში უსაფრთხო რაიონებში თვითნებურად და ორგანიზებული კოლონებით 3 ათასზე მეტი ადამიანი გადავიდა“, – თქვა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ არტიომ შაროვმა.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის 24 რეგიონში გაშლილ 172 დროებითი მოთავსების ცენტრში საერთო ჯამში 10 ათასი ადამიანი, მათ შორის 3 ათასი ბავშვი იმყოფება.

OCCRP-ის დოკუმენტი არის საგანგებოდ, მაღალი მიკერძოების ხარისხით მარტივად დაბეჭდილი თეთრი ფურცელი, რომელიც ბოლომდე უშინაარსოდ დარჩება -თამთა მეგრელიშვილი

“ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონების შესახებ OCCRP-ს მიერ გავრცელებულ დოკუმენტს ეხმიანება.

მეგრელიშვილის თქმით, ეს არის საგანგებოდ, მაღალი მიკერძოების ხარისხით მარტივად დაბეჭდილი თეთრი ფურცელი, რომელიც ბოლომდე უშინაარსოდ დარჩება და ოპოზიციური სპექტრის სატელევიზიო სივრცეში ყალბიც ნამდვილი დოკუმენტის სახელით იტრიალებს, რათა ინფორმაციულად “დააბოლონ” და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განაწყონ საკუთარი მსმენელი.

“OCCRP-მ საგამოძიებო მედია ორგანიზაციამ რამდენიმე ქართულ და რუსულ მედია პარტნიორთან ერთად განაცხადა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე რუსეთში ქონებას ფლობს. OCCRP-ს რედაქტორმა დრიუ სალივანმა ღიად განაცხადა “ჩვენ არ ვახდენთ ინფორმაციის ინტერპრეტაციას, ჩვენ მხოლოდ ფაქტებს ვაქვეყნებთო” და ყოველგვარი სამართლებრივი ფორმის დაცვის გარეშე ფურცელზე მათთვის სასურველი შინაარსით დაბეჭდილი ტექსტი წარმოადგინა ხაზგასმით – ეს რუსეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტია რითაც მტკიცდება, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე რუსეთში ქონებებს ფლობსო. წარმოდგენილი ფარატინა ფურცელი დოკუმენტად ვერ განიხილება რადგან მას არ აქვს დოკუმენტისათვის აუცილებელი სამართლებრივი ფორმა და ნიშანი. ეს არის საგანგებოდ, მაღალი მიკერძოების ხარისხით მარტივად დაბეჭდილი თეთრი ფურცელი, რომელიც ბოლომდე უშინაარსოდ დარჩება და ოპოზიციური სპექტრის სატელევიზიო სივრცეში ყალბიც ნამდვილი დოკუმენტის სახელით იტრიალებს, რათა ინფორმაციულად “დააბოლონ” და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განაწყონ საკუთარი მსმენელი”, – წერს მეგრელიშვილი.

გერმანია უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს -Politico

გერმანიის მთავრობა მმართველი კოალიციის მიერ შემუშავებული ხარჯების შემცირების გეგმის თანახმად უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს.

ინფორმაციას Politico გამოცემა FAZ-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მორატორიუმი უკვე ძალაშია, და ის ადრე შეთანხმებულ დახმარებას არ შეეხება. აკრძალვა შეეხება უკრაინის მხრიდან ახალი დახმარების მოთხოვნას.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა 5 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარებისთვის საჭირო თანხები ფედერალური ბიუჯეტიდან აღარ გამოიყოფა. ის მხოლოდ გაყინულ რუსულ აქტივებზე იქნება დამოკიდებული.

 ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ანტიჩინური ან ანტიამერიკული  პროპაგანდის ადგილი გავხდეთ -ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს ინტერესებში არ შედის, რომ ორ დიდ თუ ნებისმიერ სახელმწიფოთა შორის დაპირისპირების ინსპირატორი იყოს – ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ანტიჩინური ან, მითუმეტეს, ანტიამერიკული პროპაგანდის ადგილი გავხდეთ – ოპოზიციას ფუნდამენტური პრობლემა აქვს, მათ არ აქვთ ქვეყნის შიგნით არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი, ვერ შექმნეს და ვერც საგნობრივი კრიტიკა მოახერხეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის ინტერესებში ორ დიდ ქვეყანას შორის დაპირისპირების ინსპირატორის როლის მორგება არ შედის, არამედ „ქართული ოცნების“ ინტერესია, საქართველომ როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური განვითარება მოახერხოს, რაც, მისივე შეფასებით, გამოქვეყნებულ რეიტინგებშიც ნათლად ჩანს.

„რა თქმა უნდა, აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ურთიერთობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ურთიერთობის გადატვირთვაზე განცხადება, სწორედ ქართულმა მხარემ გააკეთა. იგივე NED-თან დაკავშირებით, ის კანონი, [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] რომელიც ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობასა და ღიაობას ითვალისწინებს. როცა იქნება გამჭვირვალობა და ღიაობა მაშინ აღარ იქნება საფრთხე, საშიშროება და სპეკულაცია, იმასთან დაკავშირებით, აფინანსებს თუ არა ეს ორგანიზაცია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის არაკონსტიტუციური მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად. ამიტომ გამჭვირვალობა არის ყველაზე კარგი პრევენცია. NED-ს თავისი სახელმწიფოს, აშშ-ს წინაშე, სრული გამჭვირვალობა აქვს, სრულად ინფორმირებულია ამერიკის ყველა ინსტიტუტი, აქედან გამომდინარე ჩვენი კანონი რას სთხოვს? რა ანგარიშვალდებულებაც მათ აქვთ საკუთარი ქვეყნის მიმართ, დაახლოებით იმის 10%-იანი ვალდებულება გვინდა რომ საქართველოში იყოს, რომ ელემენტარული გამჭვირვალობა არსებობდეს და არასამთავრობო სექტორი არ იყოს მუდმივად ეჭვების ქვეშ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული, ატლანტიკური და ცივილიზაციური ფასეულობები და საქართველო, იმიტომაც არის, რომ ყველა საერთაშორისო რეიტინგებით, დემოკრატიის განვითარების კუთხით, ადამიანების უფლებებისა თუ ბიზნესის, ეკონომიკისა თუ მმართველობის გამჭვირვალობის კუთხით, აშკარად წამატებას აღწევს. ასეთ შემთხვევაში გვინდა, რომ დიდ სახელმწიფოთა ურთიერთობაშიც, მათ შორის, ფასეულობების გავრცელების კუთხით, იყოს პარტნიორული და გამჭვირვალე ურთიერთობა.

საქართველოს ინტერესებში არ შედის, რომ ორ დიდ თუ ნებისმიერ სახელმწიფოთა შორის დაპირისპირების ინსპირატორი იყოს. ერთი მარტივი მიზეზის გამო იმიტომ, რომ ორ დიდ სახელმწიფოს შორის დაპირისპირების ინსპირირება ნიშნავს, რომ თუ ერთი არა, ორივე ერთად „გაგჭყლეტს“. ამიტომ ჩვენს ინტერესებში ეს არ შედის. ჩვენს ინტერესებში შედის, რომ საქართველო განვითარების, იდეების კონცენტრაციის, ევროპასა და აზიას შორის ლოჯისტიკური კავშირის დამამყარებელი, თავისუფლებისა და დემოკრატიის ადგილი იყოს. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ანტიჩინური ან, მითუმეტეს, ანტიამერიკული პროპაგანდის ადგილი გავხდეთ.

ოპოზიციას ფუნდამენტური პრობლემა აქვს, მათ არ აქვთ ქვეყნის შიგნით არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი, ვერ შექმნეს და ვერც საგნობრივი კრიტიკა მოახერხეს. ისინი მუდმივად თამაშობენ, საქართველოს დასავლეთთან დაპირისპირების პარადიგმას. დასავლეთიდან ამა თუ იმ ძალების მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, მათთვის სიცოცხლის მთავარი წყაროა. გარე კვებაზე არის რადიკალური ოპოზიცია ჩამოკიდებული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

The New York Times-ის ყოფილი რეპორტიორი სტივენ კინზერი პირდაპირ აფრთხილებდა უცხოურ მთავრობებს, რომ ვაშინგტონი იყენებს NED-ს, რომ მისთვის არასასურველ მთავრობებს შეუქმნას პრობლემა და მოაწყოს გადატრიალებები -ირაკლი კირცხალია

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) მოქმედებს, როგორც აშშ ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები“, ის დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, უთანხმოებისა და კონფრონტაციის გაღვივებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და იდეოლოგიური ინფილტრაციით.

„The New York Times-ის ამერიკული ავტორიტეტული გამოცემის ყოფილი რეპორტიორი სტივენ კინზერი, თუ სწორად მახსოვს, სტატიას აქვეყნებდა NED-თან დაკავშირებით და პირდაპირ აფრთხილებდა უცხოურ მთავრობებს, რომ ვაშინგტონი იყენებს NED-ს გლობალურად, რომ მისთვის არასასურველ მთავრობებს შეუქმნას პრობლემა და მოაწყოს გადატრიალებები. მხოლოდ საქართველოს ჭრილში რომ განვიხილოთ ეს თემა, დავიწყოთ ISFED-ით. გახსოვთ რა ჩაიდინა ESFED-მა პარალელური დათვლის ჭრილში, როგორ შეიყვანა ჩვენი საზოგადოება შეცდომაში და თვე ნახევარი როგორი ოლიმპიური სიმშვიდით და ასევე, ოლიმპიური გულშემატკივრობით აკვირდებოდა ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას, რომ როგორმე დესტრუქცია და გადატრიალება მომხდარიყო ქვეყანაში, რაც არ გამოუვიდათ. ასევე, შევახსენებ კანვასის ტრენინგებს, სადაც ჩამობრძანებული აგენტი ტრენერები როგორ ატრენინგებდნენ ჩვენს ახალგაზრდობას და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივს, თუ როგორ უნდა შეუტიონ სამთავრობო შენობებს და ა.შ. ბოლოს, „გამჭვირვალობის კანონს“, როდესაც მთლიანად მათი დონორები, აბსოლუტურად სულ ყველა, რა დღეში ჩავარდნენ, რა აჟიოტაჟი ატეხეს გამჭვირვალობის წინააღმდეგ, როდესაც მათი ფარი იყო ყოველთვის ევროკავშირი და გამჭვირვალობა. თურმე, ჩამოეხსნათ ნიღაბი და ყველამ ანახა თავისი სახე, რომ ისინი რეალურად არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, არამედ ესენი არიან ჩვეულებრივი დესტრუქციული პარტიებისთვის ამოფარებული შავი ფულის დასაფინანსებელი წყარო, გამტარები“-განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.