ნიდერლანდების სამეფოში მოქმედმა ქართულმა თეატრმა “ათინათი” გრანპრი მოიპოვა

13
spot_img

ლიეტუვას ქალაქ ქაუნასში სამოყვარულო თეატრების მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალზე – “მასკარადას” – ნიდერლანდების სამეფოში მოქმედი, ქართველი ემიგრანტების თეატრი “ათინათის” სპექტაკლი “დარისპანის გასაჭირი” გრანპრის მფლობელი გახდა.

თეატრის წარმომადგენლების ინფორმაციით, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ამავე დასის მსახიობ ნინო რუხაძეს გადასცა.

თეატრ “ათინათის” ხელმძღვანელის, ნათია ახვლედიანის განცხადებით, წლევანდელ ფესტივალზე ნიდერლანდებში მოქმედი ქართული დასის გარდა, სპექტაკლები ლიეტუველმა, პოლონელმა და შვედმა თეატრალურმა დასებმა წარმოადგინეს.

“უზომოდ გახარებულები და ბედნიერები ვართ ამ წარმატებით. სპექტაკლ “დარისპანის გასაჭირის” დამდგმელი რეჟისორი საქართველოდან მოწვეული ირინე ჩხეიძეა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ასე ღირსეულად გვასახელა ამ ფესტივალზე. სული და გული ჩავდეთ, მოვინდომეთ და ღირსეულად წარმოვაჩინეთ ქართველი კლასიკოსის, დავით კლდიაშვილის ამ ნაწარმოების ინსცენირება. ვცდილობთ პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართულ კულტურას და ხელოვნებას უცხოეთში. ასეთი წარმატებები ჩვენთვის სტიმულია უფრო მეტი ვაკეთოთ. შარშან, ამავე ფესტივალზე ჩვენ წარდგენილი გვქონდა “სამანიშვილის დედინაცვალი”. აქაც მივიღეთ მაყურებლის სიმპათიის პრიზი და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ერთდროულად ორი მსახიობი დავით მორჩაძე და დავით კლდიაშვილი დაჯილდოვდნენ. წელს გრანპრის მფლობელები გავხდით, ხოლო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ნინო რუხაძე დასახელდა”, – განაცხადა ნათია ახვლედიანმა.

მისივე ინფორმაციით, მომავალ წელს თეატრ “ათინათს” დაარსებიდან 5 წელი უსრულდება. აღნიშნული თარიღის ფარგლებში “ათინათი” მრავალფეროვან კულტურულ პროგრამას წარმოადგენს. დასში 24 მოყვარული მსახიობი ირიცხება. მალე დასი მაყურებლის წინაშე გურამ ოდიშარიას რომანის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს “სათვალიანი ბომბი” წარადგენს. სპექტაკლის რეჟისორი ბადრი წერედიანია, რომელიც თეატრ “ათინათის” მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელია