ქალი დეპუტატები რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ. ისინი მოსახლეობას “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის” შესახებ კანონზე და იმ საფრთხეებზე ესაუბრებიან, რაც მათი შეფასებით, ევროინტეგრაციის გზაზე შეიძლება წარმოიქმნას.
“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიაა, რომელსაც აფინანსებს ორგანიზაცია, რომელიც არჩევნების დამკვირვებელი უნდა იყოს.
ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მიერ საზოგადოებასთან საუბარი, სადაც არ არის ნახსენები, თუ ვის უნდა მისცეს ამომრჩეველმა ხმა, წინასაარჩევნო კამპანია ვერ იქნება.
მისივე თქმით, NDI-ის სახით მტრის ხატის შექმნა ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნებისთვის” არცერთი დასავლური ორგანიზაცია მისაღები არ არის.
“შეუძლებელია წინასაარჩევნო კამპანია სხვადასხვა პარტიისა და დეპუტატების მხრიდან მიდიოდეს, სადაც საუბარი არ არის იმაზე, რომელ პარტიას უნდა მისცეს მოქალაქემ ხმა. საუბარია იმაზე თუ რას ვაკეთებთ პარლამენტში, ევროპული მომავლის გზაზე რა ბარიერებია საკანონმდებლო პროცესში და ცხრა რეკომენდაციის კუთხით როგორ არ არსებობს პროგრესი.
მაშინ, როდესაც საპარლამენტო პროგრამა NDI-ის და ბრიტანული დაფინანსებით ანგარიშვალდებულების კუთხით არსებობს, სადაც თავადაც იღებენ მონაწილეობას, NDI-ის სახით მტრის ხატის შერაცხვა უკავშირდება იმას, რომ არცერთი დასავლური სადამკვირვებლო ორგანიზაცია მათთვის მისაღები არ არის. როგორც ჩანს, არ აპირებენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.