ნატო-ს სამიტს ათასობით სამხედრო და თანამედროვე შეიარაღება დაიცავს

90
spot_img

ნატო-ს სამიტს ათასობით სამხედრო და თანამედროვე შეიარაღება დაიცავს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, 11-12 ივლისს ვილნიუსში დაგეგმილი სამიტის დასაცავად სამხედროები, საბრძოლო ავიაცია და თანამედროვე ტექნიკა ალიანსის 16-მა წევრმა გამოყო.

მათ შორის არის გერმანია, რომელმაც „პეტრიოტის“ ტიპის 12 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განათავსა. ისინი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით დარტყმებისგან, ასევე საბრძოლო ავიაციის თავდასხმისგან დაცვას უზრუნველყოფენ.

საჰაერო თავდაცვის სისტემები გამოყო ესპანეთმაც, ხოლო საფრანგეთმა – თვითმავალი ჰაუბიცები. სამხედრო თვითმფრინავები ლიეტუვაში განათავსეს ფინეთმა და დანიამ. როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, აუცილებელია, რომ ალიანსმა ბალტიის ქვეყნებში შექმნას საჰაერო თავდაცვის მუდმივმოქმედი სისტემა.

მომდევნო კვირაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც ვილნიუსის უნივერსიტეტში საჯარო სიტყვით გამოსვლასაც გეგმავს. აშშ-ის ლიდერი ევროპაში ყოფნისას ასევე ვიზიტს გეგმავს დიდი ბრიტანეთსა და ფინეთშიც.