
კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და მთავარი საკითხია, რომ არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს უყურადღებოდ, ყველასთან მაქსიმალურად მყარდება კომუნიკაცია, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ქობულეთში ჟურნალისტებს.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქობულეთში საკოორდინაციო შტაბის სხდომას დაესწრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისგან მოისმინა ინფორმაცია არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
„აჭარაში ვითარება ბევრად უკეთ არის, ამინდმაც ხელი შეუწყო და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღეში ყველაფერი 100%-ით აღდგენილი იქნება. დარჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდა. ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში არის გაწმენდილი გზები, ასევე ელექტროენერგიის თითქმის 80-90% აღდგენილია ქობულეთის რაიონში. დარჩენილია რამდენიმე ლოკაცია, სადაც საჭიროა ელექტროენერგიის აღდგენა. ასეთი სტიქიისგან არავინ დაზღვეული არ არის, მთავარია, როგორ რეაგირებ და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აჭარის მთავრობა, მისი მუნიციპალიტეტები და მათი კოორდინაცია არის მაღალ დონეზე. მადლობა ჩვენს მაშველებს, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც დღესაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, განსაკუთრებით გურიასა და იმერეთში.
მთავარია, რომ ეს კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და არც ერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.