“მშვიდობიან მოსახლეობაში არიანი დაღუპულები და დაჭრილები” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

128
spot_img

რუსეთ-უკრაინის ომის 478-ე დღე

უკრაინელებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის 590 ჯარისკაცი, 24 დრონი და 19 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 218 500 ჯარისკაცს, 3 965 ტანკს, 7 683 ჯავშანტექნიკას, 3 812 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 314 საბრძოლო თვითმფრინავს და 301 ვერტმფრენს, 6 519 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 357უპილოტო საფრენ აპარატს, 519 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 199 ფრთოსან რაკეტას.

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე – გასული დღის განმავლობაში 30-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინაზე ირანული Shahed-ის ორი დრონის გამოყენებით მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ორივე მათგანი გაანადგურა.

„გასული დღის განმავლობაში მტერმა 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელა Х-101/Х-555 და Х-59 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით. გარდა ამისა, 60-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს და ჩვენი ჯარების პოზიციების და მშვიდობიანი დასახლებების წინააღმდეგ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 80-ზე მეტჯერ გახსნეს.

სამწუხაროდ, მშვიდობიან მოსახლეობაში არიანი დაღუპულები და დაჭრილები, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰში დაზიანებულია სამრეწველო ობიექტები, ხერსონის ოლქში დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა“, – აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, 13 დარტყმა მიაყენა იმ ადგილებს, სადაც მტრის ცოცხალი ძალა იყო დისლოცირებული.

„ჩვენმა დამცველებმა, ასევე, გაანადგურეს Shahed -131/136 ტიპის ირანული დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, „ორლან-10“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი და 3 სადაზვერვო დრონი“, – აცხადებენ გენშტაბში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გასული დღის განმავლობაში, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის 2 სამეთაურო პუნქტს, S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემას, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის განლაგების 4 ტერიტორიას, 3 საბრძოლო საცავსა და 7 საარტილერიო დანადგარს დაარტყეს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება სერიოზულია, თუმცა სადგურს შეუძლია “გარკვეული დროის” განმავლობაში უსაფრთხოდ იმუშაოს.

„ამ ელექტროსადგური უსაფრთხოებისთვის არსებითია, რომ წყალი, რომელსაც ჩემს უკან ხედავთ, ამ დონეზე დარჩეს. აქ არსებული წყლით ის შეიძლება გარკვეული დროით იყოს დაცული. იგეგმება ელექტროსადგურზე წყლის შევსება, რათა უსაფრთხოების ფუნქციები ნორმალურად გაგრძელდეს“, – აღნიშნა გროსიმ.

რაფაელ გროსიმ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის მდგომარეობა გასულ კვირას კახოვკას კაშხლის განადგურების გამო შეამოწმა. მისი თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ადგილზე დარჩებიან.

უკრაინა Leopard 2-ის ტანკების დამატებით რაოდენობას მიიღებს. მიწოდებას Rheinmetall განახორციელებს და დანია და ნიდერლანდები დააფინანსებენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყნები შეიძენენ საბრძოლო ტანკებს, რათა შეცვალონ განადგურებული ტექნიკა. კერძოდ, საუბარია უკრაინისთვის Leopard 2-ის 14 ტანკის მიწოდებაზე.

მედიასთან საუბარში სხვადასხვა წყარო აცხადებს, რომ შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ქვეყნების მიერ შეძენილ პირველ ტანკებს მომავალი წლის იანვარში მიიღებს. მანამდე Rheinmetall-მა Leopard 2 A4 ტანკები უნდა შეაკეთოს, რომელიც კომპანიამ სხვადასხვა ქვეყნის საწყობებიდან წაიღო.

ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანტრანსპორტიორს, საველე ჰოსპიტალს და Leopard 2A4 ტიპის 4 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა.

ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უკრაინისთვის განკუთვნილი ჯავშანტრანსპორტიორები პოლონეთში 19 ივნისს ჩავა.

უწყების ცნობით, საველე ჰოსპიტალს გადაცემამდე უკრაინელი სამხედროები ესპანეთში შესაბამის მომზადებას გაივლიან.

“უკრაინა იბრძვის სამართლიანი საქმისთვის და ამიტომ მათ აქვთ ჩვენი ყველანაირი მხარდაჭერა, არა მხოლოდ აღჭურვილობის გაგზავნაში, არამედ უკრაინელი მებრძოლების წვრთნაში. ჩვენი ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას სრული, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ სწრაფვაში, მტკიცე დარჩება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”, – აღნიშნა რობლესმა “რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.

რუსეთი ომს წააგებს თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებას მიაღწევს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენი გმირი ხალხი, ჩვენი სამხედროები ფრონტზე ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას აწყდებიან. ვინაიდან რუსეთისთვის ამ კამპანიის [კონტრშეტევის] წაგება, ვიტყოდი, რომ ფაქტობრივად ომის წაგებას ნიშნავს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ფრონტის ხაზიდან სიახლეები “ძირითადად პოზიტიური, მაგრამ ძალიან რთულია”.