“მოლოდინი მაქვს, რომ რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე ოპოზიცია საჩხუბრად, სპექტაკლის დასადგმელად შევა”

25
spot_img

მოლოდინი მაქვს, რომ რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე ოპოზიცია საჩხუბრად და სპექტაკლის დასადგმელად შევა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ასევე მოლოდინი აქვს, რომ შეხვედრაზე, საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ მხრიდან უსაგნო დოკუმენტაციები იქნება წარმოდგენილი.

„სამწუხაროდ, მოლოდინი მაქვს, რომ ოპოზიცია იქ საჩხუბრად და სპექტაკლის დასადგმელად შევა, როგორც ცესკო-ს შეხვედრაზე იყო და ხშირ შემთხვევაში სხვაგანაც გვინახავს. არც ხელისუფლებისგან ველოდები მზაობას, რომ რამე შეცვლილიყო, გამონაკლისი რომ არ იყოს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. დავინახავ, ამ ფაქტორმა რა ცვლილება მოახდინა სამუშაო ჯგუფებზე და გეტყვით. მგონია, რომ აქედან გამომდინარე შეიძლება, შეიცვალოს ოპოზიციის ქმედებები, თორემ სხვა შემთხვევაში იმავეს ველოდები – არა საქმეზე ლაპარაკს, არამედ „ქართული ოცნებისგან“ უსაგნო დოკუმენტაციის წარმოდგენას, რომელიც არაფერს შეცვლის, ოპოზიციისგან კი უსაგნო ჩხუბს, რომელიც ასევე არაფერს შეცვლის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ცხრაპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს პოლიტიკურ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება. მისი თქმით, სამუშაო ფორმატში საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობის და დისკუსიის შესაძლებლობა იქნება.