მნიშვნელოვანი ინფორმაცია მევენახეებისთვის

0
36
spot_img

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში, 2023 წლის რთველთან დაკავშირებული შეხვედრა გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირება 2023 წელსაც განხორციელდება.

მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, მნიშვნელოვან უცხოურ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობს.

„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, გვქონდა შეხვედრა მიმდინარე წლის რთველთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რთველი ორგანიზებულად ჩატარდეს, თითოეულმა მევენახემ შეუფერხებლად ჩააბაროს ყურძენი და, ამავდროულად, სათანადო შემოსავალი მიიღოს. პარალელურად, ვმუშაობთ, რომ ჩვენს მეწარმეებს ჰქონდეთ წვდომა მსოფლიო ბაზრებზე. პრიორიტეტულ ბაზრებზე ვახორციელებთ აქტიურ კამპანიას ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, რომლის შედეგადაც, ბოლო პერიოდის განმავლობაში, გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ზრდა; შარშან 30%-მდე ზრდა გვქონდა და ამ დინამიკას წელსაც ვინარჩუნებთ. ზრდა გვაქვს სპირტიანი სასმელების ექსპორტის მაჩვენებლებშიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე განხორციელდება სუბსიდირება 20 თეთრის ოდენობით. გასულ წლებში, მოგეხსენებათ, სუბსიდირების ოდენობა 35 თეთრი იყო. წლევანდელი რთველის ფარგლებში, ყველა ის საწარმო, რომელიც მევენახეებისგან აღნიშნული ჯიშების ყურძენს ჩაიბარებს არანაკლებ 90 თეთრად, მიიღებს სუბსიდიას 20 თეთრის ოდენობით. შესაბამისი განკარგულება მომზადდება უახლოეს დღეებში და მთავრობას წარედგინება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.