მივიწყებული ფრონტი: რუსები არმიაში გაწვევას თავს არიდებენ და საქართველოში გარბიან – Colorado Springs Gazette

103
spot_img

აშშ-ის კოლორადოს შტატის მთავარ გაზეთში – Colorado Springs Gazette-ში (რომელიც 1874 წლიდან იბეჭდება და შტატის მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს) გამოქვეყნებულია სტატია საქართველოს შესახებ, სათაურით „მივიწყებული ფრონტი: რუსები არმიაში გაწვევას თავს არიდებენ და საქართველოში გარბიან“ (ავტორები – ზიკ ლოიდი და მაიკლ ბრეთუეითი).

როგორც რედაქცია აცხადებს, კოლორადოს უნივერსიტეტის ორი ამერიკელი სტუდენტი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში მოგზაურობს და მათ შთაბეჭდილებებს გაზეთი აქვეყნებს. ამჯერად მათი პუბლიკაცია საქართველოში ყოფნას ასახავს, ისინი ესაუბრებიან ქართველ ექსპერტებს…

„თბილისში ცხელი ზაფხული დგას. ქალაქის ცენტრში მდებარე კაფეში ღამით ხალხმრავლობაა – აქ ბევრ ენაზე ლაპარაკს გაიგონებთ, მაგრამ სხვებთან შედარებით, ერთი ენა დომინირებს. ეს არც ქართულია და არც ინგლისური. ეს არის რუსული ენა“, – ნათქვამია სტატიის დასაწყისში.

„საქართველო დამოუკიდებელი გახდა 1991 წელს. იმ დროს ქვეყანაში ბევრი რუსი ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა. რადგანაც საქართველო რუსეთის შემადგენლობაში დიდი ხნის განმავლობაში იყო, რუსული ენა თითქმის ყველა ქართველმა იცოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის გამო, რუსების მნიშვნელოვანი რაოდენობა საქართველოდან წავიდა, თუმცა მოსახლეობაში რუსული ენა ჯერ კიდევ ბევრმა იცის. 2010-იან წლებში რუსეთიდან ბევრი რუსი ჩამოდიოდა საქართველოში ტურისტის სახით, შავი ზღვის კურორტებზე დასასვენებლად, ქართული სამხრეთული ხილ-ბოსტნეულისა და კერძების დასაგემოვნებლად. მაგრამ ის, რაც შარშან, 2022 წელს მოხდა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებით, პატარა კავკასიური ქვეყნისათვის მოულოდნელი იყო – საქართველო რუსეთიდან დიდი მიგრაციული ტალღის წინაშე აღმოჩნდა: ომში გაწვევის თავიდან აცილების მიზნით, რუსი ახალგაზრდები საქართველოში გამორბოდნენ და თავს აფარებდნენ. ეს ძალიან ადვილი იყო, რადგან მათ საქართველოს ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზა არ სჭირდებათ“, – აღნიშნავენ პუბლიკაციის ავტორები, რომლებიც ქართველ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრებიან:

„საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეებიდან ბევრი მხარს ვლადიმერ პუტინს უჭერს. უბრალოდ, მათ ომში გაწვევა არ სურთ“, – ამბობს პროფესორი. მისი აზრით, საქართველოში კრემლის მხარდამჭერი რუსების რაოდენობის ზრდა ქვეყნისათვის საფრთხის შემცველია, მიგრანტებთან ერთად ქვეყნის ტერიტორიაზე ბევრი ისეთი პიროვნება შემოდის, რომლებიც კრემლის ინტერესების გატარებას ემსახურებიან.

„როცა რუსეთი 15 წლის წინათ, 2008 წელს, საქართველოს თავს დაესხა, კრემლი ჯარის შემოჭრას იმით ამართლებდა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებებს იცავდა“, – ამბობს ნიკა ჩიტაძე.

„რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც ევროკავშირს საქართველოსთვის სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ, ქართული არმია მარტოდმარტო უმკლავდებოდა რუსულ აგრესიას“, – აღნიშნავს სტატიის ავტორებთან საუბარში ლაშა ჭანტურიძე, აშშ-ის ნორვიჩის უნივერსიტეტის (ვერმონტის შტატი) პროფესორი.

დღეისათვის რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% [აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონები] ოკუპირებული აქვს, რომლებშიც მილიტარიზებულია – იქ მოსკოვს სამხედრო ბაზები აქვს განლაგებული. ამჟამად საქართველოს ხელისუფლება ცდილობს კრემლის აგენტების გამოვლენას, რომლებიც, როგორც ჩანს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებენ.

„საქართველოს მთავრობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სიტუაცია ქვეყნის შიგნით გააკონტროლოს, მაგრამ მას არ შეუძლია მსხვილმასშტაბიანი ოპერაციების ჩატარება უცხო ქვეყნის ჯარების წინააღმდეგ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან“, – ამბობს ლაშა ჭანტურიძე.

„რუსი მიგრანტების რაოდენობის ზრდა საქართველოში ქვეყნის უსაფრთხოებისათვის გარკვეულ საშიშროებას უქმნის. თავის მხრივ, რუსები იძულებულნი არიან უცხო ქვეყანაში ცხოვრებას მიეჩვივნონ და ხშირად მოისმინონ ქართველების საყვედურები თავიანთი ქვეყნის – რუსეთის მიმართ. ბევრი მათგანი უკან არ ბრუნდება“, – ნათქვამია სტატიაში.

წყარო