მდინარე ლაგოდეხის ხევზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა

121
spot_img

დღეს ლაგოდეხელები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და დამცავი ჯებირების აშენება მოითხოვეს.

„ჩვენ ვიცით, რომ დამცავი გაბიონები ასე სწრაფად ვერ აშენდება, მაგრამ გადაუდებლად აუცილებელია ამოწმენდა, კალაპოტის დაღრმავება და რამენაირად, მეწყრული პროცესის შეჩერება. ნაპრალები უკვე ბევრგან არის გაჩენილი და როდის რა მოხდება, არავინ იცის, განსაკუთრებით, წვიმების დროს”- თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მდინარე ლაგოდეხის ხევზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიის დეპარტამენტის დასკვნა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, უკვე არსებობს. დასკვნის თანახმად, საფრთხე, რომელსაც მდინარე ქალაქს უქმნის, რეალურია.

„მდინარე ლაგოდეხის ხევის მარცხენა სანაპიროზე გააქტიურებულია მეწყერი. უხვი ატმოსფერული ნალექის დროს ხდება წლის ნაკადის მარჯვენა მხარეს გადადინება, რითაც საფრთხე ექმნება ქალაქ ლაგოდეხის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას. ამ ნაწილში საჭიროა მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნება, დაღრმავება და ნაპირსამაგრის მოწყობა. რაც შეეხება მეწყერს, საჭიროა მეწყრული მასების ჩამოწმენდა და დროის უმოკლეს პერიოდში გაბიონის ტიპის ნაპირსამაგრის მოწყობა რამდენიმე საფეხურად. ლაგოდეხის ხევის წყლის ნაკადი უნდა დაუბრუნდეს კალაპოტის ღერძულ ნაწილს. სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროექტის საფუძველზე. ასევე საჭიროა ადგილობრივი ძალებით განხორციელდეს მონიტორინგი“ – წერს სამინისტროს დეპარტამენტი.

ლაგოდეხის ხევს ღვარცოფული მდინარის პირველი კატეგორია 2014 წელს მიენიჭა.

მდინარეზე 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2023 წლის მაისში დასრულდა მიწაყრილების მოწყობა, თუმცა როდის დაიწყება დამცავი ჯებირების აშენება, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში, ჯერ ვერ აკონკრეტებენ.