“მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოში:”აგენტების კანონს” ქუჩაში ათი ათასობით ადამიანი გამოჰყავს”-Neue Zürcher Zeitung

24
spot_img

შვეიცარიის გერმანულენოვან გაზეთ „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგში“ (Neue Zürcher Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოში: „აგენტების კანონს“ ქუჩაში ათი ათასობით ადამიანი გამოჰყავს. დასავლეთი სიტუაციას  აკვირდება. გავრცელდება თუ არა მოსკოვის გავლენა საქართველოზე?“ (ავტორი – მარკუს აკერეტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

სამხრეთკავკასიურ საქართველოს რესპუბლიკაში უკვე რამდენიმე კვირაა მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს პარლამენტის შენობის წინ, ქვეყნის დედაქალაქ თბილისში. აქციები მიმართულია მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერაა შექმნილი, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. „დაბრკოლების“ ლოდად ითვლება კანონი, რომელიც ავალდებულებს მასმედიასა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან თავიანთი ბიუჯეტის 20%-ზე მეტ იღებენ (დაფინანსების სახით) დარეგისტრირდნენ უცხოური გავლენის სუბიექტად (ანუ „უცხოურ აგენტებად“) და გამჭვირვალე გახადონ საბუხჰალტრო ანგარიშები.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო დაადო: იგი თვლის, რომ სამართლებრივი აქტი ანტიკონსტიტუციურია, ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და მისი გაუმჯობესების შანსები და შესაძლებლობები ამოწურულია. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი დიალოგზე უარის თქმაში დაადანაშაულა. აქვე უნდა ითქვს, რომ პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რადგან „ქართული ოცნების“ წევრები პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენენ და ვეტოს იოლად გადალახავენ.  სხდომის ჩატარება 28 მაისს არის დაგეგმილი. კომპრომისული მოქმედების ვარიანტი სახით პარლამენტს შეუძლია კენჭისყრა საზაფხულო არდადეგების შემდეგ გადაიტანოს.

ჩვენი გაზეთი შეეცდება ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხოს.

ა) რა მიზანი აქვს „აგენტების კანონს“?

(გადმოცემულია კანონპროექტის მთავარი დებულებები). აღსანიშნავია, რომ მესამე მოსმენის წინ „ქართულმა ოცნებამ“ მასში საიდუმლოდ შეიტანა დამატებითი დებულება, რომელიც ხელისუფლებას უფლებას აძლევს შეისწავლოს პერსონალური მონაცემები – როგორც დარეგისტრირებული ორგანიზაციის თანამშრომლებზე, ასევე მის საქმიან პარტნიორებზე.

ბ) რატომ გამწვავდა სიტუაცია ამ კანონთან დაკავშირებით?

ოპონენტების თვალსაზრისით, ქართული კანონპროექტი ძალიან ჰგავს რუსულ კანონს „უცხოური აგენტების“ თაობაზე, რომელიც 2012 წელს არის მიღებული, რუსეთის ხელისუფლება მას რეპრესიების ინსტრუმენტად იყენებს. რუსეთის ის მოქალაქეები და ორგანიზაციები, რომლებსაც „უცხოელი აგენტების“ სტატუსი აქვთ, შეზღუდულნი არიან უფლებებში. „ქართული ოცნება“ აცხადებს, კანონპროექტი მიმართული იქნება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისაკენ, ოპონენტები კი ამბობენ, რომ კანონის ძალაში შესვლით ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია დაიხურება, დასუსტდება სამოქალაქო საზოგადოება, თანაც ეს მოხდება საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც ოქტომბერში უნდა გაიმართოს. კრიტიკოსების აზრით, ქართული კანონი „პრორუსულია“, გამოხატავს ხელისუფლების „რუსიფიცირების“ მცდელობას, მიმართულია საქართველოს ევროპული კურსის (კონსტიტუციური დებულების) წინააღმდეგ და, შესაბამისად, არღვევს პოლიტიკურ კონსენსუსს.

გ) ვინ დგას კანონპროექტის უკან?

კანონის პროექტი შეიმუშავა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც საქართველოს ბედს 2012 წლიდან განაგებს. ქვეყნის დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებას თებერვლიდან შეუდგა, სულ უფრო მეტად ანტიდასავლურ, სოციალურად კონსერვატიულ პოლიტიკას ატარებს და ამ მხრივ ევროკავშირის წევრ უნგრეთზეა ორიენტირებული. „ქართული ოცნება“ არასასურველად თვლის ქვეყნის პოლიტიკაზე სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ზემოქმედებას, რომლებიც საქართველოში საკმაოდ გავლენიანები არიან და რომლებიც ძირითადად დასავლურ ფინანსებზე (სპონსორებზე) არიან დამოკიდებულნი.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეა მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა. ოპონენეტები ეჭვიბენ, რომ იგი რუსეთის ინტერესების გამტარებლეს პირს წარმოადგენს. ბიძინა ივანიშვილი მთლიანად აკონტროლებს მმართველ პარტიას კულისებიდან. თავის ერთ-ერთ იშვიათ გამოსვლაში, აპრილის ბოლოს, მან „ომის გლობალური პარტია“ რუსეთ უკრაინის ომში საქართველოს ჩაბმის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ ოპონენტებს „ანგარიშს გაუსწორებდა“.

დ) ვინ არიან საპროტესტო აქციების მონაწილენი?

აქციებში ძირითადად ქართველი ახალგაზრდები მონაწილეობენ, რომლებსაც არ სურთ რაიმე საერთო ჰქონდეთ პოლიტიკურ ოპოზიციასთან. ოპოზიციური პარტიები აქციებში გარკვეულწილად ჩართულნი არიან, მაგრამ გამოსვლებისაგან თავს იკავებენ და ძირითადად სიტუაციას აკვირდებიან.

ქართული საზოგადოება ძალიან არის პოლარიზებული პარტიულ-პოლიტიკური თვალსაზრისით. მმართველი პარტიის მთავარი მოწინააღმდეგეა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, აგრეთვე უფრო მცირერიცხოვანი პარტიები, რომლებიც მსხვილი ორგანიზაციების ერთგვარ „ნაფოტებს“ წარმოადგენენ. ისინი, ბუნებრივია, ნაკლებად გავლენიანები არიან. საპროტესტო აქციების ახალგაზრდა მონაწილეები ცდილობენ თავიდან აიცილონ საზოგადოების პოლარიზება და ერთნაირად სძულთ როგორც „ქართული ოცნება“, ასევე ოპოზიცია.

ე) რატომ გამოდიან აქციების მონაწილეები რუსეთთან დაახლოების წინააღმდეგ?

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის რუსეთთან დაახლოება მიუღებელია. გამოკითხვების მიხედვით, ქვეყნის მცხოვრებთა დაახლოებით 80%-ს ევროპასთან ინტეგრირება სურთ. რუსეთი აღიქმება როგორც ქვეყანა-ოკუპანტი, რომელიც აკონტროლებს საქართველოს სეპარატისტულ ნაწილებს – აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“, რომლებიც მოსკოვმა ფორმალურად „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარა.

1990-იანი წლების დასაწყისში ამ რეგიონებთან დაკავშირებით მომხდარ კონფლიქტებში და 2008 წლის აგვისტოს ომში, როცა რუსეთმა მხარი დაუჭირა „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტებს მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული სამხედრო ოპერაციის მოგერიების დროს, რუსეთის არმიის ქვედანაყოფები თითქმის თბილისს მიუახლოვდნენ, თუმცა შემდეგ დასავლეთის ჩარევით შეჩერდნენ. საერთოდ, მოსკოვი პოლიტიკურად ყოველთვის საქართველოს მოწინააღმდეგეთა მხარეზე იმყოფებოდა, თუმცა სოციალურ-კულტურული თვალსაზრისით საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს გარკვეული მსგავსი სიმპათიები კონსერვატიული [რელიგიური] ფასეულობებისადმი, რომელთა პროპაგანდა რუსეთში გაძლიერებით მიმდინარეობს. ქართველები უარს არ ამბობენ აგრეთვე რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზეც.

ვ) როგორ რეაგირებს დასავლეთი საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ?

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ „აგენტების კანონპროექტს“ მაინც მიიღებს (სხვათა შორის, ამ კანონპროექტის მიღებას მმართველი პარტია ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში ცდილობდა, მაგრამ მასობრივი გამოსვლების გამო უკან დაიხია), ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყანა სულ უფრო დაბეჯითებით მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისაგან, რომ კანონპროექტი გააუქმოს. ისინი მთავრობის მოქმედებაში დასავლური ფასეულობების დარღვევას ხედავენ, რომლის ერთგულებასაც „ქართული ოცნება“ მრავალი წელია აცხადებს. მაგრამ ევროკავშირს თბილისთან საერთო ენის მოძებნა უძნელდება. როგორც ჩანს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველომ გასული წლის დეკემბერში მიიღო, გაიყინება. მეორე მხრივ, აშშ, რომელიც საქართველოს ბოლო დრომდე ფართო პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას უწევს, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წევრებს პერსონალური სანქციების გამოცხადებით დაემუქრნენ – ყველას, ვინც კი მის მიღებაში მონაწილეობას მიიღებს, მათ შორის დეპუტატების ოჯახების წევრებიც, რაც ყველაზე მეტად აშფოთებს „ქართულ ოცნებას“.

ზ) რით გამოიხატება საქართველოს მნიშვნელობა დასავლეთისათვის?

საქართველო ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კავკასიაში ერთგვარ დემოკრატიულ ფორპოსტს და იმედების მომცემ ქვეყანას წარმოადგენდა, რომლის მნიშვნელობა რეგიონის ფარგლებს სცილდებოდა. თავდაპირველი წარმატებული რეფორმების გამო საქართველო დიდი ხანი ითვლებოდა მისაბაძ ქვეყნად სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებისათვის. ამიტომაც ევროპა და ამერიკა საქართველოს დიდ ფინანსურ დახმარებას უწევდა ბოლო 20 წლის განმავლობაში, თუმცა ქვეყანა დღემდე ევროკავშირისა და ნატოს მიღმაა დარჩენილი.

საქართველო, რომელიც შავიზღვიპირა ქვეყანას წარმოადგენს, ესაზღვრება თურქეტს და რუსეთს, აგრეთვე სომხეთს და აზერბაიჯანს, სტრატეგიულ სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს ჩრდილოეთს (რუსეთს) და სამხრეთს (ირანი, სპარსეთის ყურე და ინდოეთი), აგრეთვე აღმოსავლეთს (ცენტრალური აზია, ჩინეთი) და დასავლეთს (ევროპა) შორის. ამრიგად, საკითხი ეხება იმას, თუ რა დონით დაიბრუნებს კრემლი თავის გავლენას რეგიონში და რა მნიშვნელობა ექნება ამ ყველაფერს დასავლეთისათვის.

წყარო: