“მამუკა ხაზარაძე ჩვეულებრივი „ლუზერი“ და რადიკალია” – კახა კალაძე

15
spot_img

„ოპოზიციურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს სახელები ჰქვიათ სხვადასხვა, სინამდვილეში კი ყველანი მიშას შვილები არიან“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული ბანერის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ხაზარაძეც ისეთივე რადიკალია, როგორც დანარჩენი ოპოზიციონერები დეპუტატები.

„მამუკა ხაზარაძე ჩვეულებრივი „ლუზერი“, რადიკალია და არაფრით განსხვავდება იმ რადიკალებისგან, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ. სახელები ჰქვიათ სხვადასხვა, თუმცა რეალობაში, მიშას შვილები არიან. წლების წინ მათ სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდათ. თუ რა ფუნქცია ჰქონდა „ვაჟბატონს“, რა სიბინძურით იყო დაკავებული და რას აკეთებდა, ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის. არ სჭირდება საზოგადოებას იმის შეხსენება, თუ ვინ არის, რა წარსულის მქონე ადამიანია. მისი გადმოსახედიდან, დღეს ის პოლიტიკაში არ უნდა იყოს, ქვეყნიდან უნდა იყოს გაქცეული. ამგვარია ხაზარაძისეული პოლიტიკა და მისი შეხედულებები. სამარცხვინოა. ასეთი ადამიანები პოლიტიკაში კი არა, საერთოდ პოლიტიკაზე ვერ უნდა საუბრობდნენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება ისეთი ძლიერი იქნება, რომ მსგავსი ბინძური ადამიანები პოლიტიკას ვერასდროს გაეკარებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი აქვე გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველივე წელს პენსიის 200 ლარით გაზრდას შეძლებენ, ხოლო ოთხ-ხუთ წელიწადში პენსია 1 000 ლარს მიუახლოვდება.

„ჩვეულებრივი სისულელეა და ამას შეფასება არ სჭირდება. ძალიან მარტივია, ჩავრთოთ მათი განცხადებები, მოვუსმინოთ. ელემენტარულად, მათემატიკა, თვლა არ იციან. ამის კარგი მაგალითია მათი ერთ-ერთი წევრი, გვარი არ მახსოვს, როდესაც „გირჩის“ წარმომადგენელი უსვამდა კითხვებს კონკრეტულ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, თუ რას როგორ მოახერხებდნენ და რა პასუხები ჰქონდა. ეს მარტივი მაგალითია იმისა, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, ვინ არიან ეს ადამიანები და რას წარმოადგენენ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.