საქართველოს ეროვნული ბანკი – ევროკომისია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და მაკროეკონომიკურ პოლიტიკას დადებითად აფასებს

 

ევროკომისია საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ 2026 წლის ანგარიშში დადებითად აფასებს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებსა და ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რაც ძლიერმა ფისკალურმა მაჩვენებლებმა და ჯანსაღმა მონეტარულმა პოლიტიკამ განაპირობა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც სებ-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ გატარებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა.

„აღნიშნულია, რომ მონეტარული პოლიტიკა სათანადოა, და ინფლაციის ბოლოდროინდელი დაჩქარება ძირითადად ენერგორესურსების გლობალური ფასების მკვეთრმა ზრდამ და მიწოდების სხვა შოკებმა განაპირობა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო რეზერვების ზრდაზე და ფინანსური სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე. მათი შეფასებით, სებ-ი განაგრძობს ფინანსური სექტორის მდგრადობის, გამჭვირვალობის და ეფექტიანი ზედამხედველობის გაძლიერებას და ხელს უწყობს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასა და მარეგულირებელ სტანდარტებთან დაახლოებას.

გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, გაძლიერდა საქართველოს საგარეო პოზიცია, შემცირდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და გაიზარდა საერთაშორისო რეზერვები. 2026 წლის ივლისში, ქვეყნის მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 8.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ (ARA METRIC) ადეკვატურობის ზღვარს აღემატება და 128%-ს შეადგენს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ჯანსაღი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები და ფისკალური და საგარეო ბუფერები, საქართველოსთვის გლობალური შოკების გასანეიტრალებლად ხელსაყრელ პოზიციას უზრუნველყოფს.

მათი შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ხარისხი კვლავ ძლიერია: 2026 წლის აპრილში უმოქმედო სესხების წილმა მთლიან სესხებში 2.6%-ს შეადგინა, ხოლო საბანკო სისტემის კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი 22.2% იყო. ამავე პერიოდში სექტორის უკუგებამ კაპიტალზე (ROE) 21.9% შეადგინა. გარდა ამისა, დადებით ტენდენციადაა აღნიშნული დეპოზიტების დოლარიზაციის 3 პროცენტული პუნქტით, 48.6%-მდე შემცირება.

ევროკომისიის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფინანსური სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის ჩარჩოს პროგრესს. ამ მხრივ დადებითადაა შეფასებული საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც ეროვნულ ბანკს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებზე სრული პრუდენციული ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილებას ანიჭებს. ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სტაბილკოინებისა და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებისთვის ახალი რეგულაციების მიღება ევროკავშირის კრიპტოაქტივების ბაზრების რეგულირების (MiCA) სტანდარტებთან დაახლოების მიზნით მოხდა.

ამასთან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ უფრო მეტად შეძლო საკუთარი ანგარიშგების სისტემების ინტეგრირება ევროპოლის ევროს გაყალბებასთან ბრძოლის ცენტრალურ ოფისთან და შემოიღო ახალი რეგულაციები სტაბილკოინებისა და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებისთვის, რათა დაახლოებოდა კრიპტოაქტივების ბაზრების შესახებ ევროკავშირის რეგულაციით (Regulation (EU) 2023/1114) დადგენილ შესაბამის წესებს.

ანგარიშში ცალკე თავი მიეძღვნა საბანკო სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს. კერძოდ, სისტემური კომერციული ბანკებისთვის საკუთარი სახსრებისა და დაშვებული ვალდებულებების მინიმალური მოთხოვნის (MREL) 10%-დან 15%-მდე გაიზარდა და კომერციული  ბანკების მიერ სარეზოლუციო ფონდში შენატანების დაწყება. აღნიშნული მექანიზმები ფინანსური სექტორის მდგრადობისა და კრიზისების მართვის ჩარჩოს გაძლიერებას ემსახურება.

ამასთან, 2026 წლის მარტში ცვლილებები შევიდა კომერციული ბანკის გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისა და შეფასების წესში, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკი გაჯანსაღების გეგმის შესაბამისობას ექვსი თვის ვადაში აფასებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სებ-ის ცნობით, ევროკომისია ასევე დადებითად აფასებს ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი ფინანსების განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსაც.

„კერძოდ, 2026 წლის იანვარში ამოქმედდა მწვანე სესხების მონაცემთა პანელი, ხოლო 2026 წლის თებერვალში - გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი(ESG) ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის განახლებული ფორმა. მათი თქმით, აღნიშნული ინიციატივები ხელს უწყობს ფინანსურ სექტორში მდგრადი დაფინანსების ხელშეწყობასა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას.

ევროკომისია პოზიტიურად აფასებს საგადახდო მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებისა და ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური სექტორის ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებსაც. მათ შორისაა, გადახდის ინიცირების მომსახურებისა და დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მიმართულებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებები და კომერციული და მიკრობანკების დისტანციური ზედამხედველობის სახელმძღვანელო მითითებების დამტკიცება. ამავე პოზიტიურ კონტექსტშია შეფასებული ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესაბამისად პასუხისმგებლობების გადანაწილების ცვლილება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს შორის.

საგადახდო მომსახურების მიმართულებით, ეროვნული ბანკისთვის ასევე განისაზღვრა იმ არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ანგარიშების ფლობის უფლებამოსილება, რომლებიც მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემების მონაწილეები არიან.

გარდა ამისა, Moneyval-ის რეკომენდაციების შესრულების მიზნით 2025 წლის ნოემბერში ცვლილებები შევიდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონში.

ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი გაფართოვდა: შვიდი ადგილობრივი ემიტენტის მიერ გამოშვებულ იქნა 13 საჯარო კორპორაციული ობლიგაცია, რის შედეგადაც მიმოქცევაში არსებული ობლიგაციების მოცულობამ მშპ-ის დაახლოებით 2.5% შეადგინა. ამასთან, ყურადღება გამახვილდა 2026 წლის მარტში მიღებულ კანონზე „ფაქტორინგის შესახებ", რომელიც მცირე და საშუალო საწარმოებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის დამატებით ინსტრუმენტს სთავაზობს და ფინანსურ ბაზარზე ფაქტორინგული კომპანიების ახალი სეგმენტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ევროკომისიის შეფასებით, არასაბანკო საფინანსო სექტორი, მიუხედავად ბოლო პერიოდში მიღწეული ზრდისა, კვლავ მცირეა. შესაბამისად, ქვეყნის შემდგომ პრიორიტეტებს შორის დასახელებულია კაპიტალის ბაზრისა და სადაზღვევო სექტორის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ფინანსური სისტემის დივერსიფიკაციასა და დაფინანსების ალტერნატიული წყაროების გაძლიერებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 



მსგავსი სიახლეები
ლაშა აბაშიძე – ახალი სარკინიგზო ხაზი ანაკლიის პორტს არსებულ სარკინიგზო მაგისტრალთან დააკავშირებს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ირაკლი ნადარეიშვილი – Web Summit-ი უმსხვილესი პლატფორმაა, რომელიც ტექნოლოგიების, ინოვაციების, სტარტაპების 100 000 პროფესიონალს, ინვესტორს აერთიანებს, აქ საქართველო ეროვნული პავილიონით მონაწილეობს
რა ეღირება დოლარი და ევრო 12 ნოემბერს
თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა "Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა"
ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა დამტკიცდა
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნული ბანკი – ევროკომისია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და მაკროეკონომიკურ პოლიტიკას დადებითად აფასებს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 ნოემბრიდან
თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი წარუდგინა
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
გადაიხადე ხელის გულით - მომავლის გამოცდილება თიბისისგან
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 ნოემბერს
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა