ტამიშის ბრძოლიდან 33 წელი გავიდა - "...მათი დამსახურებით, ჩვენი ქვეყნის საბრძოლო ისტორიაში, კიდევ ერთი, დიდი, დიადი გმირობისა და თავდადების ფურცელი ჩაიწერა!.."-კობა კობალაძე
დღეს, ტამიშის ბრძოლიდან 33-ე წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილეებმა მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, სამსახურის წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ანზორ მარგიანმა, მოხალისეთა ორგანიზაციის ა(ა)იპ ''ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის'' დირექტორმა, ედუარდ ჯიშკარიანმა, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
გმირთა მოედანზე, ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად, ასევე, იმყოფებოდნენ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე, ''აფხაზეთის მეომართა კავშირისა'' წარმომადგენლები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახის წევრები.
„2 ივლისი არის ერთ-ერთი მძიმე თარიღი ჩვენ უახლოეს ისტორიაში, რამეთუ 2 ივლისს, ლაბრა-ტამიში-ანუარხუს არეალში, ოკუპანტების და რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარის ნაწილების მიერ, იყო გადმოსხმული საზღვაო დესანტი, რომელსაც წინ აღუდგნენ ჩვენი გმირი კაცები, გოგონები, ბიჭები, მეომრები!.. მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ თანაგრძნობას ვუცხადებთ! მათი დამსახურებით, ჩვენი ქვეყნის საბრძოლო ისტორიაში, კიდევ ერთი, დიდი, დიადი გმირობისა და თავდადების ფურცლები ჩაიწერა,''- განაცხადა კობა კობალაძემ.
მოგვიანებით, კობა კობალაძემ, ტამიშის ბრძოლის მონაწილეებთან და ბატალიონ ''შავნაბადას'' წევრებთან ერთად, ელიას მთაზე, ტამიშის ბრძოლის დროს დაცემული გმირების სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკო. შეკრებილებმა, კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთის ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა და რუსული დესანტის მოგერიების დროს დაღუპული თანამებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან, მოწინააღმდეგე მხარემ, რუსეთის სამხედრო ხომალდით, საზღვაო დესანტი გადმოსხა 600 კაცის შემადგენლობით. გამთენიისას, პირველი დარტყმა, ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, აფხაზური ფორმირებები და ჩრდილო-კავკასიელი კონფედერატებიც გააქტიურდნენ. მოწინააღმდეგემ, ქართული შენაერთების ნაწილს, ჩრდილოეთიდან _ ტყვარჩელის მიმართულებიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ბრძოლას, პოზიციაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ბრძოლაში ჩაერთო იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული ყველა ქართული, საბრძოლო შენაერთი; ქართულმა მხარემ, რამდენიმედღიანი, თავგანწირული ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. ქართულ შენაერთებზე დიდი ზარალი მიადგათ რუსულ-აფხაზურ-ჩრდილო-კავკასიურ დაჯგუფებებს. ქართული საჯარისო ფორმირებების ერთიანი ძალისხმევის შედეგად, 10-11 ივლისს, ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში, რუსული დესანტის გადმოსხმა, სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ, ეს გეგმა, რამდენიმე თვით გადაწია.
ტამიშის ბრძოლა -აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის, ერთიანობისა და გმირობის უდიდესი მაგალითი.
მსგავსი სიახლეები