,,ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში”- შალვა პაპუაშვილი

12
spot_img

„ჩვენი დაკვირვებაა, რომ ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ცვლის ტრადიციულ ურთიერთობას, ქცევის წესებს,

გარკვეულწილად ცვლის დამოკიდებულებებს, აღქმებს, უწესებს ისეთ ვალდებულებებს საზოგადოების სხვადასხვა წევრებს, როგორიც ტრადიციულად, როგორც წესი, საზოგადოებაში არ იყო  ხოლმე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გორში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

როგორც მან აღნიშნა, სხვადასხვა სახის კვლევები აჩვენებს თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს არასრულწლოვანებზე ამგვარი პროპაგანდის შეტანას საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

„ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც რაღაც ტენდენციები სხვა ქვეყნებში ფეხს იკიდებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ის ინაცვლებს საქართველოში სხვადასხვა გზებით, მათ შორის, დაფინანსების მეშვეობით, ზოგჯერ  წახალისებულია რაღაც იდეები.
დღეს არსებული კომუნიკაციების საშუალებებიდან გამომდინარე საზღვრები  პირობითია,  ფაქტობრივად,  ჩვენი მთლიანი სამყარო ერთ სივრცეშია მოქცეული და ერთი ინფორმაცია ან ერთი ტენდენცია, რაც ერთ ქვეყანაშია გავრცელებული ან  გაძლიერებული, მყისიერად ჰპოვებს ადრესატს სხვა ქვეყანაში.
არის გარკვეული ტენდენციები და მიმართულებები, რომელიც

საქართველოში მეტ-ნაკლებად უკვე რელევანტურია – ზოგი უფრო ძლიერ, ზოგი ნაკლებად, თუმცა  ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ახლავე მოვაწესრიგოთ ეს საკითხი, თუკი საზოგადოების თანხმობა  იქნება ამაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა,  საპარლამენტო უმრავლესობამ ამ საკითხების დარეგულირების მიზნით პარლამენტში დაინიცირა ორი ინიციატივა – ერთი ეხება ცვლილებას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლში, ხოლო მეორე არის კონსტიტუციური კანონის პროექტი და ის  ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა დაცვას შეეხება.