კიევზე თავდასხმა, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

102
spot_img

რუსეთ – უკრაინის ომის 463- ე დღე

კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. დედაქალაქსა და კიევის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა და საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

“აფეთქებების სერია ქალაქში. საჰაერო თავდაცვა მუშაობს. დარჩით თავშესაფრებში!” – დაწერა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამზე“.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დედაქალაქის დესნიანსკის რაიონში სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

კიევის მერის განცხადებით, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია. მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის დესნიანსკისა და დნეპროვსკის რაიონებში 7 ადამიანი უკვე ჰოსპიტალიზებულია.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი პოპკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა დღეს დილით ადრე განხორციელებული თავდასხმის დროს, სავარაუდოდ, ბალისტიკური ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს.

მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.

„თავდაპირველი მონაცემებით, ეს იყო ფრთოსანი რაკეტები და ბალისტიკური ტიპის (საბოლოო რაოდენობას და ტიპს საჰაერო ძალები დაადგენს). არსებული ინფორმაციით, ყველა აღმოჩენილი საჰაერო სამიზნე განადგურდა ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი და ნგრევა ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად“, – განაცხადა სერჰი პოპკომ.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა და 10 დაშავდა.

“მკაცრად დაიცავით უსაფრთხოების პროტოკოლი, როდესაც საჰაერო თავდასხმის განგაშია!” განსაკუთრებით ფრთხილად – ბალისტიკური რაკეტები დაფრინავენ ძალიან სწრაფად. განგაშსა და რაკეტის მოახლოებას შორის დრო მხოლოდ წამებია! ამიტომ, წინასწარ მოამზადეთ ის, რაც გჭირდებათ, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ მომზადებისა და თავშესაფარში გადასვლის დრო!”– განაცხადა პოპკომ.

უკრაინის საჰაერო ძალებმა კიევის მიმართულებით გაშვებული 10-ვე რაკეტა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმა „ისკანდერის“ მოკლე რადიუსის რაკეტებით განახორციელეს.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რაკეტების ნამსხვრევებმა დააზიანა ბავშვთა კლინიკა, სკოლის ორი შენობა და პოლიციის განყოფილება. აფეთქების ტალღის შედეგად საცხოვრებელი კორპუსიც დაზიანდა.

ამასთან, უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსული ძალების თავდასხმას 11 წლის გოგონა, მისი 34 წლის დედა და კიდევ ერთი, 33 წლის ქალი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი კი 12-ია. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაღუპულებს შორის ორი ბავშვი იყო.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინას დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებით იარაღსა და აღჭურვილობას გაუგზავნის, რომელიც ქვეყანას რუსული საჰაერო თავდასხმებისგან თავდაცვაში დაეხმარება.  ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში, აშშ პირველად მიაწვდის უკრაინას მართვად, ჰაერი-ჰაერი კლასის AIM-7 ტიპის რაკეტებს.

დახმარება ასევე მოიცავს საბრძოლო მასალებს უპილოტო საჰაერო სისტემებისთვის, რომელიც ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა აღწერა, როგორც ნაღმმტყორცნების მსგავსი საბრძოლო მასალა, რომლის ჩამოგდება დრონებიდან არის შესაძლებელი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ეს დახმარება არის „უაღრესად მნიშვნელოვანი და დროული და ამერიკული მხარდაჭერის უახლესი მაგალითი“.

„მადლობელი ვართ შეერთებული შტატების 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტისთვის. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და დროული დახმარება უკრაინის ცის დასაცავად რუსეთის რაკეტებისა და დრონების ტერორისგან, ასევე უკრაინის თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად“, – დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.