კი, აშშ-ის ვიზა მაქვს – რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა, მათ შორის ამერიკაში, მაგრამ თქვენ არ იცით და გეტყვით, უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა – ალუდა ღუდუშაური

30
spot_img

პარტნიორები და მითუმეტეს, სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთს სანქციებითა და შეზღუდვით არ უნდა ელაპარაკებოდნენ – რაც შეეხება ვიზების საკითხს, არ ვიცი, მსგავსი შეტყობინება ვის მიუვიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, იმედი აქვს, რომ ელჩი ყველაფერს გააკეთებს, რადგან თავად თქვა, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებისთვის ყველაფერს გააკეთებდა.

“პარტნიორები და მითუმეტეს, სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთს სანქციებითა და შეზღუდვით არ უნდა ელაპარაკებოდნენ. ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკელი ხალხი არის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა. ეს ყველაფერი კონტრპროდუქტიული იქნება. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მიდგომა გადაიხედება. რაც შეეხება ვიზების საკითხს, არ ვიცი, მსგავსი შეტყობინება ვის მიუვიდა. ვისაც ვიზა არ აქვს, ვერ მიიღებსო, სხვა არაფრის თქმა არ შეგვიძლია გარდა იმისა, რომ ეს ნაბიჯი დააზიანებს და ხელს არ შეუწყობს იმ ურთიერთობას, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს გაცხადებული – საქართველო ამერიკას პარტნიორ ქვეყნად მიიჩნევს და ამერიკელი ხალხი ქართველების მეგობარია და პირიქით. შესაბამისად, ასეთი ნაბიჯები გულდასაწყვეტია და ვისურვებდი, რომ სიტუაციის შეფასება რეალურად მოხდეს. იმედს ვიტოვებ, რომ ელჩი ყველაფერს გააკეთებს, რადგან თავად თქვა, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებისთვის ყველაფერს გააკეთებდა. იმედია, ელჩი თავის სიტყვას შეასრულებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა პარტნიორები ერთმანეთს ასეთი ფორმით კი არ ესაუბრებოდნენ, არამედ ეს ურთიერთობა გადაიტვირთება. ამ ურთიერთობის გადატვირთვის შემდეგ სივრცე არ უნდა ჰქონდეს იმას დატოვებული, რომ ერთმანეთს რაღაც სანქციებით და შეზღუდვებით ვესაუბროთ”, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, მას ამერიკის ვიზა აქვს.

„კი, ვიზა მაქვს. რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა? – დიახ, მათ შორის ამერიკაში, მაგრამ თქვენ არ იცით და გეტყვით, უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა, ბევრი ვაი ოპოზიციონერისგან განსხვავებით, რომლებიც დარბოდნენ და ამბობდნენ, ვიღაცას სანქცია დაედება და ვერ იმოგზაურებსო. ბევრი ქვეყანაა საინტერესო და ნეტა, მოგზაურობის დრო მქონდეს. ვინ სად იმოგზაურებს, ვინ რას მიირთმევს, ვინ რას ჩაიცვამს, ეს თქვენი საქმე არ არის. თქვენ იმით დაკავდით, რომ 26 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ იმას, რომ რადიკალ ოპოზიციაზე გავიმარჯვებთ”, – აღნიშნა ღუდუშაურმა.