“ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად” – ევროკავშირი

91
spot_img

ევროკავშირი ხაზს უსვამს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის 27 ლიდერის ერთობლივ განცხადებაში.

ევროპული საბჭო მკაცრად გმობს “ჰამასს” ისრაელის მასშტაბით სასტიკი და განურჩეველი ტერაქტების გამო და აღნიშნავს, რომ “ჰამასის” მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენება განსაკუთრებით სავალალო სისასტიკეს წარმოადგენს.

განცხადება ასევე მოუწოდებს “ჰამასს”, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა მძევალი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

ევროპული საბჭო ადასტურებს ყველა მშვიდობიანი მოქალაქის დაცვის მნიშვნელობას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად.

ევროპული საბჭო ასევე გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების გამო. ევროპული საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და დახმარების გაწევა ყველა საჭირო ღონისძიების საშუალებით, მათ შორის ჰუმანიტარული დერეფნები და ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის პაუზები.

ევროპული საბჭო აღნიშნავს რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობას და ამ კუთხით პარტნიორებთან ჩართულობის აუცილებლობას, მათ შორის პალესტინის ხელისუფლებასთან.

ევროკავშირი მზად არის, ხელი შეუწყოს პოლიტიკური პროცესის აღდგენას ორი სახელმწიფოს პრინციპის საფუძველზე და მიესალმება მშვიდობისა და უსაფრთხოების დიპლომატიურ ინიციატივებს და მხარს უჭერს საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის მალე გამართვას.