Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:02 25.03.2020
„საქართველო „კოვიდ-19“-ს გააფთრებული ებრძვის“- Euractiv

საქართველოს შესახებ სტატიაა გამოქვეყნებული ბელგიურ გამოცემა «Euractiv»-ში სათაურით „საქართველო „კოვიდ-19“-ს გააფთრებული ებრძვის“ (ავტორი - ვლადისლავ მაქსიმოვი).

 

„საქართველოში 26 თებერვლიდან, როცა პირველად დარეგისტრირდა კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქე, 23 მარტამდე 61 ადამიანი დაავადდა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ კავკასიურ სახელმწიფოში სავალდებულო კარანტინში მხოლოდ 3320 ადამიანია მოთავსებული, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო პანდემიასთან ბრძოლაში წარმატებული ისტორია აქვს“, - აღნიშნულია სტატიაში. ავტორი წერს, რომ მეზობელ სომხეთში ვირუსი 2 მარტს გამოვლინდა და 22 მარტისათვის იქ უკვე 194 დაინფიცირებული იყო.

 

„როგორც ჩანს, [საქართველოში არსებული პოზიტიური სიტუაცია] დაკავშირებულია მედიცინის მუშაკების მაღალ პროფესიონალიზმთან და რთული ვითარების პირობებში უნარ-ჩვევების მდგრად გამოვლენასთან“, - აღნიშნავს თომას დე-ვაალი, Carnegie Europe-ს  ანალიტიკური ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში ქვეყნის რეაქციას დადებითად აფასებს.

 

სტატიის ავტორი ესაუბრება ექსპერტებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, სხვა ქვეყნებზე ბევრად ადრე - ორი კვირით მაინც - განახორციელა ვირუსის საწინააღმდეგო ზომები, რის გამოც დაავადების გავრცელება მაქსიმალურად შეანელა.

 

„საქართველომ ჩინეთის ავიარეისები ჯერ კიდევ იანვარში აკრძალა და მკაცრი კონტროლი დააწესა აეროპორტებში. საბავშო ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები 2 მარტს დაიხურა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში, რომელშიც ციტირებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებები.

 

მასალაში ასევე საუბარია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადების მიზეზების თაობაზე, სადაც დაახლოებით 158 ათასი ადამიანი ცხოვრობს. 

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: «Euractiv» (ბელგია)

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge