Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:50 25.03.2020
„მარნეულში და ბოლნისში მკაცრი კარანტინია გამოცხადებული, რეგიონში სამხედრო ნაწილებია შეყვანილი“.

რაც უფრო მეტი დრო გადის, საერთაშორისო მასმედიაში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა კორონავირუსთან დაკავშირებულ ფაქტებსა და მოვლენებს და თუ რომელიმე გამოცემა საქართველოს შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, ეს ინფორმაცია უმთავრესად „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. ამ ფონზე უცხოურ მედიაში განსაკუთრებით ხშირად შუქდება ქვემო ქართლში შექმნილი ვითარება, სადაც, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მთლიანად დახურულია ორი მუნიციპალიტეტის - მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიები, სადაც უმეტესად, აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს.


ბუნებრივია, რომ ქვემო ქართლში მკაცრი კარანტინის გამოცხადების ფაქტი აზერბაიჯანის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დაინტერესებას იწვევს, მაგალითად, ბაქოს გამოცემა „ნოვოე ვრემია“-ში («Новое время») გამოქვეყნებულია პუბლიკაცია სათაურით „მარნეულში და ბოლნისში მკაცრი კარანტინია გამოცხადებული, რეგიონში  სამხედრო ნაწილებია შეყვანილი“.


აზერბაიჯანის გამოცემებს არც რუსული მასმედია ჩამორჩება. გასული ღამის განმავლობაში ვიდეომასალები გავრცელდა რუსეთის ტელეარხ „მირ-24“-ით («Мир-24») სათაურით „კონტროლი ჰაერიდან: საქართველოს საკარანტინო ზონების პატრულირება დრონებით ხდება“, რომელშიც ასახულია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ვითარება (საკარანტინო წესების დაცვა, დამრღვევების გამოვლენა...) და მისი კონტროლის მექანიზმები.


რუსული პრესა ყურადღებას აქცევს აგრეთვე კორონავირუსთან ბრძოლის თანამდევ  მეტად მტკივნეულ, დრამატულ ფაქტებსაც, რომელიც თითოეულ ოჯახს, თითოეულ ადამიანს ეხება. მხედველობაშია სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ახლობლების, ნათესავებისა და ოჯახის წევრების ერთმანეთთან დაშორება, მათ შორის კონტაქტების გაწყვეტა. გაზეთ „ნოვაია გაზეტა“-ში («Новая газета»)  გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კორონავირუსმა ოჯახები მთელ მსოფლიოში დაანაწილა“ (ავტორი - ვიქტორია მიკიშა), რომელშიც, სხვა ფაქტებთან ერთად გადმოცემულია საქართველოში დროებით მყოფი, შემდეგ კი ნიდერლანდებში  წასული  ერთ-ერთი რუსი მოქალაქის მარინა გლადიშევას ოჯახის ბედი. მან მცირეწლოვანი შვილი თბილისში მოხუც მშობლებთან მცირე დროით დატოვა, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და ავიამიმოსვლის შეწყვეტის გამო იგი საქართველოში ვერ ჩამოდის და შვილი ნიდერლანდებში ვერ მიჰყავს. იმავე სტატიაში ასევე საუბარია კიდევ რამდენიმე რუს მოქალაქეზე, რომლებსაც თბილისში მცირე ბიზნესი აქვთ, მარტის დასაწყისში იტალიაში გაემგზავრნენ, მაგრამ ახლა უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყაროები: «Новое время»//«Мир-24»//»Новая газета» (აზერბაიჯანი//რუსეთი)

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge