Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:09 24.03.2020
„რაც მოხდა ნახეთ, შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელით შეეხნენ. ორი პიროვნება დავაკავეთ, კიდევ ვმუშაობთ - ყველა ასეთი ადამიანი დაისჯება უმაღლესი სიმკაცრით“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სამარცხვინოს უწოდებს მარნეულში მომხდარ ინციდენტს, რომლის მიხედვით მარნეულის მუნიციპალიტეტში პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ვახტანგ გომელაურმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ბლოკ-პოსტთან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციელების შეურაცხყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. მისივე თქმით, ამგვარი ქმედებისთვის ყველა პირი უმკაცრესად დაისჯება.

 

“როგორც იცით, ჩართულია როგორც შს სამინისტრო, ისე თავდაცვის სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახური. გაკეთდა გამშვები პუნქტები, დგას თავდაცვის სამინისტროს ძალები, შს სამინისტროს წარმომადგენლები, საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, სახანძრო სამაშველო სამსახური. ის ინციდენტი, რაც გუშინ მოხდა, ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა, ჩემთვის საუბარი ნამდვილად მძიმეა. ადამიანებმა, რომლებზეც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ღამის ორ საათზე ადგნენ, კარვები ჩატვირთეს იმისათვის, რომ მარნეულის მოსახლეობას დახმარებოდნენ მთელი ღამე იმუშავეს. ინფორმაცია მომაწოდეს, რომ ბატონო მინისტრო, ყველაფერი დავალაგეთ, საწოლები გავშალეთ 100 კაცზე. შემდეგ კი მიდიან და რაც მოხდა ნახეთ, შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელით შეეხნენ. ორი პიროვნება დავაკავეთ, კიდევ ვმუშაობთ. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ყველა ასეთი ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება მარნეული, თბილისი, თელავი, ზუგდიდი თუ ბათუმი, მნიშვნელობა არ ექნება ეს იქნება შსს-ს თანამშრომელი, თავდაცვის, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი თუ ექიმი, ყველა დაისჯება უმაღლესი სიმკაცრით“,- განაცხადა გომელაურმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge