Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:37 24.03.2020
რუსეთის 300 მოქალაქე საქართველოში შემოსვლის უფლებას ითხოვს

“საქართველო-სომხეთის საზღვართან, სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის 300-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება, რომლებიც რამდენიმე დღეა უშედეგოდ ითხოვენ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას. მათ გადაწყვეტილი აქვთ ერევანში, საქართველოს საელჩოსთან შეიკრიბონ და საქართველოს კონსულთან შეხვედრა მოითხოვონ. ამის შესახებ რუსული მედია წერს სომხეთის ტერიტორიაზე მყოფ რუსეთის მოქალაქეებზე დაყრდნობით”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რუსეთის 300 მოქალაქე საქართველოში შემოსვლის უფლებას ითხოვს.


"ეს მოქალაქეები პირადი ავტომობილებით იმყოფებოდნენ სომხეთში და ახლა, საქართველოს ხელისუფლების მიერ საზღვრების ჩაკეტვის გამო, საქართველოს გავლით უკან რუსეთში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მათი ცნობით, საქართველოშიც და სომხეთშიც, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამასთან, სომხეთის ხელისუფლება მათ ქვეყნის დატოვების უფლებას აძლევს, თუმცა ქართველი მესაზღვრეები მათ საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"რუსული მედიის ცნობით, რუსი დიპლომატები ამ პრობლემის საქმის კურშსი არიან. სომხეთში რუსეთის საელჩოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც მოქალაქეებს მკაცრად მოუწოდებენ, რომ საჰაერო ტრანსპორტით ისარგებლონ. „საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის აშკარა სირთულეების გათვალისწინებით, საელჩო რუსეთის მოქალაქეებს, რომელთაც სურთ სამშობლოში დაბრუნება, კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ მათ შეუძლიათ საჰაერო ტრანსპორტით ისარგებლონ", -აღნიშნულია საელჩოს გვერდზე. თუმცა, ეს რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობას არ აწყობს, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ავტომობილები გაურკვეველი ვადით სომხეთში უნდა დატოვონ და თანაც, თვითმფრინავის ბილეთები საკუთარი თანხებით უნდა შეიძინონ, რისი საშუალებაც ბევრს არ აქვს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"რუსული მედიის ცნობით, მოქალაქეებს უკვე მოფიქრებული აქვთ რას შესთავაზებენ საქართველოს კონსულს. ჩვენ თანხმა ვართ ავტომობილების დალუქვაზე. ასევე საკუთარი სახსრებით ავანაზღაურებთ ავტომობილების დეზინფექციასა და საქართველოს საპატრულო პილიციის სატრანსპორტო ხარჯებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენი გამცილებლები იქნებიან. გვინდა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველომ დერეფანი მოგვიწყოს, რათა უსაფრთხოდ დავბრუნდეთ ჩვენს სამშობლოში," - თქვა რუსეთის მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვართან პალიანმა, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი