Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:45 20.03.2020
„საუბარია სოლიდურ დახმარებაზე როგორც სავალუტო ფონდისგან, ასევე, სხვა დონორი ორგანიზაციებისგან - ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ყოველდღიურად“

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საქართველო მსოფლიო სავალუტო ფონდისგან და სხვა დონორი ორგანიზაციებისგან სოლიდურ ფინანსურ დახმარებას ელოდება. როგორც მან განაცხადა, ეს თანხა მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას მოხმარდება.

 

„რასაკვირველია ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან აქტიურად საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციებთან. ახლაც, სანამ აქ მოვიდოდი, ჩართვა მქონდა საერთოშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობასთან, სადაც განვიხილეთ სავალუტო კრიზისი. ჩვენ შევაჯერეთ ხედვები და პრაქტიკულად ერთნაირი წარმოდგენა გვაქვს ამ ეტაპზე რა ხარისხისა და სიმძიმის ეკონომიკური შენელება და შოკი შეიძლება გვქონდეს, მაგრამ როგორც თვითონ იხუმრეს, საათობრივად იცვლება ეს პროგნოზები მსოფლიო მასშტაბით. გლობალურად რამდენიმე კვირის წინ სხვა შენელებაზე იყო საუბარი, ახლა კიდევ უფრო დამძიმდა სურათი. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად რეალისტურები ვიყოთ, ამასთან, საუბარია სოლიდურ დახმარებაზე როგორც სავალუტო ფონდისგან, ასევე სხვა დონორი ორგანიზაციებისგან ერთობლივად. ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ყოველდღიურად. ციფრს ვერ დავასახელებ, თუმცა ეს საკმაოდ სოლიდური დახმარება იქნება, რომელიც რასაკვირველია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მოხმარდება. მოკლე ვადაში სწრაფად და ეფექტურად უნდა მოვახდინოთ ამ ეპიდემიის ლოკალიზება და შესაბამისად, მალევე მოვახდინოთ ეკონომიკური რიტმის აღდგენა, რომელიც გვქონდა," - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge