Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:40 10.03.2020
"გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ ვართ უკანასკნელი ან უკანასკნელის წინა საუკუნის ადამიანები"

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:


"ხელოვნური ინტელექტი", როგორც ტექნიკური ტერმინი, დღეს იმ შინაარსით არ გამოიყენება, რაც სამეცნიერო-ფანტასტიკურ წიგნებში. როგორც წესი, ამ ტერმინით აღნიშნავენ ხოლმე რაიმე თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემას, რომელიც მთლიანად ავტომატიზებულია, თვითორგანიზებული და საკუთარი თავის მართვა ადამიანის მინიმალური ჩარევით (ადამიანი "ჩართვა-გამორთვის ღილაკს" აწვება და პროცესს მხოლოდ გარედან აკვირდება) ძალუძს. ასეთი, სრულად ავტომატიზებული სისტემები სულ უფრო ინტენსიურად ინერგება ადამიანური ყოფის სხვადასხვა სფეროებში.


ხოლო "ხელოვნური ინტელექტი" სამეცნიერო-ფანტასტიკის გაგებით, რასაკვირველია, ჯერ შორსაა. თუმცა, ბევრი ფუტუროლოგი (მაგ. რეი კურცვეილი) მიიჩნევს, რომ ორი ათეული წელი და ეს მიჯნაც დაძლეული იქნება.


უფრო ალბათურია არა რობოტექნიკა (აიზეკ აზიმოვის "მე რობოტის" ვარიანტში) არამედ ერთგვარი სიმბიოზი ბიოლოგიური, ე.ი. ადამიანური და "მანქანური" გონისა. იგივე რეი კურცვეილი ვარაუდობს, რომ ამ საუკუნის 30-იანი წლებიდან უკვე გამოჩნდება იმპლანტანტი გაჯეტები, რომლებიც ადამიანის ტვინთან ნეირონულ კავშირებს შექმნიან და ადამიანს აღარ დასჭირდება არავითარი გარე მოწყობილობა, რომ ინტერნეტში ჩაერთოს! ეს წარმოუდგენელ შესაძლებლობებსაც ნიშნავს(ადამიანის გონი უშუალოდ არის ინტერნეტ-იუზერი, მასადადამე, ის მყისიერად ყველა იმ ცოდნისა და ინფორმაციის მფლობელ-განმკარგველია, რაც კი კაცობრიობას დაუგროვებია და ინტერნეტში მოიპოვება - ე.ი. უკანასკნელი მიღწევების დონეზე სრულყოფილად იცის მაგ. კვანტური ფიზიკაც და ნებისმიერი, მათ, შორის "მკვდარი" ენებიც და ა.შ.) და იმავდროულად "გონიერი ადამიანის", როგორც ბიოლოგიური სახეობის, ეპოქის დასასრულის დასაწყისს.


შემდეგი ეტაპი იქნება ბიოლოგიური დეტერმინიზმიდან ამ სიმბიოზური არსების თანდათანობით გასვლა - გათავისუფლება და ადამიანი ბოლოს კიბორგად (კიბერნეტიკულ ორგანიზმად) გადაიქცევა. რასაკვირველია, თუ ევოლუციის კუთხით შევაფასებთ, სახეობათა კონკურენციაში რომელი გადარჩება, ბიოლოგიური ადამიანი თუ კიბორგი - "ჰომო საპიენსს" გადარჩენის არავითარი შანსი არა აქვს!


კიბორგს არ სჭირდება მაგ. სხვა ცოცხალი არსებების (გინდა ცხოველების და გინდა მცენარეების) ჭამა არსებობისთვის: იგი "სუფთა" და არა სხვა ბიოლოგიური ორგანიზმების კუჭში გადამუშავებით მიღებული ეკოლოგიურად "ჭუჭყიანი" ენერგიით იკვებება. რასაკვირველია, გარკვეულწილად, კიბორგი გაცილებით "კეთილია", ვიდრე ადამიანი, რომელიც, რომ გადარჩეს - სხვა არსებები უნდა ჭამოს! ევოლუციის რაღაც ეტაპზე მას ჟანგბადიც კი აღარ დასჭირდება და ღია კოსმოსთანაც კი ადაპტირებული გახდება.


ასე რომ, გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ ვართ უკანასკნელი ან უკანასკნელის წინა საუკუნის ადამიანები.


ამ პერსპექტივის აღქმა სხვადასხვაგვარია - ვინც მზად არის კიბორგად იქცეს და გარკვეულწილად, უკვდავებასაც ეზიაროს, ის მომავალს ოპტიმისტურად განჭვრეტს, ხოლო მე და ჩემნაირები - უკიდურესად პესიმისტურად. (უკიდურესად პესიმისტური იმიტომ, რომ არსება, რომელიც არც ეწევა, არც სვამს, მწვადი და ხაშლამაც არ უყვარს, არც ქალებში დადის და არც ნერვიულობს, ჩემთვის და ჩემნაირი ბებრებისთვის - სრული კატასტროფაა!) :)


ისე, ზეზვა და მზია ნეტა ოპტიმისტები იყვნენ თუ პესიმისტები? რომ ცოდნოდათ, რა იქნებოდა მათი შორეული შთამომავალი, არა მგონია მაინცადამაინც დიდი ოპტიმიზმის საფუძველი ჰქონოდათ: ადამიანმა ხომ პლანეტარული კატასტროფის აპოკალიპტური საფრთხე შექმნა დედამიწის ნებისმიერი ბიოლოგიური სახეობისთვის!


თუ განვითარებას ის ლოგიკა აქვს, რაც დარვინმა ახსნა, მაშინ კიბორგი, როგორც "ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთა" არსება (იგი გარემოს ზიანს კი არ მიაყენებს, არამედ პირიქით, ვინაიდან ადაპტაციისთვის არ სჭირდება საკუთარი სასიცოცხლო სივრცის სხვებისთვის წართმევა, ვინმეს ან რამის "შეჭმა") ევოლუციისას გადამწყვეტი კონკურენტული უპირატესობებით იქნება "დაჯილდოებული" მისი შემქმნელისგან - ადამიანისგან!


ეს "მეტა-ევოლუციური ფანტასტიკა" დასრულებული სახით, ანუ კოსმოსის ათვისების თვალსაზრისით ასე გამოიყურება - ცივლიზაცია, ვერ მოახერხებს კოსმოსის მასშტაბურ ათვისებას, თუ საკუთარ განვითარებაში ჯერ ბიოლოგიურ დეტერმინიზმს არ გადალახავს, მერე კი ნებისმიერ ფიზიკურ გარემოსთან ადაპტაციის უნარებს ვერ გამოიმუშავებს. ამიტომაც,"მწვანე კაცუნების" ან სხვა "ჰუმანოიდებს" სახით კი არა, არამედ სუპერ- რაციონალური, მათემატიკურად გათვლილი ფორმის სუპერ-ორგანიზმის (კიბორგის შემდგომი სტადიაა ევოლუცუაში) სახით მოედება სუპერ-ცივილიზაცია საკუთარ გალაკტიკას; ბოლოს კი, როცა ყველა ფიზიკური დეტერმინიზმისგან გათავისუფლდება, როგორც სამყაროს მბრძანებელი და ყოველგვარი ფიზიკური ფორმისგან დაცლილი "წმინდა გონება", მართავს გალაკტიკათა მთელ სისტემებს. ამიტომაც, უცხოპლანეტელები, როგორც ბიოლოგიური სახეობები, ცხადია, არ არსებობენ. კოსმოსი რომ დაიპყრო, ჯერ ბიოლოგია და ბოლოს ფიზიკაც უნდა გადალახო!" - წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge