Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:44 15.02.2020
მიუნხენში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას

მიუნხენში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც ეხება ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმებების შესრულების მხარდაჭერის გაზრდას საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ევროკავშირში ახალი, მრავალწლიანი (შვიდწლიანი) საფინანსო ჩარჩო შეთანხმების (ბიუჯეტის) დამტკიცების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების კონტექსტში გაკეთდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მრავალწლიანი საფინანსო ჩარჩოს გავრცელების პერიოდი (2021-2027) სამი ქვეყნის რეფორმების შეუქცევადობისა და ევროინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტ პედიოდს ემთხვევა. სწორედ ამიტომ სამ ასოცირებული ქვეყანას მიაჩნია, რომ ევროკავშირის ბიუჯეტში ასოცირების შეთანხმებების მხარდაჭერის სათანადოდ უნდა აისახოს.

 

„განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასოცირებული ქვეყნები ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, გულმოდგინედ იმუშავებენ ევროინტეგრაციის პროცესების გაძლიერების მიმართულებით. შესაბამისად, სამი ასოცირებული ქვეყანისთვის ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებული რთული ვალდებულებების ეფექტინი შესრულებისთვის მნიშვნელოვანი იქნება დამატებითი ფინანსური რესურსი. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი მსოფლიოში სტაბილურობისა და განვითარების პროცესის მთავარ მოთამაშედ რჩება, რაც განსაკუთრებით ეხება აღმოსავლეთ სამეზობლოს ასოცირებულ ქვეყნებს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, რომელთათვისაც ევროკავშირი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უპირობო მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. ერთობლივ განცხადებაში ასოცირებული ქვეყნების მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი ერთგულება ასოცირების შეთანხმების შესაბამისად რეფორმების პროცესის განხორციელებისადმი. აღსანიშნავია, რომ ეს არის ევროკავშირის ე.წ. ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის - საგარეო საქმეთა მინისტრების მეორე ერთობლივი განცხადება. გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ერთობლივი დოკუმენტით მინისტრებმა ევროკავშირს წარუდგინეს წინადადებები მათი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ პერსპექტივებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge