Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:50 13.02.2020
„არ მგონია, რომ ევროპული პარლამენტი ბრძოლის ადგილია საქართველოს მმართველი პარტიისა და ოპოზიციისთვის - ჩვენ ვუსმენთ ორივე პარტიას, ორივე მხარეს და კონსტრუქციულ გზას ვეძებთ“

ჩემთვის, როგორც თავმჯდომარისთვის, უმთავრესია, დეკლარაცია იყოს დაბალანსებული, უნდა იყოს თანაბრად კრიტიკულიც და გონივრულიც, – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელზეც ერთობლივი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

 

„რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, რადგან ამ დრომდე ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის ყველა შეხვედრა სრულდებოდა განცხადებებისა და დეკლარაციების მიღებით. ჩემთვის ეს კეთილი ნების ნიშანია. ჩემთვის, როგორც თავმჯდომარისთვის, მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაცია იყოს დაბალანსებული. უნდა იყოს კრიტიკული, თუმცა გონივრულიც. მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე მხარის მიერ შეტანილი ზოგიერთი ცვლილება არ გამოდგა კონსტრუქციული“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა. მისი განმარტებით, ცვლილებების ჩამონათვალში არის ბევრი შიდაპოლიტიკური განცხადებები, რაც მისი თქმით, პარლამენტებს შორის დეკლარაციებს არ განეკუთვნება. „შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი არ დაუჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ გაძლიერებას და ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციას. სანამ მე პარლამენტში ვარ და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტს ვხელმძღვანელობ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოვითხოვ საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერას. ხალხმა, რომელიც შესწორებებს გვთავაზობდა, დეკლარაციის წინააღმდეგ მისცა ხმა. ჩემთვის ძალიან რთულია, განვსაჯო, რა გახდა სადავო შესწორებებში, რომელიც ორივე მხარის მიერ იქნა შეტანილი, რის არიდებასაც ვცდილობდი, როგორც თავმჯდომარე, ესაა შიდაპოლიტიკური დებატების გამეორება. არ მგონია, რომ ევროპული პარლამენტი ბრძოლის ადგილია საქართველოს მმართველი პარტიისა და ქართული ოპოზიციისთვის. ევროპული პარლამენტი ის ადგილია, სადაც ჩვენ ვუსმენთ ორივე პარტიას, ორივე მხარეს და კონსტრუქციულ გზას ვეძებთ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

 

სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ​ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რეზოლუციის ჩავარდნა ოპოზიციის ძალისხმევის შედეგია და მათი ქმედებები ანტისახელმწიფოებრივია.

 

 

პირველი არხი

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge