Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:15 30.01.2020
ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და გულშემატკივრები ხვალ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შეიკრიბებიან და პერმანენტულ აქციებს გამართავენ

ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელებმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და გულშემატკივრებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს და გუნდში არსებულ პრობლემებზე, "ტორპედოს" უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხეეზე ისაუბრეს. თანამშრომლები და გულშემატკივრები კი რადიკალურ ნაბიჯებზე გადასვლას აანონსებენ. ისინი ხვალ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შეიკრიბებიან და პერმანენტულ აქციებს გამართავენ. კლუბის წარმომადგენლების თქმით, თუ პრობლემა არ მოგვარდება, შიმშილობას დაიწყებენ.

 

"ერთი წელია ვცდილობთ, საკითხმა არ მიიღოს პოლიტიკური ელფერი, მაგრამ გუნდის გადასარჩენად რეალური ნაბიჯები არ გადაიდგა. არ გვინდა, დავუშვათ, რომ "ტორპედო" არ იარსებებს. ამიტომ ხვალიდან რადიკალურ ნაბიჯებზე გადავალთ, შევიკრიბებით მოედანზე და პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე გუნდი არ გადარჩება. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, ვისი დანაშაულია, მაგრამ ვაჩვენოთ მათ, რა მნიშვნელობისაა "ტორპედო" ქუთაისისთვის. ნუთუ, ცენტრალურ ხელისულებაში არ იციან ამ პრობლემების შესახებ, ამდენი ხანი რატომ ვერ გადაიჭრა პრობლემა?", - განაცხადა ლიცენზირების მენეჯერმა ნინო ქუთათელაძემ.

 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ქუთაისის "ტორპედო" ყოფილმა მფლობელმა დატოვა, გუნდი ახალი ინვესტორის მოლოდინშია. თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკება იტალიელ ინვესტორთან, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე გაფორმებული არ არის. პრობლემას წარმოადგენს გუნდის სამ მილიონიანი დავალიანება, რაც გარკვეულწილად გუნდის გასხვისებას აფერხებს. ცხრა თვეა ფეხბურთელებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასი არ მიუღიათ, რის გამოც ფეხბურთელების უმეტესობამ და მთავარმა მწვრთნელმა გუნდი დატოვეს. გუნდის დაშლასთან ერთად "ტორპედო" უმაღლესი ლიგიდან გავარდნის და მეოთხე ლიგაში მოხვედრის საფრთხის წინაშეა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge