Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:31 10.01.2020
„თქვენი საქციელი იმსახურებს, რომ აქვე დაგაკავოთ, მაგრამ არ მინდა ეს, რათა წამებულის მანტია ბოლომდე არ მოისხათ“, - მოსამართლემ ნიკა გვარამიას“

თბილისის საქალაქო სასამართლო ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს მიზანმიმართულ ცილისწამებად და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლემ, ალექსანდრე იაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

 

„საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიმართ საქმის წარმოება არის არსებითად განხილვის ეტაპზე 2019 წლის 24 დეკემბერს საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის თანახმად, სისხლის სამართლის საქმე არსებითად განხილვისათვის ელექტრონულად განაწილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიებში დადგენილი ვიწრო სპეციალიზაციების მიხედვით, შესაბამისი კატეგორიის ექვს მოსამართლეს შორის. შემთხვევითი პრინციპის შერჩევის საფუძველზე ბრალდებულ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმე განსახილველად განაწილდა მოსამართლე გიორგი არევაძეზე. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მოცემული საქმის ელექტრონულად განაწილებისას, შესაბამისი კატეგორიის ექვსი მოსამართლიდან არცერთი მოსამართლე შვებულებაში არ გახლდათ. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ დღეს გაკეთებული საჯარო განცხადებები არის მცდარი და არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

 

ამასთან, მან უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებები გასცდა, თუ არა გამოხატვის თავისუფლებას, თუ ეს იყო შეურაცხყოფა სასამართლოს მიმართ. „კონკრეტულ შემთხვევაში მოსამართლემ იმსჯელა ამ საკითხზე და ის ფრაზები და გამონათქვამები, რაც გაჟღერებული იქნა, მათ შორის, მის მიმართ მიიჩნია, რომ სცდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, წარმოადგენდა მის შეურაცხყოფას და სასამართლოს შეურაცხყოფას. შესაბამისად, მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც კანონით არის გათვალისწინებული და მოცემულ შემთხვევაში დაჯარიმებას უკავშირდებოდა“, - განაცხადა ალექსანდერ იაშვილმა.

 

შეგახსენებთ, მოსამართლე გიორგი არევაძემ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლოსა და მოსამართლის შეურაცხყოფისთვის 500 ლარით დააჯარიმა. არევაძემ სასამართლოს სხდომაზე გვარამიას ის განცხადებები შეახსენა, რის გამოც ის 3 იანვარს სხდომიდან გააძევა. გვარამიამ მისივე განცხადებებთან, რომელმაც მოსამართლეს არაადეკვატური უწოდა და ეჭვი შეიტანა, რომ ის არ იყო ფხიზელი, თქვა, რომ ეს მისი გამოხატვის თავისუფლება და პირადი მოსაზრებაა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ამგვარი შეფასებები სასამართლოსა და მისი შეურაცხყოფაა და გვარამია დააჯარიმა.

 

„თქვენი საქციელი იმსახურებს იმას, რომ აქვე დაგაკავოთ, მაგრამ არ მინდა მე ეს, რათა წამებულის მანტია ბოლომდე არ მოისხათ“, - მიმართა მოსამართლემ გვარამიას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge