Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:34 29.10.2018
"ქართულ ოცნებას“ ამარცხებს არა „ნაცმოძრაობა“, არამედ თვითონ მათი ამპარტავნობა და სიბრიყვე"

“ქართულ ოცნებას“ ამარცხებს არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ თვითონ „ქართულ ოცნებაში“ ჩაბუდებული ამპარტავნობა, სიბრიყვე და გარყვნილება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა არჩევნების შედეგების შეფასებისას განუცხადა.

 

“ქართულ ოცნებას“ ამარცხებს არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ თავითონ „ქართულ ოცნებაში“ ჩაბუდებული ამპარტავნება, სიბრიყვე და გარყვნილება. მისი მთავარი პრობლემა არის ის „ურჩხული“, რომელმაც როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მძევლად აიყვანა ეს პოლიტიკური ორგანიზაცია. მათ ითამაშეს „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშის წესებით, ანუ ჭუჭყზე და ტალახზე ააგეს მთელი კამპანია, არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი არ წარმოუდგენიათ, რაც ხალხს აინტერესებს, მათ ფაქტობრივად ითამაშეს „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშის წესებით. ამ ტექნოლოგიებში ისინი უფრო გამოცდილები არიან და შედეგიც მიიღეს. ჩვენ ვნახეთ ზღვარგადასული ამპარტავნობა - ჯერ მილოცვები და მერე კუდამოძუებული გაპარვის ფაქტები. ჩემთვის ეს ძალიან მძიმე საყურებელი იყო“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

რაც შეეხება მოლოდინებს მეორე ტურისთვის, ექსპერტი მიიჩნევს, რომ წმინდა არითმეტიკულად, „ქართული ოცნება“ ახლა აგებს.

 

„წმინდა არითმეტიკულად, მე ვფიქრობ, მათ კარგად არ აქვთ საქმე. ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ დაიწყონ სისტემური ცვლილებები. უნდა გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, რომ შიგნით ჩაბუდებულ ამ ურჩხულს - გარყვნილებას, გამოუცხადონ ბრძოლა. მათ ახლა სისტემურ მანკიერებას უნდა დაუწყონ ბრძოლა სხეულის შიგნით, ამან შეიძლება რაღაც შანსები გაუჩინოს. წმინდა არითმეტიკულად ისინი აგებენ“, - განაცხადა ექსპერტმა.

 

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს მიერ ხმების 99 %-ის დათვლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს 38,66 %-იანი, გრიგოლ ვაშაძეს კი - 37,7 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge