Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:51 17.01.2017
ვაჟა-ფშაველას საიუბილეო საღამო და არასტანდარტული წიგნი ბუმბერაზ მწერალზე

22 დეკემბერს კულტურის სამინისტროში ვაჟა-ფშაველას საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ბუმბერაზი მწერლის დაბადებიდან 155 წელი გავიდა. სწორედ ამის აღსანიშნავად, საღამოზე მოწვეულმა მსახიობებმა მხატვრულად წაიკითხეს ნაწყვეტები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან. ღონისძიება მუსიკალურად დავით ევგენიძის ბენდმა გააფორმა.


საღამოს კულმინაცია ვაჟა-ფშაველასადმი მიძღვნილი წიგნების პრეზენტაცია იყო. კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის და გამომცემლობა „პალიტრა L”- ის ინიცირებით გამოიცა წიგნები, რომლის პრეზენტაციაც  გაიმართა.

ღონისძიებას კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე, მანანა ბერიკაშვილი, პოეტები და მწერლები დაესწრნენ. შეკრებილ საზოგადოებას დიდი მწერლის შთამომავალმა, ლელა რაზიკაშვილმაც მიმართა. 



ლელა რაზიკაშვილი, ვაჟა-ფშაველას შთამომავალი, ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელი: „წელს ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 155 წელი შესრულდა, თუმცა იუბილეებს ჩვენ ვიყენებთ მიზეზად იმისათვის, რომ ახლოს მივიდეთ კლასიკოსებთან, უფრო ხშირად შევახსენოთ იმ წლის განმავლობაში საზოგადოებას, თუ როგორი ღირებულია მათი ნაღვაწი, ამ საშუალების ერთ-ერთი გამოვლინებაა დღევანდელი დღე. ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და ძალიან მიხარია, რომ ასეთი ლამაზი საღამო გამოვიდა.“

მიხეილ გიორგაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი: „მოგეხსენებათ, რომ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით წელს საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება ჩატარდა და დღეს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ღონისძიება გვაქვს, სადაც სულ ახალი გამოცემების პრეზენტაცია გაიმართა და ვეცადეთ შესაბამისი გარემო შეგვექმნა იმისათვის, რომ ეს პერსონაჟები კიდევ ერთხელ გაგვეცოცხლებინა. წლის ბოლო საიუბილეო წელი ამ სახით დავაგვირგვინეთ“.

„ვაჟა-ფშაველა“ - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L”-მა გამოსცა და რომელშიც დიდი მწერლის ერთ-ერთი პოემა „სტუმარ-მასპინძელი“ პროზად არის გადმოცემული.



მაია ალუდაური, გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მთავარი რედაქტორი: „ჩვენს მკითხველს წარვუდგინეთ ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“, რომელიც მოთხრობილია პროზად. მადლობლები ვართ კულტურის სამინისტროსი, რომ მოგვცეს შესაძლებლობა, ვაჟას შემოქმედება ასეთი არასტანდარტული ფორმით გადმოგვეცა. წიგნი არის ძალიან საინტერესო თავისი გადაწყვეტით, ფორმით, შინაარსობრივადაც იმიტომ, რომ პირველად 

გადმოვეცით ვაჟას სტუმარ-მასპინძელი პროზად. წიგნი სავსეა მოძრავი ჩანართებით, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ტიპის საარქივო მასალას“.

წიგნის იდეის ავტორის, კოტე იანტბელიძის თქმით, „პალიტრა L“-ის გუნდის მიერ წიგნი რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებობა.

„ეს გახლავთ სამ განზომილებიანი წიგნი „ვაჟა-ფშაველა“. წიგნში არის ტექსტი, რომელიც სპეციალურად დაიწერა, ასევე არის ილუსტრაციები, მოძრავი ჩანართები, საარქივო მასალები, ეს ყველაფერი შექმნილია ძალიან დიდი რუდუნებით. შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი ადამიანს აყვარებს კითხვას და ამასთან ერთად, ის იგებს უფრო მეტს ვაჟაზე. ეს წიგნი ჩვენი უნიკალური 3 განზომილებიანი სერიის ფარგლებში გამოიცა, სადაც ასევე შესულია ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი“, „თამარ მეფე“, „დიდოსტატის მარჯვენა“ და ა.შ

ავტორ(ებ)ი : ambebi.ge