Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:28 24.08.2016
ანრი ჯოხაძემ სოლოკონცერტის მზადებას წონა და ნერვები შესწირა – „მუსიკალური შოკი გელოდებათ!..“

30 აგვისტოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე, საღამოს რვა საათზე, ანრი ჯოხაძის სოლოკონცერტი გაიმართება. თავად ამბობს, რომ ამ მასშტაბის კონცერტი პირველად აქვს. როცა მზადების დეტალებში ჩაგვახედა, ამაში დავეთანხმეთ.

ანრი ჯოხაძე:

თქვენს კითხვას, რითი გავაოცებ მაყურებელს, ვუპასუხებ, რომ მუსიკალური თვალსაზრისით კულტურული შოკი გელოდებათ, განსაკუთრებით რამდენიმე ნომრით, რომელთა შესახებ ახლა ვერ ვილაპარაკებ და კონცერტამდე საიდუმლოდ შევინახავ. ზოგადად, მუსიკალურად გამართული კონცერტი იქნება და ამის გამო ორი კვირაა, ყაზარმულ რეჟიმზე ვარ გადასული, არ ვაძინებ არც ერთ ადამიანს, ვინც მეხმარება და თავადაც არ მიძინია. ბოლო ორი დღეა, ცოტა დასვენება მოვახერხე, რადგან უძილობა ხმაზე ცუდად მოქმედებს. წინაშიც დავიკელი და სახლში ფაფებით დამსდევენ (იცინის). ჩემი ჯანმრთელობა და ნერვები შეიწირა ამ კონცერტმა და მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდება, პირველ რიგში, ჩემი მსმენელის წინაშე, რომელიც ჩემგან საინტერესო პერფორმანსს ელოდება.

ბათუმის სიმფონიური ორკესტრი და ბენდი დამიმშვენებს გვერდს. ყველა სიმღერა, ყველა ჩემი ჰიტი, რომელთაგან ზოგი 10-12 წლის წინაა შექმნილი, განსხვავებული ინტერპრეტაციით იქნება წარმოდგენილი. დღეს უკვე სხვა ჟღერადობაა და ამის შესაბამისად, გადავაკეთეთ. მაგალითად, „მე მაინც მოვალ“ ისეთ ბლუზშია გაკეთებული, მაყურებელი ნამდვილად გაოცდება. მეყოლებიან ბექ-ვოკალისტები, ჩემინ „ვოისის“ ბავშვები. ანრი ჯოხაძეს ბექვოკალში რომ დაუდგე, კარგი მომღერალი უნდა იყო, სხვანაირად არ გამოდის (იცინის).

14051569_1464565736902567_8931311998710379501_n


ანრი, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამდენწლიანი კარიერის პირობებში, მხოლოდ ახლა გაქვს პირველი სოლოკონცერტი…

რადგან ჩემი სოლოკონცერტი არასდროს ყოფილა, არ ვგულისხმობ სხვადასხვა კონცერტს, სადაც სოლოპროგრამით გამოვსულვარ, მასშტაბზე ვამბობ, სახეს ვიხევ, რომ საუკეთესო გამოვიდეს. მე კი ვარ ცნობილი, როგორც ძალიან ამბიციური ადამიანი, მაგრამ სინამდვილეში ამ ყოველივეს დიდი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ვეკიდები. ამიტომაც არ მქონია სოლოკონცერტი აქამდე და ახლა, როცა შევეჭიდე, კიდევ ერთხელ მივხვდი, რა ტიტანურ შრომას უკავშირდება ის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს თაობაში ბევრი მომღერალი ვერ დაიკვეხნის იმ რაოდენობის ჰიტით, რაც მე მაქვს, ასე გამოვიდა, რომ სოლოკონცერტი აქამდე არ მქონია.

ვიცი, რომ მოცეკვავეებიც მონაწილეობენ შენს შოუში…

ასეა. ლენა ბარსეგოვას შოუბალეტი მონაწილეობს და ყველა სიმღერაზე შესაბამისი ნომერი დადგეს, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ვასრულებ „ლიბერტანგოს“, სადაც სალომე ჭაჭუა, რატი გაჩეჩილაძე და საბერძნეთიდან სპეციალურად ჩემი კონცერტისთვის ჩამოსული გიორგი ჩინჩალაძე იცეკვებენ და ხომ წარმოგიდგენიათ, სცენაზე რა ამბავი იქნება?!. ძალიან საინტერესოდ გავიხსენებ ძველ ჰიტებს, რაშიც თანამედროვე ტექნოლოგიებიც დამეხმარება. იქნება სატელევიზიო გადაღებაც, full HD, ამას ჩემი სურვილით ვაკეთებ, რადგან ხარისხიანი ჩანაწერი დამრჩეს.

როგორც მივხვდი, ძალიან ძვირი ჯდება ეს კონცერტი.

ჩვენი ქვეყნისთვის წარმოუდგენლად ძვირი ჯდება. მინდა, ყველა ნომერზე რაღაც ხდებოდეს. მაყურებელი რომ მოდის, მინდა, საინტერესო რამ დავახვედრო სცენაზე.

ჩაცმულობა შეარჩიე უკვე?

არა მხოლოდ ჩემს, არამედ დუეტების შემსრულებელი 7 მომღერლისთვის, ასევე მოცეკვავეებისთვის ჩაცმულობა დიზაინერმა ლასა ჯოხაძემ შექმნა და ძალიან დიდი შრომა გასწია. ვფიქრობ, ყველა კუთხით მაყურებლისა და მსმენელისთვის მოსაწონ შოუს შევქმნით.

პ.ს. ანრი ჯოხაძის კონცერტის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბათუმის ჩოგბურთის კორტების სალაროში ან საიტზე tkt.ge.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge