Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:36 12.07.2016
მოჩვენება თუ ჩვეულებრივი ადამიანი ?!- ახალი დეტალები კუმისში განვითარებულ მოვლენებზე

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ კუმისს, ყოველ საღამოს მოჩვენება სტუმრობს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა:

"დაახლოებით 10 დღეა, კუმისში, შავებში ჩაცმული, სახეშეღებილი ერთი ან რამდენიმე კაცი დადის. მოსახლეობას აშინებს, ღამე სახლში შედის, აღვიძებს და ეჯღანება, უცნაურ ხმებს გამოსცემს, სადაც სახლში ვერ შედის კარს, ფანჯრებს "ჩხაპნის"... მოსახლეობას შიშისგან გული მისდის, ბავშვებს ვეღარ სძინავთ.

დღეს უკვე დღეც იყო სახლში შესული, გვერდით სოფლის მცხოვრებლებიც იგივეს ჩივიან... სავარაუდოდ, რამდენიმეა და გაფანტული არიან.... პატრული დასდევს, მარა უშედეგოდ (საოცრად სწრაფი, ჭკვიანი და მოქნილია) არ ვიცი ვინ უნდა მოვნიშნო ამ პოსტზე (არც ინიშნება), მაგრამ ხომ შეიძლება ზომების გამკაცრება?! იმდენად ჭკვიანურად მოქმედებს, მეეჭვება ჭკუიდან შეშლილი იყოს . სანამ მსხვერპლი იქნება,

იქნებ იქამდე გამოფხიზლდეთ!!!"-წერს ფეისბუქის მომხმარებელი.



კუმისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" სოფლის სკოლის პედაგოგს მაკა სუხიშვილს ესაუბრა.



სუხიშვილის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა იმდენად შეშინებულია, რომ ღამით მორიგეობენ.


"ვიცი, რომ დაახლოებით 10 დღეა, რაც სოფელში ფიქსირდება ეს მოვლენები. დღეს უნდა შევხვდეთ იმ  ოჯახებს, რომლებთანაც ეს მოვლენა დაფიქსირდა. გუშინ ვრეკავდი ერთ-ერთ ქალბატონთან, რომლის ოჯახშიც სავარაუდოდ იყო ეს პიროვნება, თუმცა ის გოგონა საერთოდ  აღარ პასუხობს ტელეფონს. თქვეს, რომ დროებით გავიდა სოფლიდან. დაუჯერებელი ამბავია რასაც ადგილობრივები ყვებიან, გადმოცემით ვიცი, რომ ეს ადამიანი, რომლისაც ასე ეშინია მოსახლეობას, ღობეებზე ერთი ნაბიჯით გადადის, ასე რომ ვთქვათ, ღობეებზე დაფრინავს. რამდენიმე ადგილობრივმა დაინახა, ამბობენ რომ მამაკაცია, თუმცა ზუსტად ვერცერთი ვერ აღწერს. სახეც არ უნახავს არავის, გარბის", _ ამბობს სუხიშვილი. (იხილეთ სრულად)


 არანაკლებ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა მარიამ კუკუნაშვილმა, რომელიც ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობს. 

"ეს კაცი ნიუ ლაიფის ოფისშიც იყო შემოსული რამოდენიმე თვის წინ.არადა ოფისი შიგნიდან იღება მხოლოდ და ვიღაც შემომსვლელს შემოყვა სავარაუდოდ. დაღამებული იყო და გოგოები რომ გამორბოდნენ და უკან კაცი მოსდევდათ ამ ხმაურზე გამოვედი და მეც გავიქეცი. 

შევვარდი სხვა ოთახში, შემოვარდა და ზედ შემომახტა. მერე უცნაურად იჯღანებოდა და არაბუნებრივ ხმებს გამოსცემდა. სრული შოკი იყო მაგრამ უცებ გონს მოვეგე და მოვიქნიე კარგად და ჩავსვი სავარძელში და დავუწყე ვიდეოს გადაღება ფეისბუქში უნდა გამოგაჭენო მეთქი.

ამის შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და კაი ხო წაშალე ეგ ვიდეო და წავალო... მთლად გიჟი არ არის უფრო თავს იგიჟიანებს მაგრამ ჭკვიანიც არ გამოდის მთლად ხომ ? ისე მოქნილობა და სისხარტე კი აქვს მაგაში ვეთანხმები კუმისელებს...“ - წერს მარიამი



აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ჯორჯიან თაიმსი“ კუმისის ერთ-ერთ მაცხოვრებელს დაუკავშირდა.

კუმისის მკვიდრის განცხადებით, ამოუცნობი მოვლენა, რომელზეც საზოგადეობა ალაპარაკდა ჩვეულებრივი ადამიანია, დაახლოებით 40 წლამდე მამაკაცი.

 


„ უცნაური მამაკაცი ჩვეულებრივი ადამიანია და არა მოჩვენება, დაახლოებით 40 წლამდე. ამბობენ, რომ მეგრელია, თუმცა დაზუსტებით არვიცი.. თავზე რაღაც აქვს ჩამოცმული, ძალიან სწრაფი  და მოქნილია. როგორც ვიცი, აშინებს მხოლოდ ქალებს და ბავშვებს. იმედია, პოლიცია დაიჭერს და ეს არეულობა დასრულდება, ყველა დაპანიკებულია სოფელში“-აცხადებს კუმისის ერთ-ერთი მკვიდრი.



შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიცია ახორციელებს შესაბამის ღონისძიებას. მათი თქმით,მოსახლეობის გამოკითხვა მიმდინარეობს და მალე ბოლომდე დაზუსტდება რა მოვლენა ფიქსირდება სოფელ კუმისში.


"პოლიცია ახორციელებს შესაბამის ღონისძიებას. მოსახლეობის გამოკითხვა მიმდინარეობს. წინასაგამოძიებო ღონისძიებები ტარდება. დგინდება რასთან გვაქვს საქმე; სამართალდამცავებისთვის ამ ეტაპზე მხოლოდ ხალხის აზრია ცნობილი. რაც მთავარია, არავისთვის არც მატერიალური და არც ფიზიკური ზიანი არ მიუყენებია", _ განგვიცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში და დასძინეს, რომ განაცხადი აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში დაახლოებით 3 დღის წინ შევიდა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge