16.03.2023 16:44
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, ქართულ მედიას დიდი ხანია არ წყალობს, თუმცა ბოლო დროს უცხოური მედიების ტელეეკრანებზე სხვადასხვა განცხადებებით ხშირად ჩნდება. მის განცხადებებს კი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი შეფასებები აქვს.
როგორც Freedom TV-სთან ინტერვიუში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი აცხადებს “ნაციონალური მოძრაობა“ აღდგენის გზაზეა და რამდენიმე თვეში რეალურ პროტესტსაც ვნახავთ ქუჩაში.
„საქართველოში არის მხოლოდ ერთი რეალური, სერიოზული ოპოზიციური პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის პარტია, რომლის რეიტინგი ორჯერ აღემატება ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის რეიტინგს. ამ პარტიაში ჩატარდა რიგგარეშე შიდა არჩევნები, რადგან ჩვენი პარტიის ყოფილი ხელმძღვანელობა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან პასიურად იქცეოდა, პრაქტიკულად არ რეაგირებდა არც უკრაინაში ომზე, არაფერზე. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ადამიანებმა ჩაატარეს რიგგარეშე არჩევნები და პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ წააგო ამ არჩევნებში. ჩვენ ჩავატარეთ ელექტრონული არჩევნები, დაახლოებით 50 ათასი ადამიანი ელექტრონულად დარეგისტრირდა და მოქმედი თავმჯდომარე დამარცხდა ახალგაზრდასთან. ყველაფერი ძალიან შეიცვალა,“- აღნიშნავს ვანო მერაბიშვილი.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის განცხადებები „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ შეაფასა.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად წაადგება „ნაციონალურ მოძრაობას“ ვანო მერაბიშვილის პარტიაში გამოჩენა?
- მერაბიშვილს ჯერ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი კონკრეტული თანამდებობა არ უკავია. მის მიერ გაკეთებულ კარგ საქმესაც და შეცდომებსაც ახალგაზრდა თაობა არ მოსწრებია, ბევრი არც იცნობს. მე მას როგორც პოლიტიკურ ძალად არ განვიხილავ მაგრამ, როგორც მენეჯერი - ძალიან კარგია, ამაზე თავის დროზე ივანიშვილიც საუბრობდა. ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოადგება, არა როგორც ქარიზმატული ლიდერი, არამედ როგორც ორგანიზატორი, რადგან პარტიას ასეთი ადამიანი ნამდვილად სჭირდება. ორგანიზაციული ფუნქციები და ორგანიზატორული ნიჭი, სააკაშვილის შემდეგ სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ ლიდერს არ აღმოაჩნდა. ამ მხრივ ვფიქრობ, რომ მერაბიშვილს დადებითი როლი შეუძლია შეასრულოს. ამ ნიჭს, მას ვერავინ წაართმევს, ნამდვილად კარგი ორგანიზატორია. ეს ნიჭი კი დღეს გამოუყენებელია
თავს დროზე ბიძინა ივანიშვილიც ამბობდა მერაბიშვილზე და კიდევ რამდენიმე პიროვნებაზე,- ეგენი, რომ ჩემთან ყოფილიყვნენ კარგ საქმეს გავაკეთებინებდიო, რადგან ორგანიზატორულად ნიჭიერი ხალხიაო. თუ მას მიეცა იმის საშუალება, რომ პარტიაში გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი, ეს პარტიას ნამდვილად წაადგება.
- „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დღეს იმხელა ძალა, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს? როგორც ვხედავთ ოპოზიციური პარტიების აქციებზე ბევრი ხალხი არაა...
- „ნაციონალურ მოძრაობას“, დღეს ნამდვილად არ აქვს ეს ძალა, მაგრამ არჩევნებამდე თითქმის წელიწად ნახევარია. ვფიქრობ, პარტიის ახლანდელი მთავარი ამოცანა არა ხალხის გამოყვანა, არამედ რეგიონებში ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერებაა. ეს უკვე მერაბიშვილის საქმეა. დღეს, ხალხის ქუჩაში გამოყვანა არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ შეუძლია. ერთადერთი ეს მმართველ პარტიას შეუძლია, რადგან სადღაც 140 000-მდე ჩინოვნიკია და იქიდან 40-მდე შეუძლია გამოიყვანოს. ვერცერთი პარტია დღეს სტუდენტებს ქუჩაში ვერ გამოიყვანს.
- რა შეიძლება იყოს პარტიის სტრატეგიული გეგმა, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს?
- ეს შეიძლება იყოს გაიგივება. მაგალითად „ნაციონალური მოძრაობა“ არის პროდასავლური ძალა და ხალხიც ამას გაჰყვება პარტიის სახით. გაიგივება უნდა მოხდეს და ეს არ არის ადვილი საქმე. მაგალითად, ხელისუფლება ცდილობს მოხდეს გაიგივება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პრორუსულობას შორის.
- თქვენი აზრით, ამჟამად რა არის ვანო მერაბიშვილის მთავარი ამოცანა?
- მერაბიშვილი როგორც საჯარო ფიგურა არც მინისტრობის დროს ყოფილა. ის არასდროს იძლეოდა ინტერვიუებს, არ უყვარდა ტელეეკრანებზე გამოჩენა, მისი საქმე სხვა იყო. მსოფლიო პოლიტიკაში არიან ლიდერები, რომლებიც ავანგარდში პირველ რიგში დგანან და ხალხი შტურმისკენ მიჰყავთ, თუმცა, არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მეორე პლანზე არიან. მერაბიშვილი სწორედ მეორე პლანის პოლიტიკოსია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის სრულად უნდა გამოიყენოს, მითუმეტეს რომ მერაბიშვილს, როგორც ვატყობ არანაირი სურვილი არ აქვს ყოველდღიურად ეკრანზე იყოს, ან გაზეთის ფურცლებზე.
მან თავისი დანაშაული სრულად მოიხადა, ამიტომ მის მიმართ ხალხს არანაირი პრეტენზია არ შეიძლება ჰქონდეს. საბჭოთა კავშირის დროსაც იყო კანონი, როცა ადამიანი ციხეს მოიხდიდა და გამოვიდოდა, მას შეეძლო სამსახურის დაწყება და ყველაფრის კეთებაც. მას რაღაც ცოდვა არ მიჰყვებოდა მთელი ცხოვრება და ზურგზე წამოკიდებული არ ჰქონდა. მითუმეტეს მერაბიშვილს ყოველთვის შეუძლია გაიმართლოს თავი, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ დააპატიმრეს, - ეს უკვე თავისთავად არგუმენტია.
მერაბიშვილს ახლანდელი ამოცანაა, რომ პარტია გაძლიერდეს. მთავარი კი ის არის, რომ პარტიის ხელმძღვანელობას ეყოს ჭკუა და მისი რესურსი გამოიყენოს, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზული პრობლემები აქვს. სწორედ ახლა სჭირდებათ მერაბიშვილის მსგავსი მენეჯერი, რომელიც პარტიას გააერთიანებს.
ცნობისათვის, დღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” განცხადება გაავრცელა. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი არის ენმ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გულშემატკივარი, მაგრამ ის არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი – პარტიის პოზიციებს კი მხოლოდ პარტიის მენეჯმენტი ახმოვანებს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის დიდი და მრავალფეროვანი პოლიტიკური ორგანიზმი, რომელიც აერთიანებს ნახევარ მილიონზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს. ვანო მერაბიშვილი არის ენმ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გულშემატკივარი, მაგრამ ის არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში.
კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებების ირგვლივ, გადაჭარბებულ, ხელოვნური და სპეკულაციურ მსჯელობებს, პარტია ენმ აღიქვამს როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციის და მთავარი თემიდან ყურადღების გადატანის მცდელობად.
ასევე, აღსანიშნავია რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება.
ვანო მერაბიშვილი თავადვე აღნიშნავს რომ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, მისი სუბიექტური აზრია და ის აჟღერებს საკუთარ პირად პოზიციებს. კიდევ ერთხელ, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოზიციებს ახმოვანებს მხოლოდ პარტიის მენეჯმენტი”,- წერია განცხადებაში.
/ ნინო ოთარაშვილი /
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge