ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
GE EN RU
საწვავის გაძვირების მიუხედავად, ქალაქში საცობებია - არსებობს თუ არა პრობლემიდან გამოსავალი 14.04.2022 17:09

 

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე და შესაბამისად, საქართველოშიც საწვავის ფასი გაიზარდა და 4 ლარს გადასცდა. ამის მიუხედავად, თბილისის ქუჩებში ისევ საცობებია. უფრო მეტიც, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა კიდეც.  საცობებიდან გამომდინარე, ქალაქი ქუჩებში, განსაკუთრებით კი პიკის საათებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც ფერხდება.

 

რამ გამოიწვია ქალაქში ავტომობილების რაოდენობის ზრდა და როგორ უნდა მოგვარდეს საცობების პრობლემა? ამ საკითხზე ჯორჯიან თაიმსს საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ესაუბრა.

 

საწვავის გაძვირების მიუხედავად, ქალაქში ავტომობილების რაოდენობის კლება არ ხდება. ვფიქრობ, რომ ავტომობილები ჩვეულებრივ იმ  რაოდენობით  გადაადგილდებიან,  როგორც ადრე.


ავტომობილების ზრდის მიზეზად შეიძლება დავასახელოთ ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სატრანსპორტო სექტორში თვითდასაქმებულია.  მაგალითად, ტაქსები, შესაძლოა ემსახურებოდნენ სასტუმროებს, ან  ტვირთი გადაჰქონდეთ. საწვავის ფასების გამო, მათი რაოდენობა არ შემცირდებოდა, თუმცა მომსახურება გაძვირდებოდა.  ფაქტია, რომ საწვავის გაძვირების მიუხედავად, ავტომობილების რაოდენობამ არ დაიკლო.


ამ მხრივ, არსებობს სხვა ფაქტორებიც. თუნდაც ჩემს მაგალითზე ვიმსჯელოთ. სიამოვნებით გავაჩერებდი ავტომობილს  და ვისარგებლებდი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, თუმცა ის ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. ეს იმას ნიშნავს, რომ A პუნქტიდან B პუნქტამდე მისვლა, თუ შორს მუშაობ, დღევანდელ პირობებში, ძალიან ძნელია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისის ყველა კუთხეში ჯერ კიდევ სრულად ხელმისაწვდომი არ არის, ან თუ არის, ადვილი არაა იქ მოხვედრა. სწორედ ეს განაპირობებს კერძო ავტომობილის უპირატესობას, რასაც ადამიანები ირჩევენ. მით უმეტეს, არის ისეთი ქუჩები, სადაც მშენებლობები მიმდინარეობს  და შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ მოხვდეს. ამიტომ, ავტომობილიზაციის მაღალი ინდექსი ზუსტად ამას უკავშირდება.


- არსებობს მოსაზრება, რომ ქალაქში ავტომობილების ზრდა, რუსებისა და უკრაინელების შემოსვლამ გამოიწვია, რადგან ისინი ხშირად გადაადგილდებიან ტაქსით. რას ფიქრობთ ამ საკითხზე?


- მაგის თქმა სპეკულაციური იქნება, მით უმეტეს, შსს მინისტრმა განაცხადა, რომ ახლა უფრო მეტი უცხოელი არ შემოსულა, ვიდრე წინა წლებში. წესით, ასეთ რაღაცას გავლენა არ უნდა მოეხდინა. ჩემი აზრით, საგზაო მოძრაობა ისეთივეა, როგორიც წინა წლებში (არ ვგულისხმობ პანდემიის პერიოდსა და შეზღუდვებს), მაგალითად, 2019 წელს. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ყოველ წელს ავტოპარკი დაახლოებით 7%-ით იზრდება. ბოლო მონაცემით, 2022 რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ  1 500 000-სს გადააჭარბა, რაც სტატისტიკაში ისტორიული პიკია.


მეორე და მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ გაზზე მოთხოვნა გაიზარდა. ძალიან ბევრმა დაიწყო ავტომობილის გაზზე გადაყვანა.  რადგან საწვავი გაძვირდა ეს  არ ნიშნავს იმას, რომ  ადამიანები ავტომობილებ გააჩერებენ.


- საწვავის ფასის გაზრდის პარალელურად, გაძვირდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილების საფასურიც. ეს ხომ არ არის მიზეზი იმისა, რომ ადამიანები კერძო ავტომობილებით გადაადგილდებიან?

 

- დიახ, აქაც გაძვირდა მომსახურება. არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც კერძო ავტომობილი არ ჰყავს და იძულებულია ისარგებლოს ავტობუსით, ან -მიკროავტობუსით. ასეთი მომხმარებლის რაოდენობა არ შემცირდება, უფრო მეტიც, საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეიძლება  მოთხოვნა გაიზარდოს, მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობის ღირებულება გაძვირებულია. ამ შემთხვევაში, კერძო ავტომობილის უპირატესობა საქალაქთაშორისო მიმოსვლის დროს უსაფრთხოების ინდექსით განისაზღვრება, რადგან რეგისტრირებული ავტობუსებისა თუ მიკროავტობუსების მხოლოდ 15% ცხადდება ტექ.ინსპექტირებაზე. ეს კი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ 85%-ის შემთხვევაში, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი  დიდი ალბათობით გაუმართავია, ან კუსტარულადაა გადაკეთებული. სწორედ ამიტომ ამჯობინებენ კერძო ავტომობილს ადამიანები.

 

- თბილისში ასევე მიკროავტობუსების პრობლემაცაა, ფაქტობრივად, ქალაქს არ ჰყოფნის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი?

 

- ამ საკითხზე კონსულტაციები თბილისის ტრანსპორტის შესაბამის ხელმძღვანელობასთან მეც მაქვს, რაზეც, ორივე მხარე ვჯერდებით.


ვთანხმდებით იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. რჩება განცდა იმის, რომ თბილისში მოსახლეობის რაოდენობა მატულობს და შესაბამისად  საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნაც იზრდება.  გვჭირდება უფრო მეტი ავტობუსი. მე დიდად მიკროავტობუსების მომხრე არ ვარ, ამიტომ, თუ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო მეტად განვითარდეს, უნდა გაკეთდეს. 


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და გასაგრძელებელია საავტობუსო დერეფნების მოწყობა, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს უფრო სწრაფი და მოსახლეობას ჰქონდეს ალტერნატივა. ავტობუსის ზოლები  უნდა იყოს ბოლომდე გამართული და აქაც მუშაობისთვის მეტი ტემპია საჭირო. შემდეგ უკვე მოსახლეობაც მიიღებს არჩევანს, როდესაც მიხვდება, რომ საჭირო ადგილზე კომფორტული სატრანსპორტო საშუალებით უფრო სწრაფად და იაფად მივა.  საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ძალიან ბევრი პრობლემის გადამჭრელია.


- რა როლს თამაშობს მეტრო საზოგადოებრივი გადაადგილების თვალსაზრისით და თქვენი აზრით, რა პრობლემებს ვაწყდებით აქ?


- მეტრო, ევროპული ქალაქების  მაგალითზე, მთავარი წამყვანი ტრანსპორტია. ის  უფრო სწრაფი, უსაფრთხო და მოსახერხებელია გადაადგილებისთვის. ჩვენს შემთხვევაში, ძალიან დიდი მნიშვნელობის იყო ვაჟა-ფშაველას მეტროს გახსნა. სამწუხაროა, რომ ახალი მეტროსადგურების მშენებლობა ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.


ადრე მაგალითად, მეტროს ბოლო გაჩერებები ითვლებოდა ქალაქისმართლა ბოლო გაჩერებად“, რადგან იმის იქით განაშენიანება არ იყო, არავინ ცხოვრობდა. დღეს ეს გაჩერებები პრაქტიკულად ქალაქის ცენტრშია, რადგან გეოგრაფია გაფართოვდა. აქ მერიამ უნდა უზრუნველყოს და განავითაროს მეტროს გაგრძელება სხვა იაფიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ადამიანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ პრაქტიკულად ისევ მეტროშია და ეს შეთავაზებული ტრანსპორტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ამის ორგანიზებაში  და სწორ დაგეგმარებაში  მერიას  ჩვენც, არასამთავრობო ორგანიზაციებიც, დავეხმარებით.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ