30.03.2022 17:46
უკვე თვეზე მეტია (35 დღე), რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ დროის გამავლობაში, ექსპერტები ვერ პროგნოზირებენ ომის დამთავრებას. ამის გამო, ჯერ კიდევ რთულია მსოფლიოზე მისი გავლენის სრული ანალიზი და შეფასება. ფაქტია, კორონავირუსის შემდეგ, რუსეთ - უკრაინის ომი XXI საუკუნის კიდევ ერთი გამოწვევაა, რომელზეც ადამიანებმა უნდა გაიმარჯვონ. მიუხედავად იმისა, რომ ომი ჯერ არ დასრულებულა, „ჯორჯიან თაიმსი“ შეეცადა გაერკვია, თუ როგორ შეიცვალა მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგი და რა როლს თამაშობს ამ ომში დიპლომატია?
ამ საკითხზე ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი გვესაუბრა:
„მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგი ჯერ არ შეცვლილა, მაგრამ, ეს პროცესი მიდის. სანამ ომი არ დასრულდება, საბოლოო შეცვლაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა. ყველა ელოდება, როგორ დასრულდება ეს: უკრაინის მეტ-ნაკლები წარმატებით თუ რუსეთის?!
რუსეთი იმ წარმატებას ვერ მიაღწევს, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა - თავიდანვე მოეშალა უკრაინის სახელმწიფოებრიობა და ეკარნახა საკუთარი პირობები. ეს არ გამოუვა და ამით ვერც დაკმაყოფილდება. ასევე, უკრაინა ბოლომდე ვერ მიაღწევს საკუთარ ამოცანებს და ვერ მოახერხებს ისეთი კონტრშეტევა განახორციელოს, რომ ყირიმიდან, დონეცკიდან და ლუგანსკიდან რუსეთის ჯარები გაიყვანოს,"- აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, რუსეთი მოლაპარაკებებს აშკარად წელავს, რათა, რაღაც კიდევ დაიპყროს და წაიღოს, რადგან ძალიან უჭირს წინ წაწევა.
"ერთ ადგილზე ჩაეფლო და მეტი წარმატება უნდა. მან რომ დღეს ცეცხლის შეწყვეტას ხელი მოაწეროს, ეს იგივე ტერიტორიები დარჩება, ცოტათი მეტი, ვიდრე აღებული ჰქონდა უსისხლოდ. მაშინ, რატომ ჩახოცა ამდენი ჯარისკაცი?! - ამაზე კითხვას დაუსვამენ რუსეთში. ამიტომ, გაუგებარი სიტუაციაა. რაზე შეთანხმდებიან მხარეები იმის მიხედვით შეიძლება საუბარი, თუ რა ცვლილებები იქნება.
ცალსახად, შეიძლება იყოს ცვლილებები საერთაშორისო სამართალში. ალბათ გაეროს მოუწევს საკუთარი შიდა პოლიტიკის გადახედვა. ვფიქრობ, ამის შემდეგ ყველა დაელოდება, წავა თუ არა პუტინი ხელისუფლებიდან. მოგეხსენებათ რუსეთში 2024 წელს არჩევნებია. გაყალბებით, მაგრამ იქაც პრეზიდენტს ხალხი ირჩევს, შესაბამისად, მისი გაშვება არც თუ ისე იოლია, ან ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს, ან - შიდა გადატრიალება, ან თვითონ თქვას პუტინმა, დავიღალეო და წავიდეს. თუ ის არ წავა და ხელისუფლებაში დარჩება, ეკონომიკური სანქციები მაინც გაგრძელდება.
სანამ პუტინი ხელისუფლებაში იქნება, რუსეთის ჩამოშლა გაგრძელდება. ბევრი ფაქტორია ერთმანეთზე დამოკიდებული, რაც, ლოგიკურ შედეგამდე ვიდრე არ მივა, მანამდე იქნება ეს კითხვა აქტუალური - შეიცვლება თუ არა მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგი.
დიპლომატია მეორეხარისხოვან როლს თამაშობს ამ შემთხვევაში და ის მიჰყვება ომის შედეგებს. დღეს, პირობებს დიპლომატიას ომი კარნახობს და არა - პირიქით. დიპლომატია ცდილობს, რაღაც მაინც გადაარჩინოს, მაგრამ, ეს ჯერჯერობით უსუსური მცდელობაა, რადგან, აშკარად რუსეთი არ ჩქარობს ომის დასრულებას. შესაძლოა მან ომში მიღებული შედეგებით ივაჭროს უკრაინასთანაც და დასავლეთთანაც,"- აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
XXI საუკუნის თანამედროვე მსოფლიოში რუსეთი ტანკებითა და ჭურვებით ებრძვის უკრაინას, მისივე ტერიტორიაზე. როგორ კვალს დატოვებს ეს ომი ისტორიაში? ამის შესახებ "ჯორჯიან თაიმსს" ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე ესაუბრა.
"იმისთვის, რომ გავიგოთ თუ რა კვალს დატოვებს ომი, ის ჯერ უნდა დამთავრდეს. საზოგადოებაში მისი დასრულების რამდენიმე სცენარი მოიაზრება.
პირველი ვარიანტია ის, რომ - ძალიან დიდი სურვილია რუსეთი დასუსტებული და განადგურებული გამოვიდეს. სიამოვნებით დაველოდებოდი ამ პროცესს, მაგრამ არადამაჯერებელი მგონია. ომი, ალბათ, სადღაც კომპრომისული ვარიანტით დამთავრდება. რუსეთი მაინც წაიღებს დონბასის ოლქს - ლუგანსკისა და დონეცკის. ბოლომდე გაწირავს თავს. ცხოველური ინსტინქტია, რაღაცას რომ ჩააფრინდება კლანჭებით, შეიძლება მოკლას, მაგრამ, მაინც არ უშვებს ხელიდან. ეს ინსტინქტი ახასიათებს ე.წ. რუსულ სულს.
იმდენად საფრთხის შემცველია არსებული სიტუაცია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებაზეც კი იყო საუბარი. ამიტომაა ის საშიში მთელი კაცობრიობისათვის. პუტინი რომ ცივილიზებული პოლიტიკური სუბიექტი იყოს, დაელაპარაკები, ან განუმარტავ, მაგრამ ეს არის ამოუცნობი „არსება“. მეორე მხარე - ევროპა ცივილიზებულია, ისინი ვერ სწირავენ ვერც საკუთარ თავსა და ვერც კაცობრიობას. ამიტომ შეურიგდებიან იმას, რომ რუსეთმა ლუგანსკი და დონეცკი წაიღოს. ეს ყველაზე მოსალოდნელი შედეგია.
მეორე შედეგი - იმასაც მიაღწევს, რომ ზელენსკი უკვე თანახმაა ნეიტრალიტეტი მიიღოს, თუმცა, ერთი სახეცვლილებებით, ნეირალიტეტის რუსული ვარიანტი კი არა, არამედ - ევროპული, დასავლური გარანტიებით. ამაზე შეიძლება სადღაც თანხმობა იყოს, ანუ ეს იქნება უკრაინის უარი ნატოზე და ნეიტრალიტეტი საერთაშორისო გარანტიებით, სადაც, რუსეთი სავარაუდოდ, საკუთარ თავსაც „ჩაჩხერს“.
ერთი შენიშვნა მინდა დავამატო, - „პუტინის ომი“ - ასეთი გამოთქმაა დამკვიდრებული. თუ გინდათ მედვედევი იყოს, სტალინი ან პეტრე პირველი, აქ რუსეთია დასამარცხებელი და ის უნდა ფიგურირებდეს გამოთქმებსა და მონოლოგებში.
და მესამე შედეგი - არსებობს ასევე, ხანგრძლივი ომი. თუ ევროპა ბოლომდე მიიყვანს სანქციებს, აი, მაშინ შეიძლება რუსეთის დასუსტება ვნახოთ,"- აცხადებს დიმიტრი შველიძე ჩვენთან საუბარში.
/ ნინო ოთარაშვილი /
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge